ქა ქე ქვ ქო ქს ქუ ქც
ქალ ქან ქაო ქარ

ქალაქა

დაბა (ქც 4: 645,18).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 645,18), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1964: 61).

ვახუშტი ბაგრატიონი ქალაქას შესახებ გადმოგვცემს: „კასრის კარს ზეით მოერთვის, ქვემო ზრამაგას, ჟღელის ხეობის წყალი დასავლეთიდამ ... არს ხეობა ესე შენობიან-დაბნებიანი. აქა არს ქალაქას დაბას წყარო დიდი“ (ქც 4: 645,11-18).

მდებარეობს ჯავის მუნიც-ში, მდ. მამისონისწყლის (ჟღელის ხევის) ხეობაში. მსგავსი სახელის მქონე დასახლებული პუნქტები ცნობილია ზემო რაჭაში, სოფ. გლოლასთან – ზედა ქალაქი (გამრეკელი 1963: 96); მდ. ქსნის ზემო წელზე, ჭურთის (ჟამურის) ხეობაში XVIII ს-ში დამოწმებულია სოფ. ქალაქა (გიულდენშტედტი 1962: 275); მდ. დიდი ლიახვის ზემო წელზე, მაღრან-დვალეთში სოფ. ედისის მახლობლად ნაქალაქარი ქალაქა (კუფტინი 1949: 40); დუშეთის მუნიც-ში, ხადას ხეობაში ცნობილია ნასოფლარი ქალაქეთი (გვასალია 1983: 37, 39, 40); კახეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დიდოეთში, სოფელი თლიადალი ცნობილია ქალაქის სახელით (ბაგრატიონი 1986: 73).

XVIII ს-ში დაბა ქალაქა შედიოდა ისტორიული დვალეთის შემადგენლობაში.

1974 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა და ჩრდილოეთ ოსეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ვ. კუზნეცოვი) ჩაატარა დაზვერვები ისტორიული დვალეთის ტერიტორიაზე. ჟღელის ხეობის ქალაქაში დადასტურდა სხვადასხვა ნაგებობის ნანგრევები. აქვე დგას სალოცავი (ძლევის ჯვარი – გამრეკელი 1963: 97), რომელიც აგებულია ფიქალის, რიყისა და ტუფის ქვებისაგან. წყობა მშრალია. შემორჩენილია აღმოსავლეთის კედელი ორი ნიშით, რომელთა ქვევით ჩადგმულ ფიქალის ფილებზე შემორჩენილია ასომთავრულითა და ნუსხურით შესრულებული წარწერების ფრაგმენტები. ერთი მოსაზრებით, ეს წარწერები თარიღდება XIII-XIV სს-ით (ღამბაშიძე 1976: 99), მეორე მოსაზრებით – XVIII ს-ით (გამრეკელი 1963: 95-103).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 73; გამრეკელი 1963: 91-104; გვასალია 1983: 37, 39, 40; გიულდენშტედტი 1962: 275; 1964: 61; კუფტინი 1949: 40; ქც 4: 645,18; ღამბაშიძე 1976: 98-100.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9