უდ უზ ულ ურ უს უფ უწ უჯ
ურბ ურთ ური

ურია


(ქც 4: 353,12). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 353,12), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 35).

ვახუშტი ბაგრატიონი ურიას შესახებ გადმოგვცემს: „ოხერ-ხიდის ჩდილოთ არს ბოდორნას ქუაბნი გამოკუეთილნი და ციხე მაგარი. ამის ჩდილოთ ურია, მოსახლენი ვაჭარნი“ (ქც 4: 353,10-12).

მდებარეობს დუშეთის მუნიც-ში, მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე, სოფ. არაგვისპირის ზემო უბანში, „ინიანთკარში“.

სოფ. არაგვისპირის ტერიტორიაზე 1973-1977 წწ. არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. რ. რამიშვილი). იქ გაითხარა გვიანანტიკური ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი. ნამოსახლარზე დაფიქსირდა 2 ფენა. ზედა ფენა ძლიერ იყო დაზიანებული მიწის სამუშაოების გამო. ქვედა ფენაში გამოვლინდა შენობათა ნაშთები, რომელთა საძირკველი ნაგებია რიყის ქვით, კედლები ალიზისაა. ორივე ფენაში აღმოჩნდა კარგად განლექილი თიხისაგან დამზადებული ჭურჭელი, ბრტყელი და ღარისებური კრამიტები. ქვედა ფენის კრამიტი უფრო დიდი ზომისაა და შეღებილია წითლად (რამიშვილი ... 1974ა: 55, 56).

ნამოსახლარის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გაითხარა სამაროვანი, სადაც აღმოჩნდა 94 სამარხი. ისინი ძირითადად ორმოსამარხები და ქვის ფილებით გადახურული ორმოსამარხებია. აქვე აღმოჩნდა 4 ქვის სამარხი და 1 ქვევრსამარხი. სამარხების უმეტესობა ინდივიდუალურია, იშვიათად – წყვილადი. მიცვალებულები დაეკრძალათ კიდურებმოხრილი ან ზურგზე გაშოტილი, თავით დასავლეთით ან სამხრეთით. რიგით სამარხებში აღმოჩნდა ჩალისფრად გამომწვარი 1 ან 2 თიხის ჭურჭელი და რამდენიმე სამკაული. იქვე გაითხარა 3 მდიდრულინვენტარიანი სამარხი (№№9, 10, 13), რომლებშიც აღმოჩნდა: ვერცხლის მოოქროული თასი, ძირზე არწივის გამოსახულებით; ვერცხლის ფიალა სამსხვერპლოსთან მდგარი ცხენის გამოსახულებით; 2 ვერცხლის სურა ნადირობის სცენების რელიეფური გამოსახულებით; ძოწით შემკული ოქროს საყურეები; გემიანი ბეჭდები; ძოწით, მარგალიტითა და მინით შემკული ოქროს ძეწკვიანი ყელსაბამი; ოქროს ბალთა და აბზინდა, შემკული ძოწითა და მინით; 3 ოქროს აურეუსი და 8 ვერცხლის მონეტა. ნამოსახლარი და სამაროვანი თარიღდება ახ. წ. III ს-ის ბოლო-IV ს-ის დასაწყისით (რამიშვილი 1982: 32-34).

სოფ. არაგვისპირის ტერიტორიაზე გაითხარა XVIII ს-ის მრგვალი კოშკის ნაშთი, რომელიც ნაგებია რიყის ქვით დუღაბზე. შემორჩენილია ორი სართული. იატაკზე აღმოჩნდა უანგობოდ მოჭიქული თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. კოშკი შიდა კარით დაკავშირებული იყო წისქვილთან.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 35; გაგოშიძე 1981: 179, 180; რამიშვილი ... 1974ა: 54-61; რამიშვილი ... 1976: 70, 79; რამიშვილი, ჯორბენაძე 1976: 30-44; რამიშვილი ... 1979: 108-120; რამიშვილი ... 1980: 169-187; რამიშვილი 1982: 25-46; ქც 4: 353,12.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9