უდ უზ ულ ურ უს უფ უწ უჯ
ურბ ურთ ური

ურბნისი 

ქალაქი (ქც 4: 373,10).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „მეფეთა ცხოვრება“ (ქც 1: 10,6; 17,20; 87,17), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 78,10,13, 373,10), „მოქცევაი ქართლისაი“ (მქ 1963: 81, 117; ქრონიკები 1892: 11), 1103 წ. რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 106-114; ქრონიკები 1897: 54-72), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 407; 1967: 27, 44-46, 67, 68, 414-415; საქ. სიძ. 1909: 266, 323, 324, 326; საეკლესიო გუჯრები 1881: 25; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 176; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 72, 425, 433; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 1114; 1977: 134; 1981: 811; 1985: 598), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 274), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 78), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 41), ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 274, 392), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 189, 207, 279).

ვახუშტი ბაგრატიონი ურბნისის შესახებ გადმოგვცემს: რუისის მთის „დასავლით, მტკურის კიდესა ზედა, არს ურბნისი. აღაშენა ქალაქი უფლოს, ძემან ქართლოსისამან, და იყო ქალაქი ყრუსადმდე, ხოლო აწ არს ეკლესია დიდი, უგუმბათო, ზის ეპისკოპოზი, მწყემსი დიდის ლიახვისა, და რომელი ირწყვის ლიახვითა მით“ (ქც 4: 373,9-13).

მდებარეობს ქარელის მუნიც-ში, ქარელიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ-ის დაშორებით, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. ურბნისის ტერიტორიაზე.

ისტორიული ტრადიციის მიხედვით, ქალაქი დააარსა ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის შვილმა უფლოსმა (ქც 4: 373,10). ელინისტურ ხანაში ურბნისი ქართლის ერთ-ერთ ქალაქად მოიხსენიება. ახ. წ. IV ს-ში ურბნისში ჩამოვიდა ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო და ერთი თვის შემდეგ სავაჭროდ მიმავალ ურბნისელებს მცხეთაში გაჰყვა (მქ 1963: 81, 117). ვახტანგ გორგასლის ზეობისას (457-502) დაარსდა ურბნისის საეპისკოპოსო და აიგო საკათედრო ტაძარი (გვასალია 1983: 58). VIII ს-ის 30-იან წლებში, მურვან ყრუს შემოსევის დროს, ურბნისი დაინგრა და განადგურდა (ქც 4: 373,11,12). ამის შემდეგ ის ქალაქად აღარ მოიხსენიება. 1103 წ. მეფე დავით IV აღმაშენებელმა (1089-1125) რუისსა და ურბნისში მოიწვია საეკლესიო კრება. 1745 წ. ურბნისი დაარბია თურქეთის ჯარმა იუსუფ-ფაშას მეთაურობით (ორბელიანი 1981: 78). XVIII ს-ის ბოლოს ურბნისი კათოლიკოსის სამწყსოში შედიოდა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 1114).

1893 წ. ურბნისის სიძველეებით დაინტერესდა პ.უვაროვა და სოფლის ტერიტორიაზე სასინჯი თხრილები გაავლო. მის მიერ მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია მოსკოვის ისტორიულ მუზეუმში. იქვე მოხვდა ურბნისში აღმოჩენილი რამდენიმე ნივთი პ.შჩუკინის კოლექციიდან (უვაროვა 1894: 141, 142).

1953 წ. ნამოსახლარ „ხიზანაანთ გორაზე“ არქეოლოგიური გათხრები დაიწყო გორის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ექსპედიციამ (ხელმძღ. ს. ნადიმაშვილი). ამ ძეგლსა და ურბნისის ტერიტორიაზე იმავე წლიდან 1963 წლამდე მუშაობა გააგრძელა ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა და ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გაერთიანებულმა ექსპედიციამ (ხელმძღ. 1953-1956 წწ. გ.ლომთათიძე; 1957-1963 წწ. ნ. ბერძენიშვილი; გათხრებს „ხიზანაანთ გორასა“ და „ქვაცხელებზე“ ხელმძღვანელობდა ალ. ჯავახიშვილი).

