ფა ფი ფო ფც
ფოთ ფოკ ფონ ფორ

ფოთი

ქალაქი, ნავსაყუდელი, ციხე (ქც 4: 747,10; 777,24; 789,23; 790,10; 814,20; 883,20).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 747,10; 777,24; 789,23; 790,10; 814,20; 883,20), 1071 წ. დაწერილი ნიკოლაოს წმიდის წინამძღვრისა (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 15; ქრონიკები 1897: 45), ათონის ივერიის მონასტრის 1074 წ. ხელნაწერი აღაპები (ათონის ივერიის ... 1901: 319), დიდი სჯულის კანონი (დიდი სჯულის კანონი 1975: 407), 1628 წ. ბიჭვინტისათვის შეწირულობის საბუთი (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 210), 1712 წ. ისტორიული ცნობა (ქრონიკები 1967: 105), ე. წ. ფურცელაანთეული ქრონიკა (ქრონიკები 1967: 629), 1737 წ. ლიხთ-იმერეთის რუკა (ბურჯანაძე 1959: 188, 195), ტიმოთე გაბაშვილის „მიმოსვლა“ (გაბაშვილი 1956: 54), თეიმურაზ ბაგრატიონის ახალი ისტორია (ბაგრატიონი 1983: 54, 74), ციციანოვის 1803 წ. წერილი (საქ. სახ. მუზ. ისტ. დოკ. 1953: 30), 1811 წ. დოკუმენტი (საქ. სახ. მუზ. ისტ. დოკ. 1953:132, 139, 144), ნიკო დადიანის, „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 153, 174, 179, 199, 200, 201), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 64, 86, 103, 104), ქათიბ ჩელების „ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“ (ჩელები 1978: 134), ჟაკ ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 71, 82, 104, 105, 135, 139). ქ. ქუთაისის მიტროპოლიტ მაქსიმეს 1769 წ. ჩანაწერები (სიგელები 1898: 3), კაპიტან იაზიკოვის 1770 წ. ჩანაწერები (სიგელები 1891: 261), კ.ბოროზდინის „სამეგრელო“ (ბოროზდინი 1934: 308), კ.კოხისა და ო.სპენსერის „ცნობები საქართველოსა და კავკასიის შესახებ“ (კოხი, სპენსერი 1981: 139, 165, 168-173), ალ. დიუმას „კავკასია“ (დიუმა 1964: 445-449), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 371), კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტები (აქტები 1866-1904: 510-512).

მდებარეობს მდ. რიონის შესართავთან (დელტაში), შავი ზღვის ნაპირზე, ტბა პალიასტომის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, დღევანდელი ქ. ფოთის ადგილზე.

ვახუშტი ბაგრატიონი ფოთის შესახებ გადმოგვცემს: „... სადაცა ერთვის რიონი ზღვას, აქა არს ფოთი“ (ქც 4: 777,24). „ხოლო რიონის თუალზედ სამხრეთის კიდესა ზედა, არს ფოთის ციხე ... ნავსადგურობისათვის“ (ქც 4: 789,23). „კუალად ფოთის სამხრეთით, ზღვის კიდეზე, არს ტბა პალიასტომისა დიდი. ამ ტბიდამ შესდის ზღუას მდინარე ამისივე. აქიდამ შემოვლენან ნავნი და დგებიან ტბასა შინა განსუენებისათვის“. „ამას იტყვიან ნაქალაქევს და შემდგომად მოცულსა წყლისაგან. კუალად ამ ტბისა და ჯუმათის მთის სამხრით დის მდინარე სუფსეი...“ (ქც 4: 790,10).

დღევანდელ ფოთთან და მის შემოგარენში ლოკალიზდება ანტიკურ წერილობით წყაროებში მოხსენიებული ძვ. წ. VI ს-ის ქალაქი ფასისი-ფაზისი (გამყრელიძე 2003: 170-189). ბერძნული წერილობითი წყაროების ტოპონიმ ფასისს ქართველური ენების საფუძველზე მიღებულ ფოთის სახელწოდებად მიიჩნევენ – ფოთ-ფათ-ფას (მელიქიშვილი 1965: 50-59; გორდეზიანი 1971: 181-185; ფოგტი 1964: 96). ამ მოსაზრებას გარკვეულწილად ზურგს უმაგრებს ფოთის ტერიტორიაზე ტბა პალიასტომში აღმოჩენილი გრაფიტო (ფი, ომეგა – Φω), რომელიც რქეოლოგიური კვლევის შედეგად გამოვლენილ VI ს-ის ამფორაზე დადასტურდა და იშიფრება – „ფასისში ვიყიდე“ (გამყრელიძე 2011: 283; გამყრელიძე 1987: 115).

