აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ახა ახი ახმ ახტ

ახალქალაქი

  1. (შიდა ქართლის)
    ქალაქი (ქც 4: 341,14; 422,9).


    იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 341,14; 422,9), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 386,10), XIV და XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 30, 31; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 178; 1972: 269, 524; 1974: 196; 1977: 101; 1981: 422, 574; 1985: 198, 211, 217, 236, 272, 422, 504, 513, 532, 673, 674, 875, 880, 931), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 30, 39).

    ვახუშტი ბაგრატიონი ქართლის ახალქალაქის შესახებ გადმოგვცემს: სხერტის ჭალის „სამხრით არს თეძამზედ ახალქალაქი“ (ქც 4: 341,13,14).

    მდებარეობს კასპის მუნიც-ში, კასპიდან 16 კმ-ის დაშორებით მდ. თეძმის მარჯვენა ნაპირზე.

    1609 წ. ყირიმელმა თათრებმა, რომლებიც სულთან მურადს ბაღდადში სტუმრობისას ახლდნენ, უკან დაბრუნებისას ქართლის გზა აირჩიეს. თათრებმა დაარბიეს ერთაწმინდა და ახალქალაქი. სხერტის ჭალასთან მეფე ლუარსაბ II-ის (1606-1614), გიორგი სააკაძისა და ზაზა ციციშვილის რაზმებმა დაამარცხეს ყირიმელი თათრები (ქც 2: 386,15-20). ახალქალაქს წითელქალაქად ან მეფის ქალაქადაც იხსენიებდნენ. მისი გაქალაქება დაკავშირებულია ქართლის მეფე როსტომის (1632-1658) სახელთან, რაზეც მოგვითხრობს ახალქალაქის ღვთისმშობლის ეკლესიის წარწერა (გვასალია 1983: 162). შემდგომში ქალაქმა თანდათან დაკარგა თავისი მნიშვნელობა.

    1908 წ. ახალქალაქის მახლობლად შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს ცულებისა და ზოდებისაგან შემდგარი განძი, რომელიც თიხის დიდ ჭურჭელში ყოფილა მოთავსებული. 2 ცული აღმოჩენის შემდეგ, მალევე დაკარგულა. განძი ექ.თაყაიშვილს შეუძენია კავკასიის მუზეუმისათვის (თაყაიშვილი 1913ა: 172, 173). ნივთები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). (არქ. მას. კატ. 1955: 61-65). აქვეა დაცული ახალქალაქში შემთხვევით აღმოჩენილი ბრინჯაოს სატევარი (ბარამიძე 1965: 58); ბრინჯაოს მრგვალგანივკვეთიანი, მასიური თავშეკრული რგოლი და ბრინჯაოს ზოდი. ს. მაკალათიას სახ. გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ინახება ახალქალაქიდან მომდინარე ბრინჯაოს 2 ცალი ე. წ. აღმოსავლურ-ამიერკავკასიური ცული (ბარამიძე 1965: 58). ახალქალაქის შემთხვევით აღმოჩენილი არქეოლოგიური ნივთები თარიღდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით.

    ახალქალაქის ცენტრში შემორჩენილია კვადრატული გეგმის ქვითკირით ნაგები ციხე-გალავანი, რომელსაც სათოფურებიანი მრგვალი კოშკები აქვს. სათოფურები აქვს გალავანსაც (მაკალათია 1959: 15).

    ღვთისმშობლის დარბაზული ტიპის ეკლესია (17,3X6,55მ) მდებარეობს სოფლის ცენტრში. ნაგებია ფლეთილი ქვითა და აგურით კირხსნარზე. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდა ნახევარწრიულია. თარიღდება გვინდელი შუა საუკუნეებით. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე ორი მხედრული წარწერაა: „მას ჟამსა ოდეს იჯდა ერან თურანს ბედნიერი ყაენი ხელმწიფე შაჰსეფი ... ქრისტე, სახელითა ღმრთისაითა ჩვენ საქართველოს ხელმწიფის შვილმან მეფეთ მეფემან პატრონმან როსტომ და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა დედოფალმან პატრონმან მარიამ ხელვყავით აღშენება თეძმის პირს ქალაქი და სახელი ვუწოდეთ მეფის ქალაქი და აღუშენეთ საყდარნი და მონასტერნი, ვერც მისანი ქალაქის ამის მკვიდრობისათვის მეფის ქალაქელთა სომეხთა ჩვენთა სახასოთა ვაჭართა ქკსა ტ (...?) თვეს ივლისსა კდ“. ამის ქვეშ მეორე წარწერაა: „გვაგონა და მოგვახსენა ქალაქთა და საყდრისა ამის აღშენება კარისა ჩვენისა მდივანმა ყორღანაშვილმან მერაბ. ისი ვაღვაწეთ აღმშენებლად საყდრისა ამის. ვინც ჰსწირავდეს, მოიხსენებდეთ მერაბს ყოველნივე“ (გვასალია 1983: 162).
     