ნამოსახლარი გორა „ქვაცხელები“ („ტვლეპია ქოხი“) მდებარეობს სოფ. ურბნისის აღმოსავლეთით 2,5 კმ-ის დაშორებით, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. გამოვლენილია 3 ფენა 7 საამშენებლო დონით. ნამოსახლარის ფართობია 3,500 კვმ. თარიღდება ძვ. წ. III ათასწ. პირველი ნახევრითა (C ფენა) და შუა ხანებით (B ფენა), გვიანანტიკური და ადრეული შუა საუკუნეებით (A ფენა) (ჯავახიშვილი, ღლონტი 1962: 1, 2, 54-59).

უძველეს C და B ფენებში გამოვლინდა კუთხეებმომრგვალებული, გეგმით ოთხკუთხა ორ სათავსიანი ნაგებობები, რომლებიც ნაგებია რიყის ქვის საძირკველზე სარ-ლასტით და თიხით ორმხრივაა შელესილი. იატაკი თიხატკეპნილია. გადახურვა ბანური ჰქონია. იქ აღმოჩნდა: ხელით ნაძერწი შავპრიალა ვარდისფერსარჩულიანი თიხის ჭურჭელი, რომელთა ზედაპირი გრაფიკული ორნამენტითაა შემკული ან მოხატული; კაჟის ნამგლის ჩასართები; ქვის ხელსაფქვავები; სადგარები; შვერილიანი სტაციონარული და გადასატანი კერები; კვირისტავები; სპილენძის ისრისპირი; ძვლის ბიპირამიდული მოყვანილობის ისრისპირები; ზოომორფული და ანთროპომორფული ქანდაკებები. იქვე აღმოჩნდა ხორბლის, ქერის მარცვლები და ყურძნის წიპწები (ჯავახიშვილი, ღლონტი 1962: 4-22, 26-41, 44-53).

გორანამოსახლარის ჩრდილოეთ ნაწილში გამოვლინდა ორ იარუსად განლაგებული სამარხები. ზოგ სამარხში ერთი მიცვალებული ესვენა, ზოგში – წყვილი. მიცვალებულები დაეკრძალათ კიდურებმოხრილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე. სამარხებში აღმოჩნდა: ირმის რქის სახნისი; სპილენძის დიადემა, რომელზეც პუნსონით გამოსახულია ირმები, წყლის ფრინველები და ასტრალური ნიშნები; ორხვია სამაჯური; სარდიონისა და პასტის ბიკონუსური და სფერული ფორმის მძივები (ჯავახიშვილი, ღლონტი 1962: 24, 25, 41, 42).

ნამოსახლარის ზედა A ფენა ძლიერ დაზიანებულია მიწის სისტემატური დამუშავების გამო. გაითხარა რიყის ქვით ნაგებ შენობათა ნაშთები და კერამიკა, რომელიც თარიღდება გვიანანტიკური ხანით. იქვე აღმოჩნდა ადრეული შუა საუკუნეების უინვენტარო სამარხები (ჯავახიშვილი, ღლონტი 1962: 2-4).

ნამოსახლარ „ქვაცხელას“ ჩრდილო-აღმოსავლეთით 200 მ-ის დაშორებით მდებარეობდა „ტვლეპია წყაროს“ სამაროვანი. გაითხარა 4 ქვაყრილიანი ორმოსამარხი. მათში აღმოჩნდა: ხელით ნაძერწი შავპრიალა და ვარდისფერსარჩულიანი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს შუბისპირი, სპილენძის მსხლისებური ფორმის საკიდები, სარდიონის მძივები. თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის პირველი ნახევრით (ჯავახიშვილი, ღლონტი 1962: 22-24, 42, 43).

