უდ უზ ულ ურ უს უფ უწ უჯ
ურბ ურთ ური

ურიათუბანი


(ქც 4: 451,3). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 451,3; 601,20), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 69), XVIII ს-ის პირველი მეოთხედის კახეთის აღწერის დავთარი (ჯავახიშვილი 1967: 82, 83), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 410; 1977: 61), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი1962: 41, 43).

მდებარეობს გურჯაანის მუნიც-ში, გურჯაანიდან ჩრდილო-დასავლეთით 14 კმ-ის დაშორებით, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე, დღევანდელი სოფ. ვაზისუბნის ტერიტორიაზე. 1949 წ. სოფ. ურიათუბანს სახელი შეუცვალეს და ვაზისუბანი დაარქვეს.

1664 წ. ქართლის მეფე ვახტანგ V-ს (1658-1675) ურიათუბანთან შეებრძოლა ბატონიშვილი ერეკლე (შემდგომში ერეკლე I, 1688-1703), რომელიც დამარცხდა და თორღას ციხეს შეაფარა თავი (ქც 4: 451,3, 601,20). XVIII ს-ში ურიათუბანი შედიოდა ნინოწმინდელი ეპისკოპოსის სამწყსოში (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 410).

ურიათუბნიდან (ვაზისუბნიდან) ცნობილია გვიანი ბრინჯაოს ხანის მცირე ზომის ბრინჯაოს ნამგალი (კუფტინი 1944: 325). დაზვერვების შედეგად სოფლის სტადიონზე მიკვლეულია გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანი (ფიცხელაური, დედაბრიშვილი 1969: 18).

სოფელში დგას ღვთისმშობლის მიძინების სამნავიანი ბაზილიკა გარსშემოსავლელით (23,5X19,5 მ). თარიღდება VI ს-ის მეორე ნახევრით. ნაგებია რიყის ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. გვერდითი ნავების აღმოსავლეთ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა. ეკლესიას შესასვლელი აქვს ჩრდილოეთის, სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან (ჩუბინაშვილი 1959: 79-83).

„დავითიანთ“ უბანში, მდ. წილიანასხევის მარჯვენა ნაპირზე, დგას ორმოცმოწამეთა გუმბათიანი ეკლესია (6,5X6,5 მ). თარიღდება VII ს-ით. ეკლესია გეგმით რვაკუთხედია. ნაგებია რიყის ქვით. კუთხეები ამოყვანილია შირიმის ქვით. აფსიდა ნახევარწრიულია. გუმბათის ყელი რვაწახნაგაა (ჩუბინაშვილი 1959: 264, 265; ქუფარაშვილი 1987: 15-19).

„სანაგირეს“ სამონასტრო კომპლექსი დგას სოფლიდან 2-3 კმ-ის დაშორებით, წილიანახევის ნაპირზე, ტყეში. კომპლექსში შედის ღვთისმშობლის IX-X სს-ის სამნავიანი ბაზილიკა, რომელსაც ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მიშენებული აქვს მცირე ეკლესიები. ღვთისმშობლის ეკლესია ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. აქვს ნახევარწრიული შვერილი აფსიდა. გვერდითი ნავების აღმოსავლეთ მხარეს არის ნახევარწრიული აფსიდებით დაბოლოებული სამკვეთლო და სადიაკვნე. ეკლესიას შესასვლელი აქვს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მინაშენებიდან და დასავლეთის კედელზე მიშენებული ორსართულიანი კარიბჭიდან. ეკლესიას შემოუყვება გალავანი, რომლის გარეთ სხვადასხვა ნაგებობისა და მარნის ნანგრევებია (ჩუბინაშვილი 1959: 123-129).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 69; გიულდენშტედტი 1962: 41, 43; კუფტინი 1944: 325; ფიცხელაური, დედაბრიშვილი 1969: 18; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 410; 1977: 61; ქუფარაშვილი 1987: 15-19; ქც 4: 451,3; 601,20; ჩუბინაშვილი 1959: 79-83, 123-129, 159, 264, 265; ჯავახიშვილი 1967: 82, 83.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9