(ქც 4: 352,12; 506,9). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 352,12; 506,9), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 43), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 34), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 548; 1974: 202), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 51, 53, 275; 1964: 29).
მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, მუხრანის ვაკეზე, მდ. ქსნის მარცხენა ნაპირზე.
გვიან შუა საუკუნეებში წარმოადგენდა სამუხრანბატონოს სოფელს ქსნის საერისთავოს საზღვართან. შედიოდა წილკნელის სამწყსოში (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 548). ქსოვრისზე გადიოდა საქალაქო გზა (მაკალათია 1968: 49). აქ იღებდა სათავეს ე. წ. საგლახაო რუ, რომელიც რწყავდა სარკინეთსა და ციხე ბოდავის მთათა შორის ტერიტორიებს. რუ მოქმედებდა XVIII ს-შიც (ქც 4: 352,12-15). 1723 წ. ქსოვრისში დაბანაკებული ვახტანგ VI აქედან ხელმძღვანელობდა ლეკების წინააღმდეგ ბრძოლას (ქც 4: 506,9,10).
1974 წ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ნასტაკისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ალ. ბოხოჩაძე) დაზვერვების დროს ქსოვრისის მიწებზე მიაკვლია ორ ნამოსახლარს. ნამოსახლარი „გოხები“ დანგრეულია მიწის სამუშაოების შედეგად. იქ აიკრიფა თიხის მოზრდილი ჭურჭლის ნატეხები, რომლებიც ანტიკურ ხანას უნდა განეკუთვნებოდეს. მეორე ნამოსახლარი, რომელიც „ფშუტიანთ ქედზეა“ განლაგებული, მდებარეობს „გოხების“ ჩრდილო-აღმოსავლეთით. „ფშუტიანთ ქედი“ მჭიდროდ უნდა ყოფილიყო დასახლებული. ნასოფლარის მთელ ტერიტორიაზე მიმოფანტულია კრამიტისა და სხვადასხვა კერამიკული ნაწარმის მრავალრიცხოვანი ნატეხი. ნასოფლარი თარიღდება გვიან ანტიკური ხანითა და ადრე შუა საუკუნეებით (ბოხოჩაძე 1976: 69; სძა 1990: 318).
სოფლის ცენტრში მდებარეობს რატიშვილების XVIII ს-ის ციხე-დარბაზი, რომელსაც შემოუყვება ოთხკუთხა გეგმის (30X38 მ) რიყის ქვით დუღაბზე ნაგები გალავანი. საშუალოდ 1 მ სიგანის მქონე კედლების ზედა ნაწილში სათოფურებია. გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეზე მიშენებულია რიყის ქვით ნაგები ოთხსართულიანი ცილინდრული კოშკი (დმ 5 მ). კარისა და სარკმლების ჩარჩოები აგურისაა. კარის თავზე აგურით გამოყვანილია ჩაღრმავებული ჯვარი. სართულშუა გადახურვა თაღოვანი ყოფილა. პირველ სართულზე სამეურნეო დანიშნულების 4 ნიშია. აქვეა ჭაც. მეორე და მესამე სართულებზე გამართულია ბუხრები. მეოთხე სართული საბრძოლო დანიშნულებისაა (მაკალათია 1968: 49; ზაქარაია 1988: 125, 126).
გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩართულია დარბაზული ტიპის (9,8X6,2 მ) აგურით ნაგები ეკლესია. დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან აქვს შესასვლელები. აფსიდა ნახევარწრიულია. გადახურულია საბჯენ თაღზე დამაგრებული შეისრული კამარით. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე გამოყვანილია ჯვარი. სამშენებლო წარწერის მიხედვით, ეკლესია 1712 წ. აუგიათ ზურაბ რატიშვილსა და მის მეუღლე ანა სოლოღაშვილს. რატიშვილების თავდაპირველი სასახლიდან აღარაფერია შემორჩენილი (მაკალათია 1968: 50; ზაქარაია 1988: 126).
ქსოვრისის აღმოსავლეთით 2-3 კმ-ის დაშორებით, მთის ფერდზე აღმართულია VIII-IX სს-ის გუმბათიანი ეკლესია (9,7X10,5 მ). ნაგებია რიყის ქვით. კუთხეებში, კონტრფორსებისა და დეკორატიული ელემენტებისათვის გამოყენებულია კირქვისა და შირიმის ქვათლილები. ეკლესიის დასავლეთი მკლავის სამივე კედელში თითო კარია. საკურთხევლის შვერილ აფსიდში ერთი სარკმელია. თითო სარკმელი აქვს სამკვეთლოსა და სადიაკვნეს. ინტერიერში შემორჩენილია IX-X სს-ის მოხატულობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები. ეკლესია გადაუკეთებიათ XVIII ს-ში. 1952-1954 წწ. რესტავრირებულ იქნა სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო სახელოსნოს მიერ (არქიტ. ვ.ცინცაძე).
ეკლესიასთან ადრე შუა საუკუნეების ნასოფლარია, სადაც შეინიშნება ნაგებობათა ნაშთები, სხვადასხვა დანიშნულების კერამიკის ფრაგმენტები. ნასოფლარის ცენტრში შემორჩენილია მარნის ნანგრევები (სძა 1990: 316-318).
- ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 34; ბოხოჩაძე 1976: 61-70; გიულდენშტედტი 1962: 51, 53, 275; 1964: 29; ზაქარაია 1950: 165-202; 1988: 125, 126; მაკალათია 1968: 47-52; სძა 1990: 316-318; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 548; 1974: 202; ქც 4: 352,12; 506,9; ჩხეიძე 1913: 43.
Source: „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.