ცა ცი ცუ ცხ
ცხვ ცხი ცხუ

ცხინვალი


(ქც 4: 370,7,10,11,16,23). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 370,7,10,11,16,23; 371,5,8; 372,2,3; 421,1; 455,5,6; 470,22; 504,11; 505,21; 506,21; 507,13; 872,10), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 385,12; 386,11), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 197, 1967: 45; ქართულ-სპარსული ... 1984: 115; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 65, 140, 201, 326; 1953: 22, 111; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 308, 338, 334; 1983: 388; 1985: 22, 24, 113, 172, 183, 419, 440; ჯიქია 1965: 243-247), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 56, 70, 72, 73, 213, 246), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 41), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 50, 45-56 66, 77), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 5, 53, 85, 99, 101, 111, 113, 121, 127, 177, 227, 267, 279; 1964: 27, 131, 153, 155, 175, 223, 227, 257), დე გრაი დე ფუას რელაციები (დე გრაი დე ფუა 1985: 25, 44,48, 52, 83, 93, 98).

ვახუშტი ბაგრატიონი ცხინვალის შესახებ გადმოგვცემს: „ნიქოზის ჩდილოთ, დიდის ლიახვის კიდეზედ არს მცირე ქალაქი ქცხილვანი, კეთილჰაოვანი, მსახლობელნი არიან ქართველნი, სომეხნი, ურიანი“ (ქც 4: 370,6-8).

XIV-XVI სს-ში ცხინვალი დასახლებული იყო სვეტიცხოვლის ყმებით (გვასალია 1983: 84). XVII ს-ის დასაწყისში ცხინვალის მოურავი იყო გიორგი სააკაძე (ქც 4: 872,10). XVIII ს-ში მოხსენიებულია, როგორც მცირე ქალაქი (ქც 4: 370,6-8). აქ განვითარებული ყოფილა ვაჭრობა და ხელოსნობა. ცხინვალში მდებარე სამღებროები ერეკლე II-ის მეუღლის, დარეჯანის საკუთრება ყოფილა (მაკალათია 1971: 42). 1751 წ. მეფეებმა თეიმურაზ II-მ და ერეკლე II-მ ცხინვალთან უკუაქციეს ნურსალ ბეგისა და ჩონჩოლ მუსას ჯარი. 1772 წ. ლეკებმა სასტიკად დაარბიეს ქალაქი (მაკალათია 1971: 42, 43).

1909 წ. ცხინვალში აღმოჩნდა ე. წ. „ცხინვალის განძი“, რომელიც, სავარაუდოდ, სამარხეული ინვენტარია. 1945-1948 წწ. ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ.გობეჯიშვილი) შეისწავლა მრავალფენიანი საკულტო და სამოსახლო ბორცვი ნაცარგორა. 1949 წ. ცხინვალში, სატყეო კომბინატის ტერიტორიაზე, გამოვლენილ იქნა ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანების 4 კოლექტიური სამარხი. 1950 წ. ნაცარგორის ჩრდილოეთით, ადგილ ზღუდრის გვერდასა და ზღუდრის ბორცვზე საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციამ (ხელმძღ. ბ.კუფტინი) შეისწავლა ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის ძეგლები. 1949-1954 წწ. ცხინვალის ქულბაქებზე შესწავლილ იქნა ადრე, შუა და გვიანბრინჯაოს ხანის ფენები. იმავე წლებში ადგილ „კულოხომზე“ აღმოჩნდა ადრე ბრინჯაოს ხანის ნივთები, ცხინვალის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში კი, კვაისის ბაზის მშენებლობის ტერიტორიაზე, „მტკვარ-არაქსის“ კულტურის კერამიკა (ხელმძღ. ბ.კუფტინი). 1959 წ. ცხინვალის მახლობლად, სოფ. ოსფრისთან შესწავლილ იქნა ძვ. წ. III-II ათასწლეულების მიჯნის სამარხი (ხელმძღ. ბ.ტეხოვი). 1961 წ. ცხინვალის მიდამოებში, სოფ. გორეთში, აღმოჩნდა ძვ. წ. I ათასწლეულის დასასრულის სამარხეული კომპლექსი. 1963 წ. ცხინვალში შემთხვევით აღმოჩნდა ბრინჯაოს ყუამილიანი ცული. 1975-1976 წწ. ცხინვალის №2 აგურის ქარხნის ტერიტორიაზე დაზიანდა ბრინჯაოს ხანის სამაროვანი. 1977 წ. ტრიკოტაჟის ფაბრიკის მშენებლობისას აღმოჩნდა შუა საუკუნეების ეკლესიის ნაშთი.

