ქა ქე ქვ ქო ქს ქუ ქც
ქუე ქუთ ქუმ ქურ

ქუთაისი 

ციხე, ქალაქი (ქც 2: 533,2, 4: 796,22), საყდარი მეფისა (ქც 4: 796,22).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 235,16; 241,9; 242,16), „მატიანე ქართლისა“ (ქც 1: 303,6; 304,13; 313,12; 316,2; 291,5; 295,3), დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“ (ქც 1: 319, 20; 345,16), ჟამთააღმწერელი (ქც 2: 174,13; 179,18; 187,9,18; 229,8; 242,25; 243,12; 250,20; 261,12; 269,7; 293,8), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 359,8; 376,17,23,26; 428,8; 486,20; 532,19,20,28; 533,2), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 124,18; 144,25; 148,16; 152,28; 158,4; 213,29; 257,17; 265,15; 278,21; 285,23; 387,15; 388,20; 415,28,30; 416,3,7; 449,23; 450,5,7; 730,15; 733,19; 761,6,24; 762,5; 773,22; 774,14; 775,11,17; 796,20,22,23; 799,19; 800,14; 803,12,18; 806,5,25; 808,15,23,24,26; 809,3; 810,11; 812,30; 817,23; 820,2; 821,7,22; 822,2,12; 823,2; 824,4; 825,1,18; 828,2; 829,6,12; 832,4; 833,7; 834,11,25; 835,21; 836,10,25; 838,21; 840,8,27; 867,22; 868,7,20; 871,19; 874,1; 877,2,6; 879,18; 880,7; 881,23; 886,3,9; 892,18,20), იმერეთის მეფის, ალექსანდრე V-ის რუკა (მათურელი 1949: 211), 1737 წ. ლიხთიმერეთის რუკა (ბურჯანაძე 1959: 187), XVI-XVIII სს-ის კინკლოსის ფრაგმენტის მინაწერები, 1703 წ. ჟამნგულანი (მცირე ქრონიკები 1968: 37, 55, 56, 68, 69), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 54, 75, 76), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 53, 54, 59, 67, 85, 87, 92, 99, 106, 107), აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკა“, აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკის“ სქოლიოები, ორფიკული არგონავტიკა, ლიკოფრონ ქალკიდელის „ალექსანდრა“, „ალექსანდრას“ ძველი სქოლიონები, კალიმაქე კვირენელის „მიზეზნი“ I, სექსტუს პროპერციუსის „ელეგიები“, გაიუს ვალერიუს ფლაკუსის „არგონავტიკა“ (ურუშაძე 1993: 58, 60, 69, 74-76, 82, 86; 1970: 129, 165, 173, 277), პომპონიუს მელას „ქვეყნის აღწერილობა“ (გამყრელიძე 1965: 30), პლინიუს უფროსის „ბუნების ისტორია“ (ურუშაძე 1993: 89), პროკოპი კესარიელის „გუთებთან ომისათვის“ (გეორგიკა 1934: 163-164), აგათია სქოლასტიკოსის „იუსტინიანეს მეფობის შესახებ“ (გეორგიკა 1936: 30, 54, 61, 123, 159), სტეფანე ბიზანტიელის „ეთიკა“ (გეორგიკა 1936: 278), სვიდას „ლექსიკონი“ (გეორგიკა 1952: 78), იოანე ცეცეს „სქოლიოები ლიკოფრონის კასანდრასათვის“ (გეორგიკა 1967: 32, 37, 38), კასტორიუსის „ტაბულა პევტინგერისა“ (ლომოური 1958ა: 109), ანონიმი ავტორის „აშხარაცუიცუ“ (ერემიანი 1963: 10), ამბროზიო კონტარინის „მოგზაურობა კავკასიაში“ (კონტარინი 1894: 48), ჯოსაფატ ბარბაროს „მოგზაურობა ტანასა და სპარსეთში“ (ბარბარო 1981: 62), ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 66-70, 72-75), დონ ჯუზეპე ჯუდიჩე მილანელი „წერილები საქართველოზე“ (მილანელი 1964: 79), არქანჯელო ლამბერტის „სამეგრელოს აღწერა“ (ლამბერტი 1991: 17, 87), პავლე ალეპოელის „საქართველოს აღწერილობა“ (ალეპოელი 1973: 72), ნიკოლაეს ვიტსენის „მოგზაურობა“ (ვიტსენი 1705: 516), ტლოჩანოვის „იმერეთში ელჩობის მუხლობრივი აღწერილობა“ (ტოლოჩანოვი 1970: 80, 152, 232), იევლევის „იმერეთის სამეფოში ელჩობის საანგარიშო აღწერილობა“ (იევლევი 1969: 135, 141, 166), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 5, 7, 101, 129, 135, 137, 147, 159, 161, 163, 173, 175, 187, 209, 287, 297, 307, 309, 325), ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“ (ჩელები 1971: 301), გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 114, 129-134, 145-148, 156, 164-168, 175-176, 178, 182-184, 186, 188, 189, 194, 197, 199, 200, 207, 212, 214, 216-218, 220, 223, 225, 228-230), ფრედერიკ დიუბუა დე მონპერეს „მოგზაურობა კავკასიაში“ (დიუბუა დე მონპერე 1843: 339), ალექსანდრე დიუმას „კავკასია“ (დიუმა 1964: 411-419), კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის „აქტები“ (აქტები ... 1866: 407).

