ქა ქე ქვ ქო ქს ქუ ქც
ქუე ქუთ ქუმ ქურ

ქურმუხი


(ქც 4: 539,13; 540,11). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 539,13; 540,11), „არჩილიანი“ (არჩილიანი 1937: 82, 83).

ვახუშტი ბაგრატიონი ქურმუხის შესახებ გადმოგვცემს: „გიშის წყალს მოერთვის ჩდილოდამ ქურმუხის წყალი ... ამ წყალზედ არს ქურმუხი, სიმაგრე დიდშენი, აწ სახლი ალისულტნისა“ (ქც 4: 539,11-14).

ლოკალიზდება ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის ხეობაში. ამჟამად მოქცეულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფარგლებში. მდებარეობს დაბა კახის სამხრეთ-აღმოსავლეთით 2 კმ-ის დაშორებით (ადამია 1979: 137).

ქურმუხი შედიოდა ისტორიულ ჰერეთში, წუქეთის საერისთავოში. XIII-XIV სს-ში ქურმუხის მონასტერს ჰყოლია საქართველოს კათოლიკოსს დაქვემდებარებული მთავარეპისკოპოსი, რომლის გამგეობაში შედიოდა მთიულეთისა და წახურის ეკლესიები (ჯანაშვილი 1895: 315). 1604 წ. ლაშქრობის შემდეგ შაჰ-აბას I-მა კახეთს აღმოსავლეთი მხარეები ჩამოაჭრა, რის შედეგადაც ქურმუხის ხეობა ელისუს სასულთნოს შემადგენლობაში აღმოჩნდა (ქც 4: 539,13). XVII ს-ის დასასრულს ელისუს სულთნის რეზიდენციამ სოფ. ელისუში (მდ. ქურმუხის ხეობა) გადმოინაცვლა (პაპუაშვილი 1970: 51). ქურმუხის ხეობაზე გადიოდა გზა, რომელიც ალაზნის ველს წახურის ხეობასთან აკავშირებდა (პაპუაშვილი 1970: 358). ამ გზით ილაშქრა კახთა მეფე თეიმურაზ I-მა (1606-1648) წუქეთის სულთნის წინააღმდეგ (არჩილიანი 1937: 82, 83).

ქურმუხი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ქურმუხის წმინდა გიორგის გუმბათიანი ტაძარი ნაგებია აგურით. კედლებში გამოყენებულია „ტინისა“ და „სიპის“ ქვებიც. ტაძრის სწორკუთხა შიდა სივრცე შედგება სამი ნაწილისაგან. შუა ნავი სამი კვადრატისაგან შედგება და აღმოსავლეთით ნახევარწრიული მოხაზულობის სამკუთხედით მთავრდება. ამ ნავის ცენტრში მოქცეული კვადრატის კუთხეებში ერთ რიგად გამართულ ტრომპებზე აყვანილია რვაწახნაგოვანი ყელი, რომელიც კონუსური ფორმის გუმბათითაა დაგვირგვინებული (ადამია 1979: 139). ეზოში ჩანს ძველი ტაძრის საძირკველი და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნანგრევები (ედილი 1947: 164; ადამია 1979: 138). ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია თარიღდება XIII ს-ის დასასრულითა და XIV ს-ის პირველი ნახევრით (ადამია 1979: 141). 1968 წ. ეკლესია დაინგრა. შემდგომ ის აღადგინეს.
 
ბიბლიოგრაფია: ადამია 1979: 137-141; არჩილიანი 1937: 82, 83; გვასალია 1971: 23-40; ედილი 1947: 164; კაზიევი 1956; ლინევიჩი 1873: 19; პაპუაშვილი 1970: 51, 358; 1982; ქც 4: 539,13; 540,11; ჯანაშვილი 1895: 315; 1902.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9