    ბიბლიოგრაფია: არქ. მას. კატალოგი 1955: 61-65; ბაგრატიონი 1986: 30, 39; ბარამიძე 1965: 58; გვასალია 1983: 126, 133, 134, 162-164; თაყაიშვილი 1913ა: 172, 173. იოსელიანი 1850: 27; მაკალათია 1959: 15; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 30, 31; ქც 2: 386,10; ქც 4: 341,14, 422,9; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 178; 1972: 269, 524; 1974: 196; 1977: 101; 1981: 422, 574; 1985: 198, 211, 217, 236, 272, 422, 504, 513, 532, 673, 674, 875, 880, 931.
  2. (ჯავახეთის)
    ქალაქი და ციხე (ქც 1: 298,9; ქც 2: 51,6; ქც 4: 146,14).


    იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 298,9; 305,2; 306,16-18, 22, 23), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 51,6), ჟამთააღმწერელის თხზულება (ქც 2: 239,10), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 146,14; 149,4,13; 671,10,13; 707,19, 23), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 497,28; 522,20; 523,15), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 82, 84), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 13, 32, 37-39), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 98, 115), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 23, 55, 73, 77, 79), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 89, 115, 213), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1968: 145, 147), მცირე ქრონიკები (მცირე ქრონიკები 1968: 55), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 213-246; 1958: 306-376), თურქული წყაროები XVI ს-ის სამცხე-საათაბაგოს ისტორიისათვის (თურქული წყაროები ... 1983: 32, 68), იბრაჰიმ ფეჩევის ცნობები საქართველოს შესახებ (იბრაჰიმ ფეჩევი 1964: 41), დე გრაი დე ფუას ცნობები საქართველოს შესახებ (დე გრაი დე ფუა 1985: 48, 98), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 81; 1964: 147).

    ვახუშტი ბაგრატიონი ახალქალაქის შესახებ გადმოგვცემს: „ხოლო ახალქალაქი არს ამ ორთა მდინარეთა (ახალქალაქის წყალი და ჯავახეთის მტკვარი) შესართავს შორის. ესე იყო ქალაქი მოზღუდვილი და ციხე ძლიერი, არამედ შემუსრა მრავალგზის, გარნა აწ აღაშენა კუალად შავშეთის ბეგმან ქართლიდამ“ (ქც 4: 671,10,13).

    ლოკალიზდება ჯავახეთის ზეგანზე, ჯავახეთის მტკვარსა და ახალქალაქის წყალს შორის, თანამედროვე ქ. ახალქალაქის ტარიტორიაზე.