მდებარეობს მდ. რიონის შუა წელზე, ვაკისა და მთაგორიანი ადგილის გარდამავალ ზონაში, დღევანდელი ქ. ქუთაისის ადგილზე.

ქუთაისი სხვადასხვა წყაროში სხვადასხვა სახელით იხსენიება: კუტაისი, კუტაია, კუტაიონი, კუტა, კოტაიონი, კოიატონ, ქუთათისი, ქუთაისი (ურუშაძე 1964: 192, 295-296, 301-311). მკვლევართა ნაწილის აზრით, სახელწოდება ქუთაისი შეიძლება წარმოშობილი იყოს საკუთარი სახელიდან, ქუთათი-საგან (ჟორდანია 1956: 168-173). მეორე ნაწილის მიხედვით, შეიძლება ნიშნავდეს გამოცარიელებულ ადგილს მთებს შორის (გორდეზიანი 1985: 117, 118).

ძვ. წ. VII-V სს-ში ქუთაისი ქალაქური ტიპის დასახლებაა (ლორთქიფანიძე 1988:172). ძვ. წ. IV-ახ. წ. III-IV სს-ში საქალაქო დასახლება დაცემას განიცდის და ცხოვრების ცენტრი ქუთაისის „ქვეყნის“ ვაკე ნაწილში გადადის. ახ. წ. III-IV სს-დან კვლავ ხდება ძველი სამოსახლოს ერთი ნაწილის გამოცოცხლება და იწყება „ახალქალაქობის“ ხანა. IV ს-ში ქუთაისი ეგრისის სამეფოს მთავარი ქალაქია. V ს-ში ქუთაისის აღმავლობა გრძელდება. VI-VII სს-ში ქუთაისი თმობს პოლიტიკურ პრიორიტეტს, მაგრამ ის წინანდებურად მნიშვნელოვანი სტრატეგიული ციხე-ქალაქია. VIII ს-ის დასაწყისიდან იწყება ქუთაისის ხელახალი აღმავლობა. ის ჯერ ქართლის ერისმთავართა რეზიდენციად იქცა, შემდეგ ეგრის-აფხაზთა სამეფოს დედაქალაქად გამოცხადდა. X ს-ის ბოლოს სრულიად საქართველოს დედაქალაქია. XII-XIII სს-ში დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ცენტრია. XV ს-ის 70-ანი წლებისათვის ქუთაისი მცირე ქალაქად იქცა (მესხია 1983: 137). მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო შემცირდა XVI-XVII სს-ში. XVIII ს-ში დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი და იმერეთის სამეფოს დედაქალაქი ხდება.

ქუთაისისა და მისი მიდამოების არქეოლოგიური ძეგლებისადმი მეცნიერული ინტერესი XIX ს-ის დასაწყისიდან ჩნდება, რაც დიუბუა დე მონპერეს სახელს უკავშირდება. მან დაგვიტოვა ქუთაისისა და მისი ციხესიმაგრის აღწერილობა. XIX ს-ის 80-იან წლებში ბაგრატის ტაძრის მიდამოებში არქეოლოგიური სამუშაოები აწარმოა ქუთაისის გიმნაზიის დირექტორმა ა.სტოიანოვმა (ლანჩავა 1996: 73). ამის შემდეგ პერიოდულად მიმდინარეობდა სხვადასხვა ხანის არქეოლოგიურ ძეგლთა გამოვლენა-შესწავლა (ლორთქიფანიძე 1994: 8, 9). ახალი ეტაპი ქუთაისის არქეოლოგიურ შესწავლაში იწყება 1963 წლიდან, როდესაც ქუთაისსა და მის მიდამოებში ფართო სადაზვერვო სამუშაოები და საცდელი გათხრები ჩაატარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა და თსუ-ს გაერთიანებულმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ოთ. ლორთქიფანიძე).

