ციხე-ქალაქი, ქალაქი, დაბა (ქც 1: 59,5; 121,14; ქც 4:530,12).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 59,5; 71,1,2), „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ (ქც 1: 121,14; 126,11; 128,1), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 90,26; 114,10,20; 124,4; 133,1; 135,19; 151,18; 169,22; 527,7; 530,12,18,19; 531,18; 532,16; 536,9; 538,10; 559,3; 561,9,11; 618,12), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 185,20; 199,1,17; 200,18; 201,21; 202,1,17; 219,3; 233,2; 236,12), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 263,2,5,8; 268,13; 312,8), სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ (ქც 1: 375,17), უცნობი ავტორის „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 17,19), ჟამთააღმწერლის თხზულება (ქც 2: 253,6,9), მოქცევაი ქართლისაი (მქ 1963: 89, 90, 96, 150), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 440; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 207; ქართ. სამართ. ძეგ. 1974: 509, 510; 1977: 237; 1985: 428; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 219; ქართ. ეპისტ. 1989: 46), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 371), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 65), ბესარიონ ორბელიშვილის „ღუაწლი რაჟდენისი“ (ორბელიშვილი 1989ბ: 79), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 66).
მდებარეობს საგარეჯოს მუნიც-ში, მდ. ივრის მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. უჯარმის მახლობლად.
უჯარმის დაწინაურება დიდად იყო განპირობებული ივრის ხეობის ბუნებრივი და ეკონომიკური პირობებით, მისი მდებარეობით კახეთ-კუხეთ-ჰერეთის საზღვრების შესაყართან. უჯარმა კონტროლს უწევდა ივრის ხეობის ზემო წელის ბართან დამაკავშირებელ, აგრეთვე ახლო აღმოსავლეთიდან მცხეთა-თბილისისაკენ მიმავალ გზას (მუსხელიშვილი 1966: 46, 52-55). ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით ძვ. წ. III ს-ში უჯარმა აუშენებია ფარნავაზის მემკვიდრე საურმაგს (ქც 4: 530,13,14). ლეონტი მროველი უჯარმის აშენებას ახ. წ. III ს-ში ასფარუგს მიაწერდა (ქც 1: 59,5). მირიან მეფემ უჯარმა საუფლისწულოდ მისცა თავის მემკვიდრე რევსა და მის ცოლს სალომეს (ქც 1: 71,1). წმინდა ნინოს ბრძანებით, ერთი ჯვარი აღმართეს თხოთს, მეორე უჯარმას (ქც 1: 121,14). უჯარმის მშენებლობაში დიდი ღვაწლი მიუძღვის ვახტანგ გორგასალს, რომელიც იქვე გარდაცვლილა (ქც 1: 199,17; ქც 2: 17,19,20). ერისმთავრობის ხანაში უჯარმას განაგებდნენ დაჩი ვახტანგის ძის ნათესავები, რომლებიც ქართლის ერისმთავარს ემორჩილებოდნენ (ქც 1: 219,1-3). VIII ს-ის მეორე ნახევარში არჩილ მეფემ უჯარმის მახლობლად გადამალა სახელმწიფო საგანძური (ქც 1: 233,1,2). 