ცხინვალის ნაცარგორა მდებარეობს ცხინვალის სამხრეთ-დასავლეთით, გორი-ცხინვალის რკინიგზის ხაზთან, მდ. ლიახვის მარცხენა ტერასაზე. ბორცვი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენაა წაგრძელებული (სიგრძე 100 მ-დე, ნამოსახლარი ფენის სიმძლავრე 5 მ). ძეგლის ქვედა, ნახანძრალი ფენა შეიცავდა ხუთ სამარხს, რომლებშიაც თითო მიცვალებული იყო დაკრძალული. ინვენტარი შედგებოდა: კაჟის ქუსლამოღარული ისრისპირის, ქვის კვერის, სპილენძის სამსჭვალისა და კერამიკის ფრაგმენტებისაგან. სამარხების თავზე, ნახანძრალ ფენაში აღმოჩნდა ობსიდიანის, ძვლისა და კერამიკის ფრაგმენტები. ფენა 0,5-0,8 მ სიმძლავრისაა და ენეოლითური ხანით თარიღდება (გობეჯიშვილი 1951: 242-248). მეორე ფენაში (სიმძლავრე 0,5-1,2 მ) წარმოდგენილია თიხით შელესილი ერთსენაკიანი ნაგებობების რიყის ქვის საძირკვლები. შენობების ზედა ნაწილი ხის უნდა ყოფილიყო. ზოგიერთ ნაგებობასთან აღმოჩნდა თიხით შელესილი საკურთხევლები და სამსხვერპლოები. საკურთხევლები ორგვარია: მრგვალი და ოთხკუთხედი. იქ მოპოვებული კერამიკა თხელკედლიანი და შავპრიალაა (დერგები, სადღვებლები, ქოთნები, ბადიები, ჯამები და სხვ.). ორნამენტი ამოკაწრული ან ნაპრიალებია. კერამიკის გარდა, იქ აღმოჩენილია კაჟის ნამგლის პირები, ტუფის ხელსაფქვავები, თიხის მცირე ზომის ქანდაკებები – ქალის ქანდაკება, ურმის თვლის მოდელები. ძვლისა და რქის ნაწარმი წარმოდგენილია საკინძითა და ირმის რქის კვერთხისთავით. იქვეა აღმოჩენილი ბრინჯაოს სასაფეთქლეები; ჯვრისებური ნივთების ფრაგმენტი; ფოთლისებური სატევრისპირები; აგრეთვე თიხის ყალიბები (გობეჯიშვილი 1951: 246-251).

მესამე ფენის სიმძლავრეა 0,5-2,5 მ. იქ აღმოჩენილი კერამიკა შავპრიალა ან მოწითალოა. მეორდება პირველი ფენისათვის დამახასიათებელი ჭურჭლის ფორმები. თუმცა ჩნდება ახალი ფორმებიც: სარქველიანი ჭურჭელი და სასაკმევლეები. ჭურჭლის ყურებზე ჩნდება ზოომორფული – ლომის, ხარისა და სხვა გამოსახულებები. ფენისთვის დამახასიათებელი ორნამენტია სპირალი, დაშტრიხული რომბები, სამკუთხედები, გველის რელიეფური გამოსახულებები, ამოკაწრული ფრინველები. ფენაში გამოვლენილი ნაგებობების საძირკველი რიყის ქვითაა ნაგები, ზედა ნაწილი – ხით. კედლები შელესილია ბზენარევი თიხის ბათქაშით. ნაგებობები ჯარგვლისა და ფაცხის ტიპისაა. სავარაუდოა ყავრის სახურავები. თითოეულ სენაკში იდგა ერთი ან მეტი საკურთხევლი. №5 სენაკში (7X3,5 მ) აღმოჩნდა: კერამიკა, ხორბლის ნაშთები, ხელსაფქვავი, ძვლის სადგისი. შენობა ქვითაა ნაგები, იატაკი თიხატკეპნილია. ნაგებობის კუთხეებში მოწყობილი იყო საკურთხეველი და სამსხვერპლო. აღმოსავლეთ კუთხეში აღმოჩნდა „რქებიანი“ საკურთხეველი. მას პრიზმული ფორმა ჰქონდა და სკამის ზურგისებური კედლით ნაგებობის კედელზე იყო მიბჯენილი. საკურთხევლის ზედაპირი იყო ჩაზნექილი, სადაც ნალისებრი, ორკოპიანი კერა იყო მოთავსებული. სენაკს თიხისაგან გამოძერწილი ხარის ქანდაკებები ამშვენებდა. სენაკის ჩრდილოეთ კუთხეში იყო მეორე ასეთივე საკურთხეველი. სამხრეთ კუთხესთან იდგა ოთხგანყოფილებიანი სამსხვერპლო, რომელიც ხის ჩარჩოზე ამოყვანილი თიხისაგან იყო ნაგები. სამსხვერპლოს შუა ნაწილში იდგა თიხის ოთხკუთხა სვეტი (სიმაღლე 0,4 მ). №2 სენაკში, ე. წ. მთავარ სამლოცველოში იდგა საფეხურებიანი საკურთხეველი (3X2,5 მ). იქ აღმოჩნდა ჭურჭელი, კაჟის ნამგლები, ირმის რქის კვერთხისთავი, თიხის ანთროპომორფული ქანდაკებები (გობეჯიშვილი 1951: 252, 253). მესამე ფენა თარიღდება II ათასწლეულის ბოლო ხანებითა და I ათასწლეულის პირველი ნახევრით (გობეჯიშვილი 1951: 269). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