ქუთაისისა და მისი მიდამოების გეგმაზომიერი არქეოლოგიური შესწავლა განახლდა 1984 წლიდან. მას ანხორციელებდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ექსპედიცია ოთ.ლორთქიფანიძის საერთო ხელმძღვანელობით, ხოლო 1986 წლიდან ო.ლანჩავას ხელმძღვანელობით (ლანჩავა 1996: 76).

ქუთაისიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 4 კმ-ის დაშორებით, ჭახათის მღვიმეში აღმოჩნდა პალეოლითური ხანის ორფენიანი სადგომი. I ფენის იარაღთა ძირითად ტიპებს საჭრისები და საფხეკები წარმოადგენს. აღმოჩენილია ასევე კაჟის ისრისპირი, მიკროლამელები, ნუკლეუსები, ოსტეოლოგიური მასალა. ფენა მეზოლითის ადრინდელ საფეხურს განეკუთვნება. II ფენის იარაღები სამი ტიპისაა: წვეტანები, სახოკები და დანები. თარიღდება გვიან მუსტიეს ხანით.

მდ. წყალწითელას ტერასაზე, დაზვერვების (ხელმძღ. ნინო ბერძენიშვილი) შედეგად, აღმოჩნდა მუსტიეს ხანის იარაღ-ანატკეცები.

მდ. წყალწითელას ხეობის ჩრდილოეთით, მოწამეთას მონასტრიდან 1 კმ-ზე, საკაჟიას მღვიმეში აღმოჩნდა კაჟისა და ობსიდიანის საჭრისები, საფხეკები, დანები, სახვრეტები; ძვლის სადგისები, ირმის რქის ნაშთები; ადამიანის ზედა ყბის ფრაგმენტი. ძეგლი თარიღდება ზედა პალეოლითის შუა საფეხურით (ნიორაძე 1953: 90; ნიორაძე 1973: 21-26).

მდ. წყალწითელას ხეობის ჩრდილო ნაწილში, მოწამეთას მონასტრის მახლობლად მდებარე ორთვალა მღვიმეში, აღმოჩნდა ძვლოვანი მასალა, რომელიც შეიცავდა მღვიმის დათვის, ბიზონის, ირმის, ჯიხვის ნაშთებს. ძეგლი მუსტიეს ხანით თარიღდება (ნიორაძე 1976ა: 502-504).

ქუთაისიდან ჩრდილო-დასავლეთით 20 კმ-ის დაშორებით, მელოურში აღმოჩენილია მრავალფენიანი ღია სადგომი, სადაც გამოვლინდა კაჟის იარაღები. ძეგლი თარიღდება ქვედა პალეოლითითა და ნეოლითის ხანით (ჯიქია 1993: 34).

თეთრიმიწის ნამოსახლარზე აღმოჩენილია: კაჟის საფხეკები, საჭრისები, სახვრეტები, ხელსაფქვავები, სალესი ქვები, სატეხები, საჭრეთლები; კაჟისა და კირქვის მაკროლითები, ნამგლის ჩასართები. მსხვილმარცვლოვანი კვარციანი უხეში თიხის ჭურჭლის ნატეხები. მკვლევართა ნაწილი თეთრიმიწის ნამოსახლარს ნეოლითის შუა საფეხურით (კილაძე 1951: 330) ან ენეოლითის ხანით ათარიღებენ.

ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით, წყალტუბოს ზონის სოფ. ხომულის ტერიტორიაზე მდებარეობს ორფენიანი ნამოსახლარი „თეთრი მღვიმე“. I ფენაში აღმოჩნდა: ობსიდიანის საფხეკები, სამკუთხა მიკროლითი, უსახო კერამიკული ნატეხები, რომლებიც თარიღდება ზედაპალეოლითის ხანით (ჯიქია 1993: 38). II ფენაში დადასტურებულია კაჟის, ძვლისა და ქვის იარაღები, ხელით ნაძერწი ჭურჭლის ნატეხები, თიხის კვირისტავები, ანთროპო და ზოომორფული თიხის გამოსახულებები. ფენა თარიღდება ენეოლითის ხანით (ჯიქია 1993: 38).

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილს ემიჯნება ნამოსახლარი „დათეშიძის გორა“. არქეოლოგიური მასალა უპირატესად კერამიკითაა წარმოდგენილი. გვხვდება აგრეთვე თიხის კვირისტავი, ხელსაფქვავის ფრაგმენტი, ხის წნულის ანაბეჭდიანი ბათქაშები და თიხის უფორმო ნატეხები, რომლებიც თარიღდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით (სახაროვა 1970: 89).

