ქა ქე ქვ ქო ქს ქუ ქც
ქვა ქვე ქვი

ქვათახევი

ქუაბთახევი, მონასტერი (ქც 4: 340,13, 14).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 267,25; 340,13,14; 341,2), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 328,30,31; 452,25; 453,7), XIII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 35, 43, 78, 79, 261; 1970ა: 215; 1985: 829, 830; ისტ. საბ. 1913: 10, 20-24, 29-31, 46; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 6, 7; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 221, 222; საქ. სიძ. 1910: 412; 1920: 156; ქრონიკები 1967: 437-439), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 131).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „ნიჩბისის დასავლით ხევი კავთისა. გამოსდის დიდგორს, დის ჩდილოთ, ერთვის მტკუარს სამხრიდამ. ქვათახევამდე ვენახოვანი, ხილიანი. ქვათახევს არს მონასტერი ყოვლადწმიდისა, გუმბათიანი, შუენიერნაშენი. ზის არქიმანდრიტი. და არს ადგილი შემკული, ზაფხულს გრილი, წყაროიანი; ზამთარ თბილი“ (ქც 4: 340,12-16).

მდებარეობს კასპის მუნიც-ში, სოფ. წინარეხის სამხრეთით 5 კმ-ის დაშორებით, მდ. კავთურას მარცხენა ნაპირზე.

ქვათახევი, ქუაბთახევი სხვა წყაროებში იხსენიება ქოთახევის (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 6, 7), ქუათახევის სახელით (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 221, 222). 1400 წ. გაზაფხულზე თემურ-ლენგმა გადაწვა ქვათახევის დედათა მონასტერი. 1600 წ. ქვათახევის მონასტერმა დიდი რაოდენობის ძვირფასი ნივთები გაიღო ქართლის მეფის, სვიმონ I-ის (1556-1569, 1578-1600) თურქთა ტყვეობიდან გამოსასყიდად.

ქვათახევის მონასტერი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

მონასტრის კომპლექსში შედის: გალავნით გარშემორტყმული ღვთისმშობლის ტაძარი (55,4X59,2 მ), სამრეკლო, სატრაპეზო, საცხოვრებელი სენაკები და კოშკი. ღვთისმშობლის გუმბათიანი ტაძარი (20,7X13,5 მ) თარიღდება XII-XIII სს-ის მიჯნით. ნაგებია ფლეთილი ქვით. ფასადები მოპირკეთებულია ქვათლილებით. აფსიდა ნახევარწრიულია. ფასადები და კარ-სარკმლის საპირეები მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. სამხრეთის კარი ეკლესიის თანადროულია, ხოლო დასავლეთისა XVII ს-ის მეორე ნახევარში მიუშენებია წინამძღვარ ნიკოლოზ ჩხეიძეს. ფლეთილი ქვით ნაგები სატრაპეზო (6,7X10,2 მ) დგას გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. 1872 წ. ქვათლილებით ნაგები, გეგმით ხუთწახნაგა სამრეკლო ტაძრის დასავლეთით, ორიოდე მეტრზეა. კოშკი ტაძრის სამხრეთით გალავანშია ჩართული. ნაგებია ფლეთილი ქვებით (ბერიძე 1974: 153; ზაქარაია 1978: 41-75).
 
ბიბლიოგრაფია: ბერიძე 1974: 153; დადიანი 1962: 131; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 6, 7; ზაქარაია 1978: 41-75; ისტ. საბ. 1913: 10, 20-24, 29-31, 46; მაკალათია 1960; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 221, 222; მელიქსეთ-ბეგი 1925: 129-145; საქართველოს სამოთხე 1882; საქ. სიძ. 1910: 412; 1920: 156; სევეროვი 1947: 47-49; ქრონიკები 1967: ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 35, 43, 78, 79, 261; 1970ა: 215; 1985: 829, 830; 437-439; ქც 2: 328,30,31; 452,25; 453,7; ქც 4: 267,25; 340,13,14; 341,2; ხახანოვი 1898: 61.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9