914 წ. უჯარმა, რომელშიც 300 მეციხოვნე იყო გამაგრებული, ბრძოლით აიღო და დაანგრია არაბთა სარდალმა აბულ-კასიმმა (ქც 1: 263,2-8). კვირიკე კახეთის ქორეპისკოპოსის ძმამ, შურტამ, უჯარმა გადასცა აფხაზთა მეფე გიორგი II-ს (ქც 1: 263,13). ბაგრატ IV-ემ (1027-1072) განძის ამირა ფალდონის გადაცემის სანაცვლოდ კახეთის მეფე აღსართანს უჯარმა უბოძა (ქც 4: 151,18,19). გიორგი III-ის (1156-1184) დროს სახელმწიფო საგანძური ინახებოდა უჯარმის ციხეში (ქც 4: 169,22). მონღოლთა ბატონობის პერიოდში, უჯარმა თანდათან კარგავს თავის მნიშვნელობას. გვიან შუა საუკუნეებში უჯარმას კახეთის ძლიერი ფეოდალები ჩოლოყაშვილები ფლობდნენ. XVIII ს-ის პირველ ნახევარში უჯარმა დაბადაა ქცეული (ქც 4: 530,15). ახლომახლო სოფლების მცხოვრებლები უჯარმის მთელ კომპლექსს, ციხის შიგნით მდგარი ეკლესიის სახელის მიხედვით „ჯვარი პატიოსანს“ უწოდებს. ქალაქ უჯარმის ადგილმდებარეობის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული: ქალაქი უჯარმა უნდა არსებულიყო დღევანდელი სოფ. უჯარმის ტერიტორიაზე, რომელიც ციხიდან დაშორებულია 5 კმ-ით (მუსხელიშვილი 1966: 74); ქალაქის ძირითად ნაწილად ქვედა ციხეა მიჩნეული (მელითაური 1972: 67); სხვა მოსაზრებით, ქალაქი უნდა მდებარეობდეს კაწარეთის სამების მიდამოებში, რომელსაც მოსახლეობა დღეს ნაქალაქარს უწოდებს (მჭედლიშვილი 1986: 56). უჯარმის ნაქალაქარი ჯერჯერობით მიკვლეული არაა.
1934 წ. მდ. ივრის მარჯვენა ნაპირზე სოფ. უჯარმის მახლობლად შემთხვევით აღმოჩენილა ქვევრსამარხები (ცქიტიშვილი 1959: 77). 1949 წ. ციხის მახლობლად აღმოჩნდა მონეტების განძი (კაპანაძე 1955: 83). 1950-1952 წწ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტისა და თბილისის სახ. უნივერსიტეტის იორ-უჯარმის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ნ. ბერძენიშვილი) გათხრებს აწარმოებდა უჯარმის ციხის ტერიტორიაზე. ციხის გათხრებისას გამოვლინდა 3 სამშენებლო პერიოდი. ციხის ძირითადი ნაგებობები ახ. წ. IV-V სს-საა. კედლების ერთი ნაწილი გადაუკეთებიათ XII-XIII სს-ში. III სამშენებლო პერიოდი გვიან შუა საუკუნეებს განეკუთვნება. I პერიოდის ფენები სუსტადაა შემორჩენილი. ყველაზე მრავალრიცხოვანია II პერიოდის ფენებიდან მომდინარე არქეოლოგიური მასალა. III პერიოდს მიეკუთვნება „ჯვარი პატიოსანის“ გალავანში გათხრილი რამდენიმე სამარხი. სოფ. უჯარმის ტერიტორიაზე მიკვლეულ იქნა რამდენიმე ქვის სამარხი, რომელიც შეიცავდა XII-XIII სს-ის მინისა და ბრინჯაოს სამაჯურებს, ბრინჯაოს ბეჭდებს და სხვა (ლომთათიძე 1953: 11, 12).
