(ქც 4: 359,7,8; 360,4,7; ქც 2: 443,15). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: „ძეგლი ერისთავთა“ (ძე 1954: 347), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 359,7,8; 360,4,7), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ მეორე ტექსტი (ქც 2: 443,15).
მდებარეობს ახალგორის მუნიც-ში, მდ. ქსნის კლდოვან კონცხზე – იქ, სადაც ოხირისხევი მდ. ქსანს უერთდება.
ვახუშტი ბაგრატიონი ქარჩოხის შესახებ გადმოგვცემს: ცხრაზმის ხევის „ზეით, ჩდილოთკენ, არს ციხე ქარჩოხისა, ქსნის პირსა ზედა, ლომისიდამ ჩამოსულს კლდესა ზედა. უდის სამხრით კსანი და აღმოსავლით ხევი, ლომისის მთის გამომდინარე, და აღვალს აქედამ გზა ლომისის ეკლესიისა თანა და შთავალს მთიულეთს“ (ქც 4: 360,3-7).
აქ უძველესი დროიდან გადადიოდა გზები მთიულეთიდან ქსნის ხეობაში, რამაც განაპირობა ციხესიმაგრის დაარსება (მაკალათია 1968: 58). XIV ს-ის დასაწყისში მეფე დავით VIII-მ (1293-1311) შალვა ქსნის ერისთავის წინააღმდეგ ლაშქრობისას სცადა ქარჩოხის ციხის აღება, მაგრამ უშედეგოდ (ქც 2: 443,15). XVIII ს-ის დასასრულს, ქსნის საერისთავოს გაუქმების შემდეგ, ქარჩოხის ციხე ერეკლე II-ის შვილს, იულონს გადაეცა (სინ 1973: 681). ქარჩოხის ციხის კომპლექსში თავდაპირველია ადრეული შუა საუკუნეების ზურგიანი კოშკი და უაფსიდო ბაზილიკური ეკლესია, ხოლო გალავანი და რეკონსტრუირებული კოშკი ზოგადად გვიან შუა საუკუნეებს მიეკუთვნება (ზაქარაია 1950: 73).
ქარჩოხის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
- ბიბლიოგრაფია: გვასალია 1970: 16; ზაქარაია 1950: 73; მაკალათია 1968: 58; სინ 1973: 681; ქც 2: 443,15; ქც 4: 359,7,8; 360,4,7; ძე 1954: 347.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.