ყა ყვ ყი ყო ყუ
ყიზ ყინ

ყინწვისი

მონასტერი (ქც 4: 344,13).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 344,13), მატიანე ქართლისაის ჩანართი – მელქისედეკ კათოლიკოსის სვეტიცხოვლისადმი შეწირულობის სიგელი (ქც 1: 295,14; ქრონიკები 1892: 185; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 22), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 33; 1967: 217, 218; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 146; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 569; 1972: 132, 417; 1977: 607, 630, 631; მასალები XVIII საუკუნის ... 1988: 552), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 32).

ყინწვისის სამონასტრო კომპლექსში შედის: წმინდა ნიკოლოზისა და ღვთისმშობლის ეკლესიები; აგრეთვე მცირე ეკლესიები, გალავანი, კოშკი-სამრეკლო. წმინდა ნიკოლოზის ეკლესია გუმბათიანი ნაგებობაა (19,7X14 მ). ნაშენია აგურით. თარიღდება XII-XIII სს-ის მიჯნით. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარიბჭეები მიშენებულია XIV ს-ში. ეკლესიას შესასვლელები აქვს დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. აფსიდი ნახევარწრიულია. ღრმა ბემა გადახურულია ისრული კამარით. აფსიდაში 3 სარკმელი და 1 ნიშია. კანკელი ნაგებია XV-XVII სს-ში. საკურთხევლის ორივე მხარეს ორსართულიანი სათავსებია. პირველ სართულზე სადიაკვნე და სამკვეთლოა. ეკლესიის ჩრდილო და სამხრეთი მკლავები მოკლეა. დასავლეთის მკლავი რამდენადმე წაგრძელებულია. მკლავები გადახურულია ისრული კამარით.

ეკლესია მოხატულია XIII ს-ის დასაწყისში. სცენების შინაარსს განსაზღვრავს ქართული ასომთავრული წარწერები. რამდენიმე ადგილას შემორჩენილია ბერძნული წარწერა. დასავლეთი მკლავისა და კამარების მოხატულობის დიდი ნაწილი არ შემორჩენილა. შემორჩენილი სცენებიდან აღსანიშნავია ვედრების, მოციქულთა ზიარების, ღვთისმშობლის შობის, ტაძრად მიყვანების, ქრისტეს შობის, სულიწმიდის მოფენის, ღვთისმშობლის მიძინების, საიდუმლო სერობის, ლაზარეს აღდგინების, ნათლისღების, იერუსალიმად შესვლის, ფერისცვალების, ჯვარცმის, დედები მაცხოვრის საფლავთან და სხვ. კომპოზიციები. დასავლეთ მკლავში წარმოდგენილია წმინდა ნიკოლოზის ცხოვრების სცენები. ჩრდილოეთი მკლავის ქვედა რეგისტრში გამოსახულია ისტორიული პირები: გიორგი III, თამარი და ლაშა-გიორგი. ტაძრის მოხატულობაში დიდი ადგილი ეთმობა დეკორატიულ ელემენტებსაც. მოხატულობას განუმეორებელ იერს ანიჭებს ოქროსფერ და მოწითალო ოქრასთან, ღია მწვანე, ცისფრისა და თეთრ ფერებთან შეხამებული ლაჟვარდი. ყინწვისის მოხატულობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მარტო საქართველოს, არამედ საერთოდ შუა საუკუნეების მონუმენტური მხატვრობის ისტორიისათვის.

სამი სათავსოსაგან შედგენილი ნართექსის მოხატულობა გვიანდელია. შუა სათავსოს კედელზე გამოსახულია XV ს-ის მეორე ნახევრის ცნობილი მოღვაწე ზაზა ფანასკერტელი.

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (11,2X7,8 მ). აგებულია წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით. თარიღდება XII-XIII სს-ით. ეკლესიიდან შემორჩენილია საკურთხევლისა და გრძივი კედლების ნაშთები. საკურთხეველში შემორჩენილია ღვთისმშობლის გამოსახულება ყრმით და მთავარანგელოზები. აგრეთვე მაცხოვრის სასწაულის სცენები და სხვ. მოხატულობა თარიღდება XIII ს-ის მეორე ნახევრით.

წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის დასავლეთით დგას გვიანი შუა საუკუნეების დარბაზული (5,1X4,5მ) ეკლესია (სძა 1990: 404-409).
 
ბიბლიოგრაფია: ალიბეგაშვილი 1966: 13-17; 1979; ამირანაშვილი 1971: 270-274; ბაგრატიონი 1986: 32; ბერიძე 1974: 156; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 146; ვაჩეიშვილი 1963: 745-752; ზაქარაია 1961: 71-102; 1978: 77-96; მაკალათია 1961: 24-27; მასალები XVIII საუკუნის ... 1988: 552; სიმონიშვილი 1994; სძა 1990: 404-409; ტოლმაჩევსკაია 1931: 12, 13; ფირალიშვილი 1976: 46-56; 1979; ქრონიკები 1892: 185; 1897: 33; 1967: 217, 218; ქც 4: 344,13; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 22, 569; 1972: 132, 417; 1977: 607, 630, 631; ქც 1: 295,14; ყაუხჩიშვილი 1951: 188-190.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9