ციხე-ქალაქი შედგება 2 ნაწილისაგან. მდინარის გასწვრივ, სერზე, მდებარეობს შიდა ციხე. მას სამხრეთიდან ეკვრის ქვედა ციხე, რომელიც დამრეც კლდოვან ფერდობზეა გაშენებული და მდინარის ნაპირებამდე ჩადის. ქვედა ციხის სიგრძეა 95-105 მ, სიგანე – 99 მ. მდინარისაკენ მიმართულ ორივე გალავანს აქვს ოთხ-ოთხი კოშკი. ერთი კოშკი მოთავსებულია მდინარის გასწვრივ მდებარე გალავნის ცენტრში. V ს-ის ყველა ნაგებობა ნაშენია ქვის წესიერი კვადრებით. ქვები დაწყობილია ზუსტ ჰორიზონტალურ რიგებად კირხსნარის თხელ ფენაზე. ქვები წყობაში გულდასმითაა გადაბმული. გალავნისა და კოშკების კედლების სისქე 1,4-1,45 მ-ია. კოშკები კვადრატული ფორმისაა. ყველა მათგანი სამსართულიანია. მათი გარე კედლები ყრუა. ეზოს მხარეს თაღოვანი კარ-სარკმელებია მოთავსებული. კოშკებს ჰქონიათ კრამიტით დახურული სახურავი და ქონგურები. სართულშუა გადახურვა ეყრდნობოდა ხის ძელებს. გალავნის კედელში კოშკებს შორის მონაკვეთებზე გვიან შუა საუკუნეებში გაუჭრიათ სათოფურები (ციციშვილი 1982: 15-26).
შიდა ციხე გაშენებულია მაღალი სერის შედარებით სწორ პლატოზე, რომლის სიგრძეა 140 მ. სიგანე მერყეობს 17-31 მ-ის ფარგლებში. შესასვლელი დასავლეთიდანაა. შიდა ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში აგებულია შედარებით დიდი ზომის (10,3X11,8 მ) შენობა, რომელიც კუთხის კოშკის როლს ასრულებდა. შენობაში ჩრდილოეთის მხარეს, პირველ და მეორე სართულებში მოთავსებულია ორ-ორი მცირე ზომის ოთახი, ხოლო სამხრეთით დიდი ოთახი, რომლის დასავლეთ მხარესა და სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში გამართული ყოფილა მოზრდილი ჩაკირული ქვევრები. ქვევრები ჩაშვებულია იატაკის დონიდან 1,5 მ-ზე მაღლა, რაც მათი გვიანდელობის მაჩვენებელია. ქვევრების დონეზე აღმოჩენილი მასალა XI-XIII სს-ს განეკუთვნება. აღნიშნული შენობა მიჩნეულია V ს-ის სასახლედ, რომელიც მოგვიანებით სამეურნეო დანიშნულების ნაგებობად გადაუკეთებიათ. შიდა ციხის ნაგებობებს შორის ყურადღებას იმსახურებს ეკლესია „ჯვარი პატიოსანი“. ტაძრის პირველი სართული წარმოადგენს შენობის უძველეს ნაწილს. ის კოშკზე მიუშენებიათ ისე, რომ კოშკის შესასვლელი თავისუფალი რჩებოდა. ეკლესია დარბაზულია, განიერი აფსიდით, რომელიც მოქცეულია კედლების სწორკუთხედში. შესასვლელი ჰქონია ჩრდილოეთიდან. ეკლესიის ნავი გადახურულია ცილინდრული კამარით. შიგნიდან კედლები შემოსილია მსხვილი, კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებით, ხოლო გარედან მომცრო კვადრებით. ეკლესია აგებულია გალავნის კოშკის შემდგომ, შესაძლოა, იმავე V ს-ში (ციციშვილი 1982: 27-37). IX-X სს-ში ეკლესიას დააშენეს მაღალი, ცალნავიანი ეკლესია, რომელსაც სარკმლები ჰქონია აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა, მაღალი თაღოვანი კარის სახით. სამხრეთის მხარეს, ეკლესია გახსნილია 2 თაღით, რომლებიც წრიულ სვეტს ეყრდნობოდა. ეკლესია ნაგებია ქვის მსხვილი ფილებითა და ნაწილობრივ ძველი წყობის კვადრებით სქელ დუღაბზე. ქვედა