აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ახა ახი ახმ ახტ

ახმეტა


(ქც 4: 549,8,10). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 549,8,10), იოანე ბაგრატიონის „სჯულდება“ (ბაგრატიონი 1957: 5,17, 52,12), მისივე „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 69), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 52), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 44, 57, 517), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 140), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 361; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 34; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 335, 367, 368; 1972: 332, 338; 1974: 369-371, 622; 1977: 103, 489, 493; 1981: 41, 183, 194, 206, 316, 373, 378, 534, 614; 1985: 315, 411, 447, 466,736), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 37, 43, 45, 207, 227; 1964: 143).

ლოკალიზდება მდ. ილტოს ქვემო დინებასა და მდ. ორვილს შორის, გაშლილ ვაკეზე, პანკისის ხეობის შესასვლელთან. მდებარეობს დღევანდელი ახმეტის მუნიც-ის ტერიტორიაზე.

ახმეტა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ახმეტის მუნიც-ის სოფ. ახალსოფელში 1949 წ. შემთხვევით აღმოჩნდა ქალის მდიდრული სამარხი. სამარხეული ინვენტარიდან აღსანიშნავია ოქროს ბალთა კამეით (ლომთათიძე 1977: ტაბ. XXXII,1).

1964 წ. ახმეტის „ჯვრების მთებთან“, მარმარილოს კარიერზე, რომელიც მდებარეობს მდ. ილტოს მარცხენა ნაპირზე, ახმეტიდან თიანეთისაკენ მიმავალი გზის მე-4 კმ-ზე, აფეთქების დროს შემთხვევით აღმოჩნდა კერამიკისა და ძვლების ფრაგმენტები. ამ მიდამოების შესწავლის შედეგად გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლები: ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის „ილტოს“ ნამოსახლარი და სამაროვანი, გვიან ბრინჯაოსა და გვიანანტიკური ხანის სამარხები, შუა საუკუნეების ნასახლარი და სამაროვანი.

„ილტოს“ ნამოსახლარი და სამაროვანი გაითხარა 1965-1967 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. კ. ფიცხელაური). ნამოსახლარი განლაგებულია ტერასულად. I-II ტერასაზე გაიწმინდა ნაგებობათა ნაშთები (III ტერასა დანგრეული იყო აფეთქების შედეგად). შენობები გეგმით ოთხკუთხაა. თიხატკეპნილი იატაკი დაფარული იყო ნაცრით. ნაგებობებს ჰქონია ქვის საძირკველი, რომელზეც თიხით შელესილი წნული იყო ამოყვანილი. გადახურვა ბანური ყოფილა. ნასახლარზე გამოვლინდა ოთხი ფენა: I ადრებრინჯაოს ხანის შენობების ნაშთები, სამეურნეო ორმოები და რამდენიმე სამარხი, რომლებშიც ჩატანებული იყო თიხის ჭურჭელი; II ფენაში ჩნდებოდა ადრე და შუა ბრინჯაოს ხანის მასალა; III – შუაბრინჯაოს ხანის კერამიკაა დაფიქსირებული; IV ფენა შეიცავდა სხვადასხვა პერიოდის მასალებს ადრე ბრინჯაოდან შუა საუკუნეების ჩათვლით. ორმოსამარხებში მიცვალებულები ესვენა მოხრილ პოზაში. თან ახლდათ თიხის ჭურჭელი. სამარხებს შორის იყო კენოტაფიც. ანტიკური ხანის სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს სამკაულები.

„ახმეტის ჯვრების“ აღმოსავლეთ ფერდზე მდებარეობდა დიდ ტერასაზე განლაგებული შუა საუკუნეების ნასოფლარი. იქ გამოვლინდა ძლიერ დაზიანებული საცხოვრებელი შენობები, ეკლესიის ნაშთი, რომელსაც ჰქონია დამცავი კედელი (დაინგრა აფეთქების დროს) (დედაბრიშვილი 1969: 39-66).

1966 წ. იმავე ექსპედიციამ ახმეტის მუნიც-ის სოფ. მატანში, მისგან დასავლეთით, 2 კმ-ის დაშორებით ილტოს კარიერსა და სოფელს შორის შეისწავლა მარანი და კოშკი. მარანი, რომელიც დამოუკიდებელი ნაგებობაა, მდებარეობს დამრეც ფერდობზე, მლაშეების გორის ძირთან. შენობა გეგმით სწორკუთხაა (12,65X10მ). ნაგებია კლდის ფლეთილი ქვით კირხსნარზე. შიგადაშიგ გამოყენებულია რიყის ქვაც. შედგება ორი ნაწილისაგან: საწნახელისა და საკუთრივ მარნისაგან. საწნახელი მიდგმულია მარნის ჩრდილოეთ კედელზე. საწნახელის ნავი 0,5 მ სისქის კედლით ორ ნაწილადაა გაყოფილი. ორივე ნავი ზედა ნაწილში გაფართოებულია, ფუძესთან შევიწროებული (სიგანე 0,7 მ). ორივე განყოფილებას აქვს თითო სადინარი მილი. საკუთრივ მარანი დიდი დარბაზია. მის 73 კვ მ ფართობში განთავსებული უნდა ყოფილიყო 45-50 ქვევრი. აქედან ადგილზე აღმოჩნდა წითლად გამომწვარი, სადაზედაპირიანი 5 ქვევრი.