ნამოსახლარი „ხიზანაანთ გორა“ მდებარეობს სოფ. ურბნისის სამხრეთ ნაწილში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე. გორას აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან ხევები ჩამოუდის, სამხრეთიდან – მდ. მტკვარი, ჩრდილოეთიდან ხელოვნური თხრილითაა გამოყოფილი. გორაზე (ფართობი 348 კვმ, ფენების სიმძლავრე 8 მ) გაითხარა 5 ფენა 13 საამშენებლო დონით. უძველესი ფენები (B, C, D, E) თარიღდება ძვ. წ. IV ათასწლეულის დასასრული – ძვ. წ. III ათასწლეულის შუა ხანებით. ამ ფენაში აღმოჩნდა ნაგებობათა ნაშთები. გეგმით წრიულ ან ოთხკუთხა შენობებს წინ გამართული ჰქონდა დერეფანი, კედლები ნაგებია სარ-ლასტით და ორმხრივ თიხითაა შელესილი. იატაკი მოლესილია ნაცრით ან თიხით. ოთახის შუაში შვერილებიანი კერაა მოწყობილი, რომლის უკან დედაბოძის ორმოა. უკანა კედელთან 4,5 სმ სიმაღლის თაროა გამართული, რომელზეც თიხის ჭურჭელია დალაგებული. ამ ფენებში აღმოჩნდა: ხელით ნაძერწი, მონაცრისფროდ გამომწვარი და მოყვითალოდ გაპრიალებული თიხის ჭურჭელი, თიხის ტიგელი და ურმის თვლის მოდელები, ბრინჯაოს ნამგალი, სატევარი, ოთხწახნაგა ისრისპირი, კაჟის ისრისპირი, კაჟის ნამგლის ჩასართები, თიხის ზოომორფული ფიგურები (კიკვიძე 1972: 3-93).

„ხიზანაანთ გორის“ ზედა ფენაში (A ფენა) გაითხარა ადრეანტიკური ხანის ნამოსახლარი ფენა და ადრე შუა საუკუნეების ციტადელი (ზაქარაია 1965ა: 12-22).

ნაქალაქარ ურბნისის დასავლეთ ნაწილში გაითხარა ადრე ბრინჯაოს ხანის 7 სამარხი. ორმოსამარხებში დაკრძალული იყო თითო მიცვალებული თავით სამხრეთისაკენ, ძლიერ მოხრილი კიდურებით, მარჯვენა გვერდზე. სამარხებში აღმოჩნდა შავზედაპირიანი და ვარდისფერსარჩულიანი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს რგოლხვია და მძივები, სპილენძის საკინძი ორვოლუტიანი თავით და სამაჯური (ჭილაშვილი 1964: 8-24).

ნაქალაქარის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში გაითხარა გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამარხები და სამარხთა ნაშთები. მათში აღმოჩნდა ლეგა-მოშავოდ ან წაბლისფრად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, რომლის ზედაპირი შემკულია გრავირებული ორნამენტით; ბრინჯაოს ლაგმის ნაწილები და რგოლები, სპილენძის მახათი, სარდიონის მძივები, ძვლის დაკბილული ნივთი (ჭილაშვილი 1964: 25-28).