სართულის სარკმლის თავზე გამოსახულია რელიეფური ჯვარი და წარწერა „წმიდა თევდორე“. გვიან შუა საუკუნეებში ეკლესიას ჩრდილოეთიდან მიუშენეს სათავსი, რომელიც კარიბჭის როლსაც ასრულებდა. ის უაფსიდოა, დახურულია შეისრული კამარით, აქვს ერთი სარკმელი. ჩრდილოეთის მხარეს შესასვლელი მოწყობილია დასავლეთიდან. კარის წირთხლები აგურითაა ამოყვანილი. შესასვლელის თაღიც შეისრულია. ამ სუბსტრუქციაზე დაშენებულია არსებული ეკლესიის სამხრეთისა და ჩრდილოეთის ნაწილი ისე, რომ მან სამეკლესიანი ბაზილიკის სახე მიიღო. სამხრეთის მხარეს გამოიყენეს უკვე გადაკეთებული და ამოვსებული კოშკი. ცენტრალურ ნავს ამ გვერდითი, მიშენებული ნაწილისაგან ყოფს ფართო თაღი, აგებული მტკიცე ქვიშაქვის კვადრებით, რომელიც დაყრდნობილია პროფილირებულ იმპოსტებზე. კედლები აგებულია კლდის ფლეთილი ქვებით. ჩრდილოეთი მხრიდან ცენტრალურ ეკლესიაზე მიუშენებიათ კიდევ ერთი ეკლესია ან ერთი ნავი. მას ახლავს განსხვავებული ფორმის ოთხკუთხა სარკმელი აღმოსავლეთით და კარი ჩრდილოეთის მხრიდან. ამ ადგილას შიდა ციხეში მიწის დონე ეკლესიის მეორე სართულის დონეს უსწორდება და ამიტომ პირდაპირ მოუწყვიათ ეკლესიაში თაღზე დაყრდნობილი ბოგირის სახის შესასვლელი. ეკლესიისათვის ერთიანი სახის მინიჭების მიზნით ქვედა სართულის აღმოსავლეთ ფასადს მიუშენეს 90 სმ სისქის შეისრული თაღი, რომელმაც დაფარა ძველი ეკლესიის ფასადი. თაღმა თითქმის ბოლომდე ამოქოლა კოშკის კარი. თაღის ზემოთ, სარკმლის ორივე მხარეს, მოწყობილია თითო სამკუთხა ფორმის ნიში თაღოვანი ზედნადებით. გვიან შუა საუკუნეებისაა ეკლესიის ირგვლივ ფლეთილი ქვით აგებული გალავანი. ეზოს გათხრებისას აქ გამოვლინდა 6 საზედაშე ქვევრი, თონე და სამარხები (ციციშვილი 1982: 37-44).
ციხის ჩრდილოეთ კედელზე მიდგმულია დიდი ოთხკუთხა შენობა (5,05X10,5 მ). სავარაუდოდ, ის საცხოვრებელი ნაგებობა უნდა იყოს. პირველ სართულში აღმოჩნდა ქვევრები. მის ჩრდილოეთით მდებარეობს წყალსაცავი (16,1X6,6 მ), რომლის ჩრდილოეთის კედელი წარმოადგენდა შიდა ციხის გალავანსაც, ხოლო დასავლეთის კედელი – კოშკის კედელს. წყალსაცავი გადახურულია კამარით, რომელიც ეყრდნობოდა 3 ნალისებური მოხაზულობის თაღს. თაღები ამოყვანილია შირიმის თლილი კვადრებით. პირვანდელი გრძელი შენობა გადაუკეთებიათ. მასში მოუწყვიათ 2 აუზი – ერთი დიდი (3,72X6,9 მ), მეორე მომცრო (3,72X4,27 მ). მათ შორის დატოვებულია 2 მ სისქის კედელი. აუზის გვერდები 0,5 მ სისქის აგურითაა ამოყვანილი და შელესილია ჰიდრავლიკური ხსნარით. აგურის კედელში შეყვანილია კერამიკული წყალსადენი მილი. შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთის კედლები ქმნიან ციხეში გასასვლელ ვიწრო დერეფანს, რომელიც შემდგომში ამოუქოლავთ. კიდევ ერთი წყალსაცავია მოწყობილი დიდი წყალსაცავის დასავლეთი მხრიდან მომიჯნავე კოშკის ქვედა სართულში. წყალსაცავი აქ განვითარებულ შუა საუკუნეებში მოუწყვიათ. წყალსაცავის თავზე გვიან შუა საუკუნეებში დაუშენებიათ ოთხკუთხა კოშკი (ციციშვილი 1982: 44-46).
