უდ უზ ულ ურ უს უფ უწ უჯ
უფლ

უფლისციხე 

ციხე-ქალაქი (ქც 1: 17,20), ქალაქი (ქც 4: 366,14), ციხე (ქც 1: 262,5).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 10,6; 17,20; 33,11), მისივე, „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ (ქც 1: 109,10), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 132,22,23; 135,2,9; 137,11,19; 138,2,7-9,28; 366,10,12,21; 560,5,14; 799,8), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 262,5; 263,14; 272,8,18; 274,5,14; 275,1,2; 276,10; 302,14; 305,8), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 423,1), „მოქცევაი ქართლისაი“ (მქ 1963: 81, 82), ანტიოქიის მსოფლიო საეკლესიო კრების ძეგლისდების ქართული თარგმანის მინაწერი (ხელნაწერთა აღწერილობა 1902: 200), ბესარიონ კათოლიკოსის „ლუარსაბ მეფის მარტვილობა“ (ბესარიონ კათოლიკოსი 1946: 409), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 197; 1967: 330; სასისხლო სიგელების ... 1924: 30; საქ. სიძ. 1910: 95, 265; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 528, 530, 779, 989; 1970: 706; 1981: 242, 253; 1985: 368, 600; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 184; 1953: 151; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 155; 1955: 138; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 207), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1913: 268), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 39), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 12), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 54), ატენის სიონის სომხური წარწერა (ალექსიძე 1978: 50-61), სომხურ ხელნაწერთა ანდერძები (სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 33).

ვახუშტი ბაგრატიონი უფლისციხის შესახებ გადმოგვცემს: „აშურიანს ზეით არს უფლისციხე, კუერნაქის გადმოკიდებულის კლდის გორასა ზედა, მტკურის კიდესა ... შენობა უცხო, კლდისაგან გამოკუეთილი; პალატნი დიდ-დიდნი, ქანდაკებულნი კლდისაგანვე; გვირაბი ჩახვრეტით ჩაკაფული მტკურამდე, დიდი. დასავლით აქუს ქარაფი მაღალი, და მას შინა გამოკუეთილნი ქუაბნი მრავალ-დიდნი, არამედ აწ შეუვალ არს ... ამის დასავლით არს ქალაქი გორი“ (ქც 4: 366,12-22).

მდებარეობს გორის მუნიც-ში, გორიდან აღმოსავლეთით 8 კმ-ის დაშორებით, სოფ. ქვახვრელის მოპირდაპირედ, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე.