„დათეშიძის გორასა“ და ნაწილობრივ მის დასავლეთით მდებარე ტერიტორიას მოიცავს ნამოსახლარი „გაბაშვილის გორა“. მასზე არქეოლოგიური მონაპოვარი წარმოდგენილია კოლხური კერამიკით, ძვ. წ. V ს-ის ატიკური შავლაკიანი კერამიკის ფრაგმენტებით. დადასტურებულია ასევე რკინის თოხი, თიხის საბერველის მილი, კოლხური ტიპის მინიატურული ცული, სატეხის ყალიბის ფრაგმენტები. ნამოსახლარის ეს ფენა ძვ. წ. V ს-ით თარიღდება (ლორთქიფანიძე 1964ა: 7).

ქუთაისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 7 კმ-ზე მდებარეობს სოფ. ჭოგნარის „ნასაჯვრების“ გორა-ნამოსახლარი. მასზე 3 პერიოდის ფენაა გამოვლენილი: I ფენაში წარმოდგენილია დიდი ზომის დერგები, კანელურებიანი ქოთნები, ტალღისებური ორნამენტით შემკული ჭურჭლის ფრაგმენტები და ზოომორფული ყურები. ისინი თარიღდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით (ჯიქია 1993: 48). II და III ფენაში გამოვლენილია კოლხური ქვევრების, ბრტყელძირიანი ჯამების, ყავისფერკეციანი ამფორების ძირები, სინოპური ამფორის ყური. ფენები ადრეანტიკური და ელინისტური ხანით თარიღდება (ჯიქია 1993: 48-49).

ქუთაისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ-ზე მდებარეობს მრავალფენიანი ნამოსახლარი „ფარნალის გორა“. I ფენაში გამოვლინდა: შავპრიალა კანელურებიანი დერგები, ქოთნები, თიხის 2 საბეჭდავი და კაჟის ნამგლის ჩასართები. მასალა თარიღდება გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით (სახაროვა 1970: 90). II ფენა მთლიანად კერამიკითაა წარმოდგენილი – ყავისფერკეციანი ამფორის ქუსლი, ძვ. წ. V ს-ის ატიკური შავლაკიანი ჭურჭლის ფრაგმენტები, მათ შორის ერთი კილიკისაა. ნივთები ადრეანტიკური ხანით თარიღდება (ლორთქიფანიძე 1964ა: 7).

ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით, 6 კმ-ზე, სოფ. ბანოჯაში დაფიქსირებულია მრავალფენიანი გორანამოსახლარი. მასზე გამოიყო 4 ფენა, რომელთა ასაკი ძვ. წ. II ათასწლეულიდან შუა საუკუნეებამდე აღწევს. ნამოსახლარზე აღმოჩენილია ღომის მარცვლები, ხელსაფქვავის ფრაგმენტები, კერამიკის ნატეხები, კაჟის შუბისპირი, ანატკეცები, რკინის ლახტის თავი (ჯიქია 1993: 52).

ქუთაისის სამხრეთით, 18 კმ-ზე მდებარეობს პატრიკეთის „გორიკა“ – მრავალფენიანი ძეგლი, სადაც გამოვლენილია მასალები ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრიდან ვიდრე შუა საუკუნეების ჩათვლით.

ქუთაისის სამხრეთით, 25 კმ-ზე მდებარეობს საყულიის „გორაკი“, სადაც აღმოჩენილია ადრეანტიკური ხანის პირმოყრილი ბრტყელძირიანი ჯამის პირ-ყელის ნატეხი, მორუხო-ჩალისფერი ჭურჭლის ნატეხები შემკული ნაპრიალები ზოლებით, კაჟის ნამგლის ჩასართი, სალესი ქვები, საავგაროზეები, კოლხური ამფორებისა და ქვევრების ფრაგმენტები (ჯიქია 1993:34).

ქუთაისის დასავლეთით მდებარეობს კოპიტნარის „გორიკა“, რომელზეც გამოვლინდა ადრეანტიკური ხანის სქელკედლიანი დერგის, შავპრიალა და კანელურებიანი ჭურჭლის ნატეხები, თიხის ბათქაშები.

ქუთაისის სამხრეთ-დასავლეთით, 5 კმ-ზე მდებარეობს ქვიტირის გორა-ნამოსახლარი. მასზე გამოვლენილია ადრეანტიკური ხანის ჭურჭლის ფრაგმენტები. ქვიტირში დადასტურებულია ქვევრსამარხის ნაშთი. გადარჩენილია ინვენტარის ნაწილი – თიხის ჯამი, დოქის ნატეხები, ბრინჯაოს ზურგშეზნექილი სამაჯური, ბეჭედი-ინტალიო (ჯიქია 1993: 57).