უძველესი პერიოდის (V ს-ის მეორე ნახევარი და მომდევნო წლები) ნაგებობები აშენებულია თანაბარი სიმაღლის, სწორკუთხა მოყვანილობის, წყობაში გულდასმით გადაბმული კვადრებით. დუღაბი ძუნწადაა გამოყენებული. ყველა ნაგებობის კედლის სისქე თანაბარია (140-145 სმ). ფართო კარ-სარკმლები ნალისებურთაღიანია. შენობები გადახურული ყოფილა დიდი ზომის ბრტყელი და ღარისებური კრამიტით. უძველეს ნაგებობებს მიეკუთვნება შიდა და ქვედა ციხის გალავანი, ოთხკუთხა კოშკები, შიდა ციხის სასახლე, წყალსაცავი და ეკლესია. ეს ორი უკანასკნელი აგებულია იმავე პერიოდში, მაგრამ რამდენადმე მოგვიანებით. IX-XIII სს-ში შიდა ციხეში აღუდგენიათ და ბურჯებით გაუმაგრებიათ მორღვეული ზღუდე-კოშკები. აუგიათ ახალი საცხოვრებელი და დამხმარე შენობები; განუახლებიათ წყალსაცავი; შეუქმნიათ ახალი აუზები, მათ შორის შიდა ციხის ერთ-ერთ კოშკში; ძველ ეკლესიაზე დაუშენებიათ მეორე სართული; ჩნდება მარნები, თონეები. კედლები აგებულია სხვადასხვა ზომის ქვებით, კირხსნარის ჭარბი გამოყენებით. წყობაში ჰორიზონტალური რიგები აღარაა დაცული. აქა-იქ გამოუყენებიათ აგური. გვიან შუა საუკუნეებში გრძელდება მორღვეული ზღუდე-კოშკების შეკეთება. შენდება ახალი ოთხკუთხა კოშკი წყალსაცავის თავზე. გალავანში ეწყობა სათოფურები. ძველი შესასვლელები ამოქოლილია. შენდება ეკლესიის ქვედა სართულის ჩრდილოეთის სათავსო და მეორე სართულის ეკლესიის გვერდებზე ემატება თითო სათავსი. იგება ეკლესიის გალავანი. კედლები ნაშენია კლდის ფლეთილი და რიყის ქვით. გალავანში გვხვდება ქვისა და აგურის შერეული წყობა. მშენებლობისას ფართოდაა გამოყენებული აგური (ციციშვილი 1982: 46-49).