ქ. ფასისი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: პინდარე (ძვ. წ. V ს.), II პითიური, IV, 210 (ურუშაძე 1964: 213), ფსევდო-სკილაქსი (ძვ. წ. IV ს.), აზია, 81 (ყაუხჩიშვილი 1967: 48), არისტოტელე (ძვ. წ. IV ს.). ფრაგმენტები 46 (ყაუხჩიშვილი 1969: 73), პლატონი (ძვ. წ. 427-347), „ფედონი“ 109 (ბ) (პლატონი 1970: 109), ფსევდო-ჰერაკლიტე (ძვ. წ. IV ს.) „ფასისელთა პილიტია“ XVIII (ყაუხჩიშვილი 1969ა: 195), ჰიპოკრატე (ძვ. წ. IV ს.) „ჰაერთა, წყალთა და ადამიანთა შესახებ, 15 (ყაუხჩიშვილი 1965: 45), თეოკრიტე (ძვ. წ. IV ს.) „იდილია“ სქოლიოები, XIII, 24 (ურუშაძე 1964: 316), სტრაბონი (ძვ. წ. I ს.), „გეოგრაფია“, XI, 2 თ., 16, 17; 3 თ., 4 (ყაუხჩიშვილი 1957: 122, 123, 128), ფსევდო-პლუტარქე, „მდინარეებისა და მთების სახელების შესახებ ...“, ფასისი, V, 1 (ლატიშევი 1948: 223), პლინიუსი გაიუს სეკუნდუსი (უფროსი) (I ს.) „ნატურალური ისტორია“, VI, 1, 13, 52, (პლინიუსი 1904ა: 178, 179, 185), პომპონიუს მელა (I ს.), „ქვეყნიერების აღწერილობა“ I, 108 (პომპონიუს მელა 1965: 29), ფლავიუს არიანე (II ს.) „მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო“, 9,10 (არიანე 1961: 40), კლავდიოს პტოლემაიოსი (II ს.), „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“ V, 9 თ., 2 (პტოლემაიოსი 1955: 45), ფსევდო-ორფევსი (III ს.) „არგონავტიკა“ გვ. 3 (მელაშვილი 1977: 89), კასტორიუსი (IV ს.) ე. წ. ტაბულა პევტინგერისა, X-XI (ლომოური 1958: 109, ტაბ. 2), ამიანე მარცელინუსი (IV ს.), „ისტორია“ XXII, 8 თ., 24 (ამიანე მარცელინე 1961: 112); ანონიმი ავტორი (V ს.) „ევქსინის პონტოს პერიპლუსი ...“ 44 (3), (ლატიშევი 1949: 229), ზოსიმე (VI ს.) „ახალი ისტორია“ I, 32 (ზოსიმე 1961: 268), სტეფანე ბიზანტიელი (VI ს.) „ეთნიკა“, ფასისი (სტეფანე ბიზანტიელი 1936: 286), აგათია (VI ს.) „იუსტინიანეს მეფობის შესახებ“, III, 19, 20, 21; IV, 23 (აგათია სქოლასტიკოსი 1936: 97, 98, 102, 179), მენანდრე (VI ს.), „ისტორია“ ფრაგმენტი 3 (მენანდრე პროტიქტორი 1936: 209), ეპიფანე კონსტანტინეპოლელი (VIII ს.) „ანდრიას ცხოვრება“ თავი – „სვანეთი, ფუსტა, აბაზგია, ჯიქეთი“ (ეპიფანე კონსტანტინეპოლელი 1941: 58), თეოფანე ქრონოგრაფი (IX ს.) „ქრონოგრაფია...“, ფასისის ეპისკოპოსი კვიროსის შესახებ (ყაუხჩიშვილი 1941ა: 101), გიორგი კედრენე (XI ს.) „ისტორიული მიმოხილვა...“ ფასისი ეპისკოპოსი კვიროსის შესახებ (კედრენე 1963: 28), ბასილი სოფენელი (XI ს.) „უწმინდესი პატრიარქების ნუსხა“ (ყაუხჩიშვილი 1952: 128, 130, 139), ნიკეტა ხონიატი (XII ს.) „ქრონიკა...“, ფასისი სანავსადგურო ქალაქი (ნიკეტა ხონიატი 1966: 132), ამბროზიო კონტარინი (XV ს.) „მოგზაურობა კავკასიაში...“ (კონტარინი 1894: 49, 50), არქანჯელო ლამბერტის (XVII ს.) „სამეგრელოს აღწერა“ (ლამბერტი 1938: 172), ჟან შარდენი (XVII ს.), „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 108, 258), ფერდერიკ დიუბუა დე მონპერე (1798-1850 წწ.) „მოგზაურობა კავკასიაში...“ (დიუბუა დე მონპერე 1839-1843: 63; 1937: 11, 145, 148).

ფასისის შესახებ უძველესი წერილობითი ცნობა შემონახულია ძვ. წ. IV ს-ის ავტორის ფსევდო-სკილაქს კარიანდელის პერიპლუსში – „აზია“, 81. უმნიშვნელოვანესი ცნობა ქ. ფასისის ადგილმდებარეობის შესახებ დაცულია ძვ. წ. I და ახ. წ. I სს-ის მიჯნის ავტორის სტრაბონის „გეოგრაფიაში“: „ფასისზე მდებარეობს მისი მოსახელე ქალაქი, კოლხთა სავაჭრო ადგილი, გარშემორტყმული მდინარით (რიონი), ტბითა (პალიასტომი) და ზღვით“. (სტრაბონი, XI, 2 თ., 17). აღწერილობა ზედმიწევნით ესადაგება დღევანდელი ქ. ფოთის მდებარეობას. საყურადღებოა აგრეთვე ქ. ფასისის თვითმხილველის, II ს-ის ავტორის, ფლავიუს არიანეს საინსპექციო აღწერაში „პერიპლუსი შავი ზღვის გარშემო“ ცნობა: „ფასისში რომ შედიხარ, მარცხნივ აღმართულია ქალღმერთ ფასიანეს ქანდაკება...“ „თვით ციხესიმაგრე, რომელშიც თავსდება ოთხასი რჩეული მეომარი, მე მეჩვენა მეტად მიუდგომლად ადგილის ბუნების მიხედვით, უშიშროების თვალსაზრისით მეტად მოხერხებულ ადგილზე მოთავსებულად აქ მომსვლელთათვის. ორმაგი თხრილი ერტყმის კედელს, ორივე ფართოა, წინათ კედელი თიხისა იყო და ხის კოშკები იდგა მასზე, მაგრამ ახლა კედელი და კოშკები გამომწვარი აგურისგანაა გაკეთებული. საძირკველი მისი მყარია, ზედ სამხედრო მანქანებია დადგმული. ერთი სიტყვით, ყოველმხრივ იმდაგვარადაა მოწყობილი, რომ ვერავინ მიუახლოვდეს და რომ ალყის საფრთხე არ მოელოდეს ციხის დამცველთ. ხოლო, რადგან ნავსადგური უშიშარი თავშესაფარი უნდა ყოფილიყო ხომალდთათვის, აგრეთვე ციხის გარშემო მდებარე სხვა ადგილებიც, რომლებიც დასახლებულია სამსახურიდან გადამდგარი სამხედრო პირებით და ვაჭრებით“ (არიანე „პერიპლუსი“, 9).

ქ. ფასისიდანაა გატანილი ყუბანში ე. წ. ზუბოვის ყორღანში აღმოჩენილი ძვ. წ. V ს-ით დათარიღებული ვერცხლის ფიალა, რომელზეც ბერძნულის იონიურ დიალექტზე შესრულებული წარწერაა. მასში ნახსენებია ქ. ფასისში მდებარე აპოლონის ტაძარი, რომელსაც ეკუთვნოდა ეს ფიალა (ყაუხჩიშვილი 1976: 235-237). ფასისი ძველთაგანვე ქართველური მოსახლეობით დასახლებულ მიწაწყალზეა დაფუძნებული იონიიდან გამოსული მილეთელების მიერ ძვ. წ. VI-V სს-ში ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონტაქტოდ, სავაჭრო ცენტრად, კოლონია-ემპორიონად (ლორთქიფანიძე 1979: 187-256; 1997: 15-34). ფსევდო-ჰერაკლიდეს ცნობის მიხედვით (ყაუხჩიშვილი 1969ა: 189, 190), დაახლოებით ძვ. წ. III ს-დან ფასისი პოლისური ტიპის სტრუქტურულად შერეულ ქალაქად გარდაიქმნა (გამყრელიძე 1993: 47, 48, 57, 58).