ისტორიული ტრადიციის თანახმად, უფლისციხე აღაშენა უფლოსმა (ქც 1: 10,6). ლეგენდის მიხედვით, ალექსანდრე მაკედონელს ქართლში ლაშქრობისას სხვა ქალაქებთან ერთად უფლისციხეც დახვედრია (ქც 1: 17,18-20). იმავე ამბის გადმოცემისას „მოქცევაი ქართლისაი“ უფლისციხეს ქალაქ კასპის ციხედ მიიჩნევს (მქ 1963: 81). ძვ. წ. I ს-ში მეფე არსუკს (არშაკს) უფლისციხეში დიდი სამშენებლო სამუშაოები ჩაუტარებია (ქც 1: 33,10,11; მქ 1963: 82). უფლისციხე იხსენიება მირიან მეფის გაქრისტიანების ამბავთან დაკავშირებით (ქც 1: 109,9-11). წყაროთა ცნობით, შუა საუკუნეების უფლისციხეში ძლიერი სამისნო ცენტრი ყოფილა (ხელნაწერთა აღწერილობა 1902: 200; ქც 4: 366,19-21). IX-X სს-ში უფლისციხე შიდა ქართლის პოლიტიკური ცენტრია. X ს-ის 70-იან წლებში ქართველ მეფე-მთავართა შორის ბრძოლას ქართლში გაბატონებისათვის „მატიანე ქართლისა“ უფლისციხისათვის წარმოებულ ბრძოლად მიიჩნევდა (ქც 1: 272,8-16). 842 წ. თბილისის ამირა საჰაკის დასასჯელად ქართლში შემოვიდა არაბთა სარდალი მუჰამედ იბნ-ხალიდი, რომელსაც მიემხრო ბაგრატ კურაპალატი. მათ ერთობლივი ძალებით აიღეს უფლისციხე. მუჰამედმა ქართლი და უფლისციხე ბაგრატ კურაპალატს უბოძა (ქც 1: 255,2-10). 904 წ. აფხაზთა მეფე კონსტანტინემ ქართლი დაიკავა, რასაც მოჰყვა სომეხთა მეფის სუმბატ ტიეზერაკალის ლაშქრობა უფლისციხეში. შემდგომში სუმბატმა კონსტანტინეს დაუბრუნა ქართლიცა და უფლისციხეც (ქც 1: 262,4-7); 914 წ. არაბთა სარდლის აბულ კასიმის სამხრეთ კავკასიაში ლაშქრობისას უფლისციხელებმა თვითონ მოარღვიეს ციხე-ქალაქის ზღუდეები, რათა არაბებს იქ დარჩენის სურვილი არ გასჩენოდათ (ქც 1: 263,14). 923-924 წწ. მეფე გიორგიმ ქართლის გამგებლობა ჩააბარა თავის უფროს შვილს კონსტანტინეს, რომელმაც სამი წლის შემდეგ თვითონ მოინდომა ქართლში გაბატონება და უფლისციხეში გამაგრდა (ქც 1: 267,1-3). გიორგი აფხაზთა მეფე ბრძოლით რომ ვერაფერს გახდა, კონსტანტინე მოტყუებით გამოიყვანა უფლისციხიდან. უფლისწული ღამე ტივით გამოსულა „ერთგულ“ აზნაურებთან შესახვედრად. შემდგომ მიმხვდარა, რომ ღალატობდნენ, მაგრამ ვეღარ დაიმორჩილა ტივი. ნაპირზე გადასული უფლისწული გათენებისას შეიპყრეს (ქც 1: 267,12-16, 268,1). 975 წ. ქართლის ერისთავმა იოანე მარუშის ძემ დახმარებისათვის დავით კურაპალატს მიმართა. დავითმაც არ დააყოვნა და ქართლში თავისი შვილობილი ბაგრატი (შემდგომში ბაგრატ III) გაამეფა (ქც 1: 272,8-19). ამით უკმაყოფილო ქართლის აზნაურებმა კახელები მოიწვიეს და უფლისციხე აიღეს, ბაგრატი და მისი მშობლები კი ტყვედ წაიყვანეს (ქც 1: 274,14,15). შემდგომ კახელებმა ზავი ამჯობინეს. გაათავისუფლეს ტყვეები და უფლისციხეც დაუბრუნეს. ამის შემდგომ უფლისციხეს ბაგრატის დედა გუარანდუხტი განაგებდა (ქც 1: 275,1-3). 978 წ. ბაგრატი აფხაზეთში გამეფების შემდეგ ქართლში გადმოვიდა, დაამარცხა მეფის ხელისუფლების მოწინააღმდეგე აზნაურები, მოვიდა უფლისციხეში, მოაგვარა ქართლის საქმეები და ისევ აფხაზეთს დაბრუნდა (ქც 1: 276,10-12). XI ს-ში უფლისციხე კვლავ ითვლებოდა ქართლის მნიშვნელოვან სიმაგრედ, რომელიც ბაგრატ IV-სა (1027-1072) და ლიპარიტ კლდეკარის ერისთავს შორს ატეხილი ბრძოლების დროს ხელიდან ხელში გადადიოდა. ლიპარიტის დამარცხების შემდეგ ბაგრატ IV-მ კვლავ დაიბრუნა უფლისციხე (ქც 1: 392,14, 305,7,8). XI-XII სს-ის მიჯნაზე თანდათან წინაურდება ქ. გორი, რომელიც პირველობას ართმევს და ენაცვლება უფლისციხეს. დაქვეითების გზაზე დამდგარ უფლისციხეს ბოლო მოუღო მონღოლთა ლაშქრობებმა (ქც 4: 366,14). 1392 წ. საბუთით, უფლისციხე მცხეთის საეკლესიო მამულებს ეკუთვნოდა (ქრონიკები 1987: 197). 1412 წ. შედგენილ ერთ-ერთ ანდერძში უფლისციხე დაბა-ქალაქად იხსენიება (სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 33). 1467 წ. ქართლის მეფე კონსტანტინე II-მ (1478-1505) უფლისციხე ზაზა ფანასკერტელს უბოძა (სასისხლო სიგელების ... 1924: 30). გვიან შუა საუკუნეებში უფლისციხე საამილახვროში შედიოდა (ბაგრატიონი 1986: 39).