ნაქალაქარს ირგვლივ გალავანი ჰქონდა შემოვლებული. გათხრებმა გამოავლინა ქალაქის გამაგრების სისტემის სამი პერიოდი. ძვ. წ. IV-III სს-ის ქალაქს გარს უვლიდა რიყის ქვით ნაგები ზღუდე (სიგანე 4 მ), რომლის გარე პირი ვერტიკალურია, ხოლო შიდა – დაქანებული. გალავანი ძლიერი ხანძრითაა განადგურებული. ახ. წ. VI ს-ის მეორე ნახევარში აგებული გალავანი ალიზისაა (ალიზის ზომები 0,52X0,52X0,12 მ; კედლის სისქე 4,5 მ; პერიმეტრი 2 კმ; შემოსაზღვრულია 23 ჰა). ქალაქს სამხრეთიდან, მდ. მტკვრის ნაპირის გასწვრივ, მხოლოდ კედელი გასდევდა, დანარჩენი სამი მხრიდან გალავანი გამაგრებული იყო გეგმით ნახევარწრიული ფორმის კოშკებით (18 ერთეული). მათგან სამხრეთ-აღმოსავლეთისა და სამხრეთ-დასავლეთის კოშკებს ჰქონდა 5-5, დანარჩენებს 2-2 სათავსო. გალავანს გასდევდა საბრძოლო ბილიკები. მურვან ყრუს შემოსევის დროს დანგრეული ალიზის გალავნის ირგვლივ VIII ს-ის მეორე ნახევარში შემოუვლიათ თხრილი (სიღრმე 8-10 მ; სიგანე 30-40 მ) და აქედან ამოღებული მიწით დანგრეული ალიზის ზღუდე დაუფარავთ (ზაქარაია 1965ა: 22-57).

ნაქალაქარის ტერიტორიაზე და მის გარეთ გაითხარა ძვ. წ. IV-III სს-ის ნამოსახლარები, ელინისტური ხანის ნამოსახლარები და კერამიკის გამოსაწვავი საწარმოს ნაშთები. ახ. წ. I-III სს-ის ნაგებობების მცირერიცხოვანი ნაშთებია შემორჩენილი. ამ ფენაში გაითხარა III ს-ის აბანო (18,2X11,4 მ), რომელიც ნაგებია ფლეთილი ქვითა და აგურით. შედგება ცივი, თბილი და ცხელი განყოფილებისაგან. იატაკის ქვეშ კალორიფერების სისტემა იყო მოწყობილი. აბანოს კამაროვანი გადახურვა ჰქონდა. IV ს-ის მეორე ნახევრიდან ნაქალაქარის ტერიტორიაზე ჩნდება მასიური დასახლებები. IV-V სს-ში ნაგებობები ძლიერი ხანძრითაა განადგურებული. ამ ფენაში აღმოჩნდა ოთხოთახიანი დამწვარი ნაგებობა, რომლის ერთ სათავსოში თონე იყო გამართული. აქვე აღმოჩნდა რკინის მახვილისა და აბჯრის ნაწილები. ნაგებობის მახლობლად გამოვლინდა ქსოვილში შეხვეული ლითონის ნივთების განძი: რკინის ვარცლი და მახვილი, სპილენძის ორი ქვაბი და ორი თეფში.

ნაქალაქარზე VI-VIII სს-ის ნაგებობები წარმოდგენილია საცხოვრებელი, სამეურნეო და თავდაცვითი ნაგებობების სახით. ამ ფენაში გაითხარა რამდენიმე მარანი. ერთი მათგანი გამართულია III ს-ის აბანოს თავზე (ზაქარაია 1965ა: 69-80; ჭილაშვილი 1964: 29-59).

გარდა ნამოსახლარებისა, ურბნისის ტერიტორიაზე აღმოჩნდა ანტიკური ხანის რამდენიმე სამაროვანი და ცალკეული სამარხი. ნაქალაქარის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გაითხარა ძლიერ დაზიანებული ორმოსამარხი, რომელშიც აღმოჩნდა შავპრიალა თიხის ჭურჭელი; ლანგარი; ნაპრიალები რადიალური ზოლებით შემკული ცალყურა დოქი; ნახევარსფერული და მრგვალი თავებით შემკული ოქროს საკინძები. სამარხი თარიღდება ძვ. წ. VI-V სს-ით (ჭილაშვილი 1964: 29-32).