მიუხედავად იმისა, რომ ძველი ფასისის ადგილმდებარეობა ანტიკური წერილობითი წყაროების მიხედვით ზოგადად განსაზღვრულია, დღეისათვის მეცნიერების წინაშე ისევ დგას მისი ზუსტი ლოკალიზების პრობლემა, რადგან ქალაქი არქეოლოგიურად არ არის დადასტურებული. ფასისის ლოკალიზება-ტოპოგრაფიის შესახებ გამოთქმულია შემდეგი მოსაზრებები: ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე თვლის, რომ რომაული ხანის ფასისი მდებარეობდა სოფ. ჭალადიდსა და ფოთს შორის. ხსენებულ მონაკვეთზე, ფოთის აღმოსავლეთით (დღევანდელი აეროდრომის ტერიტორიაზე) მან აღმოაჩინა ნაციხარის ნაშთები, რომელიც არიანესეულ ფასისად მიიჩნია (დიუბუა დე მონპერე 1839: 63-80); თ. ბრუნის აზრით, ფასისი პალიასტომის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში მდებარეობდა (ბრუნი 1880: 250); ნ. შაფრანოვის მოსაზრებით, ფასისი პალიასტომის ტბის სამხრეთ ნაპირზე, მდ. სუფსის შესართავთან იყო განლაგებული (შაფრანოვი 1880: 3). ლ. ელინიცკის აზრით, ფასისი უნდა მდებარეობდეს მდ. რიონის შესართავის მარცხენა ნაპირზე, დაახლ. იქ, სადაც დღეს საზღვაო პორტი მდებარეობს (ელინიცკი 1938: 307-320); მ. ბერძნიშვილის მოსაზრებით, ფასისი მდებარეობდა მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე პატარა ფოთთან, ხოლო არიანეს დროინდელი კი იქ, სადაც დიუბუა დე მონპერე მიუთითებდა (ბერძნიშვილი 1942: 19, 20); ბ. კუფტინის აზრით, არიანეს დროინდელი ფასისი მდებარეობდა პალიასტომის ტბის შენაკადის მდ. ფიჩორის ნაპირებზე (კუფტინი 1950: 116); ნ. ხოშტარია თვლიდა, რომ ძველი და რომაულ-ბიზანტიური ხანის ფასისი დღევანდელი ქ. ფოთის ადგილზე მდებარეობდა (ხოშტარია 1953: 33); ნ. ლომოური იზიარებს დიუბუა დე მონპერეს მოსაზრებას, ოღონდ თვლის, რომ ის აგათიას (ახ. წ. VI ს.) დროინდელი ნაქალაქარია (პტოლემაიოსი 1955: 96-110; ლომოური 1957: 96-99); გ. გრიგოლია ფიქრობს, რომ ფასისი საძებნელია პალიასტომის აღმოსავლეთ მხარეს, სადაც მდ. ფიჩორი ერთვის ტბას (გრიგოლია 1973: 54); ჭ. ჯანელიძის აზრით, ქ. ფასისი მდ. რიონის ხეობის გასწვრივ, ზღვიდან 6 კმ-ზე, პატარა ფოთისა და სოფ. ჭალადიდის ირგვლივ ტერიტორიაზე უნდა ვეძებოთ (ჯანელიძე 1973: 5-16); ოთ.ლორთქიფანიძე და თ. მიქელაძე წერილობითი და არქეოლოგიური მონაცემების შეჯერების შედეგად მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ „ფასისის სახელით ცნობილი სხვადასხვა ეპოქის ქალაქები უნდა ვიკვლიოთ იმ არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის გზით, რომლებიც განლაგებულია მდ. რიონის შესართავის აუზში, ქვემო-ჭალადიდის და ზღვის სანაპიროზე გრიგოლეთ-ყულევს შორის მოქცეულ ტერიტორიაზე“ (ლორთქიფანიძე, მიქელაძე 19673: 33); გ.გამყრელიძის მოსაზრებით III-VII სს-ში ფასისია ე. წ. „ნატეხების“ ნამოსახლარი, რომელიც აღმოჩნდა ქ. ფოთის სამხრეთ ნაწილში, პალიასტომის ტბის დასავლეთ მონაკვეთში, მალთაყვის ზღვასთან შეერთების ადგილიდან 1,5 კმ-ზე, ტბაში. ის თვლის, რომ ლოკალური გეომორფოლოგიური ცვლილებების გამო, მდ. რიონის, ფიჩორისა და სუფსას შორის მდებარე მონაკვეთში ფასისის ნაწილი ხშირად ხვდებოდა წყალში (ან ტორფიან ჭაობში). ამიტომ, ქალაქი მოცემული მონაკვეთის ფარგლებში, სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ადგილზე ინაცვლებდა (გამყრელიძე 1987: 97-117; 1987: 215-219; 1990: 223-226; 1992: 42, 43; 1992ა: 101-109; 2003: 170-189; 2009: 175-194).