ქუთაისის დასავლეთით, 15 კმ-ზე მდებარეობს სოფ. მაღლაკის „გორიკა“, სადაც აღმოჩნდა ადრეანტიკური და ელინისტური ხანის კოლხური და იმპორტული კერამიკის ფრაგმენტები; შემთხვევით აღმოჩენილია 2 ქვევრსამარხი. ერთ მათგანში დადასტურდა თიხის სასმისი, დოქები, მათარა, რკინის ცული და სატევრის ფრაგმენტები. მასალა თარიღდება ელინისტური ხანით. მეორეში დაფიქსირდა – რკინის წერაქვი, დანა, მარწუხი და თიხის ქოთანი. თარიღდება გვიანელინისტური ხანით (თოლორდავა 1980: 34, 35).

ქ. ქუთაისში ე. წ. არქიელის გორაზე, „ცაცხვების“ ქუჩაზე შემთხვევით აღმოჩნდა დაზიანებული ორმოსამარხების კომპლექსები. სამარხეული ინვენტარიდან გადარჩენილია: რკინის თოხები, ყურმილიანი დოქის ფრაგმენტები, სალესი ქვები, მძივები – მინის, პასტის, სარდიონის, ქალცედონის და სხვ., საყურეები ელექტრონისა და ბრინჯაოსი, ბეჭედი ვერცხლისა, ჯაჭვი ბრინჯაოსი, მონეტები – კოლხური თეთრი. სამარხეული ინვენტარი ძვ. წ. V-IV სს-ით თარიღდება (ჯიქია 1993: 62).

ქუთაისის ცალკეულ უბნებში შემთხვევით აღმოჩენილია: კოლხური ცულები, სეგმენტები ბრინჯაოსი, თოხები რკინისა, ძვ. წ. II ს-ის შავლაკიანი ამფორისკის ძირი; ძვ. წ. IV ს-ის მუზარადი ბრინჯაოსი, ატიკური ტიპისა; ძვ. წ. IV ს-ის წითელფიგურული ლეკითოსი და შავლაკიანი ლარნაკი.

ქუთაისსა და მის მიდამოებში დადასტურებულია კოლხური მონეტები – ალექსანდრე მაკედონელის ტეტრადრაქმა და მითრიდატე VI-ის სტატერი.

„არქიელის გორაზე“ მიკვლეულია ახ. წ. III ს-ის ნამოსახლარის ნაშთები – ხის საცხოვრებელი ნაგებობანი თიხატკეპნილი იატაკით, მასზე გამართული კერები, რიყის ქვით მოკირწყლული ქუჩებისა და მოედნების ფრაგმენტები (ლანჩავა 1996: 79). მდ. რიონის მარჯვენა ნაპირზე, მთის კლდოვან ბორცვზე გამოვლენილია ახ. წ. IV ს-ის დასაწყისის შიდაციხის ნანგრევები. შიდაციხის თავდაპირველი გეგმა არასწორი ექვსკუთხა ფორმისაა. ციხეს დასავლეთიდან იცავდა 2 სწორკუთხა კოშკი. ზღუდე-გალავნის კედლები ნაგებია ფლეთილი ქვით დუღაბზე. გალავნის კედლის სიგანე 1,4 მ-ია; შემორჩენილი მაქსიმალური სიმაღლეა 4 მ.

შიდაციხეს 2 კარიბჭე ჰქონდა: მთავარი „ბჭისკარი“ და „ცოტა კარი.“ შიდაციხეში გამოვლენილია წყალმომარაგების სისტემა, ხის საცხოვრებელი სახლების ნაშთები თიხატკეპნილი იატაკებით; იქვეა დადასტურებული ხელსაფქვავის ქვები, დერგები, საყოფაცხოვრებო კერამიკა. გამოვლენილია, ასევე, რიყის ქვით მოკირწყლული ქუჩებისა და მოედნების ფრაგმენტები (ლანჩავა 1996: 87).

IV ს-ის შუა ხანებში ციხე-ქალაქი ორნაწილიანი (შიდაციხე და შიდაქალაქი) ხდება. შიდაქალაქის სამხრეთი კედელი გამაგრებული იყო ე. წ. გოდოლების სისტემით. შიდაციხეში აღმოჩნდა მართკუთხა ფორმის საკულტო დანიშნულების ნაგებობა (სიგრძე 26 მ, სიგანე 12 მ). ნაგებია კირქვისაგან. შიდაციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში აღმოჩნდა ორსართულიანი სასახლის ნანგრევები (35X20 მ). ნაგებია კირქვისა და ფლეთილი ქვისაგან. ქვედა სართული რამდენიმე განყოფილებისაგან შედგებოდა: „დიდი დარბაზი“, „მცირე დარბაზი“, „მისაღები“ და „გარე სათავსები“. იატაკი მოკირწყლული იყო აგურის ფილებით (ლორთქიფანიძე, ლანჩავა 1990: 47).

