ფანასკერთი (ქც 4: 34,6).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 34,6; 657,1; 674,23; 682,9; 683,6,10), მატიანე ქართლისა (ქც 1: 283,9,18; 306,11), სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ (ქც 1: 382,23; 383,1,9), ბასილი ეზოსმოძღვარის „ცხოვრება მეფეთ-მეფე თამარისი“ (ქც 2: 130,1), 1259 წ. კახა თორელის სიგელი (ქრონიკები 1897: 135), სამცხე-საათაბაგოს მღვდელმთავართა სია (ქრონიკები 1897: 54), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 581).
ვახუშტი ბაგრატიონი ფანასკერტის შესახებ გადმოგვცემს: „ჭოროხის აღმოსავლით, არს ციხე ფანასკერტისა, კლდესა ზედა, დიდ-შენი, მაგარი. აქ იჯდა ერისთავი ფანასკერტ-ოლთისისა და აწ არს დაბა“ (ქც 4: 683,10-12).
ლოკალიზდება ისტორიულ ამიერტაოში. მდებარეობს ფანასკერტის წყლისა და ალაბულახის წყლის შესართავში. ამჟამად მოქცეულია თურქეთის რესპუბლიკის ფარგლებში (თაყაიშვილი 1991: 273).
ბაგრატ III-მ (975-1014) ფანასკერტის ციხეში შეიპყრო კლარჯი ხელმწიფეები (ქც 1: 283,9). იმ დროიდან ფანასკერტი სამეფოს დომენია (ბერძენიშვილი დ. 1960: 99). თამარის (1184-1207) დროს მისი მფლობელი იყო ზაქარია ასპანიძე, რომელიც მეფემ შავშეთ-კლარჯეთ-ტაოს მონაპირე ერისთავად დაამტკიცა. ფანასკერტი მონაპირე საერისთავოს ცენტრი გახდა (ბერძენიშვილი დ. 1960: 100-102). ფანასკერტი შედიოდა ბანელი ეპისკოპოსის სამწყსოში (ქრონიკები 1897: 54). ოსმალთა მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ ფანასკერტი ფანაკის ლივაში შედიოდა (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 581). XVIII ს-ში ფანასკერტი დაბაა (ქც 4: 683,12).
1907 წ. ე.თაყაიშვილმა მოინახულა და აღწერა ფანასკერტი. ციხე ამ დროისათვის სრულიად განადგურებული იყო. სოფლის ერთ-ერთი სახლის კედელში ჩაყოლებულ IX-X სს-ის წარწერიან ქვაზე იკითხებოდა სუმბატ ერისთავის სახელი. სოფელში შემონახული ეკლესიებიდან ორის მხოლოდ საძირკველი იყო დარჩენილი. მესამე ეკლესიისაგან შემორჩენილი იყო დასავლეთისა და ჩრდილოეთის მხარეები და აფსიდის მცირე ნაწილი. ეკლესია მოხატული ყოფილა. აქვე იდგა ჯამედ გადაკეთებული სამაფსიდიანი სომხური ეკლესიაც (თაყაიშვილი1991:372, 373).
ფანასკერტი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
- ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი დ. 1960: 95-110; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 581; თაყაიშვილი 1991: 372, 373; ქრონიკები 1897: 54, 135; ქც 1: 283,9,18; 306,11; 382,23; 383,1,9; ქც 2:130,1; ქც 4:34,6; 657,1; 674,23; 682,9; 683,6,10.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.