ყა ყვ ყი ყო ყუ
ყორ

ყორანთა

(ქც 4: 316,7; 756,2). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 316,7; 756,2), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 54), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 237), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 136, 320, 373, 401, 591; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 150, 237, 238; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 71, 72, 190; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 183; აქტები ... 1866: 3), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 81).

ვახუშტი ბაგრატიონი გადმოგვცემს: „ყორანთას არს ეკლესია, სასუენი ატოცის წმიდის გიორგის ჯუარისა“ (ქც 4: 316,7,8).

ნასოფლარი ყორანთა მდებარეობს დმანისის მუნიც-ში, მდ. მაშავერას მარცხენა მხარეს, დისველის სამხრეთით, რატევანის აღმოსავლეთით (ლორთქიფანიძე 1935: 362). იოჰან გიულდენშტედტი ყორანთას უწოდებს ორანტას და აღნიშნავს, რომ ის მდებარეობს მდ. მაშავერას ჩრდილოეთით. „სიმაგრე ორანტა, სადაც არის აგრეთვე ქვის ხიდი“ (გიულდენშტედტი 1962: 81).

1392 წ. ყორანთა საკათალიკოსო მამულია. XV ს-ში ბარათაშვილები ფლობენ და სწირავენ სვეტიცხოველს. სოფელი 1449-1490 წწ. გაპარტახდა თურქმანული ტომებისა და იაყუბ-ყაენის შემოსევების შედეგად. XVII ს-ის დასაწყისში სოფელი განაახლა ნიკოლოზ კათოლიკოსმა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 589-591). XVIII ს-ის 20-იან წლებში კათოლიკოსს ყორანთაში 12 ყმა ჰყოლია (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 183). 1721 წ. აღწერაში სოფელი არაა მოხსენიებული (ლორთქიფანიძე 1938: 129). ყორანთას გაპარტახება უნდა გამოეწვია ოსმალ-ყიზილბაშთა და ლეკთა თარეშს (გვრიტიშვილი 1980: 136). XIX ს-ის პირველ ნახევარში ყორანთას მიწებზე ვიუტერბერგელმა გერმანელებმა დააარსეს კოლონია ე. წ. ეკატერინენფელდი (მანჯგალაძე 1974: 30; აქტები... 1874: 350).

ყორანთა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

დაზვერვითი სამუშაოებისას იქ დადასტურდა ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის ნამოსახლარი გორა (მუსხელიშვილი 1977: 72). 1960 წ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ.ფხაკაძე) გორის სამხრეთ-დასავლეთ ფერდზე გააკეთა სადაზვერვო თხრილი, სადაც გამოვლინდა 5 მ დიამეტრის წრიული ნაგებობის ქვის საძირკველი. ცერად ჩადგმულ ნაფლეთი ქვების ორმაგ წყობას შორის ჩაყრილი იყო წვრილი ქვა. თხრილში აღმოჩნდა დიდი რაოდენობით ანაბეჭდებიანი ბათქაშის ნატეხები, ხელსაფქვავის ქვა, ნამგლის კაჟის ჩასართები. აგრეთვე თიხის რუხი ფერის ბადიისა და დიდი ზომის ჭურჭლის ნატეხები, ნახევარსფერული ფორმის ყურით. მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის არმაზის ბაზაზე (ფხაკაძე 1963: 16; საქ. არქ. 1992: 169).

ყორანთას ნასოფლარი მდებარეობს ბოლნისის ჩრდილოეთით აღმართულ მთის წვერზე არსებულ ციხესიმაგრის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ ფერდზე, სადაც მოჩანს შენობათა კონტურები. ფერდობის ძირში შემორჩენილია წყალსატევი. მართკუთხედის ფორმის აუზი გადახურულია ცილინდრული კამარით. გარედან მოპირკეთებული ყოფილა თლილი ქვით. (3,1X1,8X2,3 მ). აუზის სამხრეთ-დასავლეთ კედელში დატანებული თიხის მილით წყალი შემოდიოდა აუზში. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში უფრო დაბლა, მეორე მილია, რომლითაც წყალი გადიოდა აუზიდან (გვრიტიშვილი 1980: 137).

ციხის გალავანი სხვადასხვა სიდიდის 13 ყრუ ბურჯითაა გამაგრებული. შესასვლელი სამხრეთ-აღმოსავლეთიდანაა. ციხე-გალავანში დგას მცირე ზომის დარბაზული ტიპის ეკლესია, სამხრეთის მინაშენით. ნაგებია უხეშად გათლილი სხვადასხვა ზომის ქვით. ინტერიერი შელესილია. ეკლესიის პერანგი თლილი ქვისაა. კარ-სარკმელი მოჩუქურთმებულია. ეკლესია და ციხე-გალავანი თარიღდება XIII-XIV სს-ის მიჯნით (გომელაური 1966ა: 262-264).

ნასოფლარზე ჩანს ნაგზაურები, რომელიც იტოტება. ერთი მიდის დასავლეთით, მეორე მაშავერის ხეობისაკენ – ბოლნისისაკენ (გვრიტიშვილი 1980: 137). სახელწოდება „ყორანთას“ შესახებ გამოთქმულია მოსაზრება, რომ გორას ეწოდა ეს სახელი ფრინველ ყორნისაგან, იმ დროს, როცა მოსახლეობა თაყვანს სცემდა ცხოველებსა და ფრინველებს (მუსხელიშვილი 1977: 71, 72; ბერძენიშვილი 1990: 125, 518).
 
ბიბლიოგრაფია: აქტები ... 1866: 3; 1874: 350; ბაგრატიონი 1986: 54; ბერძენიშვილი 1979: 13, 38; ბერძენიშვილი 1990: 58, 125; გვრიტიშვილი 1980: 133-139; 1981: 64, 65; გიულდენშტედტი 1962: 81; გომელაური 1966ა: 262-264; დადიანი 1962: 237; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 183; ლორთქიფანიძე 1935: 362; 1938: 129; მანჯგალაძე 1974: 30; მუსხელიშვილი 1977: 71, 72; საქ. არქ. 1992: 169; საქ. ისტ. რუკა 1923; ფხაკაძე 1963: 16; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 178, 191, 591; ქრონიკები 1897: 196, 271, 360, 373, 401, 425, 505; ქც 4: 316,7; 756,2.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9