ქა ქე ქვ ქო ქს ქუ ქც
ქედ

ქედა

დაბა (ქც 4: 676,14,სქ.1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 676,14,სქ.1), გვიანი შუა საუკუნეების ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 220).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, „ჭოროხს მოერთვის აჭარის წყალი... ამ წყლისა კიდეზედ ამ ხეობის საშუალს, არს მცირე ქალაქის მზგავსი დაბა, ქედა. მოსახლენი არიან ვაჭარნი“ (ქც 4: 676,11-14).

მდებარეობს მდ. აჭარისწყლის ორივე ნაპირზე, თანამედროვე დაბა ქედის ტერიტორიაზე.

ქედა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

2001 წ. ბათუმის ნ.ბერძენიშვილის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. შ. მამულაძე) ქედას ჩრდილოეთით მიმდებარე სოფ. ზენდიდში შეისწავლა ბეჟანიძეების საგვარეულო ციხე, რომელიც გვიან შუა საუკუნეებშია აგებული. ციხიდან ჩრდილო-დასავლეთით გაითხარა დარბაზული ტიპის მცირე ეკლესია და ეკლესიის გარშემო არსებული განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების ორმოსამარხები. სამარხეულ ინვენტარს ძირითადად შეადგენს მოჭიქული და სადა კერამიკა, იშვიათია მინისა (სასმისი) და ლითონის (ბრინჯაოს სამაჯური, რკინის ჯვარი) ნივთები. სოფლის ტერიტორიაზე აღმოჩნდა შუა საუკუნეების მარანი. ექსპედიციამ დაზვერვითი ხასიათის გათხრები აწარმოა გულების, ძენწმანის, ცივასულას ციხეებზე, სოფ. ზვარეში და სხვ.
 
ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1987: 35; თაყაიშვილი 1907: 26-28; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 200; სახოკია 1985: 308-311; ქც 4: 676,14,სქ.1.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9