ციხე-ქალაქის IV ს-ის ფენებში აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ადგილობრივი თუ იმპორტული კერამიკული ნაწარმი: ქვევრები, ამფორები, დერგები, ქოცოები, დოქები, ხელადები, ფიალები, მინის სასმისები, რკინის თოხი, ურო-ჩაქუჩი.

ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილია მონუმენტური საფორტიფიკაციო სისტემა (გალავნის საერთო პერიმეტრი 2 კმ). ყოველ 40-50 მ-ში გამაგრებულია სწორკუთხა კოშკებით (8X12 მ). ნაგებია რბილი ჯიშის კირქვისაგან. კედლის პერანგი „იზოდომური“ წყობით, საშუალო ზომის კვადრებითაა ნაგები. თავდაცვითი სისტემა ახ. წ. V ს-ით თარიღდება (ლანჩავა 1996: 126). შიდაციხეში გამოვლენილია სამნავიანი ბაზილიკის ნანგრევები. გეგმაში უახლოვდება კვადრატს (სიგრძე 11,45 მ, სიგანე 7,8 მ). ნაგებია კარგად გათლილი კვადრებით დუღაბზე. თარიღდება V ს-ით (ლანჩავა 1996: 137). შიდა ქალაქში, აბანოს უბანთან აღმოჩნდა ორნავიანი, შვერილაფსიდიანი ეკლესიის ნანგრევები (სიგრძე 7,2 მ). ნაგებია კირქვისა და რიყის ქვებით დუღაბზე. ფუნქციონირებდა VI-VII სს-ში.

ეკლესიის გვერდით, შიდაქალაქის სამხრეთ ნაწილში, გამოვლინდა აბანოს კომპლექსი, რომელიც შედგება 3 ნაწილისაგან: საკუთრივ აბანო, აუზი-რეზერვუარი, შეშის საწყობი (19X10,5 მ). აბანო ქვითკირის ნაგებობაა. პერანგი საშუალო ზომის კირქვის კვადრებითაა ამოყვანილი დუღაბზე. აბანო 10 განყოფილებისაგან შედგებოდა: გასათბობი, აბაზანა (3), საქვაბე, ცხელი, თბილი, ცივი, გასახდელი. აბანო ფუნქციონირებდა V ს-ის ბოლოდან VII ს-ის დასაწყისამდე (ლანჩავა 1996: 148-155).

V-VI სს-ის ნაგებობისა და ფენების გათხრისას აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ადგილობრივი თუ იმპორტული კერამიკული ნაწარმი – ქვევრები, ამფორები, ქოთნები, დოქები, წითელლაკიანი ჯამები, ლანგრები და მათი მინაბაძები; სამშენებლო კერამიკა – კრამიტები, კალორიფერები; მინის ჭურჭელი – ფიალა, კოლბისებური სანელსაცხებლე, სასმისები, სასარკმლე მინა.

შიდაციხის ტერიტორიაზე გამოვლენილია სასახლის კომპლექსი, რომელიც 4 კომპონენტითაა წარმოდგენილი: სასახლე, აბანო, წყალსადენის სისტემა, ეკლესია. სასახლე სწორკუთხა ფორმისაა (21X18,5 მ). ნაგებია აგურით. ფუნქციონირებდა VIII ს-ის დასასრულიდან X ს-ის მეორე ნახევრამდე. შიდაციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა აბანოს ნაშთები. ნაგებია კარგად გათლილი, ზედაპირდაკეჭნილი კვადრებითა და აგურით დუღაბზე. შედგებოდა 4 განყოფილებისაგან: საცეცხლე, საქვაბე, აბაზანა, გასახდელი. ფუნქციონირებდა VIII-X სს-ში. წყალსადენის მაგისტრალი თეთრამიწას გორის ძირიდან იწყებოდა, გადიოდა შიდა ქალაქის ტერიტორიაზე და შიდაციხეში შემოდიოდა. ციტადელში გამოვლინდა სამაფსიდიანი ეკლესიის ნანგრევები. ნაგებია კვადრებით. ჩრდილოეთით ორგანყოფილებიანი სათავსოა მიშენებული. ფუნქციონირებდა VIII-X სს-ში (ლანჩავა 1996: 198-201).