ნაქალაქარის აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილში გაითხარა ძვ. წ. III – ახ. წ. V სს-ის სამარხი ურნები, ორმოსამარხები, ხისა და თიხის სარკოფაგები, ალიზით ნაგები სამარხები. მათში დაეკრძალათ თითო ან რამდენიმე მიცვალებული, ძირითადად გაშოტილი პოზით, თავით აღმოსავლეთით ან დასავლეთით. სამარხებში აღმოჩნდა მოწითალო-მოვარდისფროდ და შავად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, ოქროს ბეჭდები და საყურეები, სარდიონის, გიშრის, მინისებური პასტის მძივები; 200-მდე სხვადასხვა ფორმის მინის ჭურჭელი; 133 ანტიკური და აღმოსავლური გეგმა, რომელთა უმრავლესობა ბეჭდებშია ჩასმული (ჭილაშვილი 1964: 33-54; საგინაშვილი 1970: 5-86; ჯავახიშვილი 1972: 5-85).

ურბნისის ტერიტორიაზე და მის მიდამოებში აღმოჩნდა პართიის მეფეების, ოროდ I-ის (ძვ. წ. 57-38/37) და გოტარზეს (ახ. წ. 40-51), თითო ვერცხლის დრაქმა; რომის იმპერატორ ავგუსტეს (ძვ. წ. 27 – ახ. წ. 14) ვერცხლის 5 დენარი; ბიზანტიის იმპერატორ თეოდოსი II-ის (408-450) ოქროს სოლიდი; იუსტინე I-ის (518-527) სპილენძის მონეტა; სასანიდური ირანის მეფეების, კავად I-ის (488-497) 4, ხოსრო I-ის (531-579) 3 და ხოსრო II-ის (590-628) 1 ვერცხლის მონეტა; მონგოლთა დიდი ყაენის, მანგუს (1251-1259) ვერცხლის მონეტა; XVI ს-ის თურქული ვერცხლის მონეტა; XVIII ს-ის ბაგრატიონთა 1 ვერცხლისა და 1 სპილენძის მონეტა (აბრამიშვილი 1965: 42, 121, 123; 1974: 45, 75, 101, 107; აბრამიშვილი, ჯალაღანია 1968: 151-157; დუნდუა 1987: 52).

ნაქალაქარის ტერიტორიაზე გაითხარა წყალსადენი და სარწყავი წყლის 3 არხი-გვირაბი. წყალსადენი ნაგებია სხვადასხვა ზომის კერამიკული მილებით, რომლებიც კირის დუღაბშია ჩასმული. სამივე არხი-გვირაბი გალავნის ქვეშ გადიოდა. წყლის გვირაბები ნაგებია დიდი ზომის თლილი ქვებით, აგურით (0,3X0,3X0,06 მ) ან ბრტყელი კრამიტით, რომელიც გადახურულია ქვის ფილებით (ზაქარაია 1965ა: 81-85).

