აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ახა ახი ახმ ახტ

ახალდაბა

  1. (ქც 4: 329,18). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 329,18), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1886: 30).

    მდებარეობს მდ. ვერეს მარჯვენა მხარეს, მთაწმინდის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, დაბა წყნეთის დასავლეთით, 7,5 კმ-ის დაშორებით, დღევანდელი სოფ. ახალდაბის ტერიტორიაზე.

    გვიან შუა საუკუნეებში ახალდაბა შედიოდა ციციშვილების სამფლობელოში (გვასალია 1983: 126).

    ახალდაბა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
     
    ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 30; გვასალია 1983: 126; ქც 4: 329,18.
  2. (ქც 4: 754,20,21). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 754,20,21), XVIII ს-ის ისტორიული საბუთი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 926).

    მდებარეობს ტყიბულის მუნიც-ში. დღევანდელი სოფ. ახალდაბის ტერიტორიაზე.

    ახალდაბა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
     
    ბიბლიოგრაფია: ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 926; ქც 4: 754,20,21.
  3. (ქც 4: 369,5). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 369,5), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 41), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 277; 1981: 586, 665, 781, 827; 1985: 131, 168).

    მდებარეობს გორის მუნიც-ში, მდ. დიდი ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, დღევანდელი სოფ. ახალდაბის ადგილზე.

    XVI ს-ში ახალდაბა ეკუთვნოდა ფავლენიშვილებს (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 277). XVIII ს-ში ახალდაბას ფლობდნენ თუმანიშვილები (ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 665).

    ახალდაბა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

    ახალდაბიდან ცნობილია რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი: ადგილ „ვირიტაფაზე“ სახლის მშენებლობის დროს განადგურდა სამარხი, რომელიც სავარაუდოდ თარიღდება გვიანი ბრინჯაოს ხანით. სოფლის ცენტრში, ადგილ „მღვდლის სახლთან“ აღმოჩნდა გვიანი შუა საუკუნეების ნამოსახლარი, სადაც გამოვლინდა წითელკეციანი თიხის ჭურჭლის ნატეხები და რიყის ქვით ნაგები საძირკვლის ნაშთები (სძა 1990: 47).

    სოფელში დგას X ს-ით დათარიღებული, ღვთისმშობლის დარბაზული ტიპის ეკლესია (9,7X7,2მ). ნაგებია ფლეთილი ქვით. კუთხეები ამოყვანილია თლილი ტუფის ქვით; კამარა, საბჯენი თაღი და კონქი – აგურით. ნახევარწრიულ აფსიდაში სარკმელია. საკურთხეველი თაღოვანი შესასვლელებით უკავშირდება მცირე ზომის სამკვეთლოსა და სადიაკვნეს. ეკლესიას შესასვლელი აქვს დასავლეთიდან (სძა 1990: 47).

    სოფლის სამხრეთით დგას განვითარებული შუა საუკუნეებით დათარიღებული წმ. გიორგის დარბაზული ეკლესია (7,8X4,6მ). ნაგებია ქვიშაქვის კვადრებითა და რიყის ქვით. კუთხეები და არქიტრავი ამოყვანილია პორფირიტით, საბჯენი თაღები, კამარა და ლავგარდანი – აგურით. აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა (სძა 1990: 47, 48).
     
    ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986:41; სძა 1990:47,48; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 277; 1981: 586, 665, 781, 827; 1985: 131, 168; ქც 4: 369,5.
  4. ციხე (ქც 4: 359,14).

    იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 359,14), XV ს-ის პირველი ნახევრის სამთავისის სამწყსოს შესავლის წიგნი (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 200), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 91, 97, 240), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 39), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 275).

    ვახუშტი ბაგრატიონი ახალდაბის შესახებ გადმოგვცემს: დაბა წირქვალის „სამხრით, ბოლსა და ახალდაბას შუა, არს ახალდაბის ციხე ამილახორისა“ (ქც 4: 359,14).

    მდებარეობს ახალგორის მუნიც-ში, მდ. ქსნის მარჯვენა მხარეს ხარულის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე, ახალგორიდან 3 კმ-ის დაშორებით.

    წყაროებში პირველად იხსენიება XVI ს-ში (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 200). XVII ს-ში ახალდაბა საამილახვროში შედიოდა (გვასალია 1983: 94).

