ღა ღე ღო ღრ ღუ
ღარ

ღართა

ღართისკარი (ქც 1: 110,16; ქც 4: 351,7; 432,19; 470,8).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ (ქც 1: 110,16), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 351,7; 432,19; 470,8), მატიანე ქართლისა (ქც 1: 311,7), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი ტექსტი (ქც 2: 405,13; 409,17), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 117, 143, 151, 342; საქ. სიძ. 1920: 276; ქრონიკები 1892: 264; 1967: 225, 244, 245, 627, 632; მასალები საქ. ისტ. 1905: 9, 23, 25; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 407; 1977: 189; 1981: 533), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 210, 211, 243), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1989: 33, 34, 57), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 7), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 50, 56, 57), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 59, 273, 275).

ვახუშტი ბაგრატიონი ღართისკარის შესახებ გადმოგვცემს: „მცხეთის ჩდილოთ არს ციხე ბელტისა ... ამის ჩდილოთ არს ღართის-კარი, ხევი ღრმა და მშრალი“ (ქც 4: 351,6-8).

ღართისკარი მშრალი ხევია, რომელიც მცხეთის ჩრდილოეთით მდებარეობს. ის მდ. არაგვს მარჯვენა მხრიდან ერთვის. სახელწოდება „ღართისკარი“ გზას, გასავალს ნიშნავდა. შესაძლოა, ხევის სახელწოდება ნატახტრის წყალსადენის მახლობლად მდებარე სოფელ ღართიდან მოდის, რომელიც ხშირად წყაროებში ღართისკარის სახელწოდებით იხსენიება (ბერძენიშვილი 1966: 22; ხარაძე 1992: 74). ამავე სახელწოდების სოფლები გვხვდება: ხაშურის მუნიც-ში (სძა 1990: 453), ახალციხის მუნიც-ში „ყართას“ სახელით (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 187; როსტომოვი 1898: 62) და სხვ.

ღართა პირველად იხსენიება მირიან მეფის გაქრისტიანებასთან დაკავშირებით. ნადირობიდან დაბრუნებულ მირიანს ღართასთან შეეგება ნანა დედოფალი და მთელი ერი (მქ 1979: 342; ქც 1: 110,16). 1068 წ. განძის ამირა ფადლონი ბაგრატ IV-მ (1027-1072) ღართასთან დაამარცხა (ქც 1: 311,7). 1625 წ. მარაბდის ომის შემდეგ ყიზილბაშთა მოთარეშე რაზმი გიორგი სააკაძემ ღართისკარში ამოხოცა (ქც 2: 409,17). 1756 წ. მუხრანის ბატონი კონსტანტინე ლეკებთან ბრძოლისას ღართისკარში დაიღუპა (ორბელიანი 1981: 243). 1778 წ. ერეკლე II-ემ ლეკებისაგან თავდასაცავად ღართისკარში ჯარი ჩააყენა (ორბელიანი 1981: 211). 1778 წ. მუხრანიდან მომავალმა ბატონიშვილ გიორგის მეუღლემ ქეთევანმა ღართისკარში 500-მდე მოთარეშე ლეკთა რაზმი 300 მხედრით მოიგერია (ბაგრატიონი 1983: 56).

ღართისკარი სავაჭრო გზების შესაყარში მდებარეობდა: თბილისიდან დარიალისაკენ მიმავალი გზა ღართისკარის გავლით (ღართა-საფურცლე-მისაქციელი) მიდიოდა. მუხრანიდან მცხეთას მიმავალი გზა ასევე ღართისკარზე გადიოდა. აქ იყო ძველი „საბაჟო“ (ბერძენიშვილი 1966: 21, 60). ანტიკურ ხანაში ღართისკარში მდებარეობდა მცხეთაში შემოსასვლელი ჩრდილოეთის მთავარი კარიბჭე (აფაქიძე ... 1982: 199).

ღართისკარში არქეოლოგიური გათხრები 1980-1988 წწ. მიმდინარეობდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. ა.აფაქიძე). შესწავლილ იქნა ღართისკარის ხევის მარცხენა ნაპირი, მდ. არაგვის მარჯვენა სანაპირო; ჩრდილოეთით, პარალელურად მდებარე მეორე მშრალი ხევის – ბრინჯიღელესა და ღართისკარის ხევს შორის მდებარე ტერიტორია (30 ჰა).