ქ. ფასისი, შემდგომში ფოთი, ევროპა-აზიის საზღვაო-სამდინარო-სახმელეთო სატრანზიტო მაგისტრალის მთავარი პუნქტი იყო (ლორთქიფანიძე 1957ა: 377-384). ძირითადად ქ. ფასისის საშუალებით უცხოეთში გადიოდა ოქრო, რკინა, საამშენებლო ხე, სელი, სელის ზეთი, თაფლი, ღვინო და სხვ. ფასისის სახელით არის ევროპულ ენებში ცნობილი „ფასისური ხოხობი“ (ფაზანი), რომელიც აგრეთვე დიდი რაოდენობით გაჰყავდათ ქალაქის სანახებიდან. ელინისტურ და რომაულ ხანაში კიდევ უფრო გაიზარდა ფასისის, როგორც სატრანზიტო-სავაჭრო ქალაქის მნიშვნელობა. ძვ. წ. 66 წ. ფასისთან შეხვდნენ ერთმანეთს იბერიიდან გადმოსული პომპეუსი და რომაელების სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელი სერვილიუსი, რომლის ფლოტიც ზღვიდან კეტავდა და აკონტროლებდა ქალაქს. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში რომაელების გავლენის გაძლიერების შემდეგ ფასისში ჩადგა რომაული სამხედრო გარნიზონი. სწორედ ამ გარნიზონის სამხედრო-საფორტიფიკაციო მზადყოფნას ფასისში აღწერდა 134 წ. იმპერატორ ადრიანეს ინსპექტორი ფლავიუს არიანე (იხ. ზემოთ). ამ მხრივ საყურადღებოა სოფ. ციხისძირში აღმოჩენილი ლათინურ დამღიანი თიხის ფილა, რომელიც ფასისში განლაგებული სამხედრო ნაწილის სახელოსნოში დამზადებული უნდა იყოს (შპაიდელი 1985: 134-140). ციხესიმაგრე ფასისი იმპერატორ კონსტანტინე I-ის ადმინისტრაციული მოღვაწეობისას იხსენიება. IV ს-ში ფასისში უმაღლესი რიტორიკული სკოლა არსებობდა. IV ს-თვის ფასისი ლაზიკის (ახალი კოლხური სამეფოს) შემადგენლობაში შედიოდა. 542-562 წწ. ბიზანტია-ირანის ომის დროს ერთ-ერთი გადამწყვეტი ბრძოლა მოხდა ფასისთან, რომელშიაც ბიზანტია-ლაზიკის გაერთიანებულმა ჯარმა დაამარცხა ირანელები. VI-VIII სს-ში ფასისში იყო კონსტანტინეპოლზე დაქვემდებარებული საეპისკოპოსო. ფასისელ ეპისკოპოს თეოდორეს ხელმოწერა შემორჩენილია 553 წ. მსოფლიო საეკლესიო კრების გადაწყვეტილებაზე. ერთ-ერთი ფასისელი ეპისკოპოსი კვიროსი დაწინაურებულ იქნა ალექსანდრიის პატრიარქად. შემდგომში ფასისში რეზიდენცია ჰქონდა ლაზიკის მიტროპოლიტს, რომელსაც სამი საეპისკოპოსო ექვემდებარებოდა. X ს-დან ფასისის მიტროპოლიტი საქართველოს ავტოკეფალური ეკლესიის მცხეთის კათოლიკოსს დაექვემდებარა. XIV-XV სს-ში ფასისში მდებარეობდა გენუის სავაჭრო ფაქტორია. 1578 წ. ფოთი დაიპყრეს ოსმალებმა და თავიანთ ერთ-ერთ სამხედრო ფორპოსტად აქციეს. 1640 წ. დასავლეთ საქართველოს სათავადოების გაერთიანებულმა სამხედრო რაზმებმა დაიბრუნეს ქ. ფოთი. 1723 წ. ქალაქი ისევ დაიპყრეს ოსმალებმა. 1809 წ. თავად ნ.დადიანის ხელმძღვანელობით ფოთი ისევ დაიბრუნეს ქართველებმა. 1828 წ. ფოთი გადავიდა რუსების ხელში და დაექვემდებარა ქუთაისის საგუბერნატოროს. 1872 წ. ფოთში გაიყვანეს რკინიგზა. 1878 წ. რუსეთ-თურქეთის ომის დროს ქალაქი კიდევ ერთხელ დაინგრა. 1894 წ. ფოთის მერად აირჩიეს ცნობილი საზოგადო მოღვაწე ნ. ნიკოლაძე. მისი პროექტით დაიგეგმა დღევანდელი ფოთი; აიგო სამოქალაქო და სახელმწიფო შენობები, ხიდები, სასტუმროები, საავადმყოფოები, ეკლესია; მოხდა საზღვაო პორტის რეკონტრუქცია-გაფართოება. ფოთი იქცა შავი ზღვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სატრანზიტო ნავსადგურად.

ფოთი-ფასისისა და მისი მიდამოების არქეოლოგიურ კვლევას კარგა ხნის ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1834 წ. ფრედერიკ დიუბუა დე მონპერემ ფოთის აღმოსავლეთით (დღევანდელი აეროდრომის ტერიტორიაზე), ადგილ „ნაჯიხურთან“, ციხესიმაგრის ნაშთები აღმოაჩინა, რომელიც არიანეს დროინდელ ფასისად მიიჩნია. მან ამ ციხის ნახაზიც დაგვიტოვა (დიუბუა დე მონპერე 1939: 63-80). 1953 წ. ნ.ხოშტარიამ მცირე არქეოლოგიური დაზვერვები ჩაატარა ქ. ფოთის მიდამოებში (ხოშტარია 1953: 30-33). 1961-1965 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ფოთის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. თ. მიქელაძე, ოთ.ლორთქიფანიძე) იკვლევდა ქ. ფოთის შემოგარენს; არქეოლოგიურთან ერთად ჩატარდა გეოლოგიური ბურღვებიც. 1969 წ. ამავე ინსტიტუტის დასავლეთ საქართველოს საძიებო-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დაზვერვები აწარმოა ადგილ ნაჯიხურის ახლოს (ხელმძღ. გ. გრიგოლია). 1971 წ-დან ფასისის არქეოლოგიის საკითხებს იკვლევს ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კოლხეთის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. თ. მიქელაძე), რომელიც 1977 წ-დან არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ეგიდით მუშაობს. 1985 წ-დან ფოთში კვლევა-ძიებას აწარმოებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის შავიზღვისპირეთის ჰიდროარქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. გ. გამყრელიძე), რომელმაც ტბა პალიასტომში III-VII სს-ის ნამოსახლარის ნაშთებს მიაკვლია.