    ახალდაბა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
     
    ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 39; გვასალია 1983: 94; გიულდენშტედტი 1962: 275; ორბელიანი 1981: 91, 97, 240; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 200; ქც 4: 359,14.
  5. ქალაქი, ციხე (ქც 4: 380,15,17,18,20).

    იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:380,15,17,18,20; 422,24; 724,1,5; 725,8,11), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 240,20; 241,21), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 531,4,10), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართულ-სპარსული ... 1955: 81; სამხ. საქ. ისტ. 1962: 55, 56; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 353, 354), ვახტანგ VI-ის „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 279), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 66, 121), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ორბელიანი 1986: 45), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 177, 217, 221).

    ვახუშტი ბაგრატიონი ახალდაბის შესახებ გადმოგვცემს: ტაშისკარის „პირისპირ, სამხრიდამ, ერთვის მტკუარს სარდანიშვილის ხევი ... ამის დასავლით არს ახალდაბა, მცირე ქალაქი, მტკურის იმიერ-ამიერ, მოსახლენი ქართველნი და ურიანი. აქა არს ხიდი მტკიცე. ახალდაბის სამხრით არს ციხე მაღალსა კლდესა ზედა. დიდნაშენი და მაგარი“ (ქც 4: 380,15-20).

    მდებარეობს ბორჯომის მუნიც-ში, თანამედროვე ახალდაბის ტერიტორიაზე, მდ. მტკვრის ორივე ნაპირზე.

    1260 წ. მონღოლთა წინააღმდეგ აჯანყებული მეფე დავით VII ულუ (1247-1270 წწ.) სამცხეში გადავიდა. ქართველები სარგის ჯაყელის მეთაურობით შეებრძოლნენ მონღოლებს ახალდაბისა და ქვიშხეთის მიდამოებში, მაგრამ დამარცხდნენ. 1526 წ. ქართლის მეფის. დავით X-ის ძემ ლუარსაბმა (შემდგომში ქართლის მეფე ლუარსაბი 1527-1556) პოლიტიკური კავშირი შეკრა იმერეთის მეფე ბაგრატ III-სთან (1510-1565) და გადასცა ქართლის დასავლეთი ნაწილი – ალი, სურამი, ახალდაბა. XVI ს-ში ახალდაბა სამეფო საკუთრებაში შედიოდა და მეფის მიერ დანიშნული მოურავი და მამასახლისი მართავდა. XVIII ს-ში ახალდაბაში იყო საბაჟო. XVIII-XIX სს-ის მიჯნაზე ახალდაბა დარეჯან დედოფალს ეკუთვნოდა (ბერძენიშვილი 1985: 41, 49, 56-58; მესხია 1983: 332, 397, 425).

    ახალდაბა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

    აქ ღვთისმშობლისა და წმიდა გიორგის დარბაზული ეკლესიებია. ახალდაბასთან, მტკვარზე შეიმჩნევა X ს-ის ხიდის ბურჯები. ხიდის მახლობლად დგას რიყის ქვით დუღაბზე ნაგები, შუა საუკუნეების მრგვალი კოშკი. შემორჩენილია ოთხი სართული. შესასვლელი აქვს დასავლეთიდან, მეორე სართულზე. მდ. მტკვრისა და ნეძვურას შესართავთან მთაზე დგას განვითარებული შუა საუკუნეების ციხე, რომელსაც მოსახლეობა „ციხის გვერდს“ უწოდებს. ნაგებია ფლეთილი ქვით. შემორჩენილია მისი ჩრდილო-აღმოსავლეთი მხარე. გალავანში შეიმჩნევა სხვადასხვა საცხოვრებელი და სამეურნეო შენობების ნანგრევები (მაკალათია 1957: 53, 54; ბერძენიშვილი 1985: 18-20).
     
    ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 45; ბერძენიშვილი 1985: 18-20, 41, 49, 56-58; გიულდენშტედტი 1962: 177, 217, 221; მაკალათია 1957: 53, 54; მესხია 1983: 332, 397, 425; ორბელიანი 1981: 66, 121; სამხ. საქ. ისტ. 1962: 55, 56; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 279; 1985: 353, 354; ქართულ-სპარსული ... 1955: 81; ქც 2: 240,20 ; 241,21 ; 531,4,10; ქც 4: 380,15,17,18,20 ; 422,24 ; 724,1,5 ; 725,8,11.
    Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9