1852 წ. უფლისციხეში პირველი გათხრები ჩაუტარებია დ.მეღვინეთუხუცესიშვილს, რომელსაც აუგეგმავს ნაგებობანი, გაუთხრია ორსვეტიანი დარბაზი, სადაც აღმოჩენილა სვეტის ფრაგმენტები და კერამიკის ნატეხები. გვერდით სათავსოში კი მიუკვლევია ქვევრებისათვის. მისი აზრით, ორსვეტიანი დარბაზი და მიმდებარე ნაგებობები წარმოადგენდა წარჩინებული პირის სასახლეს. ნაქალაქარის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებულ ტერასაზე დ.მეღვინეთუხუცესიშვილს აღმოუჩენია ძველი ნეკროპოლი (ხახუტაიშვილი 1964: 9). ნაქალაქარისა და მისი შემოგარენის სისტემატურ გათხრებს 1957 წლიდან აწარმოებდა საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის უფლისციხის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. შ.ამირანაშვილი, თ.სანიკიძე). ამ ხნის მანძილზე თითქმის მთლიანად გაითხარა შიდა ქალაქის ტერიტორია. იქ გამოვლენილი მასალებიდან ყველაზე ადრეული ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრის დასაწყისით, ყველაზე გვიანდელი კი გვიანი შუა საუკუნეებით თარიღდება. უფლისციხის შემოგარენში შესწავლილ იქნა არაერთი ძეგლი: ლაშეთხევის ადრეული ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი, ყათნალიხევის გვიანი ბრინჯაოს ხანის სამლოცველო, ბამბების ანტიკური ხანის სამოსახლო და სამაროვანი, ყათნალიხევის გვიანანტიკური ხანის სამარხები და სხვ. (ხახუტაიშვილი 1989: 25-78).

უფლისციხე წარმოადგენს დაქანებული რელიეფის მქონე ქვიშაქვის მასივში ამოკაფულ-გაშენებულ კომპლექსს, რომელიც აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან კლდეში ნაკვეთი თხრილითა და თხრილის მიდევნებით აგებული კედლითაა გამაგრებული. დასავლეთი და სამხრეთი მხარე ბუნებრივადაა დაცული შვეული კლდოვანი კედლით. თხრილის აღმოსავლეთითა და ჩრდილოეთით დასტურდება კლდეში ნაკვეთი კომპლექსები, რომლებიც შიდა ქალაქის (ციხის) ცენტრალური უბნის კომპლექსებისაგან გამოირჩევა შედარებითი სიმცირითა და აღნაგობა-გაფორმების სიმარტივით. ქალაქს გააჩნდა სამი შესასვლელი: სამხრე-დასავლეთი მხრიდან ე. წ. „მცირე კლდეკარი“; სამხრეთიდან 3 მ დიამეტრის მქონე გვირაბი, რომელიც მტკვრის პირას გადიოდა; სამხრეთ-აღმოსავლეთი მხრიდან მდებარეობდა მთავარი შესასვლელი, რომელიც ქალაქის ცენტრალურ ქუჩას უკავშირდებოდა (ხახუტაიშვილი 1966: 115). უფლისციხის შიდა ქალაქის ცენტრალური უბნის კლდეში ნაკვეთი კომპლექსების გეგმის ერთიანი პრინციპი, ერთი არქიტექტურული თემა, დეკორისა და მონუმენტურ-სიბრტყობრივი სტილის ერთიანობა, კლდის ზედაპირის ერთგვაროვანი დამუშავება მიუთითებს უფლისციხის კლდის ნაგებობათა ერთდროული მშენებლობის შესახებ. კომპლექსები, რომლებიც მიჰყვებიან უფლისციხის ძირითად არქიტექტურულ თემას, შემდეგნაირია: ფასადის მხრიდან ღია, უმეტეს შემთხვევაში კამარით დაგვირგვინებული სათავსი, რომლის უკან ან სამ მხარეს განლაგებულია გაცილებით დაბალი, ბრტყელჭერიანი ოთახები. ხშირად კამაროვანი სათავსის უკან მდებარე ოთახის ჭერი შემკულია კლდეში ნაკვეთი ხის გადახურვის კონსტრუქციის იმიტაციით ან კესონებით. ნაგებობის წინ ეზოა, რომელიც უშუალოდ უკავშირდება ქუჩას (ხიმშიაშვილი 1986: 59). კლდეში ნაკვეთი კომპლექსების თარიღის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებაა გამოთქმული. მკვლევართა ნაწილი მათ ძვ. წ. V-IV სს-ს მიაკუთვნებს (ხახუტაიშვილი 1964: 61, 62; ლეჟავა 1971: 26; მელითაური 1969: 21). ზოგიერთ მკვლევარს კომპლექსების გამოკვეთის თარიღად ძვ. წ. IV-III სს მიაჩნია (სანიკიძე 1983: 3). კესონური ჭერის მქონე დარბაზების ერთი რიგი II-III სს-ით თარიღდება (ამირანაშვილი 1944: 123, 124). სხვა მოსაზრების მიხედვით, ელინისტური ხანის უფლისციხეში წამყვანი ადგილი ეკავა ალიზის ნაგებობებს, ხოლო ცენტრალური უბნის ძირითადი კომპლექსები ახ. წ. I ს-ის მიწურულსა და II ს-შია გამოკვეთილი (ხიმშიაშვილი 1988: 12). ზოგიერთი მოსაზრებით, რადგან თითქმის ყველა მნიშვნელოვანი კლდეში ნაკვეთი კომპლექსი წარმართულ ტაძარს წარმოადგენს, წინაქრისტიანული ხანის უფლისციხე საკულტო ქალაქი უნდა ყოფილიყო (სანიკიძე 1987: 41).