დღევანდელი ფოთის ტერიტორიაზე ყველაზე ძველი არქეოლოგიური მონაცემი ადგილ „ნატეხებთან“ პალიასტომის ტბის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში თიხა-ტორფიან ფენებში დადასტურდა. აქ აღმოჩნდა ძვ. წ. IV ს-ის შავლაკიანი ჭურჭლის პროფილირებული ქუსლი და ძვ. წ. III ს-ის როდოსული ამფორის ძირი (გამყრელიძე 1992: 35, სურ. 5, 6). ქ. ფოთის მიდამოებში (ზუსტი ტოპოგრაფია უცნობია) აღმოჩნდა ძვ. წ. V ს-ის კოლხური თეთრის 2 დიდრაქმა (II ტიპის) და რამდენიმე სხვა უფრო მცირე ნომინალი (ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (პახომოვი 1926: 37; დუნდუა 1987: 14, 15). ქ. ფოთში კი პირველი მაისის და კავკასიის ქუჩების გადაკვეთაზე გეოლოგიური ბურღვის შედეგად 6 მ-მდე სიღრმეზე აღმოჩნდა სინოპურის მსგავსი ძვ. წ. II-I სს-ის კერამიკის ნაშთები (მიქელაძე 1978: 18, 19). ფოთის შემოგარენში ყველაზე ადრეული სამოსახლოს კვალი აღმოჩნდა სოფ. ქვემო ჭალადიდში, მდ. რიონის მარჯვენა მხარეს (1,5 კმ-ზე ჩრდილოეთით), სოფლის საბავშვო ბაღთან, ფოთისაკენ მიმავალი გზის მარცხენა მხარეს, ადგილ ზურგაზე. ბორცვის ფართობია დაახლ. 1800 კვმ; სიმაღლე ზღვის დონიდან – 5,04 მ. ბორცვზე, ზემოდან ქვევით აღმოჩნდა შემდეგი ფენები: I – მოყვითალო ქვიშანარევი თიხნარი; II – მოყვითალო თიხნარი; III – დამწვარი შიგადაშიგ მოშავო ბათქაშებიანი და ძელებიანი მოყვითალო ნიადაგი. დამწვარი ძელების თარიღი რადიოკარბონული ჩ14-ის მეთოდით არის განსაზღვრული (ანალიზი ჩაატარა თბილისის სახ. უნივერსიტეტის ლაბორატორიამ; ხელმძღ. ა. ბურჭულაძე). ბორცვის შუა და ქვედა ფენა განისაზღვრა გვიანბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპით (მიქელაძე 1978: 40). ეს ფენები ძირითადად წარმოდგენილია კერამიკით: ქოთნები, ტოლჩები, თასები. ისინი შემკულია შვერილებიანი ყურებით, რომლებიც განივ ჭრილში ოვალურია; თუმცა არის ოთხკუთხა განივ ჭრილიანი ყურებიც. კერამიკა ძირითადად მოშავოდ და მოწითალოდ არის გამომწვარი. უმეტესად აღმოჩნდა საშუალო და მცირე ზომის ჭურჭლის ფრაგმენტები. ისინი შემკულია ღაროვანი და ჭდეებიანი, წიწვისებური, შევრონებიანი, ირიბჭდეებიანი და ტალღოვანი ორნამენტით. ამ ფენაშივე დადასტურდა შავპრიალა, ზოლებიანი და რომბისებურორნამენტიანი კერამიკაც. აქვე აღმოჩნდა ქვის ყალიბი, ოვალური ფორმის ქვის ხელსაფქვავი, კონუსისებრი კვირისტავი, ნამგლის კაჟის ჩასართავები. ზურგას ზედა ფენა ქვედა ფენებთან შედარებით არქეოლოგიური მასალის მხრივ უფრო მწირია. ამ ფენაში შეიმჩნევა ქვედა ფენების ტრადიციის გაგრძელება (მიქელაძე 1978: 32).

სოფ. ქვემო ჭალადიდის საბაჟოს უბანზე, ზურგას გარდა, სადაზვერვო თხრილები გავლებულ იქნა მოსახლეების ა. ბერიძისა და ნ. კორტის კარმიდამოებში. პირველი ზურგას სამხრეთითაა, მეორე – სახრეთ-აღმოსავლეთით 200 მ-ზეა დაცილებული. ნამოსახლარების კვალი დადასტურდა მოყვითალო ფერის თიხა-მიწის ფენაში. მის ქვემოთაც მონაცრისფრო წმინდა თიხა-სილის ფენაა, ხოლო ქვემოთ ტორფიანი ნიადაგია. განათხარში აღმოჩნდა დამწვარი ძელების და ბათქაშების ნატეხები. კერამიკიდან დადასტურდა სუფრის და სამზარეულო ჭურჭელი. კერამიკა გამოწვით და ორნამენტით ზურგას ნამოსახლარის მაგვარია. აღმოჩნდა მეტალურგიული ქურის საბერველი მილი და კოლხური მინიატურული ცულის დასამზადებელი ყალიბი (მიქელაძე 1978: 33-37).

მეორე სამოსახლო, რომელიც უნდა მივიჩნიოთ ძველი ქ. ფასისის (ძვ. წ. VI-V სს) სასოფლო გარემოცვად, აღმოჩნდა სოფ. საქორქიოს აღმოსავლეთ ნაწილში სიმაგრეს სახელწოდებით ცნობილ უბანში, ფ.ფაციას საკარმიდამოსთან, მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე, 200-ოდე მ-ზე, ზღვიდან დაახლოებით 13 კმ-ზე. სიმაგრეს ბორცვის სიმაღლე 1,25 მ-ია, ხოლო ფართობი რომელიც ნახევარსფეროს მოყვანილობისაა დაახლოებით 3225 კვმ-ს მოიცავს. აქედან არქეოლოგიურად შესწავლილია 255 კვმ. ფართობი. ბორცვი ძირითადად შედგება მოყვითალო ფერის თიხნარისაგან; ჭრილი 1,50 მ-მდეა. მის ქვეშ მონაცრისფრო, კულტურული მონაცემებით სტერილური (30 სმ-მდე) ფენაა, ხოლო სულ ქვემოთ მოშავო ფენაა (60 სმ-მდე), რომელშიც აღმოჩნდა გეგმარების მქონე ხის ნაგებობები. აქ შეიმჩნევა რამდენიმე სამშენებლო დონე. ბორცვ-სიმაგრის არქეოლოგიური მასალა ძვ. წ. VI-V სს-ით თარიღდება.

