ქა ქე ქვ ქო ქს ქუ ქც
ქვა ქვე ქვი

ქვახვრელი 

სოფელი (ქც 1: 272,17, 307,8).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: მატიანე ქართლისა (ქც 1: 272,17, 307,8), ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომზე „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ დართული სოფლების სია (ბაგრატიონი 1941: 198), „ცხოვრება საქარველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 68), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 31), XV, და XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (სასისხლო სიგელების ... 1924: 30; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 151; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 993; 1972: 436; 1977: 179, 180, 229, 607; 1981: 696, 779; სიმონ მეფის არზა ... 1980: 161; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 75, 79), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 273).

მდებარეობს გორის მუნიც-ში, ქ. გორიდან აღმოსავლეთით 8 კმ-ის დაშორებით, მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, დღევანდელ სოფ. ქვახვრელთან.

წყაროებში პირველად იხსენიება 975 წლისთვის, ქართლის ერისთავ იოანე მარუშის ძის მიერ დავით კურაპალატისათვის უფლისციხის გადაცემასთან დაკავშირებით (ქც 1: 272,8-19). 1064 წ. ბაგრატ IV-ის (1027-1072) ბრძანებით შეიპყრეს კვირიკე სომეხთა მეფე და მისი ძმა სუმბატი. როცა ამის შესახებ ბაგრატს შეატყობინეს, იგი ქვახვრელში გადასულა. ტყვეები მეფისათვის კლდეკართან მოუგვრიათ (ქც 1: 307,1-9). ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს (1478-1505) ზაზა ფანასკერტელისა და მისი შვილებისათვის უბოძებია ქვახვრელი, უფლისციხე და კარალეთი თავისი მამულებით (სასისხლო სიგელების ... 1924: 30).

ქვახვრელი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

1978 წ. ქვახვრელის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა ვერცხლის მონეტების (დირჰემების) განძი, რომლიდანაც 10 მონეტა ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მოხვდა. დანარჩენი მონეტები დაიკარგა. 1027 წ. მოჭრილი მონეტები ეკუთვნოდა თბილისის ამირა ალი იბნ ჯაფარს (ანთაძე 1986: 122-124).

ნასოფლარის ტერიტორიაზე შემორჩენილია ქვიშაქვის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, რომელიც მოიცავს: სამრეკლოს, დერეფნებს, ეკლესიასა და ერდოიან სადგომებს. სამრეკლო, რომელიც კომპლექსის შესასვლელზე მოგვიანებითაა მიშენებული, არაწესიერი სწორკუთხედის ფორმისაა (4,2X2,7X4,6 მ). ნაგებია კლდის ფლეთილი ქვით კირხსნარზე. აქვს თაღოვანი შესასვლელი. ნაგებობა დასრულებულია გუმბათით. სამრეკლო უკავშირდება (I) დერეფანს(19X2X2,5 მ), რომლის აღმოსავლეთი კედლის ცენტრში ეკლესიის შესასვლელია. მოპირდაპირე მხარეს გამოკვეთილია რამდენიმე საფეხურით ამაღლებული ერდოიანი სადგომი, რომელიც, თავის მხრით, უკავშირდება ღია (III)დერეფანს. I დერეფნის ბოლოს, მარცხნივ, მიემართება II დერეფანი, რომელიც დამხმარე სადგომებს უერთდება. III დერეფანი დანარჩენ ორს უკავშირდება მათი გადაკვეთის ადგილთან. ეკლესია კომპლექსის სხვა სადგომებთან შედარებით დიდია (10X4,5X7,6 მ). მისი ერთი კარი ჩრდილოეთი კედლის შუა ნიშშია და წარმოადგენს დარბაზის განათების ძირითად წყაროს. მეორე სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია. აფსიდი ნახევარწრიულია. საკურთხეველი იატაკის დონიდან შემაღლებულია 1 მ-ით. საკურთხეველში ორი თაღოვანი გასასვლელია. საკურთხეველი კანკელით ყოფილა გამოყოფილი. ეკლესიის კედლები დანაწევრებულია თაღოვანი ნიშებით. დამხმარე სადგომებიდან ერთი სწორკუთხაა. მის ცენტრში მოწყობილია პატარა საკურთხეველი. გადახურვა ბრტყელია. ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ გამოკვეთილია წრიული მოყვანილობის ერდოიანი სადგომი, რომელიც გადახურულია გუმბათოვანი კამარით. დასავლეთით კიდევ ერთი ერდოიანი დაუმთავრებელი სადგომია. კლდეში ნაკვეთი კომპლექსი ადრე შუა საუკუნეების ძეგლია, რომელიც შემდგომში არაერთხელ გადაუკეთებიათ (ჩუბინაშვილი1961: 19; სძა1990: 113, 114).

კლდეში ნაკვეთი კომპლექსის ირგვლივ შეინიშნება გვიანი შუა საუკუნეების სამარხები. ნასოფლარის აღმოსავლეთით, შემაღლებულ ბორცვზე, რიყის ქვით კირხსნარზე ნაგები XVIII ს-ის დასაწყისის პატარა დარბაზული ეკლესიაა. საკურთხევლის კედლის ქვაზე ამოკვეთილი მხედრული წარწერა გვაუწყებს, რომ ეკლესიის მშენებლობა 1716 წლის 1 აპრილს დასრულებულა. წარწერა იმითაა საინტერესო, რომ მასში ქვახვრელის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი მონასტრადაა მოხსენიებული.
 
ბიბლიოგრაფია: ალექსიძე 1984: 14; ანთაძე 1986: 122-124; ბაგრატიონი 1941: 198; ბაგრატიონი 1986: 31; გიულდენშტედტი 1962: 273; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 151; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 75, 79; მაისურაძე 1998: 15-20; მელიქსეთ-ბეგი 1918: 216-218; მურადიანი 1985: 77; პანტუხოვი 1896: 34; სასისხლო სიგელების ... 1924: 30; სძა 1990: 113, 114; სიმონ მეფის არზა ... 1980: 152-166; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 993; 1972: 436; 1977: 179, 180, 229, 607; 1981: 696, 779; ქც 1: 272,17; 307,8; ცხოვრება ... 1980: 68; ხახუტაიშვილი 1966: 155; ჩუბინაშვილი1961: 19 ; ჯანაშვილი 1910: №88.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9