ყა ყვ ყი ყო ყუ
ყორ

ყორნისი

(ქც 4: 375,3,4,5; 463,22). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 375,3,4,5; 463,22), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 5), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1913: 261), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1967: 45; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 555; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 112), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 42).

მდებარეობს ზნაურის მუნიც-ში, მდ. ფრონეს ხეობის სათავეში, ფრონეს მარცხენა ნაპირზე.

1688 წ. ქართლის მეფე გიორგი XI-მ (1676-1688) შეიტყო, რომ ირანელებმა მეფედ დანიშნეს ერეკლე I ნაზარალიხანი (1688-1703). გიორგი XI ზემო ქართლისკენ გაემართა და ყორნისს დადგა (ჩხეიძე 1913: 5). 1758 წ. ლეკთა რვაათასიანი ჯარი ქართლს შემოესია. თეიმურაზისა და ერეკლეს დასახმარებლად მოვიდა იმერეთის მეფე სოლომონ I (1752-1784). ისინი ერთმანეთს ყორნისში შეხვდნენ და აქედან შეუტიეს ლეკებს (ხერხეულიძე 1913: 261). გვიან შუა საუკუნეებში ყორნისი მაჩაბელთა საკუთრება იყო.

1952 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის სამხრეთ ოსეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ალ. კალანდაძე) სოფ. ყორნისის მიდამოებში მიაკვლია პალეოლითური და ენეოლითური ხანის ქვის იარაღებს. ყორნისის მიდამოებში გამოვლინდა ბრინჯაოს ხანის ძეგლებიც (კალანდაძე 1952: 9). 1986-1987 წწ. იმავე ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის წორბისის ექსპედიცია (ხელმძღ. ო. ტყეშელაშვილი) დაზვერვებს აწარმოებდა ყორნისის მიდამოებში. სოფლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ექსპედიციამ აღმოაჩინა მინის საწარმოს ნაშთები. ყორნის-წორბისის საზღვართან გამოვლინდა ქვევრსამარხის ნაშთები და ყორღანები (ტყეშელაშვილი 1991: 98, 99; 1995: 135). მდ. ფრონის მარცხენა ნაპირზე, სოფ. ყორნისის და ბეყმარის გამყოფ პატარა ქედის ჩრდილო-დასავლეთ ბოლოზე შეგროვებულ იქნა მუსტიეური ხანის რამდენიმე ათეული მსხვილი ანატკეცი და ანამტვრევი, რომელთაგან ზოგიერთი უშუალოდ კაჟის კაჭარიდანაა ახეთქილი. სხვები მეტ-ნაკლებად სწორად ჩამოყალიბებული ნუკლეუსებიდან. საყურადღებოა დისკოსებური ნუკლეუსები, რომელთაგან მიღებულია სასურველი ფორმისა და ზომის ანატკეცები თუ ლამელები. ანატკეცები უმრავლეს შემთხვევაში უახლოვდება სამკუთხედს ან ოვალს. ყორნისის კაჟის ინვენტარში შემავალი ფართო ორფერდა ლამელისებრი ანატკეცები წარმოადგენდნენ ნამზადებს წვეტანებისა და მსხვილი საფხეკი იარაღისათვის (კალანდაძე 1953: 9; საქ. არქ. 1959: 31). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი). ყორნისიდან ცნობილია შემთხვევითი აღმოჩენებიც. ხაშურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია ყორნისიდან მომდინარე პალეოლითური ხანის ქვის იარაღები. საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) ინახება ყორნისში შემთხვევით აღმოჩენილი გვიანბრინჯაოს ხანის ნივთები: მასრაგახსნილი შუბისპირები (3ც), „კახური ტიპის“ სატევარი, შავპრიალა ჭურჭელი. ამავე კოლექციაში შედის მოგვიანო ხანის ე. წ. „სკვითური ტიპის“ 2 დეზიანი ისრისპირი, რომელთაგან ერთი სამფრთიანია, მეორე ორფრთიანი (კუფტინი 1949: 27). ამავე მუზეუმშია დაცული ყორნისიდან მომდინარე ბრინჯაოს მასური საკიდი – ცხვრის ქანდაკება, რომელიც ხასიათდება სქემატური თავით, წინ გაშვერილი დაგრეხილი რქებითა და მოკლე ფეხებით. ზურგზე აქვს პატარა ყუნწი (არქ. მას. კატ. 1955: 49).

ყორნისის სწორკუთხა კოშკები (8 ერთეული) ნაგებია კლდის ფლეთილი ქვით დუღაბზე. მათგან საყურადღებოა ერთი შვიდსართულიანი კოშკი, რომელიც სასახლესთან ყოფილა დაკავშირებული. სასახლიდან ამჟამად მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. კოშკის პირველი სართული ყრუ კედლებია. მეორე სართულიდან დაწყებული ყველა სართულს თითო ბუხარი და სათოფეები ჰქონია. სართულშუა გადახურვა ხისა ყოფილა. მეშვიდე სართული გადახურულია შეისრული კამარით. ყორნისის კოშკები თარიღდება XVII ს-ით. კოშკის მახლობლად დგას პატარა დარბაზული ეკლესია – ღვთისმშობელი. სოფლის ბოლოს, მაღალ გორაკზე კარასეთის წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესიაა, ნაშენი კლდის დიდი ლოდებით. ეკლესიას შემოუყვება კირხსნარზე ნაგები გალავანი. შესასვლელში გალავანს აქვს სათოფეები (მაკალათია 1963: 34, 35; ზაქარაია 1988: 168, 169; გვასალია 1989: 14).

 
ბიბლიოგრაფია: არქ. მას. კატ. 1955: 49; ბაგრატიონი 1986: 42; გვასალია 1983: 48, 113; 1989: 14; ზაქარაია 1958: 125; 1988: 168, 169; კალანდაძე 1953: 9; კუფტინი 1949: 27, 28; მაკალათია 1963: 34, 35; საქ. არქ. 1959: 29, 31; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 112; ტყეშელაშვილი 1991: 98, 99; 1995: 135; ფიცხელაური 1959: 117; 1973: 180; ქართ. სამართ. ძეგ. 1985: 555; ქრონიკები 1967: 45; ქც 4: 375,4,5; 463,22; ჩხეიძე 1913: 5; ხერხეულიძე 1913: 261.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9