სიმაგრის ბორცვის ნაგებობები ოთხკუთხა ფორმისაა და ძელების წყობითაა ჯარგვალურად ნაგები. დადასტურებულია წნული ღობეების ნაშთები. აღმოჩნდა ნაგებობების იატაკები, რომელიც შესრულებულია თიხატკეპნილი მიწით და ზედ ფიცარნაგით ან ლასტისნაირი წნულით. ერთ-ერთი ნაგებობის ნაშთები 112 კვმ-ს უდრის. ნაგებობაში არის ტიხრები; დადასტურდა აგრეთვე ბოძების ნაშთები. ნაგებობის კედლების ძელები ძირითადად ერთმანეთში ჩაჭდომის წესით არის ნაგები. აღმოჩნდა ასეთი კედლის ძელების ექვსი რიგი.

სიმაგრის ნამოსახლარებზე აღმოჩნდა ძვ. წ. VI-V სს-ის მრავალფეროვანი კერამიკა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი დიდად სჭარბობს უცხოურ არქეოლოგიურ მასალას. აღმოჩენილი ადგილობრივი, კოლხური კერამიკა ყველა ფენაში ტოპოლოგიურად ერთნაირია. კერამიკა ტიპიურია VI-V სს-ის კოლხეთისათვის და ცნობილია ე. წ. კოლხური კერამიკის სახელით. აღმოჩნდა – სამეურნეო: ქვევრები, დერგები; სამზარეულო: ქოთნები, ქოთნის სარქველები, სასმისები, ყურმილიანი ხელადები, კოჭბები, ლანგრები, ჯამები, ჭრაქები. დადასტურდა – კონუსური ფორმის კვირისტავები; ბრინჯაოს დანა; რიკინის ყუნწიანი და მასრიანი შუბისპირები; რკინის თოხი; რკინის დანები; ანკესები; რკინის ლაგამი; ვერცხლის რგოლი; წაგრძელებული ფორმის ქვის ხელსაფქვავები; კაჟის ხელშუბისპირი; ძვლის მახათი; ხის ციცხვები; ხის სავარცხელი; სარდიონის სფერული და კონუსური მძივები; გიშრის კვერცხისებური ფორმის მძივი; შავი მინის პასტის მძივები; ოქროს სამკუთხა საკიდი, რომელზეც ცვარათი შესრულებულია მეანდრის ორნამენტი. უცხოური კერამიკიდან აღსანიშნავია ამფორების – ქიოსური, ლესბოსური, სამოსური; სუფრის ჭურჭელი წარმოდგენილია იონური კერამიკით – ჯამების, ჭრაქების და კილიკების ფრაგმენტები; შავლაკიანი და შავფიგურული ატიკური ჭურჭელი – კილიკების, ჯამების ნატეხები.

მდ. რიონის მარცხენა ტერასის გაყოლებით ზღვიდან დაახლოებით 9-12 კმ-ზე, აღმოჩნდა ძვ. წ. VI-IV სს-ის ძელურ-ბათქაშიანი ნაგებობების ფრაგმენტები. არქეოლოგიური მასალა აქ წარმოდგენილია კოლხური კერამიკით – ქოთნები, კოჭბები, სარქველები, ყურმილიანი დოქები და სხვ. ელინისტური ხანის არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა სიმაგრის ნამოსახლარის სამხრეთით დაახლოებით 1 კმ-ზე. აქ დადასტურდა კოლხური ქედებიანი ქვევრების და მოყავისფრო კეციანი კოლხური ამფორების ნატეხები. აღმოჩნდა, აგრეთვე, სინოპური ამფორის ძირი.

ქ. ფოთის საქალაქო სანერგის ნაკვეთზე, რომელიც ფოთის აეროპორტის ჩრდილო-აღმოსაველეთით არის, აღმოჩნდა ადრეული შუა საუკუნეების 2 წელშეზნექილი ადგილობრივი ამფორა. აქვე დადასტურდა ოთხკუთხა დიაგონალურად ურთიერთმკვეთი 2 ღარიანი აგური. არქეოლოგიური მასალა ადრეულ შუა საუკუნეებს განეკუთვნება.

სიმაგრის ბორცვის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 300 მ-ზე, მდ. რიონის მარცხენა ნაპირზე აღმოჩნდა სამაროვნის ნაშთები (ძვლოვანი მასალა). აქვე დადასტურდა ქვით, აგურითა და კირხსნარით აგებული შენობის ნაშთები (გეგმა არ იკითხება). აღმოჩნდა ურთიერთმკვეთღარებიანი აგურები, ხელადები, ჭინჭილები, კათხები, ორყურა ქილები, ჯამები. ჭურჭელი დამზადებულია კარგად განლექილი თიხისაგან და ღია მოყავისფროდაა გამომწვარი. არქეოლოგიური მასალა ადრეული და განვითარებული შუა საუკუნეებისაა (მიქელაძე 1978: 78-81).