ნაქალაქარის გათხრებისას რამდენიმე უბანზე აღმოჩნდა ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრის დასაწყისის კერამიკა. ჩანს, უფლისციხის გორანამოსახლარი უკვე ძვ. წ. XV-XIV სს-ში წარმოქმნილა (ხახუტაიშვილი 1989: 21). კლდეში ნაკვეთი კომპლექსის II უბანზე უფლისციხის არსებობის ყველა პერიოდის არქეოლოგიური მასალაა წარმოდგენილი, ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრის დასაწყისიდან გვინი შუა საუკუნეების ჩათვლით. აქ შედარებით უკეთაა შემორჩენილი ელინისტური ხანის ქვათლილებით ნაგები ზღუდის კედელი და კოშკი (ხახუტაიშვილი 1970: 58). II უბნის ჩრდილოეთით ოცდაათიოდე მ-ის დაშორებით აღმოჩნდა ადრეელინისტური ხანის „სახელოსნო“, რომელიც ხანძარში დაღუპულა ძვ. წ. III ს-ში. „სახელოსნოს“ გათხრებისას გამოვლინდა: ოქროთი მოვარაყებული ტერაკოტის ფიგურა, ოქროს ვარდულები, მილაკები, ბურთულები, მათ შორის ნახევარფაბრიკატებიც; ბრინჯაოს ზარაკები, რკინის ბორბლები, თიხის ბურთისებური ჟღარუნა, თიხის ხელადები, ფიალები, იმპორტული ამფორესკა, რკინის შუბისპირები, ისრისწვერები და სხვ. (ხახუტაიშვილი 1989: 25-28). სხვა მოსაზრებით, აღნიშნული მასალა სამარხეული ინვენტარი უნდა იყოს (ყიფიანი 2000: 95).

ნაქალაქარის სხვადასხვა უბანზე აღმოჩნდა ძვ. წ. IV-III სს-ის კლდეში ნაკვეთი საწნახლები. ჩრდილოეთ უბანზე გამოვლინდა შუა საუკუნეების დიდი მარანი. ორი მარანია აღმოჩენილი ცენტრალურ უბანზე. შუა საუკუნეებს განეკუთვნება ნაქალაქარის აღმოსავლეთით, სალიზვარის ხევში მდებარე კლდეში ნაკვეთი 3 საწნახელი. გარდა ამისა, ნაქალაქარის გათხრებმა გამოავლინა საცხოვრებელი, სამეურნეო და საკულტო დანიშნულების არაერთი კომპლექსი, რომელთა ქრონოლოგიური დიაპაზონი ფართოა – ანტიკური ხანიდან მოყოლებული გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით.

განათხარი მასალის უდიდეს ნაწილს კერამიკა წარმოადგენს. შედარებით მცირერიცხოვანია ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრის დასაწყისის შავი და ლეგაკეციანი ძირდაკეჭნილი, აგრეთვე სოლისებური ორნამენტით შემკული კერამიკა (ხახუტაიშვილი 1970: 67, 68). VI-IV სს-ის კერამიკულ ნაწარმში ყურადღებას იქცევს მოწითალოკეციანი ანგობით მოხატული დოქებისა და ხელადების ნატეხები. ჭურჭლების დიდ ნაწილს შეადგენს შავპრიალა ფიალები და ჯამები (ხახუტაიშვილი 1970: 73). ელინისტური ხანის კერამიკაში გვხვდება როგორც სამეურნეო, ისე სამზარეულო და სუფრის ჭურჭელი, წარმოდგენილი სადა, გაპრიალებული, შეღებილი, მოხატული, აგრეთვე რელიეფური და ნაკაწრი სახეებით შემკული ნაწარმის სახით. შედარებით ნაკლებია ახ. წ. პირველი საუკუნეების მასალები, რომელთაგან აღსანიშნავია დაკბილულსარტყლიანი, წითელკეციანი 2 ქვევრი არამეული წარწერით (ხახუტაიშვილი 1970: 77, 87).