ადრე ბრინჯაოს ხანის ნაშთები გამოვლენილია ცხინვალის ქულბაქების ნასახლარზე, რომელიც სოფ. ოსფრისთან მდებარე ბორცვზეა განლაგებული. ბორცვი 3 მ სიმაღლისაა, მისი სიგრძე 58 მ, სიგანე კი 45 მ-ია. ქვედა ფენაში, რომელიც ქვაყრილით იყო დაფარული, აღმოჩნდა თიხატკეპნილი მოედანი, რომელზეც ადამიანის დამწვარი ძვლები, აგრეთვე მრგვალი, შვერილებიანი კერა იყო. კერის გარშემო ჭურჭელი იყო შემოწყობილი.

ოსფრისის ხევის მარჯვენა ნაპირზე, ადგილ „კულოხომზე“, გამოვლენილია ადრე ბრინჯაოს ხანის სუსტი ფენა. აღმოჩენილი მასალა შედგება კერამიკის, მრგვალი კერის ფრაგმენტისა და რქისებრი სადგარისაგან. ხევის მარცხენა ნაპირზე, ზღუდრის ბორცვზე აღმოჩნდა მოზრდილი ქვებით ნაგები გრძელი კედლის ნაშთი. ქვებს შიგნით გამოვლენილია „მტკვარ-არაქსული“ კულტურის კერამიკა, თიხის კერები, ქვის იარაღი. საცხოვრებელი ნაგებობა ხის უნდა ყოფილიყო. ოსფრისის ხევის პირას, ზღუდრის გვერდაზე, თიხის კარიერის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მცირეოდენი მასალიდან აღსანიშნავია კერის ნალისებრი სადგამი და კერამიკის ნატეხები. თარიღდება ადრე ბრინჯაოს ხანით (საქ. არქ. 1992: 187). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

სოფ. ოსფრისში შემთხვევითაა აღმოჩენილი ბრინჯაოს სატევარი (ტეხოვი 1971: 72). ინახება ცხინვალის მუზეუმში. იქვეა მიკვლეული დიდი ლოდებით შემოსაზღვრული, ქვაყრილიანი, კოლექტიური სამარხი, რომელშიც აღმოჩნდა თიხის 5 ჭურჭელი და სპილენძის სატევარი. სამარხი III-II ათასწლეულების მიჯნით თარიღდება (ტეხოვი 1971: 90-92). მასალა ინახება ცხინვალის მუზეუმში.

ცხინვალის სატყეო კომბინატის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანების 4 კოლექტიური სამარხი. მიცვალებულები დაუკრძალავთ მოკრუნჩხულ მდგომარეობაში. სამარხების ინვენტარი შედგებოდა კერამიკისა და მძივებისაგან.

ცხინვალის № 2 აგურის ქარხნის ტერიტორიაზე, მდ. ლიახვის მარჯვენა ნაპირზე, მშენებლების მიერ დაზიანდა სამაროვანი. იქ აღმოჩენილია გვიანბრინჯაოს ხანის მასალა: ლანგრები, ჯამები, ქოთნები, ბრინჯაოს მრავალრიცხოვანი ინვენტარი. მასალა ინახება ცხინვალის მუზეუმში.

ცხინვალის მახლობლად აღმოჩენილი ე.წ „ცხინვალის განძი“ სამარხის ინვენტარი უნდა იყოს. ის შედგება: რგოლის, 2 ხელეჩოს, სატეხისა და ნაკლული ცელნამგალასაგან. თარიღდება გვიან ბრინჯაოს ხანით (ჯაფარიძე 1950: 99-107).