ქ. ფოთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, პალიასტომის ტბასთან, ქალაქის შემოსავლელი გზის კაპარჭინაზე ახალი ხიდის მშენებლობის ადგილზე აღმოჩნდა ადრეული შუა საუკუნეების კერამიკის ფრაგმენტები (ქვევრის წვეტიანი ძირები, ჯამები, წელშეზნექილი ამფორის ნატეხები). პალიასტომის ტბის სამხრეთ ნაწილში, ადგილ „ნაეკლესიარზე“, წყალში, 2 მ-მდე სიღრმეზე, რიყის ქვებით და კირხსნარით ნაგები კედლის ნაშთები აღმოჩნდა. კედელი სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ არის მიმართული და დაახლ. 20 მ-ზეა შემორჩენილი. მისი სიგანე 1 მ-ია. კედელთან შუა საუკუნეების უსახო კერამიკის რამდენიმე ნატეხი აღმოჩნდა. პალიასტომის სამხრეთ-აღმოსავლეთ შენაკადის თხორინას შესართავთან ნაპოვნია საშუალო ზომის მთლიანი გოფრირებული ამფორა. ადრეული შუა საუკუნეების ამფორების ნატეხები ნაპოვნია აგრეთვე მდ. ფიჩორის პალიასტომთან შერთვის მონაკვეთშიც (გამყრელიძე 1987: 98-104; 1992: 33, 34). ადრეული შუა საუკუნეების კერამიკა აღმოჩნდა ქ. ფოთის დღევანდელი აეროდრომის ტერიტორიაზე, ადგილ „ნაჯიხურში“ (დიუბუა დე მონპერეს მიკვლეული). კერძოდ: ურთიერთგადამკვეთღარიანი აგურები, გოფრირებული კერამიკის ნატეხები. „ნაჯიხურიდან“ სამხრეთ-დასავლეთით მდ. შავის პალიასტომთან შესართავთან აგრეთვე აღმოჩნდა ადრეული შუა საუკუნეების კერამიკის ფრაგმენტები (ქვევრი, გოფრირებული ამფორის ნატეხები და სხვ.). ქ. ფოთის სამხრეთ-დასავლეთ მხარეს, პალიასტომის ტბაში, ზღვის შესართავიდან (მალთაყვა) დაახლ. 1,5 კმ-ზე კაპარჭინას გადმოღმა, ტბაში და ნაპირებზე აღმოჩნდა III-VIII სს-ის ნამოსახლარის ნაშთები – ადგილი „ნატეხები“ (გამყრელიძე 1987: 98-116). აქ არქეოლოგიური მონაცემები ტბაში დაახლ. 900 კვმ-ზე, ხოლო ნაპირზე 500 კვმ-ზე ვრცელდება. ტბის ფსკერი აქ ქვიშიანი და თიხიან-ტორფიანია. მოცემულ მონაკვეთში ნაპირიდან ტბის ცენტრისაკენ, დაახლ. 300 მ სილა-ქვიშიანია, ხოლო შემდეგ ტორფიანი თიხის ფენები იწყება. სამოსახლოზე სამშენებლო კერამიკა წარმოდგენილია ბრტყელი გვერდებაკეცილი (გადანაკეცი 3,5 სმ, სისქე 2 სმ-მდე) კრამიტითა და აგურით (30X25X4 სმ; არის აგრეთვე ურთიერთგადამკვეთღარებიანი 25X25 სმ აგურიც). აქ აღმოჩნდა უცხოური ბრტყელი, გვერდებაკეცილი კრამიტის 14 ფრაგმენტი. თიხა მონაცრისფრო-მოიისფროა და შერეული აქვს პიროქსენის ნამცეცები. სამშენებლო მასალიდან, აგურისა და კრამიტის გარდა ნამოსახლარზე ხის ძელებისა და დამწვარი თიხის (ბათქაშის) ნაშთები აღმოჩნდა. ნამოსახლარის ჭურჭლის უმეტეს ნაწილს შეადგენს ადგილობრივი წარმოების კერამიკული ტარა – ამფორები. ისინი მოყავისფროდ არის გამომწვარი, წაგრძელებული წელშეზნექილი ფორმა აქვთ და კონუსისებური ძირით ბოლოვდებიან. სამოსახლოს ადგილობრივი წარმოების სამზარეულო კერამიკა წარმოდგენილია ქოთნებით, ჯამებით, ლუთერიებითა და დოქებით. სამეურნეო კერამიკა წარმოდგენილია ბრტყელძირა (დმ 12-16 სმ) ქვევრებით. „ნატეხების“ არქეოლოგიური მასალის დაახლ. 25% უცხოური ნაწარმია. კერძოდ: სინოპური თიხის მაგვარი კეციანი გოფრირებული ამფორები; ღია მოყავისფრო-მოწითალო, კარგად განლექილი თიხის გოფრირებული ამფორები; სამოსური ამფორის ძირები; სამოსური ამფორისკი (სიმაღლე 17 სმ); წითელლაკიანი ჯამის ნატეხები. ნამოსახლარის არქეოლოგიური მასალის კიდევ ერთ ჯგუფს ქმნის მინის ნაწარმი; მათ ძირითადად ბაცი-მომწვანო ელფერი დაჰკრავთ, მაგრამ მოცისფრო და მოყვითალო ფერის ფრაგმენტებიც გვხვდება. არის მინის ფეხიანი სასმისებისა და ლამპრების ნატეხები.

„ნატეხებშივე“ აღმოჩნდა სამარხის ნაშთები. აქ დადასტურდა ძირით ქვემოთკენ ჩადგმული წელშეზნექილი ამფორა (მხართან გრაფიტო აქვს. აღწერა იხ. ქვემოთ), რომელსაც თავი წატეხილი და ზემოდან მეორე ღარებიანი ამფორის ქვედა ნაწილი ჰქონდა დამხობილი. ამფორაში ფრინველისა და ცხოველის (ღორი?) დამწვარი ძვლები იყო. ამფორასთან ადამიანის ძვლები, ბრინჯაოს 3 ფიბულა (სიგრძეები – 4,3 სმ; 4,3 სმ; 5,2 სმ), ბრინჯაოს ქინძისთავი (სიგრძე 7,7 სმ), მინის სასმისის ფეხი (დმ 4,3 სმ) და ბიზანტიური, კერძოდ იუსტინე II-ის (565-578) ოც ნუმიანი სპილენძის მონეტა აღმოჩნდა. ამრიგად, „ნატეხების“ ნამოსახლარის თარიღი III-VIII სს-ით უნდა განისაზღვროს, ხოლო სამარხი – VI ს-ით. „ნატეხების“ არქეოლოგიური მასალა სიახლოვეს იჩენს გუდავის, ნოქალაქევის, ოჩამჩირის, მთისძირის, ვაშნარისა და დასავლეთ საქართველოს სხვა თანადროულ არქეოლოგიურ ძეგლებთან (გამყრელიძე 1987: 116). „ნატეხების“ არქეოლოგიურ მასალა ინახება გ. ჩიტაიას სახ. ფოთის კოლხური კულტურის ისტორიის მუზეუმში.

დღესდღეობით ქ. ფოთის ცენტრში შემორჩენილია მხოლოდ XVI ს-ის თლილი ქვით ნაგები ოთხკუთხა კოშკი, რომელსაც (პირობითად ნიკოლაძისას ეძახიან) ციხესიმაგრის ნაშთად მიიჩნევენ. დანარჩენი ციხესიმაგრის ქვები კი გამოყენებული იყო საზღვაო პორტის მშენებლობისას (პაჭკორია 1974: 16).

