ქა ქე ქვ ქო ქს ქუ ქც
ქობ ქოზ

ქობულეთი 

მცირე ქალაქი (ქც 4: 792,5).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 792,5), დონ ქრისტოფორო დე კასტელის „ცნობები და ალბომი საქართველოს შესახებ“ (კასტელი 1976: 117, 147, 171), ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 259, 262), ლიხთ-იმერეთის 1737 წ. რუკა (ბურჯანაძე 1959: 196), ქართული ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1967: 490, 492, 517).

მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, მდ. კინტრიშის შესართავთან, დღევანდელი ქ. ქობულეთის ადგილზე.

ვახუშტი ბაგრატიონი ქობულეთის შესახებ გადმოგვცემს: „კუალად ალამბრისა და აჭვის სამხრით დის მდინარე ქობულეთისა ... მიერთვის ზღუასა ეგრეთვე. ზღვის პირს ამ წყალზედ არს ქობულეთი, მცირე ქალაქსავით და ნავსადგური ფრიად კეთილი“ (ქც 4: 792,2-5).

არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, წინარე ანტიკურ და ანტიკურ ხანაში იქ მნიშვნელოვანი დასახლებები უნდა ყოფილიყო. შუა საუკუნეებში ქობულეთი შედიოდა გურიის სამთავროში. 1723 წ. ის ოსმალებმა დაიპყრეს და იქ თავისი გარნიზონი ჩააყენეს. ქობულეთის მხარე თავდგირიძეების საგვარეულოს ეკუთვნოდა. 1784 წ. იმერეთის მეფე სოლომონ I-მა ქობულეთი ოსმალთაგან გაათავისუფლა. შემდგომ ოსმალებმა ქობულეთი კვლავ დაიპყრეს. ხოლო 1878 წ. მოხდა მისი საბოლოო გათავისუფლება.

ქობულეთ-ფიჭვნარის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1953 წლიდან. 1953-1965 წწ. იქ მუშაობდა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიცია ნ. ხოშტარიას, ა. ინაიშვილის, ი. გძელიშვილის, და დ. ხახუტაიშვილის ხელმძღვანელობით; 1965 წლიდან – ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, შემდგომ ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ექსპედიცია ა.კახიძის ხელმძღვანელობით.

დღევანდელი ქობულეთის ტერიტორიაზე, ყველაზე ძველი არქეოლოგიური ძეგლები, მის ჩრდილოეთ ნაწილში, ფიჭვნარში, მდინარეების ჩოლოქისა და ოჩხამურის ხერთვისთან აღმოჩნდა. იქ ნამოსახლარების ნაშთები გაითხარა თიხა-ტორფიან მონაკვეთში, სადაც განლაგებულია ბორცვები. მათგან არქეოლოგიურად შესწავლილია ნამჭედურის, ნაპურვალას, ისპანის ბორცვები და ზღვისპირა ტერასის დიუნური სამოსახლოები.

ისპანის ნამოსახლარის ქვედა ფენაში გამოვლენილია ძელური ნაგებობების ნაშთები. ნასახლარზე შემორჩენილია კერა, რომელთანაც აღმოჩნდა: თხილის, რკოს, წაბლისა და წიწიბოს ნაშთები. იქვე აღმოჩნდა ყუამილიანი ცულის ყალიბი; მეტალურგიული ქურის საქშენი მილი; თიხისაგან ნაძერწი ადამიანის გამოსახულება. ნამოსახლარზე აღმოჩენილია ქვის იარაღები: ხელსაფქვავები, ფილთაქვები, შურდულის ქვები, საწაფები, ცულები, როდინები და სხვ. იქვე გვხვდება: კაჟის ისრისპირები, ნამგლის ჩასართები და მრავალნაირი ანატკეცები. დიდი რაოდენობითაა გამოვლენილი ხელით ნაძერწი ქარსის მინარევიანი კერამიკა: ქოთნები, ჯამები, დერგები. ისინი შემკულია ამოღარული, აგრეთვე, რელიეფური ორნამენტით. გვხვდება შავპრიალა კერამიკაც, რომელიც გეომეტრიული ორნამენტითაა შემკული. ნამოსახლარი თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრით (ინაიშვილი 1977: 5-15). ისპანის არქეოლოგიური მასალა ინახება ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ფონდებში.

