სოფელი (ქც 4: 377,7).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 377,7), XV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 210, 212; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 591; 1985: 932; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 207; ქართულ-სპარსული ... 1984: 45), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 44).
ვახუშტი ბაგრატიონი უწლევის შესახებ გადმოგვცემს: „ალს ზეით არს ლიხის მთის კალთას, ციხე ალისა, ციხეს უკან არს სოფელი უწლევი მთაში“ (ქც 4: 377,7).
მდებარეობს ხაშურის მუნიც-ში, ხაშურიდან ჩრდილოეთით 29 კმ-ის დაშორებით, მდ. ჭერათხევის (მდ. სურამულას მარცხენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, თანამედროვე სოფ. უწლევის ტერიტორიაზე.
XVI ს-ის დასაწყისში სოფ. უწლევი ამირეჯიბებმა შესწირეს ულუმბოს ღვთისმშობლის ეკლესიას (ქრონიკები 1897: 210, 212). XVII ს-ის ბოლოს იგი სვეტიცხოვლის მფლობელობაში გადავიდა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 591). უწლევში ამზადებდნენ ქვევრებს „ყოველთა უმჯობესსა“ (ქც 4: 377,7).
უწლევი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
სოფლის ტერიტორიაზე დგას რამდენიმე ეკლესია: დარბაზული ეკლესია (7,8X5,3მ) მდებარეობს სოფლის დასავლეთით 2 კმ-ის დაშორებით, ფურნეების ღელის პირას. ნაგებია ფლეთილი ქვით. აქვს ნახევარწრიული აფსიდა. შესასვლელი სამხრეთიდანაა.
ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (9X5,6 მ) მდებარეობს სოფლის აღმოსავლეთით 200 მ-ის დაშორებით, სასაფლაოზე. ნაგებია ქვიშაქვით. აქვს არაწესიერი ფორმის ნახევარწრიული აფსიდა, ორი შესასვლელი – სამხრეთიდან და დასავლეთიდან. თარიღდება გვიანი შუა საუკუნეებით (სძა 1990: 449).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 44; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 207; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 591; 1985: 932; ქართულ-სპარსული ... 1984: 45; ქრონიკები 1897: 210, 212; ქც 4: 377,7.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.