VIII-X სს-ის ფენებში აღმოჩენილია სამეურნეო დანიშნულების – ქვევრების, დერგების, ამფორების, სუფრის – დოქების, ჯამების, სასმისების; სამზარეულო – ქოთნების, ფიალების ფრაგმენტები. სამშენებლო კერამიკა – კრამიტები, აგური და სხვ.

ციტადელში, აგურის სასახლის ჩრდილოეთით, გამოვლენილია მართკუთხა გეგმის სასახლე, ნაგები გათლილი სანაპირე ქვებით. სასახლე მრავალგზის გადაუკეთებიათ. ფუნქციონირებდა X ს-დან XVI ს-მდე (ლორთქიფანიძე, ლანჩავა 1990: 53).

ფენებში დადასტურებულია მონეტები: ხოსრო I-ის (531-579), ანასტასი I-ის (491-518), იუსტინე I-ის (518-527), იუსტინიანე I-ის (527-565), მავრიკიუსის (582-602), ფოკას (602-610), რომანოზ I-ის (919-921), იოანე ციმისხის (969-975), ბასილი II-ისა და კონსტანტინე VIII-ის (976-1025), მიხეილ IV პაფლაგონიელის (1034-1041), თეოდორას (1055-1056), კონსტანტინე X დუკას (1059-1067), რომანოზ II-ის (1067-1071) სახელზე მოჭრილი (ლანჩავა 1996: 176, 213).

ქუთაისში, „უქიმერიონის გორაზე“ აღმართულია ღვთისმშობლის მიძინების ტრიკონქი, იგივე ბაგრატის ჯვარგუმბათიანი ტაძარი. გუმბათი 4 ბურჯს ეყრდნობა. ჯვრის მკლავები გარედან სწორკუთხაა, შიგნით ნახევარწრიული აფსიდებით. მდიდრულად მორთული: ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. მოჩუქურთმებულია კარიბჭეები. კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა. სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ღვთისმშობლის გამოსახულების ფრაგმენტი. ინტერიერის ჩრდილოეთ კედელზე წარწერაა: „ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223“ (1003 წ.). ტაძარი აგებულია X-XI სს-ის მიჯნაზე, ბაგრატ III-ის დროს (ცინცაძე 1964ა: 15-23).

2003-2009 წლებში ბაგრატის ტაძრის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ტაძრის ინტერიერსა და მიმდებარე ტერიტორიაზე 90-მდე სამარხი გაითხარა. მათ შორის აღმოჩნდა ქალის მდიდრული სამარხი (50-ე), რომელიც ტაძრის იატაკის ქვეშ VIII ს-ით დათარიღებული ბაზილიკის ნართექსის იატაკში იყო ჩაშვებული. სამარხში აღმოჩნდა ოქროს სასაფეთქლეები (2 ც.), ბეჭდები (2 ც.), სამაჯურები (9 ც.), საკიდები (3 ც.) და კილიტები; ვერცხლისა (1 ც.) და მინის (4 ც.) სამაჯურები (ლანჩავა, ისაკაძე, ქარცივაძე, 2009: 17-20).

ქუთაისის სამხრეთით, 7 კმ-ზე მდებარეობს გეგუთის ციხე-დარბაზის ნანგრევები (2000 კვ მ). ციხე-დარბაზში რამდენიმე სამშენებლო ჰორიზონტი ფიქსირდება. ყველაზე ადრეული ნაწილი გეგმაში მარტივი, ერთოთახიანი, დიდბუხრიანი, სანადირო სახლია. მეორე ჰორიზონტის ნაგებობა XII ს-ის აგურით ნაშენი ოთხიარუსიანი ციხე-დარბაზია. მთავარი ნაგებობის დასავლეთით მდებარეობს ეკლესია, აშენებული XIII-XIV სს-ში (ჩაკვეტაძე 1958: 6-18).

გეგუთში შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. V ს-ის ქალის ქანდაკება ითიფალური, ბრინჯაოსი (ჯიქია 1993:78).