ფიჭვნარის ძეგლებიდან აღსანიშნავია ნამჭედურის ნამოსახლარი, სადაც აღმოჩენილია ადრე, შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური მასალა; ადრეული რკინისა და ანტიკური ხანის სამოსახლოს ნაშთები. ნამოსახლარი განლაგებულია დაახლ. 5 მ სიმაღლის ბორცვზე. მას გაბატონებული მდგომარეობა უკავია მახლობლად მდებარე სხვა მცირე გორანამოსახლარებზე. ნამოსახლარის ქვედა ფენაში აღმოჩნდა: კაჟის ისრისპირები, სადგრები, ჯამები, ქოთნები, კოჭბები, დერგები და სხვ. გამოვლინდა ღარებით, წიწვოვანი ჭდეებითა და გეომეტრიული ხაზებით (სამკუთხედები, რომბული ბადე და სხვ.) შემკული ე. წ. ზოომორფულყურებიანი კერამიკაც. ნამოსახლარის შუა ფენაში აღმოჩნდა კოლხეთისათვის დამახასიათებელი ორნამენტით შემკული ქვევრების, დერგების, ქოთნების, ჯამების ნატეხები. აქვეა აღმოჩენილი თიხის მილები, ლითონის ზოდები, წიდები. მრავლადაა ნანახი საწაფების, ხელსაფქვავების, კვირისტავების ფრაგმენტები (მიქელაძე, ხახუტაიშვილი 1985: 9-31).

ფიჭვნარის ტერიტორიაზევე, მდ. ჩოლოქის მარცხენა ნაპირზე, გაითხარა ე. წ. „ჩოლოქის მეორე თხრილი“, სადაც აღმოჩნდა გვიანბრინჯაო-ადრეული რკინის ხანისა და ანტიკური პერიოდის ფენები, ძელური ნაგებობების ნაშთებით. კერამიკული ნაწარმიდან აღსანიშნავია: ქოთნების, ჯამების, დერგების ნატეხები. ქვედა ფენის კერამიკა მოშავოა და ახასიათებს ზედაპირის კოპებით შემკობა. შუა ფენაშიც ასეთივე კერამიკაა, ოღონდ ისინი შემკულია კონცენტრული წრეებით, წიწვოვანი, ტალღოვანი და ზიგზაგისებური ორნამენტით. ადრეული რკინის ხანის დასაწყისისათვის ჩნდება ჭურჭლის ახალი ფორმები, რომლებსაც ე. წ. ზოომორფული ყურები აქვთ. ოსტეოლოგიური მასალა წარმოდგენილია ძროხის, ღორის, თხის, ცხვრისა და დელფინის ძვლებით. იქვეა ნაპოვნი შურდულის ქვები, კაჟის ისრისპირები, საწაფები. აღმოჩნდა აგრეთვე ცულის ყალიბები, რქიანი სადგრები და სხვა (ჩავლეიშვილი 1987: 21-32).

ნამჭედურის ნამოსახლარიდან 800 მ-ის დაშორებით, ზღვის სანაპიროზე, დაახლ. 2 კმ-ზე, ტერასაზე განლაგებულია ე. წ. „ქსოვილიანი კერამიკის“ შემცველი ზღვისპირა ქვიშნარ დიუნებზე განლაგებული ძვ. წ. VIII-VII სს-ის სადგომები, სადაც აღმოჩნდა: ქოთნები, კოჭბები, ქილები, დერგები, ცილინდრული სასმისები. კერამიკა შემკულია ამოღარული სარტყლებით, პრიალა ზოლებით, კოპებითა და ე. წ. ზოომორფული ყურებით. იქვე გვხვდება ყურმილიანი დოქები და თიხის შვერილებიანი სადგრებიც. ნამოსახლარზე აღმოჩნდა ლითონის წარმოების ნაშთებიც (რამიშვილი 1974ა: 104-111).