ნაქალაქარის აღმოსავლეთ ნაწილში დგას V ს-ის სამნავიანი ბაზილიკა ურბნისის სიონი (32,1X22,4 მ). ტაძარი თავდაპირველად აუგიათ თანაბარი სიდიდის თლილი ქვით. X ს-ში შეუკეთებიათ სხვადასხვა ზომის ქვათლილებით. XVII-XVIII სს-ში ტაძრის ზედა ნაწილი, სვეტები და პილასტრები აგურით აღუდგენიათ. ტაძარს აქვს სამი შესასვლელი. ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ოთხი წყვილი, ჯვრისებური გეგმის სვეტით, რომელზეც ეყრდნობა ნახევარწრიული თაღები. გვერდითი ნავები აღმოსავლეთით ბოლოვდება სამკვეთლოთი და სადიაკვნეთი. ტაძარს სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან ჰქონდა მინაშენები. ჩრდილოეთ ფასადზე V ს-ის პირველი ნახევრის ასომთავრული წარწერაა: „უფალო იესუ ქრისტე კოსტანტი მამაი მიქაელ შეიწყალენ ამის სიონისა მაშენებელნი“. სამხრეთის კარის თავზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერა: „უფალო ღმერთო შეიწყალე თევდორე ებისკოპოსი, ძეი ლუკაისი, მაშენებელი ამის სიონისაი. ოდეს ღმერთმან ღირსმყო ამის სიონისა ებისკოპოსად, იყო ესე სიონი დაძუელებულ უფროის ზომასა“. აღმოსავლეთის ფასადზე რამდენიმე ასომთავრული წარწერაა: „დიდებაი შენდა ქრისტე, რამეთუ მომმადლე თეოდორე ებისკოპოსსა ამის სიონისა აღშენებაი, თანაშეწევნითა მიქელ, ძისა კოსტანტინესითა, ქრისტემან შეუნდვენ. ესე მე აბითარ დავწერე“. „სამებაო წმიდაო, შეიწყალე მონაი შენი ქავთარ, შუშან და ნაშობნი მათნი, შემწენი ამის სიონისანი. ქრისტემან შეუნდვენ, ამინ“. „აბიათარ დეკანოზი უფალო შეიწყალე“. წარწერები X ს-ით თარიღდება. აღმოსავლეთის კედელზე ამოკვეთილია შემწირველთა და მლოცველთა სხვადასხვა დროის მოსახსენებლები, შესრულებული ასომთავრული და მხედრული დამწერლობით (შოშიაშვილი 1965: 131-145; ქართ. წარწ. კორ. 1980: 62, 196-200).

ტაძრის დასავლეთით 15 მ-ის დაშორებით დგას ფლეთილი ქვითა და აგურით ნაგები სამსართულიანი სამრეკლო (9,1X10,2მ). პირველი და მეორე სართული გეგმით მართკუთხაა, მესამე – თაღოვანი რვაგვერდა ფანჩატურია. დასავლეთის ფასადზე მოთავსებულია 1706 წ. მხედრული წარწერა: „ქ. ჩვენ, დიდის მეფისა შახნავაზის ძის ლევანის ძემან და საქართველოს ბრძანებელმან და კეთილად განმგემან ბატონისშვილმან ვახტანგ და თანამეცხედრემან ჩვენმან, დიდის ჩერქეზის ბატონის ასულმან, დედოფალმან რუსუდან აღვაშენე სამრეკლო ესე, გალავანი, პალატითა და სხვა სახლებითა სულისა ჩვენისა საოხად და ძისა ჩვენისა ბაქარისი აღსაზრდელად...“ (შოშიაშვილი 1965: 140-145; სეხნიაშვილი 1982: 55-60).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1965: 42, 121, 123; 1974:45, 75, 101, 107; აბრამიშვილი, ჯალაღანია 1968: 151-158; ბაგრატიონი 1986: 41; ბროსე 1851: 179-209; გვასალია 1983: 58; გიულდენშტედტი 1962: 189, 207, 279; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 176; დუნდუა 1987: 52; ზაქარაია 1965ა; თაყაიშვილი 1907: 41-59; კიკვიძე 1972; ლომთათიძე 1964: 87-109; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 72, 425, 433; მქ 1963: 81, 117; ნარიმანიშვილი 1990: 50-57; ორბელიანი 1981: 78; საგინაშვილი 1970; საქ. სიძ. 1909: 266, 323, 324, 326; სეხნიაშვილი 1982: 55-60; საეკლესიო გუჯრები 1881: 25; უვაროვა 1894: 141, 142; ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 274; 1970: 106-114, 1114; 1977: 134; 1981: 811; 1985: 598; ქართ. წარწ. კორპ. 1980: 62, 196-200; ქრონიკები 1892: 11; 1897: 54-72, 407; 1967: 27, 44-46, 67, 68, 414, 415; ქც 1: 10,6; 17,20; 87,17; ქც 4: 78,10,13; 373,10; შარდენი 1975: 274, 392; შოშიაშვილი 1965: 131-145; ჯავახიშვილი, ღლონტი 1962; ჯავახიშვილი 1972; ჭილაშვილი 1964.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9