კოშკი აღმართულია მარნის სამხრეთ-აღმოსავლეთით 8 მ-ის დაშორებით. ის გეგმით ოთხკუთხაა (4,30X4,7მ). ნაგებია რიყის დიდი ქვით. კუთხეებში გამოყენებულია ნატეხი ქვის ლოდები. შემორჩენილი სიმაღლეა 6 მ. მესამე სართული მთლიანად მონგრეულია. 1,5 მ სიგანის შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთანაა. კოშკისა და მარნის ირგვლივ შეინიშნებოდა შენობების ნაშთები. არქეოლოგიური მასალიდან აღსანიშნავია მოჭიქული ჭურჭლის, ფაიანსის ნატეხები; ჩალისფერკეციანი წვრილი ჭურჭელი, მინის სამაჯურებისა და სასმისების ნატეხები, რომლებიც თარიღდება XI-XIII სს-ით. აქვე აღმოჩნდა XIII ს-ის მეორე ნახევრის ორი მონღოლური მონეტა (რამიშვილი 1969: 111-127).

იაღსარის სამაროვანი მდებარეობს სოფ. მატნის დასავლეთით, 3,5 მ დაშორებით, იაღსარის გორის ძირზე. სამაროვანზე გაითხარა ორმოსამარხები და ქვის სამარხები. ორმოსამარხები გადახურული იყო ქვის ფილებით. მიცვალებულები ესვენა ზურგზე გაშოტილი ან გვერდზე, ოდნავ მოხრილი კიდურებით, თავით დასავლეთით. სამარხთა უმრავლესობა ინდივიდუალურია. ინვენტარი ღარიბი და ერთფეროვანია. 26 სამარხიდან მხოლოდ შვიდში აღმოჩნდა ბრინჯაოსა და რკინის საკინძები და ორი ბეჭედი. სამაროვანი თარიღდება V-VI სს-ით (რამიშვილი 1969: 111-127).

იაღსარის კომპლექსი მდებარეობს სამაროვნის ჩრდილოეთით. შედგება ფლეთილი ქვით ნაგები, ოთხკუთხა გეგმის მქონე საცხოვრებელი სახლისაგან (დარბაზისაგან), რომელიც ძლიერაა დაზიანებული, იაღსარის ხატის კოშკისაგან. კოშკი ორსართულიანია. მოგვიანებით მისთვის აღმოსავლეთიდან ეკლესია მიუშენებიათ. კოშკის მეორე სართულზე მოწყობილია მცირე სამლოცველო საკურთხევლით. კოშკში შესასვლელი სამხრეთიდანაა. გადახურვა კონუსურია.

იაღსარის მარანი დამოუკიდებელი ნაგებობაა. მდებარეობს იაღსარის გორის სამხრეთ-დასავლეთ ფერდობზე, იაღსარის ხატის ქვემოთ. შედგება სამი სხვადასხვა სათავსოსაგან. ნაგებია ქვიშაქვის ფლეთილი ქვებით კირხსნარზე. მთავარი, მოგრძო სათავსოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ქვიშაქვითა და დუღაბით ნაშენი ორი საწნახელია. იქვე აღმოჩნდა 12 ქვევრი. პირველი სათავსო კარით უკავშირდებოდა მეორეს. მესამეში კი აღმოჩნდა 2 ქვევრი. მეორე სათავსოს კედლის საძირკვლის ქვეშ ნაპოვნია წითლად გამომწვარი კოჭობი, რომელშიც ელაგა: ვერცხლისა და ოქროს ბეჭდები, ვერცხლის საკიდები, ჯვარი, ფირფიტები და მავთულის ხვიები, კოვზი, ჭურჭელი, წვრილი მარგალიტები, XV-XVI სს-ის, სამკაულად გამოყენებული 11 ცალი ვერცხლის მონეტა. განძი თარიღდება XVI-XVII სს-ით. გათხრებისას აღმოჩნდა გვიანი შუა საუკუნეების სადა და მოჭიქული კერამიკის ნატეხები. გამოვლინდა თიხის მილებით შედგენილი წყალსადენი, რომელიც „საწნახლის გორიდან“ წყლით ამარაგებდა მლაშეების გორის მარანსა და ნასახლარს (რამიშვილი 1974: 139-151).
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 52; ბაგრატიონი 1957: 5,17, 52,12; 1986: 69; გიულდენშტედტი 1962: 37, 43, 45, 207, 227; 1964: 143; დადიანი 1962: 140; დედაბრიშვილი 1969: 35-75; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 361; ლომთათიძე 1977: ტაბ. XXXIII,1; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 34; ორბელიანი 1981: 44, 57, 517; რამიშვილი 1969: 111-127; რამიშვილი 1974: 139-151; რუსიშვილი 1973: 29; ფიცხელაური, ბუგიანიშვილი ... 1971: 39-42; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 335, 367, 368; 1972: 332, 338; 1974: 369-371, 622; 1977: 103, 489, 493; 1981: 41, 183, 194, 206, 316, 373, 378, 534, 614; 1985: 315, 411, 447, 466, 736; ქც 4: 549,8,10; ცისკარიშვილი 1972: 77-85.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9