ქობულეთიდან აღმოსავლეთით, სოფ. ხუცუბანში, მდ. კინტრიშის შენაკად ურიის ღელესთან, გაითხარა გვიანდელი ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანის 8 ორმოსამარხი. სამარხებში აღმოჩნდა: რკინის შუბისპირი, სატევრისპირი, მახვილი, ფიბულა; ბრინჯაოს ცული, სეგმენტური იარაღი, სამაჯური, ბალთა, რგოლები, კაჟის ისრისპირები, კერამიკის ნატეხები, გიშრისა და სარდიონის მძივები (იოსელიანი 1973: 110-112).

სოფ. ხუცუბნის მიდამოებიდან ცნობილია შემთხვევითი აღმოჩენები: ბრინჯაოს ცულები, სატევრები, მახვილყუიანი ცული, ისრისპირი, ფიბულები, ბალთა, საკინძები, ონიქსის, სარდიონისა და მინის მძივები (რამიშვილი 1974: 17-20). ნივთები ინახება აჭარის სახელმწიფო და საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

ქობულეთ-ფიჭვნარის ანტიკური ხანის ქალაქური ტიპის ნამოსახლარი განლაგებულია ზღვიდან დაახლ. 700 მ-ზე. ჩრდილოეთით მას ჩამოუდის მდ. ჩოლოქი, აღმოსავლეთით საზღვრავს ისპანის ტორფიანი დაბლობი. ქალაქური ტიპის ამ ნამოსახლარის ძირითადი უბანი უნდა ყოფილიყო ბორცვი „ნამჭედური“, რომლის გარშემო აღმოჩენილია სამოსახლო უბნების მთელი წყება. არქეოლოგიურად შესწავლილ მონაკვეთებში შეიმჩნევა შემდეგი სტრატიგრაფია: I. ჰუმუსური ფენა დაახლ. 25 სმ სიმძლავრის; II. თიხნარი ფენა დაახლ. 40 სმ სიმძლავრის, სადაც გამოვლინდა ელინისტური ხანის არქეოლოგიური მასალა კრამიტები, ამფორები, ქვევრები, საწაფები და სხვ. III. ადრეანტიკური ხანის ფენა, სადაც აღმოჩნდა – ქვევრების, კვირისტავების, პირამიდული საწაფების, ხელსაფქვავების, ფერადი მინის, შავლაკიანი ჭურჭლის, ამფორების (ადგილობრივი და იმპორტული) ნატეხები. იქვე აღმოჩნდა ძელებიანი ნაგებობებისა და ბათქაშების ფრაგმენტები; IV. წინარე ანტიკური ხანის ფენაზე უკვე გვქონდა საუბარი ნამჭედურის ადრეული რკინის ხანის სამოსახლოს განხილვისას (კახიძე 1971: 36, 37).

ფიჭვნარის ნამოსახლარის III უბნად ითვლება ნამჭედურიდან ჩრდილო-დასავლეთით, მდ. ოჩხამურის მარცხენა მხარეს მდებარე ბორცვი „ნაპურვალა“, სადაც წარმოდგენილია წინარეანტიკური, ანტიკური და ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური მონაცემები. ბორცვი „ნაპურვალა“ ზედაპირულადაა შესწავლილი, ხოლო მის სამხრეთით გამოვლენილია ადრეელინისტური ხანის სამაროვანი. „ნაპურვალადან“ სამხრეთ-დასავლეთით IV უბანია, სადაც ადრეანტიკური ხანის ბერძნული სამაროვანი გაითხარა (კახიძე 1971: 39).