გამოვლინდა საფორტიფიკაციო სისტემა: ზღუდე-გალავანი, რომელიც გასდევს ბრინჯიღელეს მარჯვენა ნაპირს ღართისკარის ზედა თხემიდან არაგვამდე და არაგვის მარცხენა ნაპირიდან საგურამოს ქედამდე. ზღუდე-გალავანი გამოვლენილია 0,5 კმ სიგრძეზე. ზღუდეში ჩადგმულია 6 ოთხკუთხა კოშკი (გარე ზომები: 7X7 მ; შიდა – 4,5X4,5 მ), რომლებიც ერთმანეთისაგან დაშორებულია 50-60 მ-ით. კოშკები კონტრფორსების მსგავსად 1 მ-ითაა გამოწეული გალავნიდან. ზღუდე-გალავანი და კოშკები აგებულია ფერდზე, ხელოვნურად მოსწორებულ ტერასაზე, სადაც ხის ძელებით გამაგრებული რიყის ქვით შექმნილია საძირკველი, რომელზეც ამოყვანილია ალიზის კედელი (სისქე 3 მ). კოშკები, რომლებიც სამსართულიანი უნდა ყოფილიყო, ამოვსებულია დამწვარი ძვლებით, ალიზის აგურებითა და მცირეოდენი ინვენტარით (წითლად ანგობირებული ქუსლიანი ჯამი, თეთრი ანგობით მოხატული ორყურა დერგი, კოჭობი, სამფრთიანი ისრისპირი, ბრინჯაოს ანჯამა, რკინის ღურსმანი და სხვ.) ღართისკარის საფორტიფიკაციო ნაგებობა ძვ. წ. IV-III სს-ით თარიღდება. ის ანტიკური მცხეთის ჩრდილოეთ კარიბჭეს წარმოადგენდა და იდენტიფიცირებულია სტრაბონის ცნობასთან – არაგვის გზის დასასრულს მიუდგომელი სიმაგრის არსებობის შესახებ (ნიკოლაიშვილი 1990: 2-4).

ღართისკარის შიდა ტერიტორიაზე, მდ. არაგვის მარჯვენა ნაპირზე რამდენიმე ძეგლი დადასტურდა: 1. სამლოცველო (ტაძარი), რომელიც ცენტრალურ ნაწილში, ტერასაზე, 100 კვმ ფართობზე გამოვლინდა. ის სამი ნაწილისაგან შედგება. ნაგებია ქვითა და ალიზით. კედელზე ალიზით ნაგები საკურთხეველია მიშენებული. გადახურვა შესაძლოა ბანურ-გვირგვინოვანი ჰქონდა. თიხატკეპნილ იატაკზე დიდი რაოდენობით აღმოჩნდა თეთრი ანგობით მოხატული კერამიკა; 2. ელინისტური ხანის სამაროვანი სამლოცველოს ჩრდილოეთით მდებარეობს. იქ გაითხარა 3 ორმოსამარხი და 1 ქვევრსამარხი. სამარხებში ბავშვები დაუკრძალავთ მოხრილი კიდურებით, თავით დასავლეთითა და ჩრდილოეთით. სამარხებში აღმოჩნდა: ქუსლიანი ჯამები, პითოსის იმიტაცია, ყურიანი ჭრაქი; ბრინჯაოს თავებგახსნილი, მავთულოვანი საყურე. სამარხები ძვ. წ. I ს-ით თარიღდება (აფაქიძე ... 1997: 65); 3. შენობათა კომპლექსი არაგვის ხიდთან, 220 კვმ ფართობზეა განფენილი. შენობები ნაგებია რიყის ქვით, ერთრიგა წყობით და გადახურულია წითლად შეღებილი ბრტყელი და ღარისებური კრამიტით (ნიკოლაიშვილი 1990: 5); 4. წისქვილი აღმოჩნდა შენობათა კომპლექსის სიახლოვეს. მისგან სამი კედელიღაა დარჩენილი (სისქე 0,8-0,9 სმ). ისინი რიყის ქვითაა ამოყვანილი და თიხითაა შელესილი. ინტერიერში კედლებიდან 75 სმ-ის დაცილებით განლაგებულია საფქვავი მოწყობილობანი: რიგები, რომლებზეც ერთდროულად 12 მეწისქვილეს შეიძლებოდა ემუშავა. იატაკზე ხორბლის, თუ ფქვილის შესანახი 2 დიდი ზომის ჭურჭელი – თაღარი – იდგა. იქვე აღმოჩნდა დამღადარტყმული თიხის გუნდა, რომლითაც ფქვილით სავსე ჭურჭელს ბეჭდავდნენ (ნიკოლაიშვილი 1990: 5).

ზღუდე-გალავნის IV კოშკის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში აღმოჩნდა გვინანტიკური ხანის ორმოსამარხი (აფაქიძე ... 1995: 84). ღართისკარის არქეოლოგიური მასალა ინახება მცხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ბაზაში.
 
ბიბლიოგრაფია: აფაქიძე ... 1982: 191-218; აფაქიძე ... 1989: 6-35; აფაქიძე ... 1995ა: 6-57; აფაქიძე ... 1982ა: 68-79; აფაქიძე ... 1982ბ: 35-39; აფაქიძე ... 1985: 44-46; აფაქიძე ... 1986: 31-37; აფაქიძე ... 1987: 47-51; აფაქიძე ... 1995: 83-89; აფაქიძე ... 1997: 65-70; ბაგრატიონი 1983: 50, 56, 57; ბაგრატიონი დავით 1941: 7; ბერძენიშვილი 1966: 22, 23, 59, 60; გიულდენშტედტი 1962: 59, 273; გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 187; მასალები საქ. ისტ. 1905: 9, 23, 25; მქ 1979: 320-355; ნიკოლაიშვილი 1990; ორბელიანი 1981: 210, 211, 243; როსტომოვი 1989: 62; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 117, 143, 151; საქ. სიძ. 1920: 276; სძა 1990: 453; ქრონიკები 1892: 264; 1967: 225, 244, 245, 627, 632; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 407; 1977: 189; 1981: 533; ქც 1: 110,16; 311,4; ქც 2: 405,13; 409,17; ქც 4: 351,7; 432,19; 470,8; ხარაძე 1992: 74; ხერხეულიძე 1989: 3, 34, 57.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9