შუა საუკუნეების კერამიკა საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ შორის გვხვდება: თონეები, ქვევრები, დერგები, სადღვებლები, ჩაფები, ქოთნები, ხელადები, ჯამები, ჭრაქები, კრამიტები. ნაქალაქარზე აღმოჩენილია მოჭიქული კერამიკის თითქმის ყველა სახეობა. მათი უმრავლესობა ჯამებია. არაკერამიკული მასალა წარმოდგენილია რკინის ისრისპირებით, ნამგლებით, ცულებით, საკინძებით, ბეჭდებით; მინის სასმისებით, სამაჯურებით, მძივებითა და სხვ. ძვლის ნივთებიდან გვხვდება ინკრუსტირებული და სადა ფირფიტები, ბეჭედი, სადგისები, აგრეთვე ძვლის ნახევარფაბრიკატები (მინდორაშვილი 2008).

კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ტერიტორიაზე რამდენიმე ეკლესიაა. მათ შორის ყველაზე ადრეულია სამნავიანი ბაზილიკა (ფართობი 360 კვმ), რომელიც მდებარეობს ნაქალაქარის ცენტრალურ უბანზე. თავის დროზე ამ ადგილას წარმართული ტაძარი უნდა არსებულიყო. ეკლესია კლდეშია გამოკვეთილი. შემორჩენილია ჩრდილოეთი კედელი და მცირე სათავსი, აღმოსავლეთი და დასავლეთი კედლების ქვედა ნახევარი, სამხრეთი კედლის ზეძირკველი. ეკლესიის ინტერიერს ქმნის კლდის დამუშავებული კედლები, რომლებსაც ფასადები არა აქვთ. ეკლესიის დასავლეთი მონაკვეთის ცენტრში ოთხი ბურჯის ბაზისებია გამოკვეთილი. დარბაზის ჩრდილოეთი კედელი ბაზისების შესატყვისად დანაწევრებულია არათანაბარი ზომის 3 დეკორატიული თაღით. ნაწილობრივ შემორჩენილია პილასტრისა და თაღების კლდეში ჩაჭრილი პროფილი. დარბაზს აღმოსავლეთით იატაკიდან ერთი საფეხურით ამაღლებული ღრმა ნალისებური აფსიდა აქვს. აფსიდის ორივე მხარეს მცირე სათავსებია. ეკლესიას შესასვლელი აქვს სამხრეთი კედლიდან, რომელიც ქვათლილებითაა ნაგები. ეკლესია VI ს-ის მეორე ნახევრით თარიღდება. ის მრავალჯერაა გადაკეთებული. გვიან შუა საუკუნეებში ეკლესიის ადგილას სამეურნეო დანიშნულების ნაგებობა იყო გამართული, რაზეც მეტყველებს იქ აღმოჩენილი 7 თონე და საკურთხევლის წინ ამოკვეთილი მოზრდილი ხარო (ჩუბინაშვილი 1961: 13; ხიმშიაშვილი 1988: 15; ხახუტაიშვილი 1989: 38).

„უფლისწულის“ ეკლესია მდებარეობს ნაქალაქარის ცენტრალურ უბანზე, ამაღლებული კლდის მასივზე. აშენებულია წარმართული ტაძრის ადგილზე. სამეკლესიანი ბაზილიკა (18,5X13,8 მ) ნაგებია აგურით. გადაკეთებულია მრავალჯერ. სამხრეთი შესასვლელის თავზე XVIII ს-ში დაუშენებიათ მცირე გუმბათოვანი სამრეკლო. აფსიდა ნალისებურია. გრძივი კედლები დანაწევრებულია სამ-სამი მაღალი თაღით. სამხრეთი კედლის სამივე თაღში, ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ თაღსა და აფსიდაში სარკმელებია. აღმოსავლეთი ფასადის ფრონტონში აგურით შეღრმავებული ჯვარია გამოსახული. გადახურულია ღარიანი კრამიტით. მათ შორის რამდენიმე მწვანედ და ფირუზისფრადაა მოჭიქული. ეკლესიას სამი მხრიდან ეკვრის დაბალი მინაშენი. ჩრდილოეთ მინაშენში შემორჩენილ თხელ შელესილობაზე ატყვია მოხატულობის მკრთალი კვალი. ეკლესია IX-X სს-ით თარიღდება (ჩუბინაშვილი 1961: 14).

გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება ღვთისმშობლის კლდეში ნაკვეთი ეკლესია (3,4X2,8 მ), რომელიც მდებარეობს ნაქალაქარის დასავლეთით. ნაგებობის თაღოვანი კარი დასავლეთითაა. კარის თავზე მრგვალი სარკმელია. აფსიდის აღმოსავლეთი კედელი სწორხაზოვანია, კუთხეებმომრგვალებული. მის ცენტრში ამოკვეთილია მაღალი სწორკუთხა საკურთხეველი, რომლის ზემოთ მთელ სიგანეზე თაღოვანი ნიშია. მეორე ნიში ჩრდილოეთ კედელშია. კედლების ზედაპირი უხეშადაა დამუშავებული.

ნაქალაქარის შემოგარენში არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლია შესწავლილი. კლდეში ნაკვეთი კომპლექსის აღმოსავლეთით, ე. წ. ყვავის საყდრის მიდამოებში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ლაშეთხევის დასასრულს, მის მარჯვენა მხარეს, განკიდულ გორაზე აღმოჩნდა ძვ. წ. IV ათასწლეულის მიწურულითა და III ათასწლეულის დასაწყისით დათარიღებული სამოსახლო. არქეოლოგიურმა დაზვერვებმა იქ გამოავლინა სხვადასხვა პერიოდის სამეურნეო ორმოები, ადრებრინჯაოს, გვინბრინჯაოსა და ადრერკინის ხანის სამეთუნეო ნაწარმი, ხელსაფქვავები, კაჟის ნამგლის ჩასართები და სხვა (ხახუტაიშვილი 1988: 77, 78).

ნაქალაქარის დასავლეთით, ე. წ. ყათლანის ხევში, მეზობელი მასივისაგან თხრილით გამოყოფილ ბორცვზე გაითხარა ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრის დასაწყისით დათარიღებული სამოსახლო, რომლის ზედა ფენა წარმოადგენდა წარმართულ სამლოცველოს. სამლოცველოში, რომელიც 4 ძელურ ნაგებობასა და ბეღელს მიითვლიდა, გამოვლინდა ხარის თავებით შემკული საკურთხევლები, „ხოვლური“ ტიპის ღუმელი, თიხის ღვთაების ჰორელიეფი. ერთ-ერთი ნაგებობის იატაკზე, საკურთხევლის გარშემო ამოკვეთილი იყო სხვადასხვა ზომის თხუთმეტიოდე ორმო და ცხოველთა სილუეტური გამოსახულებები, შევსებული მოთეთრო ფერის დამწვარი მასით. სამლოცველოში აღმოჩნდა თიხის ჭურჭლები და ჭურჭლის ნატეხებისაგან დამზადებული დისკოები, თიხის საბეჭდავები, ცხოველთა ფიგურები, ურმის თვლის მოდელები, ქვასანაყები და სხვა (ხახუტაიშვილი 1989: 61, 62).

ძვ. წ. XIV-XIII სს-ს მიეკუთვნება ნაქალაქარის დასავლეთით, სოფელ უფლისციხის მიდამოებში აღმოჩენილი ბრინჯაოს ნამგლები და ბრტყელი ცული. იმავე ტერიტორიაზე გამოვლინდა ძვ. წ. II ათასწლეულის მიწურულისა და I ათასწლეულის დასაწყისის ორმოსამარხები, სადაც აღმოჩნდა ლეგაპრიალა დერგები, სადღვებლები, ქოთნები, დოქები, სასმისები და სხვა (ხახუტაიშვილი 1964: 51, 52).

ძვ. წ. V-IV სს-ით თარიღდება კლდეში ნაკვეთი კომპლექსის დასავლეთით, ადგილ „ბამბებში“ გამოვლენილი ორმოსამარხები. მათგან აღსანიშნავია №10 ორმოსამარხი, რომელიც უნდა ეკუთვნოდეს მხატვარ-გრავიორს. სამარხში აღმოჩნდა ძვლის ორნამენტირებული პინაკი, ძვლის ფირფიტები შემკული ცხოველთა გამოსახულებებით, აგრეთვე ცხოველთა ნაწილობრივ დამუშავებული და დაუმუშავებელი ძვლები (ხახუტაიშვილი 1970: 35).