ფოთ-ფასისთან დაკავშირებული რამდენიმე ეპიგრაფიკული ძეგლია შემორჩენილი: ბერძნულ წარწერიანი ვერცხლის ფიალა, რომელიც აღმოჩნდა ყუბანში, ზუბოვის ყორღანში (ინახება ს. – პეტერბურგის „ერმიტაჟში“). ფიალის დმ 21 სმ-ია; ფსკერი ამობურცულია; შემკულია ხაზოვანი და წერტილოვანი ორნამენტით; გამოსახულია გველი და ირმის თავები; პირზე აქვს ერთსტრიქონიანი წარწერა – „აპოლონ წინამძღოლისა ვარ, რომელიც ფასისშია“. შესრულებულია ბერძნული ენის იონიურ დიალექტზე, პალეოგრაფიულად ძვ. წ. V-IV სს-ით თარიღდება (ყაუხჩიშვილი 1976: 235, 236).

სოფ. ციხისძირის ნაციხარზე აღმოჩნდა აგური (ფილა) ლათინურწარწერიანი დამღით – „ვექსილაციო ფასიანა“ (ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). მას ქ. ფასისში II ს-ში მდგარი სამხედრო ნაწილის სახელოსნოში დამზადებულად მიიჩნევენ (შპაიდელი 1985: 134-140).

ქ. ფოთში, პალიასტომის ტბის ჩრდილო-დასავლეთ მხარეს, ადგილ „ნატეხებში“ აღმოჩნდა ადგილობრივი წარმოების წაგრძელებულტანიანი წელშეზნექილი ამფორა. ამფორა VI ს-ით თარიღდება. ამჟამად ინახება გ. ჩიტაიას სახ. ფოთის კოლხური კულტურის ისტორიის მუზეუმში (გამყრელიძე 1987: 115).

პალიასტომის ტბის მიდამოებიდან უნდა იყოს ქართულ (მხედრულ) წარწერიანი XVII ს-ის ბარძიმი, რომელიც ამჟამად ნ.ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში ინახება (ინვ. №3788). „ქ. ჩვენ ცვა ფარვანთა მონდობილმან თქვენმან ხელმწიფემა დადიანმა პატრონმა ლევან თქვენ ქუთათისა და პალიასტომისა ღვრთისა მშობელსა შამოგწირეთ ბარძიმი ესე მას ჟამსა ოდეს შევებენით მეფესა ბაღდადსა ქ. გაგვემარჯვა მაშინ ომში და...“ (ნიკოლეიშვილი 1971: 151-157).

პალიასტომის ტბის ნაპირზე ნაპოვნია 2 ბრტყელი ოვალური ქვა, რომლებზეც ბერძნული წარწერებია (ინახება გ. ჩიტაიას სახ. ფოთის კოლხური კულტურის ისტორიის მუზეუმში) ინვ. №77, შუაში ამოკვეთილია ჯვარი, ქვემოთ ბერძნული წარწერა „კონსტანტინე“, „ელენე“; ინვ. №80 – გამოსახულია კაცი პროფილში. ირგვლივ ბერძნული წარწერაა; თარგმანი – „ანტიოქიელთა მეფის ნათელი, ნიკიფორე...“ ქვები გაკეთებულია XIX (?) ს-ში (ყაუხჩიშვილი 1951: 88).
 
ბიბლიოგაფია: ათონის ივერიის ... 1901: 319; აგათია სქოლასტიკოსი 1936: 97, 98, 102, 179; ამიანე მარცელინე 1961: 112; არიანე 1961: 40; აქტები 1866-1904: 510-512; ბაგრატიონი 1983: 54, 74; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 64, 86, 103, 104; ბერძნიშვილი 1942: 3-21; 1969; ბოლტუნოვა 1979: 256-274; ბოროზდინი 1934: 308; ბრუნი 1880: 250; ბურჯანაძე 1959: 195; გაბაშვილი 1956: 54; გამბა 1987: 71, 82, 104, 105, 135, 139; გამყრელიძე 1987: 97-117; 1990: 223-236; 1990ა: 215-219; 1992: 42, 43; 1992ა: 101-119; 1993; გამყრელიძე 2003: 170-189; გამყრელიძე 2001: 26-39; გამყრელიძე 2011: 172-181; გამყრელიძე 2012: 38-74; გიულდენშტედტი 1962: 371; გორდეზიანი 1971: 181-185; გრიგოლია 1973: 36-55; დადიანი 1962: 153, 174, 179, 199, 200, 201; დიდი სჯულისკანონი 1975: 407; დიუმა 1964: 445-449; დიუბუა დე მონპერე 1839-1843: 67-71; 1937; დუნდუა 1987: 14, 15; ელინიცკი 1938: 309-315; ეპიფანე კონსტანტინეპოლელი 1941: 58; ინაძე 1982: 119-124; კაჭარავა 1991: 1-14; კედრენე 1963: 28; კეკელია 1981: 505-508; კონტარინი 1894: 45-61; კოხი, სპენსერი 1981: 139, 165, 168-173; კუფტინი 1950: 116; ლამბერტი 1938: 172; ლატიშევი 1904ა: 178, 179, 185; 1949: 223-315; ლომოური 1957: 96-110; ლორთქიფანიძე 1957ა: 377-384; 1979: 187-256; 1997: 15-34; 1979ა:25-33; ლორთქიფანიძე, მიქელაძე 1973: 17-36; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 210; მელაშვილი 1977; მელიქიშვილი 1965: 50-59; მიქელაძე 1965: 48-51; 1978; ნაჭყებია 1957; ნიკოლეიშვილი1971: 151-157; პაჭკორია 1967; 1974: 16-21; პახომოვი 1926: 37; პომპონიუს მელა 1965: 29; მენანდრე პროტიქტორი 1936: 209; პტოლემაიოსი 1955: 45; საქ. სახ. მუზ. ისტ. დოკ. 1953: 132, 139, 144; სიგელები 1891: 261; სიგელები 1898: 3; სტეფანე ბიზანტიელი 1936: 286; ურუშაძე 1964; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 15; ქრონიკები 1897: 45; 1967: 629; ქც 4: 747,10; 777,24; 789,23; 790,10; 814,20; 883,20; ყაუხჩიშვილი 1941ა: 101; 1952: 128, 130, 139; 1961; 1963; 1966: 132; ყაუხჩიშვილი 1951: 88; 1965; 1967ა; 1969: 73; 1969ა: 189, 190; 1976: 235-236; შარდენი 1975: 108, 258; შაფრანოვი 1880: 3; 1885: 51-56; შპაიდელი 1985: 134-140; ჩელები 1978: 134; ხოშტარია 1953: 3-32; ჯანაშია 1952; ჯანელიძე 1973: 5-16.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9