ფიჭვნარის ნაქალაქარზე ძირითადი საშენი მასალა ხის ძელებია, რომლებიც ბათქაშით იყო შელესილი. ნაქალაქარზე მცირე რაოდენობითაა აღმოჩენილი კრამიტები. იქ გვხვდება როგორც ადგილობრივი, ისე სინოპური ნაწარმი. გამოვლენილია აგრეთვე თიხის მილები; საკულტო დანიშნულების თიხის რქისებური სადგრები; თიხის პირამიდული საწაფები; თიხის კვირისტავები და სხვ. ადგილობრივი კერამიკული ნაწარმიდან აღმოჩნდა: კოლხური ქვევრები, ქოთნები, დოქები, სასმისები, კოჭობები, თასები, ლანგრები, ჯამები, ყურმილიანი დოქები. იმპორტული ნაწარმიდან აღსანიშნავია: იონური კერამიკა (თასები, კილიკები, სკიფოსები, ლეკითოსები, ლანგრები და სხვ.). სამოსახლოზე დიდი რაოდენობით გამოვლინდა ათენიდან შემოტანილი სადა შავლაკიანი კერამიკისა და მოხატული ჭურჭლის ფრაგმენტები. არის წითელლაკიანი და წითელფიგურული ჭურჭელიც (კახიძე 1971: 80-109).

ნაქალაქარზე აღმოჩნდა: ე. წ. კოლხური თეთრი; აგრეთვე ქ. ქიზიკში, სინოპსა და ამისოში მოჭრილი მონეტები; ალექსანდრე მაკედონელის სტატერების მინაბაძები და სხვ. (კახიძე 1971: 116-140). ნაქალაქარზე ჯერ კიდევ 1948 წ. აღმოჩნდა ძვ. წ. IV ს-ის მონეტების განძი, რომლიდანაც 102 მონეტა სინოპური დრაქმაა, 58 – კოლხური ნახევარდრაქმა (გოლენკო 1961: 105-108).

ფიჭვნარში „ნაპურვალასთან“ გაითხარა ძვ. წ. V ს-ის კოლხური სამაროვანი. ორმოსამარხების ფართობი დაახლ. 2,6X1,6 მ-ია. მიცვალებულები დაუკრძალავთ მოხრილ მდგომარეობაში. სამარხეული ინვენტარის დიდი ნაწილი კერამიკაა. მათი უმრავლესობა ადგილობრივი ნაწარმია (ჯამები, მათარები, ყურმილიანი დოქები, კოლხური სასმისები, ქოთნები, კანთაროსისებური ჭურჭლები და სხვ.). იმპორტული ნაწარმიდან აღსანიშნავია: ამფორები (თაზოსური, ქიოსური და სხვ.); ლეკითოსები (ხშირად წითლად მოხატული), შავლაკიანი კილიკები, სკიფოსები და სხვ. სამარხებში აღმოჩენილია კოლხური თეთრები (ტრიობოლები) და ერთი სინოპური დრაქმა. სამარხებში გვხვდება სხვადასხვა ფორმის მინის მძივები. ოქროს სამკაული მცირე რაოდენობითაა აღმოჩენილი. ესენია: რგოლები, საყურეები, მძივები. გვხვდება ვერცხლის სხივანა საყურეები; კისრის რკალები; ბრინჯაოს ზარაკები; საყურეები, ფიბულები, ბალთები; რკინის ნივთებიდან აღმოჩნდა: ლურსმნები, ისრისპირები, დანები და სხვ. (კახიძე 1981: 34-58).