ნეკროპოლის თავზე გამართულია ძვ. წ. III-II სს-ის ნასახლარი. ძელური ნაგებობები ბანური ჭერით ყოფილა გადახურული. საცხოვრებელი ოთახებიდან ცალკეა გამოყოფილი მარანი. ნასახლარზე მრავლად აღმოჩნდა მოხატული, შეღებილი და სადა კერამიკული ნაწარმი. ნამოსახლარ ფენაში, რომელიც ხანძრითაა განადგურებული, ჩაჭრილია ძვ. წ. II ს-ის მიწურულისა და I ს-ის ორმოსამარხები. „ბამბებში“ გამოვლენილია ახ. წ. I-III სს-ის სამარხებიც (ხახუტაიშვილი 1964: 70-82; 1970: 30, 31).

ნაქალაქარის აღმოსავლეთით, 300 მ-ის დაშორებით გამოვლენილია ძვ. წ. IV-II სს-ის ნამოსახლარი და სამაროვანი. ნამოსახლარზე აღმოჩნდა შავპრიალა ჯამები, წითლად შეღებილ-მოხატული საოჯახო და სამეურნეო ჭურჭელი. სამარხებიდან 2 ორმოსამარხია, 3 ურნასამარხი, 1 ქვევრსამარხი (სანიკიძე ... 1987: 8).

ყათლანიხევის ნამოსახლარი და სამაროვანი გაშლილია ამავე სახელწოდების ხევის ორივე მხარეზე, მდ. მტკვრის ნაპირთან. ყათლანიხევის მარცხენა ნაპირზე გაითხარა ძვ. წ. III-I სს-ის ორმოსამარხები, სადაც აღმოჩნდა: ბრინჯაოს წელშეზნექილი სამაჯურები, ვერცხლის საყურეები, ვერცხლისა და რკინის ბეჭდები, ლეგაპრიალა თიხის ჭურჭელი და სხვ. დაზვერვებისას ამ მიდამოებში აღმოჩნდა III ს-ის მიწურულისა და IV ს-ის პირველი ნახევრის სასანური ბულა ფალაური წარწერით (ხახუტაიშვილი 1964: 83, 84).

ყათლანიხევის მარჯვენა ნაპირის მრავალფენიანი სამოსახლოს ზედა ფენაში, რომელიც ახ. წ. პირველ საუკუნეებს მიეკუთვნება, ნაპოვნია რკინის სახნისი. ამავე უბანზე გამოვლინდა სინქრონული ნეკროპოლი, რომელიც განლაგებულია ძველ ნამოსახლარზე. ორმოსამარხების ინვენტარიდან აღსანიშნავია: ოქროს ღილაკები, ვერცხლის ბალთები, სარდიონის გემები თევზის გამოსახულებით, იმპერატორ ტიტეს ოქროს აურეუსი, ავგუსტეს 9 ვერცხლის დენარი, გოტარზეს დრაქმები, თიხის დოქები, მძივები და სხვა (ხახუტაიშვილი 1964: 86-91).

ყათლანიხევის ადრე შუა საუკუნეების ნასახლარი გამართულია უფრო ადრეულ შენობათა ნაშთებზე. ალიზის კედლები ნაშენია ფლეთილი და რიყის ქვის ცოკოლზე. ძირითადი შენობა ერთმანეთზე მიბმული სწორკუთხა სათავსოებისაგან შედგენილი მოგრძო ნაგებობაა, რომელშიც გამოირჩევა სწორკუთხა დარბაზი. მისი იატაკი ფილებითაა მოგებული. ერთ-ერთ სათავსოში გამოვლინდა ღუმელი, რომელიც შემოსაზღვრულია რიყის ქვებით, შუაში კი ხანძრისაგან დამსკდარი და გაწითლებული ქვის ფილები აფენია. აქვე ჩანდა სანაცრე რეზერვუარიც, რომლის ფსკერი თიხითაა გადალესილი და სავსე იყო მიწით. განათხარი მასალა ძირითადად მოწითალო და მოჩალისფროკეციანი კერამიკაა. მათ შორის გვხვდება: ქვევრები, დერგები, ქოთნები, ბადიები, დოქები, ხელადები, ჯამები და სხვა (ახალაია 1996: 173-175).

ყვავების საყდარი და ნამოსახლარი მდებარეობს ნაქალაქარის აღმოსავლეთით ექვსიოდე კმ-ის დაშორებით, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ლაშეთხევის სათავესთან. დარბაზული ეკლესია, რომელსაც შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია, ნაგებია თლილი ქვებით. ძლიერ დაზიანებულია. ნახევარწრიულ აფსიდში 2 სარკმელია. გრძივი კედლები დანაწევრებულია წყვილი პილასტრით. ეკლესიის ირგვლივ შუა საუკუნეების ნამოსახლარია.