    ძველი ქალაქის აღმოცენების ზუსტი დრო ცნობილი არაა. სავარაუდოა, რომ აქ არსებული დასახლება ქალაქად გადაიქცა IX-X სს-ში. XI-XIII სს-ში ახალქალაქი ჯავახეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური ცენტრი იყო. ბაგრატ III-ის (980-1014) დროს ქალაქი ჯერ კიდევ „უზღუდო“ იყო. „ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცე იყვნეს ერთგულებასა ზედა ბაგრატისასა ... გავიდეს ჯავახეთს და იწყეს ახალქალაქისა ზღუდითა შენებად, რამეთუ მას ჟამსა უზღუდო იყო“ (ქც 1: 298,9). ქალაქის შემოზღუდვა დამთავრდა ბაგრატ IV-ის (1027-1072) დროს. XI ს-ის 60-იან წლებში ახალქალაქი ალფ-არსლანმა ააოხრა (ქც 1: 306,16-18). 1191 წ. თამარის (1184-1207) წინააღმდეგ აჯანყებული გიორგი რუსის მომხრე ფეოდალებმა გადაწყვიტეს აეღოთ ახალქალაქი, მაგრამ დამარცხდნენ (ქც 2: 51,6). XIII ს-ში ახალქალაქი მონღოლებმა გადაწვეს. XVI ს-ში ქალაქი სამცხის ერისთავების, ჯაყელების ხელშია. 1535 წ. ის ბაგრატ III იმერეთის მეფესა (1510-1565) და ათაბაგ ყვარყვარეს შორის ბრძოლის ასპარეზი იყო (ქც 4: 497,28). 1545 წ. ახალქალაქი ოსმალთა სულთნის, შაჰ-თამაზის ჯარმა დაიპყრო. XVI ს-ის ბოლოს ჩილდირის საფაშოს შემადგენლობაშია და სანჯაყის ცენტრია. XVIII ს-ის 70-იან წლებში ერეკლე II-მ (1744-1798) რამდენჯერმე სცადა ქალაქის გათავისუფლება (ბაგრატიონი 1983: 23, 55, 73, 77, 79; ორბელიანი 1981: 89, 115, 213). 1828 წ. რუსეთ-საქართველოს სამხედრო ნაწილებმა გენ. პასკევიჩის მეთაურობით ქალაქი აიღეს. მაჰმადიანი ქართველები აიძულეს თურქეთში გადახვეწილიყვნენ, ახალქალაქში კი სომხები ჩამოასახლეს ერზერუმიდან. 1918 წ. ქალაქი ისევ ოსმალებმა დაიპყრეს. 1921 წ. ახალქალაქში რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები შევიდნენ.

    1960 წ. ახალქალაქის მიდამოებში მიაკვლიეს აშელის ზედა საფეხურის ღია ტიპის სადგომებს – ე. წ. ახალქალაქი I, მდ. ფარავნის მარცხენა ნაპირის 15 მ სიმაღლის ტერასაზე და ახალქალაქი II, მდ. მურჯახეთის წყლის მარჯვენა ნაპირის 10-15 მ სიმაღლის ტერასაზე. მოპოვებულია ბაზალტისა და ანდეზიტის ქვისაგან დამზადებული იარაღები: ხელცულები, საჩეხები, სახოკები, ნუკლეუსები, ანატკეც-ანამტვრევები (გრიგოლია 1965: 513).

    1960, 1968-1969 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. ლომთათიძე) და 1990 წ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიციამ (ხელმძღ. ე. ჯანდიერი) ძველი ნაქალაქარის ტერიტორიაზე ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები. დადგინდა, რომ შუა საუკუნეების ქალაქის ფენების ქვეშ ყოფილა უფრო ადრეული ნამოსახლარი. კონცხის ჩრდილოეთით არსებობდა სამოსახლო, სადაც შემორჩენილია თლილი ქვით მოპირკეთებული ეკლესიის ნანგრევები, წარწერიანი და ჩუქურთმიანი ქვები. იქ გაითხარა თიხითა და ქვით ნაგები სახლები, პირუტყვის სადგომ-გომურები.

    დღემდეა შემორჩენილი ძველი ქალაქის მაღალი, სქელკედლიანი გალავანი, ბურჯებითა და კოშკებით. გალავანს მთავარი კარიბჭე დატანებული ჰქონდა სამხრეთ-აღმოსავლეთით. იქ გადიოდა ჯავახეთში მიმავალი ყველა გზა (ბერძენიშვილი 1966: 30, 73, 95). ქალაქში მისასვლელად თავფარავნის ხეობის სიღრმეში, ამჟამად არსებული ხიდის ახლოს, ძველი ხიდი ყოფილა (კვეზერელი-კოპაძე 1972: 77). ამ ადგილებში ხიდის არსებობის შესახებ აღნიშნავს ვახუშტი ბაგრატიონიც (ქც 4: 671,10,13).