ცხინვალის მიდამოებში, სოფ. გორეთში შემთხვევით აღმოჩნდა სამარხი, რომელშიც გამოვლინდა: ბრინჯაოს მშვილდსაკინძი და რგოლები, ვერცხლის ბრტყელფარაკიანი ბეჭედი, საკინძი, ბრინჯაოს მინიატურული, ფრინველის ფორმის საკიდები და მძივები. თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულის დასასრულით (ტეხოვი 1971: 231, 232). მასალა ინახება ცხინვალის მუზეუმში.

ცხინვალის ტრიკოტაჟის ფაბრიკის ტერიტორიაზე შემთხვევითაა აღმოჩენილი ბრინჯაოს ხანის რამდენიმე ნივთი. იქ გაითხარა XVIII ს-ის სამაროვანი. იქვე მცირე ეკლესიაც უნდა ყოფილიყო (ჯატიევი 1980: 239-244).

ცხინვალში, ტელმანის ქუჩაზე დგას კავთის წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია. ნაგებია რიყის ქვითა და შინდისფერი ტუფით. ეკლესიას სამხრეთითა და დასავლეთით მინაშენები ჰქონდა. შესასვლელი დასავლეთითა და სამხრეთითაა. თარიღდება VII-IX სს-ით (მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 33).

ცხინვალის შესასვლელში, გზის მხარეს დგას ორი დარბაზული ეკლესია – ზღუდერის წმინდა გიორგი და ამაღლება. ზღუდერის ეკლესიის სამხრეთ ფასადზე ასომთავრულით შესრულებულია წარწერა: „ჰოი ახოვანო მოწამეთა შორის მთავარმოწამეო წმიდაო გიორგი (მწე და) მფარველ გვექმენ ორთავე შინა ცხოვ(რებასა მადიდე)ბელსა დედოფალთ დედოფალსა ხელმწიფის დადი(ანისა დასა) მარიამს ნაცვალ გვაგე მადლი დაფარვა შენ მიერი დღესა მას დიდისა განკითხვისასა ამინ“. წარწერა ეკუთვნის ქართლის მეფეების, როსტომისა (1632-1658) და ვახტანგ V-ის (1658-1675) მეუღლეს, მარიამ დადიანს. ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე შესრულებული წარწერა მოიხსენიებს: „ტაძრისა ზედა მდგომელსა მიქაელსა“. წარწერის მიხედვით ეკლესია XVII საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება (მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 138).

ქალაქის ცენტრში, მოედანზე დგას ღვთისმშობლის გუმბათიანი ეკლესია. ნაგებია აგურითა და ქვით. სახურავის დასავლეთ მხარეს გამართულია სამრეკლო. სამხრეთ ფასადზე, კარიბჭის გვერდით არის მხედრული წარწერა: „ქ. აღვაშენეთ მღვთის შეწევნითა საყდარი ესე ყოვლადწმინდის ჩვენ გიორგის შვილმან ქაიხოსრომან და ჩემმან შვილმან გივმან ცოდვათა ჩვენთა შესანდობლად ... მეფობასა ვახტანგისა, ქორონიკონსა უე“. წარწერა თარიღდება 1717 წლით (მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 139).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 41; ბაგრატიონი 1983: 50, 54-56, 66, 77; გვასალია 1983: 76, 94; გიულდენშტედტი 1962: 5, 53, 85, 99, 101, 111, 113, 121, 127, 177, 227, 267, 279; 1964 : 27, 131, 153, 155, 175, 223, 227; გობეჯიშვილი 1951: 242-248, 1952: 41-45, 92-96; დე გრაი დე ფუა 1985: 25, 44, 48, 52, 83, 93, 98; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 65, 140, 201, 326; 1953: 22, 111; კუფტინი 1947: 67-88; ლიუბინი 1958: 21-40; მაკალათია 1971: 42, 43; მეფისაშვილი, ცინცაძე 1975: 33, 138, 139; ორბელიანი 1981: 56, 70, 72, 73, 213, 246; საქ. არქ. 1992: 187; ტეხოვი 1971: 71, 72, 90-92, 231, 232; ქრონიკები 1897: 197, 1967: 45; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 308, 338, 334; 1983: 388; 1985; 22, 24, 113, 172, 183, 419, 440; ქართულ-სპარსული ... 1984: 115; საქ. ისტ. ოსმალ. წყ. 1974; ქც 2: 385,19; 386,11; ქც 4: 370,7,10,11,16,23; 371,5,8; 372,2,3; 421,1; 455,5,6; 568,4; 470,22; 504,11; 505,21; 506,21; 507,13; 872,10; 920,28;ცოტნიაშვილი 1986; ჯაფარიძე 1950ა: 99-107; ჯაფარიძე 1968: 3-8; ჯატიევი 1980: 232-244; ჯიქია 1965: 243-247.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9