უფლისციხის არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა (შ. ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი, ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში (არქ. მას. კატ. 1955: 55, 56).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი, ვაჩეიშვილი 1964: 28-34; ალექსიძე 1978: 50-61; 1983: 21-36; ამირანაშვილი 1944: 123, 124; არქ. მას. კატ. 1955: 55, 56; ახალაია 1996: 173-175; ბაგრატიონი დავით 1941: 12; ბაგრატიონი 1983: 54; ბაგრატიონი 1986: 39; ბერძენიშვილი 1982; ბესარიონ კათოლიკოსი 1946: 409; გაგარინი 1847: ტაბ.74, 75; გამყრელიძე 2010: 172-173; გვრიტიშვილი 1954: 10-12; დიუბუა დე მონპერე 1843: 197-210; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 184; 1953: 151; ზაქარაია 1988: 13-15; იოსელიანი 1850: 65, 66; კავკაზი 1852: №43, 66, 70; კიზირია 1976: 44-46; ლემან-ჰაუპტი 1910: 95-103; 1926: 19; 1937: 43; 1938: 257-263; ლეჟავა 1971: 21-28; 1978: 7, 8; მაისურაძე 1998: 3-14; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1938: 155; 1955: 138; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 207; მელითაური 1953: 313-319; 1969: 16-36; მელიქსეთ-ბეგი 1937: 521; მინდორაშვილი 1983: 49-51; 1984: 48-51; 1984ა: 60-63; 1984ბ: 19, 20; 1985: 57-59; 1985ა: 41, 42; 1988: 30-32; 1990: 62-66; 1992: 42-46; 2002: 80-87; 2002ა: 162-168; 2007ა: 22-28; 2008; მქ 1963: 81, 82; მურავიოვ-აპოსტოლი 1848: 94-101; მშვენიერაძე 1952: 59; ნიკოლაიშვილი 1997: 65-74; სანიკიძე 1982; 1983; 1984: 27-31; 1984ა: 104-113; 1987; 1987ა: 6, 7; 1998: 19-24; 1999: 22-26; 2000: 170-187; 2002; სანიკიძე ... 1987: 7-9; სანიკიძე ... 1989: 10, 11; სასისხლო სიგელების ... 1924: 30; საქ. სიძ. 1910: 95, 265; სომხურ ხელნაწერთა ... 1978: 33; უვაროვა 1894: 59; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 528, 530, 779, 989; 1970ა: 706; 1981: 242, 253; 1985: 368, 600; ქარუმიძე 1959: 19; 1960: 57-60; 1961: 37-39; 1966: 24-26; 1971: 84-86; 1971ა: 187-190; ქრონიკები 1897: 197; 1967: 330; ქც 1: 10,6; 17,20; 33,11; 109,10; 262,5; 263,14; 272,8,18; 274,5,14; 275,1,2; 276,10; 302,14; 305,8; ქც 2: 423,1; ქც 4: 132,22,23; 135,2,9; 137,11,19; 138,2,7-9,28; 366,10,12,21; 560,5,14; 799,8; ღუდუშაური 1979: 30-34; ყიფიანი 1990; 1990ა; 1999: 4-6; 2000: 74-95; 2000ა: 261-272; 2001: 91-93; 2001ა: 98-106; 2001ბ: 23-28; ყიფიანი, ხუნდაძე 1996: 39, 40; ჩუბინაშვილი 1959: 55-64; ჩუბინაშვილი 1961; ციციშვილი 1955: 26, 27; ჭილაშვილი 1968: 19-21, 37, 39, 40, 49, 68, 99, 101, 110, 112-114; ხახუტაიშვილი 1958: 369-375; 1959: 18, 19; 1959ა: 499-504; 1960: 55-57; 1960ა: 183-196; 1961ა: 306-333; 1963: 113-127; 1964; 1964ა: 19-27; 1965; 1966; 1968: 14; 1970; 1970ა: 136-146; 1976: 60-69; 1989; ხელნაწერთა აღწერილობა 1902: 200; ხერხეულიძე 1913: 268; ხიმშიაშვილი 1985: 44-65; 1985ა: 16; 1986: 59-63; 1987: 22-24; ხუნდაძე 1979: 50-56; 1984: 36, 37; 1996: 12, 13; 1996ა: 169-172; 2000: 96-102; 2000ა: 39-48; ჯავახოვი 1882: 62, 63; ჯანაშვილი 1904: 176; 1910: №88; ჯანელიძე 1959: 89-91.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9