    ნაქალაქარის გათხრებისას გამოვლენილია განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები: საცხოვრებელი, სამეურნეო, თავდაცვითი, საკულტო ნაგებობები, ქარვასლა, ხელოსანთა უბნის ნაშთები. არქეოლოგიური მასალა მრავალფეროვანია. თიხის ნაწარმი წარმოდგენილია სადა და მოჭიქული ჭურჭლით. მათ შორის გვხვდება სუფრის (ჯამები, ფიალები, დოქები, ხელადები, სამარილეები), სამზარეულო (ქოთნები, ქილები, სადუღრები, კეცები და სხვ.), სამეურნეო (დერგები, ქვევრები, ქოცები და სხვ.), სამშენებლო (კრამიტები, შორენკეცები, აგურები, წყალსადენის მილები), აგრეთვე საგანგებო დანიშნულების (გადასატანი ზესადგრები, ჭრაქები, ჩიბუხები) კერამიკა. თიხის ნაწარმის უმეტესობა დაფარულია წითელი და ყავისფერი წერნაქით, რაც ასე დამახასიათებელია ჯავახეთის კერამიკისათვის. ფაიანსის ნაწარმი იმპორტულია. მინის ნაწარმი წარმოდგენილია თხელკედლიანი ფინჯნებისა და სასმისების ფრაგმენტებით, მძივებით, სამაჯურებით. ლითონის ნაწარმიდან გვხვდება: რკინისა (სატევარი, დაშნა) და ბრინჯაოს ნივთები (სამაჯური, ზარაკი). მონეტები ძირითადად სპილენძისაა – ქართული, ბიზანტიური, თურქ-სელჩუკური. მოპოვებული მასალის მიხედვით XI-XIII სს-ში ქალაქი ერთ-ერთი ძლიერი სავაჭრო-ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი უნდა ყოფილიყო (ჯანდიერი 1969: 56-69).
     
    ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 98, 115; ბაგრატიონი დავით 1941: 13, 32, 37-39; ბაგრატიონი თეიმურაზ 1983: 23, 55, 73, 77, 79; ბაგრატიონი იოანე 1986: 82, 84; ბერძენიშვილი 1966: 10, 69, 70, 95, 96, 99-105, 107; ბოჭორიძე 1992: 8, 18, 226, 247, 252, 257; გიულდენშტედტი 1962: 81; 1964: 147; გრიგოლია 1965: 5-9; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1941: 213-246; 1958: 306-376; დადიანი 1968: 145, 147; დე გრაი დე ფუა 1985: 48, 98; თაყაიშვილი 1909: 22-26; თურქული წყაროები ... 1983: 32, 68; იბრაჰიმ ფეჩევი 1964: 41; იოსელიანი 1850: 25, 26; კვეზერელი-კოპაძე 1972: 77; მცირე ქრონიკები 1968: 55; ორბელიანი 1981: 89, 115, 213; ცისკარიშვილი 1959: 52; ჯანდიერი 1969: 46-73; 1974: 49-67; 1978: 27-45; ჯღამაია 1961; ქც 1: 298,9; 305,2; 306,16-18,22,23; ქც 2: 51,6; 239,10; 497,28; 522,20; 523,15; ქც 4: 146,14; 149,4, 13; 671,10,13; 707,19,23; ჭილაშვილი 1970: 87-99.
  3. (თრიალეთის)

    (ქც 4: 319,3; 320,8; 321,18,19). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 319,3; 320,8; 321,18,19), 1546 წ. ახალქალაქის გამოსაღების წიგნი (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 6), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 313), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 48).

    ლოკალიზდება წალკის მუნიც-ში, წალკიდან 2,5 კმ-ის დაშორებით, მდ. ხრამის კალაპოტის კლდოვან ნაპირზე, ჭოჭიანის პლატოზე, თანამედროვე სოფ. დაშბაშის ტერიტორიაზე.

    ვახუშტი ბაგრატიონი თრიალეთის ახალქალაქის შესახებ გადმოგვცემს: „ეძანს ქუეით და ახალქალაქს ზეით გადმოდის ქცია მაღალი კლდიდამ“ (ქც 4: 319,3). „ახალქალაქს ქუეით ერთვის ქციას ხევი აბანოსი ჩდილოდამ“ (ქც 4: 320,8).

    თრიალეთის ახალქალაქი X ს-ში აშენდა ბაღვაშების მიერ და შედიოდა კლდეკარის საერისთავოში (ბერძენიშვილი 1979: 57). შემდეგ სამეფო დომენად იქცა (ბერძენიშვილი 1979: 130). XV-XVI სს-ში ახალქალაქი მცირე ქალაქად მოიხსენიება (გვასალია 1983: 133). XVIII ს-ში ვახუშტი ბაგრატიონს, როგორც მხარის მმართველს, ადგილსამყოფელი თრიალეთის ახალქალაქში ჰქონდა (რჩეულიშვილი 1972: 69).