„ქუთაისის ქვეყანაში“, სოფ. ზემო სიმონეთში, შემთხვევით აღმოჩენილია განძი, რომელიც შედგება ე. წ. აღმოსავლურ ქართული ცულის, მახვილის ფრაგმენტის, ისრისპირის ნატეხის, სატევრის პირის ფრაგმენტის, სეგმენტური იარაღების – 6 ცალი (დაზიანებული), თხელფირფიტიანი ბრინჯაოს ჭურჭლის ნატეხებისა და უფორმო ზოდებისაგან. განძი ინახება ნ. ბერძენიშვილის სახ. ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმში. თარიღდება ძვ. წ. XII-XI სს-ით (ქორიძე 1965: 24). სოფ. ოჯოლაში (წყალტუბოს მუნიც.) აღმოჩენილია განძი. მის შემადგენლობაშია: თოხები (23 ც), ხელეჩო, სეგმენტები (5 ც), ცულები (2 ც), ისრისპირები (3 ც), სამაჯურები, მშვილდსაკინძი, ბრინჯაოს ჭურჭლის ფრაგმენტები და ზოდები. განძი თარიღდება ძვ. წ. X-VIII სს-ით (ქორიძე 1965: 38, 39). სოფ. დღნორისაში (წყალტუბოს მუნიც.) შემთხვევით ნაპოვნია განძი, რომლის შემადგენლობაშია: ცული და თოხი. თარიღდება ძვ. წ. X-VIII სს-ით (ქორიძე 1965: 40, 41). სოფ. საქარაში შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთების კოლექცია: ცული, თოხები (3 ც), ე.წ. სეგმენტისებური. თარიღდება ძვ. წ. XII-XI სს-ით (ქორიძე 1965: 23-24).
 
ბიბლიოგრაფია: ალეპოელი 1973: 72; აქტები ... 1866: 407; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 53, 54, 59, 67, 85, 87, 92, 99, 106, 107; ბაგრატიონი 1983: 54, 75, 76; ბარბარო 1981: 62; ბურჯანაძე 1959: 187; გაბუნია 1993; გამბა 1987: 114, 129-134, 145-148, 156, 164-168, 175-176, 178, 182-184, 186, 188, 189, 194, 197, 199, 200, 207, 212, 214, 216-218, 220, 223, 225, 228-230; გამყრელიძე 1965: 30; გამყრელიძე 1982: 17-18; გეორგიკა 1934: 163, 164; 1936: 30, 54, 61, 123, 159, 278; 1952: 78; 1967: 32, 37, 38; გიულდენშტედტი 1962: 5, 7, 101, 129, 135, 137, 147, 159, 161, 163, 173, 175, 187, 209, 287, 297, 307, 309, 325; გორდეზიანი 1985: 117, 118; დიუბუა დე მონპერე 1843: 339; დიუმა 1964: 411-419; ერემიანი 1963: 10; ვიტსენი 1705: 516; თოლორდავა 1980: 35; იევლევი 1969: 135, 141, 166; ინაძე 1984; კილაძე 1951: 330; კონტარინი 1894: 48; ლანჩავა 1996; ლანჩავა 2007; ლანჩავა ... 2009: 1-20; ლამბერტი 1991: 17, 87; ლომოური 1958ა: 109; ლორთქიფანიძე 1964ა: 7; 1988: 172; 1994; ლორთქიფანიძე, ლანჩავა 1990; მათურელი 1949: 211; მილანელი 1964: 79; მესხია 1983: 137; მცირე ქრონიკები 1967: 37, 55, 56, 68, 69; ნიორაძე 1953; ნიორაძე 1973: 21-26; 1976ა: 502-504; ჟორდანია 1956: 168-173; სახაროვა 1970: 89; ტოლოჩანოვი 1970: 80, 152, 232; ურუშაძე 1964: 192, 295-296, 301-311; 1993: 58, 60, 69, 74-76, 82, 86, 89; 1970: 129, 165, 173, 277; შარდენი 1975: 66-70, 72-75; ქც 1: 235,16; 241,9; 242,15; 291,5; 295,3; 303,6; 304,13; 313,12; 316,2; 319, 20; 345,16; ქც 2: 174,18; 179,18; 187,9,18; 229,8; 242,25; 243,12; 250,20; 261,12; 269,7; 293,8; 359,8; 376,17,23,26; 486,20; 428,8; 532,19,20,28; 533,2; ქც 4: 124,18; 144,25; 148,16; 152,28; 158,4; 213,29; 257,17; 265,15; 278,21; 285,23; 387,15; 388,20; 415,28,30; 416,3,7; 449,23; 450,5,7; 730,15; 733,19; 761,6,24; 762,5; 773,22; 774,14; 775,11,17; 796,20,22,23; 799,19; 800,14; 803,12,18; 806,5,25; 808,15,23,24,26; 809,3; 810,11; 812,30; 813,14; 817,23; 820,2; 821,7,22; 822,2,17,12; 823,2; 824,4; 825,1,18; 828,2; 829,6,12; 832,4; 833,7; 834,11,25; 835,21; 836,10,22,25; 838,21; 840,8,27; 867,22; 868,7,20; 871,19; 874,1; 877,2,6; 879,18; 880,7; 881,23; 886,3,9; 892,18,20; ქორიძე 1965: 23, 24, 38-41; ჩაკვეტაძე 1958; 1960; ჩელები 1978: 301; ცინცაძე 1964ა: 15-23; ჯიქია 1993.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9