ღა ღე ღო ღრ ღუ
ღუდ

ღუდუშაურების ციხე

(ქც 4: 357,19). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 357,19). XVIII ს-ის ისტორიული საბუთი (მასალების საქ. ეკ. ისტ. 1955: 65).

ვახუშტი ბაგრატიონი ღუდუშაურების ციხის შესახებ გადმოგვცემს: „აღმოსავლეთიდამ არაგუს ერთვის, არშას ქვეით აჩხოტის ხევი. აქა არს ციხე ღუდუშაურისა მცირე, არამედ ფრიად მაგარი. ამ ხევიდამ გადავალს გზა გუდამაყარს“ (ქც 4: 357,18-20). ხეობიდან გზა გადადის მთიულეთსა და ხევსურეთშიც (ითონიშვილი 1971: 150).

მდებარეობს ყაზბეგის მუნიც-ში, სოფ. სნოში, მდ. სნოსწყლის (არაგვის) მარჯვენა ნაპირზე. სოფ. სნო ზოგიერთ წყაროში ღუდუშაურების სახელითაცაა მოხსენიებული (ბაგრატიონი 1986: 36).

ღუდუშაურების ციხის შესახებ მდიდარი ფოლკლორული მასალაა შემონახული. გადმოცემის თანახმად ციხე აუგია ხევში აღზევებულ შიოლა ღუდუშაურს, რომელსაც აზნაურობა მიუღია და ზოგიერთი სოფელიც დაუბეგრავს. თემი წინ აღუდგა ხევზე გაბატონების მოსურნეს და მას ფიზიკურად გაუსწორდა (შანიძე 1931: 337; მაკალათია 1934: 43, 44).

ღუდუშაურების ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ვაკე ფართობზე ამოზიდულ პატარა კლდოვან ბორცვზე აღმართულია სწორკუთხა სამსართულიანი კოშკი, რომელსაც თითქმის წრიული გალავანი შემოუყვება. ციხეს შესასავლელი აღმოსავლეთიდან ჰქონია. საკუთრივ კოშკში შესასვლელი 6 მ სიმაღლეზე მდებარეობს. კოშკი და გალავანი ნაგებია კლდის ფლეთილი ქვით. თლილი ქვა გამოყენებულია კოშკის კუთხეებში და კარ-ფანჯრების ირგვლივ. ციხე თარიღდება XVI ს-ის მეორე ნახევრით ან XVII ს-ის დასაწყისით (ბერიძე 1983: 114; ზაქარაია 1988: 113).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 36; ბერიძე 1983: 114; ზაქარაია 1988: 113; ითონიშვილი 1971: 150; მაკალათია 1934: 43, 44; მასალები საქ. ეკ. ისტ. 1955: 65; ქც 4: 357,19; შანიძე 1931: 337.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9