ფიჭვნარის ძვ. წ. V ს-ის ბერძენ მოახალშენეთა სამაროვანი მდებარეობს IV უბნის დასავლეთ მონაკვეთზე. ორმოსამარხები განლაგებულია ქვიშის ფენაში, ზედაპირიდან დაახლ. 60 სმ სიღრმეზე. სანიმუშოდ აღვწერთ I სამარხს, რომლის ზომებია 5X3 მ. მასში აღმოჩნდა: 4 ქიოსური ამფორა, შავლაკიანი ჭურჭლები – ჯამი, მეორე ჯამი, ცენტრში პალმეტებით, ცალყურა თასი, გრაფიტოიანი სამარილე, ამფორისკი, 3 კოტილა; წითელფიგურული კრატერი (სიმაღლე 49,5 სმ), რომლის ერთ-ერთ ფრიზზე თეზევსის მიერ ელენეს მოტაცების სცენაა აღბეჭდილი; წითელფიგურული ასკოსი, ბრინჯაოს ოინოხოია, ჩამჩა, საწური; რკინის ლურსმნები, ვერცხლის პატარა რგოლი.

სხვა სამარხებიდან მომდინარე მასალიდან აღსანიშნავია: ოქროს საყურეები, შავლაკიანი ლეკითოსები, არიბალოსები, სამარილეები, ამფორისკები; ყურმილიანი დოქები; თაზოსური ამფორები; ვერცხლის თასი, ფინიკიური მინის ამფორისკები; მძივები; რკინის ლურსმნები; ბრინჯაოს ზარაკები; სამაჯურები; პანტიკაპეონის მონეტა და სხვა (კახიძე 1975: 11-82).

ქობულეთ-ფიჭვნარში „ნაპურვალას“ (III უბანი) ანტიკური ხანის ფენების ზემოთ გამოვლინდა ადრეული შუა საუკუნეების ფენაც, სადაც აღმოჩნდა ქვის ნაგებობის ნაშთები (12X12 მ). წყობაში გამოყენებულია რიყისა და ფლეთილი ქვა, კირხსნარზე. იატაკზე მოსხმულია ჰიდრავლიკური ხსნარი. ნაგებობასთან ნაპოვნია მარმარილოს ჯვარი, ჯვარცმის სცენის გამოსახულებით. ნაგებობაში აღმოჩნდა მინის საკმევლის ნატეხები. ნაგებობასთან გამოვლინდა თიხის, მინისა და რკინის ნაწარმი. ადგილობრივი კერამიკული ნაწარმი ძირითადად წარმოდგენილია ქვევრებითა და წელშეზნექილი ამფორებით. იმპორტული ნივთებიდან გვხვდება გოფრირებულტანიანი ამფორები, პირგადაშლილი ჯამები, ქოთნები, დოქები, წითელლაკიანი ჯამები, მინის სასმისების ძირები, ე. წ. ხალიანი მინის ნაწარმი და სხვ. სამშენებლო კერამიკიდან გვხვდება ღარიანი და ბრტყელი კრამიტები, აგური. ვარაუდობენ, რომ იქ უნდა მდგარიყო ბაზილიკური ტიპის ნაგებობა (ჩხაიძე 1980: 39-54). ქობულეთ-ფიჭვნარის განათხარი მასალა ინახება ფიჭვნარის არქეოლოგიურ ბაზაზე, ხ. ახვლედიანის სახ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმსა და ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში.
 
ბიბლიოგრაფია: ბურჯანაძე 1959: 177-198; გოლენკო 1961: 203-215; ვაშაკიძე, კახიძე 1978: 42-56; ინაიშვილი 1977: 54-85; იოსელიანი 1973: 110-120; კასტელი 1976: 117, 147, 171; კახიძე 1965: 67-93; 1971; 1971ა; 1974: 49-101; 1975; 1981; 1985: 53-62; 1987: 47-49; კახიძე, ვაშაკიძე 1977: 25-51; მიქელაძე, ხახუტაიშვილი 1985; რამიშვილი 1964: 119-125; 1974:104-111; ქრონიკები 1967: 490, 492, 517; ქც 4: 792,5; შარდენი 1975: 259, 262; ჩავლეიშვილი 1987: 21-33; ჩხაიძე 1980: 39-54; ხახუტაიშვილი 1987.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9