ფა ფი ფო ფც
ფან ფარ

ფარცხისი

ციხე (ქც 4: 145,28).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 145,28; 151,21; 153,20; 327,4,10; 408,27; 409,1; 418,16), მატიანე ქართლისა (ქც 1: 297,14; 312,13; 317,11), „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1:318,5), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 368,25, 369,1, 379,24, 536,13), არჩილის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“ (არჩილი 1989: 415), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1925: 222, 223), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 44), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 140), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 413; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 341; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 25; 1985: 843; მასალანი საქ. სტატ. 1907: 112, 114, 116).

ვახუშტი ბაგრატიონი ფარცხისის შესახებ გადმოგვცემს: „სად ერთვის ალგეთს ხევი ესე (საღირაშენის ხევი), მუნ არს ციხე ფარცხისი – ფარი ბირთვისის ციხისა, აწ შემუსრვილი“ (ქც 4: 327,4-5).

მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, თანამედროვე სოფ. ფარცხისის ტერიტორიაზე.

XI ს-ის 30-იან წლებში ბაგრატ IV-მ (1027-1072) თბილისის ამირას წაართვა ფარცხისის ციხე (ქც 1: 297,14). 1074 წ. გიორგი II-მ (1072-1089) ფარცხისთან დაამარცხა განძის ამირა სარანგი (ქც 1: 317,7-12). 1569 წ. ფარცხისთან ყიზილბაშების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში ქართლის მეფე სიმონ I (1556-1600) ტყვედ ჩავარდა (ქც 2: 369,1-6). XVI ს-ში ფარცხისს ბარათაშვილები ფლობენ (ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 843). XVIII ს-ში ფარცხისის ციხე უკვე დანგრეული იყო (ქც 4: 327,4-5).

1948 წ. ისტორიის ინსტიტუტის ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ.ბერძენიშვილი) დაზვერვები და მცირე მასშტაბის გათხრები ჩაატარა სოფ. ფარცხისსა და ფარცხისის ციხის მიდამოებში. ექსპედიციის წევრებმა გ. ლომთათიძემ და ი.გძელიშვილმა სოფ. ფარცხისის დასავლეთით, 0,5 კმ-ის დაშორებით, ადგილ „ფორქალისებში,“ სადაც ფარცხისელები სხვადასხვა საჭიროებისათვის თიხას იღებდნენ, დარღვეული ფენიდან გამოკრიბეს კერამიკის ნატეხები, ცხოველთა ძვლები და ობსიდიანის დიდრონი ნატეხები. „ფორქალისების“ არქეოლოგიური მასალა თარიღდება ადრებრინჯაოს ხანით. გორა, რომელზეც ფარცხისის ციხეა აღმართული, თავისი მოყვანილობითა და ზედაპირზე მიმობნეული არქაული კერამიკის ნატეხებით წააგავს ე. წ. ნაცარგორათა ტიპის ძველ ნამოსახლარ ბორცვს. ჩანს, ციხე აღუმართავთ ძველ გორანამოსახლარზე (ლომთათიძე 1989: 28).

1982 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ალგეთის ხეობის ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. თუშიშვილი) ფარცხისის ციხის ტერიტორიაზე შეაგროვა ზედაპირული მასალა, რომლის ერთი ნაწილი ანტიკურ ხანას, მეორე ნაწილი კი ადრე შუა საუკუნეებს უნდა მიეკუთვნებოდეს (თუშიშვილი, ამირანაშვილი 1985: 28).

სოფელში, მდ. ალგეთის მარცხენა ნაპირზე, გორაკზე დგას ციხე. ის გეგმით წაგრძელებული და ბოლოებმომრგვალებული ნაგებობაა, რომლის შუაში ციტადელი იყო. შესასვლელი აქვს ჩრდილოეთიდან. ციტადელის დასავლეთ მონაკვეთში სამსართულიანი კოშკი იდგა. კედლები ნაგებია რიყის ქვით. თაღოვან ჭიშკართან გამოყენებულია აგურებიც. ზოგან გამოყენებულია თლილი ქვაც. ციტადელის დასავლეთი მონაკვეთი შემოზღუდულია ორმაგი კედლით. ჭიშკრის აღმოსავლეთით პატარა სათავსია, საიდანაც იწყება გვირაბი, რომელიც მდ. ფარცხისისწყალთან ჩადიოდა. ციხე წყაროებში პირველად XI ს-ში იხსენიება, მაგრამ ის გაცილებით ადრე ჩანს აგებული (ზაქარაია 1970: 44, 45; ციციშვილი 1979ბ: 8).

ადგილ „ფორქალისებში“ დგას გოშტაშაბიშვილების სასახლე საბრძოლო კოშკებით. სასახლის სამხრეთით შეინიშნება სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები. ეზოში ორი ეკლესიაა. ერთი ბაზალტის ქვებით ნაგები მცირე ზომის XVII ს-ის მეორე ნახევრის დარბაზული ეკლესიაა. მეორე სრულიად დანგრეულია. მისი კედლების ნანგრევებში შეინიშნება რელიეფური ჯვრები. ის პირველ ეკლესიაზე ადრეული უნდა იყოს (ციციშვილი 1979: 8).

სოფლიდან ჩრდილო-დასავლეთით, 1 კმ-ის დაშორებით, ბორცვზე დგას კოჯორების X ს-ის დარბაზული ეკლესია, ნაგები ბაზალტის ქვებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ეკლესიის კედლებში ჩატანებულია VI-VII სს-ის სტელები. ეკლესია მოხატული ყოფილა. კამარისა და კონქის ისრული ფორმის მიხედვით ეკლესია მოგვიანებით ჩანს შეკეთებული (ბერძენიშვილი 1976: 109, 110; ციციშვილი 1979: 7).
 
ბიბლიოგრაფია: არჩილი 1089: 415; ბერძენიშვილი 1976: 112; 1979: 44, 66, 67, 73, 92, 93; ბოჭოიძე 1994: 60; გორგიჯანიძე 1925: 222, 223; ზაქარაია 1970: 44-51; თუშიშვილი, ამირანაშვილი 1985: 28; ლომთათიძე 1989: 28; ლორთქიფანიძე 1935: 353; მასალანი საქ. სტატ. 1907: 122, 114, 116; ორბელიანი 1981: 140; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 341; ქრონიკები 1897: 413; ქართ. სამართ. ძეგ. 1981: 25; 1985: 843; ქც 1: 297,14; 312,13; 317,11; 318,5; ქც 2: 368,25; 369,1; 379,24; 514,6; 536,13; ქც 4: 145,28; 151,21; 153,20; 327,4,10; 408,27; 409,1; 418,16; ციციშვილი 1979ბ: 5-9; ცხოვრება ... 1980: 44; ხარაძე 1991: 88.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9