უჯარმის განათხარი მასალა მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია, თუმცა ციხის მშენებლობის პირველი პერიოდის მასალა მხოლოდ რამდენიმე ნივთით შემოიფარგლება. ესაა საკინძი, შემკული ბროწეულის ყვავილის მოყვანილობის ლაჟვარდის თავით, რომელიც V ს-ის მიწურულითა და VI ს-ის დასაწყისითაა დათარიღებული და სასანური ვერცხლის მონეტა, მოჭრილი ფეროზ მეფის (458-499) სახელით (ლომთათიძე 1989: 122). განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია XI-XIII სს-ით დათარიღებული არქეოლოგიური მასალა. მათ შორის გამოირჩევა სადა და მოჭიქული კერამიკა. სადა კერამიკის ჯგუფიდან აღსანიშნავია: ქვევრები, დერგები, სადღვებლები, ქოთნები, ქილები, ხელადები, ბადიები, ხუფები, ნიჟარისებური და მილიანი ჭრაქები, სფეროკონუსები და სხვ. მოჭიქული თიხის ნაწარმიდან უმრავლესობა ჯამებია. მათ შორის გამოიყოფა რამდენიმე ჯგუფი: შიშველ კეცზე თეთრი ანგობით მოხატული და მწვანედ მოჭიქული ჯამები; ფერადი ხაზებით შემკული ჯამები; თეთრი ანგობით დაფარულ შიდაპირზე ფერადი ნაღვენთებით შემკული ჯამები; მოვარდისფრო ანგობით დაფარული, მკრთალი ნაკაწრებითა და ფერადი ლაქებით შემკული ჯამები. უჯარმის ამგვარად მოჭიქული ჯამები IX-X სს-ით თარიღდება (მიწიშვილი 1969: 14, 17, 19). XI-XIII სს-ს განეკუთვნება ამოკაწვრით მოხატული, მწვანედ, ცისფრად და სოსანისფრად მოჭიქული ჯამები. იქვეა აღმოჩენილი ჯამი, რომელზეც ამოკაწვრით მოხატულია ფრინველის გამოსახულება და მოჭიქულია ცისფრად. ცალკე გამოიყოფა თეთრი ანგობით მოხატული და მოჭიქული ჯამები (მიწიშვილი 1969: 24, 25, 28, 29). XII-XIII სს-ით თარიღდები მრავალფრად მოჭიქული ჯამები, რომელთა შორის გვხვდება: ჯვრისებური ორნამენტითა და რტო-ყლორტებით შემკული ნიმუშები; სამკუთხედებითა და რტო-ყლორტებით შემკული ჯამები; ფრინველისა და ცხოველის გამოსახულებით შემკული ჯამები; ფერადი ოთხკუთხედებით, მწვანე სალტეებით შედგენილი ორნამენტით, ფერადი საღებავებით მოხატული ჯამები (მიწიშვილი 1969: 34, 39, 41, 49). გარდა ჯამებისა, უჯარმის მოჭიქულ კერამიკაში გვხვდება: საწვნეები, ნიჟარისებური ჭრაქები, სამარილეები, სარქველები, კოტოში. მოჭიქულ კერამიკაში 6 ერთეული ნახევრად ნამზადია, რაც უჯარმაში მოჭიქული კერამიკის ადგილობრივ წარმოებაზე მიუთითებს (მიწიშვილი 1969: 55, 57-59, 61). განათხარ მასალაში ფაიანსის რამდენიმე ნიმუშიცაა. სამშენებლო კერამიკის ჯგუფს განეკუთვნება აგურები, ღარიანი და ბრტყელი კრამიტები. ზედა ციხეში აღმოჩენილ ერთ-ერთ ღარიან კრამიტზე რელიეფურად გამოყვანილია სამი ქართული ასომთავრული ასო.
მინის მრავალრიცხოვანი ნაწარმიდან აღსანიშნავია განვითარებული შუა საუკუნეების ქუსლიანი სასმისების, „ფლაკონებისა“ და სხვ. ნატეხები; მწვანე, თაფლისფერი, შავი და ლურჯი ფერის სადა და გრეხილი სამაჯურები. ძვლის ნივთებიდან გვხვდება ლულოვანი ძვლის დაუმუშავებელი ოთხწახნაგა ნატეხები, კვირისტავისებური მოყვანილობის ღილი და სხვ. ლითონის ნაწარმი წარმოდგენილია რკინის წიდებით, ნალებით, ლურსმნებით, სამფრთიანი ყუნწიანი ისრისპირით, ძვლისტარიანი სამართებლით, სპილენძის ჩამჩით, კოვზით, ბრინჯაოს სამაჯურით, აბზინდით, რკინის ფარაკიანი ბეჭდით და სხვ. ქვის მასალიდან აღსანიშნავია: ხელსაფქვავის ქვები, შურდულის ქვები, კვირისტავები. 4 მონეტიდან 2 თამარისაა, 1 რუსუდანის, მოჭრილი 1230 წელს, ერთი კი XII-XIII სს-ის სელჩუკური მონეტაა.
გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება რამდენიმე ორმოსამარხი, რომლებიც გაითხარა „ჯვარი პატიოსნის“ გალავანში. მათგან მხოლოდ ერთში აღმოჩნდა ვერცხლის პატარა გულსაკიდი ჯვარი.
გვიანდელებია ეკლესიის გვერდით გათხრილი მოზრდილი ჩაკირული ქვევრები და ქოცო. იმავე პერიოდისაა ძეგლის ზედა ფენებში აღმოჩენილი თითბრის თასი, რკინის ჯაჭვიანი სასწორი, რკინისაგან გამოჭედილი ადამიანის ხელის ორი გამოსახულება, ჩიბუხის ფრაგმენტი (ლომთათიძე 1989: 121-124).
სოფ. უჯარმის კვირაცხოვლის ეკლესიასთან გათხრილ რამდენიმე საოჯახო ქვის სამარხში აღმოჩნდა XII-XIII სს-ით დათარიღებული მინისა და ბრინჯაოს სამაჯურები, ბრინჯაოს ფარაკიანი ბეჭდები, ბურთულა ღილები (ლომთათიძე 1989: 124).
1949 წ. უჯარმის ციხის მახლობლად აღმოჩნდა მონეტების განძი, რომელშიც შედიოდა დავით VIII-ის (1293-1311) 120-ზე მეტი ვერცხლის მონეტა (ჯალაღანია 1958: 116). უჯარმის არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
- ბიბლიოგრაფია: ამირანაშვილი 1944: 154-156; ბაგრატიონი 1986: 66; ბარნაველი 1961: 129; ბერიძე 1974: 115; ბიულეტენი 1929: 24-26; გაბაშვილი 1976: 3-17; გორგიჯანიძე 1926: 65; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 219; ზაქარაია 1988: 27-29; იოსელიანი 1846: 19; 1850: 67, 68; კაკაბაძე 1959: 74, 75; კაპანაძე 1955: 83; ლომთათიძე 1950ბ: 39, 40; 1953: 11, 12; 1957: 270-289; 1959: 303, 304, 351-353, 375-377; 1961ა; 1968: 36-38; 1977: 103, 124; 1989: 107-264; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 207; მელთაური 1972: 5-15; მიწიშვილი 1969: 14, 16, 17, 19, 24, 25, 28, 29, 34, 39, 41, 49, 55, 57, 58, 59, 61; მქ 1963: 89, 90, 96, 150; მუსხელიშვილი 1964: 59-70; 1966; მჭედლიშვილი 1986: 51-57; ორბელიშვილი 1989ბ: 64-79; ქართული ეპისტ. 1989: 46; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 371; 1974: 509, 510; 1977: 237; 1985: 428; ქრონიკები 1897: 440; ქც 1: 59,5; 71,1,2; 121,14; 126,11; 128,1; 185,2; 199,1,17; 200,18,19; 201,21; 202,1,17; 219,3; 233,2; 236,12; 263,2,5,8; 268,13; 312,8; 375,17; ქც 2: 17,19; 253,6,9; ქც 4: 90,26,27; 114,10,20; 124,4; 133,1; 135,19; 151,18; 169,22; 527,7; 530,12,18,19; 531,18; 532,16; 536,9; 538,10; 559,3; 561,9,1 ; 618,12; ჩუბინაშვილი 1959: 514-516; ციციშვილი 1955: 50, 51; 1966: 26-29; 1982; ცქიტიშვილი 1959: 77; 1981: 91, 230; ჭილაშვილი 1970: 35-43; ჯალაღანია 1958: 116; 1979: 106.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.