ფოკანი, (ქც 1: 300,16; ქც 4: 147,6; 507,8).
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: მატიანე ქართლისა (ქც 1: 300,16), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4:147,6; 507,8), XIV-XV სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 196, 229), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 181), გურჯიზადეს „თბილისის დაპყრობის წიგნი“ (გურჯიზადე 1975: 30).
ვახუშტი ბაგრატიონი ფოკას შესახებ გადმოგვცემს: „ლიპარიტ მოვიდა კახითურთ ფოკას და მიერთო მაწყვერელიცა ფოკას“ (ქც 4: 147,6). „წარავლინა ბაქარ სპანი, ამათ მოსწყვიდეს თრიალეთს მყოფნი ოსმალნი და ფოკას მოსპეს ფ (500) მხედარნი ტფილისიდან მომავალნი“ (ქც 4: 507,7-8).
მდებარეობს ნინოწმიდის მუნიც-ში, ნინოწმიდიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 28 კმ-ის დაშორებით, ფარავნის ტბის სამხრეთ ნაპირას, თანამედროვე სოფ. ფოკას მიდამოებში.
ფოკა იყო ფარავნის ტბის გარშემო არსებული სოფლებით (გასადინი, მახარონი, შაორი, ფოკა, ასფარა, ფარავანი) შექმნილი ერთეულის, ფარავნის ქვეყნის ადმინისტრაციული ცენტრი (ბერძენიშვილი 1985: 96), რომელიც უმეტეს შემთხვევაში ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. ეს პუნქტი IV ს-ში დაფიქსირებულია კასტორიუსის რუკაზე (ერემიანი 1939: 91, 92), რომლის მიხედვითაც აქ გადიოდა გზა, რომელიც არტაშატს სებასტოპოლისთან აკავშირებდა.
IV ს-ში სოფ. ფოკას მიდამოებში, ფარავანთან შეჩერებულა მცხეთისაკენ მიმავალი წმინდა ნინო (ქც 1: 85,7). ბაგრატ IV-ის (1027-1072) მეფობისას ლიპარიტ ბაღვაშმა მეფის წინააღმდეგ გამოყვანილი ლაშქარი ფოკას დააყენა (ქც 1: 300,16). XIV-XV სს-ში ფოკაში ყმა-მამული ჰქონია მცხეთის საკათალიკოსოს (ქრონიკები 1897: 196, 229). 1723 წ. ვახტანგ VI-ის ძე ბაქარმა ფოკასთან ოსმალთა 2000-ანი ჯარი გაანადგურა (ქც 4: 507,8; გურჯიზადე 1975: 30). XVI ს-ის ბოლოს ფოკა დაცარიელებულია (ჯავახეთი 2000: 14).
ფოკა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
1979 წ. სოფელში აღმოჩნდა მონეტების განძი, რომელიც შეიცავს ილხანების 155 ვერცხლის დირჰემსა და ორიან დირჰემს. მონეტებს შორის ყველაზე ადრეული 1310 წლისა, უგვიანესი კი 1316 წლისაა. განძი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (ღვაბერიძე 1986: 81-85).
სოფლის შუაგულში დგას დარბაზული ეკლესია. მოპირკეთებულია ვარდისფერი კვადრებით. არსებული წარწერების მიხედვით, ტაძარი 1030-1040-იან წწ. აუგია ქართლის კათოლიკოს იოანე ოქროპირს, ხუროთმოძღვარი კი მიქელ „ქართლისა ბანაქასალარი“ (სავარაუდოდ, ქართლის ხუროთმოძღვართუხუცესი) ყოფილა (ბერძენიშვილი 1967: 248). მეორე ეკლესიაც სოფელში დგას. გადაკეთებულია XIX ს-ში თუმცა, სამხრეთის ფასადზე შემორჩენილი დეტალების მიხედვით XI-XII სს-ით თარიღდება (ჯავახეთი 2000: 15).
ფარავნისწყლის მარჯვენა ნაპირზე შემორჩენილია ძველი ციხის ნანგრევი და ეკლესია. ნაციხარი მშრალი წყობითაა ნაგები. კედლების სისქე 4,2 მ-ია. ციხე ორ ნაწილადაა გაყოფილი. ორივეში შეინიშნება სახვადასხვა ზომის სათავსოები. ნაციხარის ტერიტორიაზე იკრიფება ადრე და განვითარებული შუა საუკუნეების კერამიკა, მათ შორის მოჭიქულიც. ციხის გარეთ ეკლესიის ნანგრევია, სადაც ორნამენტიანი ქვაჯვარი დგას (ჯავახეთი 2000: 14). სოფელში ამჟამად საპატრიარქოს რეზიდენცია, აგრეთვე მამათა და დედათა მოქმედი მონასტრებია.
ფოკას მახლობლად, მისგან ჩრდილო-აღმოსავლეთით, ფარავნის ტბის ნაპირზე სოფ. ვლადიმიროვკაა. მის ჩრდილო-დასავლეთით, 0,5 კმ-ის დაშორებით ნასოფლარია, რომელიც შესაძლოა ისტორიული სოფელი მახარონი იყოს. იქვეა ნაეკლესიარი. ეკლესია დარბაზულია. დანგრეულია. თარიღდება XIV ს-ით.E ეკლესიიდან 70 მ-ის დაშორებით 1,1 მ სიმაღლის მენჰირია (ჯავახეთი 2000: 16).
- ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1975: 82-131; 1985: 96; ბერძენიშვილი 1967: 248; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 181; გურჯიზადე 1975: 30; ერემიანი 1939: 91, 92; ქრონიკები 1897: 196, 229; ქც 1: 300,16; ქც 4: 147,6; 507,8; ღვაბერიძე 1986: 81-85; ჯავახეთი 2000: 16.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.