    ლ. მელიქსეთ-ბეგმა XX ს-ის 30-იან წლებში აქ ციკლოპური ნაგებობის ნაშთებს მიაკვლია (მელიქსეთ-ბეგი 1938: 54). 1936 და 1939 წწ. თრიალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ბ. კუფტინი) აქ შეისწავლა ანტიკური ხანის 3 სამარხი (კუფტინი 1941: 24). მოგვიანებით სამარხების სრული პუბლიკაცია განახორციელა ი. გაგოშიძემ (გაგოშიძე 1982: 57-59). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

    სამაროვანი მდებარეობს სოფლის ჩრდილო ნაწილში. სამივე სამარხი წარმოადგენდა მოკლე ქვაყუთებს. მიცვალებულები დაკრძალულები იყვნენ გვერდზე, მოკრუნჩხულ მდგომარეობაში, თავით სამხრეთ-დასავლეთისკენ. სამარხეული ინვენტარი შედგება დოქების, ჯამების, რკინის სამაჯურების, დანებისა და შუბისპირისაგან. ბ. კუფტინი სამარხებს რომაული ან პართიული ხანით ათარიღებდა (კუფტინი 1941: 24). ძეგლი ძვ. წ. V-IV სს-ით გადაათარიღა ი. გაგოშიძემ (გაგოშიძე 1982: 57-59).

    თრიალეთის ახალქალაქში ორი ეკლესიაა. სოფელში, მდ. ხრამის ღრმა ხეობის ნაპირზე დგას წმიდა გიორგის გუმბათიანი ეკლესია. გეგმით ის თავისუფალი ჯვრის ტიპს წარმოადგენს. ტაძრის კედლების შიგა პირი უსწორმასწორო ქვითაა ნაგები, თლილი ქვითაა გამოყვანილი მთავარი მზიდავი კონსტრუქციები. გარედან შენობა თლილი ქვის პერანგითაა შემოსილი. საკურთხეველში შემორჩენილია ფრესკის უმნიშვნელო ფრაგმენტი. ფასადის სამხრეთ მონაკვეთში, მთავარი შესასვლელის არქიტრავზე ამოჭრილია ქტიტორის წარწერა: „მადლითა ღმრთისაითა ქრისტე ადიდე რატ ერისთავთ ერისთავი“. აღმოსავლეთ ფასადზე გაჭრილი სარკმლის ჩარჩო მოჩუქურთმებულია და აქაც წარწერაა: „ქრისტე ადიდე რატ ერისთავთ ერისთავი“. აღმოსავლეთ ფასადზე ამოკვეთილია მელქისედეკ კათოლიკოსის პილიგრიმული წარწერა: „ქრისტე შეიწყალე მელქისედეკ და შვილნი“ (ქართ. წარწ. კორ. 1980: 245). თარიღდება X ს-ის მეორე ნახევრით (რჩეულიშვილი 1971: 111-126).

    მეორე ეკლესია, მარიამ ღვთისმშობლის სახელზეა აგებული. უგუმბათოა. XIX ს-ში გადაუკეთებიათ და წარწერებიც დაუზიანებიათ. ექ. თაყაიშვილმა ეკლესიის მახლობლად დაგდებულ ქვაზე მოახერხა ამოეკითხა: „სახელითა ღმრთისაითა ... ჩვენ ახალქალაქელთა ...“ (თაყაიშვილი 1913). ამავე ეკლესიაზე ფრაგმენტების სახით იკითხება რატ ერისთავთ ერისთავის სახელი (რჩეულიშვილი 1972: 73; ქართ. წარწ. კორ. 1980: 246, 247).
     
    ბიბლიოგრაფია: აფრასიძე 1983: 32-34; ბაგრატიონი 1986: 48; ბაქრაძე 1959: 55-77; ბერძენიშვილი 1979: 57, 130; გაგოშიძე 1982: 57-59; გვასალია 1983: 133; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 6; თაყაიშვილი 1913; კუფტინი 1941: 24; მელიქსეთ-ბეგი 1938: 54; რჩეულიშვილი 1971: 11-126; 1972: 69-77; ქც 4: 319,3; 320,8; 321,18,19; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 246, 247; ქართ. წარწ. კორ. 1980: 246-247.
    Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9