შა შე ში შო შტ შუ შქ შხ
შემ შერ

შემოქმედი

(ქც 4: 791,4,8,14,სქ.3; 874,17). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 791,4,8,14,სქ.3; 874,17), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტი (ქც 2: 361,3; 502,23), XVI-XVII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1892: 303-307; 1897: 471; 1967: 117, 196, 204, 260, 280, 284, 304, 311, 389, 490-492, 596, 606, 641, 645; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 241), იოჰან გიულდენდშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 129, 311-313, 315).

მდებარეობს ოზურგეთის მუნიც-ში, მდ. ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე, ახლანდელი სოფ. შემოქმედის ადგილას.

შემოქმედის კათედრალი დაარსდა XV ს-ში და შედიოდა ქუთაისის სამწყსოში (ბერძენიშვილი 1971: 114). 1572 წ. შემოქმედის ზარზმის ეკლესიის აშენება მიეწერება ვახტანგ გურიელს. 1654 წ. შემოქმედში დაკრძალეს როსტომ გურიელი (ქც 2: 361,3). 1714 წ. იქვე დაუკრძალავთ მამია გურიელი (1701-1714) (ქც 4: 874,17).

1991-1994 წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის გურიის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ვ.სადრაძე) სოფ. შემოქმედსა და მის მიდამოებში (გორიფერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე) ჩაატარა არქეოლოგიური დაზვერვები. შემოქმედის ეკლესიასთან, მაღალი გორის ფერდზე, აღმოჩნდა ადრე ბრინჯაოს ხანის ნასახლარი, სადაც აიკრიფა მტკვარ-არაქსის ტიპის თიხის ჭურჭლის ნატეხები (სადრაძე, ძნელაძე ... 1996: 23).

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი შედგება ღვთაების, მაცხოვრისა და ზარზმის (ფერისცალების) ეკლესიებისაგან. ღვთაების ეკლესია (10X13 მ) ბაზილიკური ნაგებობაა. მოპირკეთებულია ცისფერი ქვით. იატაკი მარმარილოსია. შესასვლელი ორი აქვს. დასავლეთი ფასადი შემკულია სარკმლის ირგვლივ შემოვლებული ორნამენტით. ინტერიერში შემორჩენილია XVII-XVIII სს-ის მოხატულობის, აგრეთვე ქართული და ბერძნული ფრესკული წარწერების კვალი (ბაქრაძე 1987: 100, 105, 106; ყაუხჩიშვილი 1951: 105, 106).

ზარზმის ანუ ფერისცვალების ეკლესია გუმბათიანია (9X7 მ). ეკლესია მოპირკეთებულია აგურითა და თლილი ქვით. თარიღდება XVI ს-ით. ეკლესია მოხატულია. კედლებზე შემორჩენილია ქართული ასომთავრული და ბერძნული წარწერების ნაშთები (ბაქრაძე 1987: 104; ყაუხჩიშვილი 1951: 105, 106). ეკლესიის ქვის გალავანზე დაშენებულია სამრეკლო.

შემოქმედის ეკლესიაში ინახებოდა ხატების, ჯვრების, საეკლესიო ნივთებისა და წიგნების უმდიდრესი კოლექცია (ბაქრაძე 1878: 108-132), რომელთაგან ბევრი ნივთი 1889 წლისათვის უკვე დაკარგული იყო.

გორიფერდის ეკლესია მდებარეობს შემოქმედის კათედრალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახ. 1,5 კმ-ის დაშორებით, მდ. ბჟუჟის მარჯვენა მხარეს. ეკლესია დარბაზულია (16X8მ). აფსიდა ნახევარწრიულია. ეკლესია მრავალჯერ გადაუკეთებიათ. ეზოში მიმოფანტულია ეკლესიის დეკორატიული ფრაგმენტები (თაყაიშვილი1907ა: 33-34; სადრაძე, ძნელაძე... 1996:34).
 
ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1878: 114, 368; 1987; ბერძენიშვილი 1971: 114; 1990: 479; გიულდენშტედტი 1962: 129, 311-313, 315; თავაძე 1967: 62-66; თაყაიშვილი 1907; 1907ა: 31-34; კონდაკოვი 1890: 102-110; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 241; სადრაძე, ძნელაძე ... 1996: 22-40; ქრონიკები 1892: 303-307; 1897: 471; 1967: 117, 196, 204, 260, 280, 284, 304, 311, 389, 490-492, 596, 606, 641, 645; ქც 2: 361,3, 502,23; ქც 4:791,4,8,14,სქ.3; 874,17.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9