შა შე ში შო შტ შუ შქ შხ
შილ შინ შიო

შიომღვიმე

მონასტერი (ქც 4: 350,7,8, სქ. 1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 350,7,8,სქ.1), IX-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 3-5, 10, 20, 28, 30, 35, 37, 44, 69; 1970: 127, 128, 160, 165, 174; 1981: 792; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 36, 47, 53, 55, 58, 99-104, 109, 130, 140; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 243, 244; ქრონიკები 1897: 79, 80, 81, 95, 149-153, 156, 180, 189, 355, 357), ცხოვრება შიოსი და ევაგრესი (ცხოვრება შიოსი და ევაგრესი 1955: 107, 113, 114).

ვახუშტი ბაგრატიონი შიომღვიმის შესახებ გადმოგვცემს: „ხოლო სარკინეთი არს მცხეთის დასავლით ... არს აქა მონასტერი დიდი გუმბათიანი და მღვიმე მას შინა“ (ქც 4: 350,1,5-8,11, 12, სქ. 1).

მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, მცხეთიდან დასავლეთით 9 კმ-ის დაშორებით, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე, სარკინეს (სხალტბის) ქედის სამხრეთ კალთაზე.

VI ს-ის მეორე ნახევარში ასურელი მამა შიო დამკვიდრებულა სარკინეს მთის ერთ-ერთ მღვიმეში (ცხოვრება შიოსი და ევაგრესი 1955: 107, 113, 114). შემდგომში შიომღვიმე სამონასტრო ცენტრად იქცა. ის მრავალ სოფელს ფლობდა. XI ს-ის შუა წლებში შიომღვიმე თურქ-სელჩუკებმა დაარბიეს (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 36). 1103-1123 წწ. დავით აღმაშენებელმა (1089-1125) აქ ააგო ღვთისმშობლის ეკლესია და მის წინამძღვრად დანიშნა სვიმონ არქიეპისკოპოსი ბედიელ-ალა-ვერდელი (ლომინაძე 1953: 14; მენაბდე 1962: 187). 1202 წ., თამარის მეფობისას (1184-1207), ანტონ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ინიციატივით შიომღვიმეში სოფ. სხალტბიდან წყალსადენი გამოიყვანეს (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 244; ლომინაძე 1953: 26). XIII-XIV სს-ში შიომღვიმე ხვარაზმელებმა დაარბიეს (მენაბდე 1962: 187). XIV ს-ში გიორგი V-მ (1314-1346) მონასტერი დიდგვაროვან ფეოდალს ზევდგენიძე-ამილახორს გადასცა (ქრონიკები 1897: 355). XV ს-ში თაყა ზევდგენიძემ შიომღვიმეში საგვარეულო საძვლე-ეკვდერი ააგო (მენაბდე 1962: 187; ბულია, ჯანჯალია 2000: 83). 1614-1616 წწ. მონასტერი ააოხრა შაჰ-აბასმა. XVII ს-ში გივი ამილახვარმა და მისმა მეუღლე თამარმა შიომღვიმის ღვთისმშობლის ეკლესია აღადგინეს (მენაბდე 1962: 187). XVIII ს-ში მონასტერი ჯერ ყიზილბაშებმა შემდეგ კი ლეკებმა რამდენჯერმე დაარბიეს. ამის შემდეგ მონასტერი დაცარიელდა. შიომღვიმეში მოღვაწეობდნენ კათოლიკოსი ბასილი (XI ს), არსენ იყალთოელი (XI-XII სს), არსენ საღირისძე (XII ს) (მენაბდე 1962: 187).

მონასტრის უძველესი (VI ს-ის 50-60 წწ.) ნაგებობაა იოანე ნათლისმცემლის ჯვარგუმბათიანი ეკლესია (13,5X7,8X13,6მ), რომელიც საგანგებოდ გამოკვეთილ კლდეშია ამოყვანილი. ნაგებია ფლეთილი ქვით. ცენტრალურ კვადრატზე აღმართული რვაწახნაგა გუმბათის ყელი დასრულებულია რვაწახნაგა შეკრული კამარით. გადახურულია კონუსისებური სახურავით. საკურთხეველსა და სამხრეთის მკლავში თითო სარკმელია, გუმბათის ყელში – ოთხი. შემონახულია ეკლესიის ქვის კანკელი (XI ს.), რომელზეც ამოკვეთილია რელიგიური ხასიათის სცენები, ასეთივე ხასიათის ასომთავრული ქართული და ბერძნული წარწერებით. ეკლესიაში შემორჩენილია XIX ს-ის 90-ანი წლების მოხატულობა. ეკლესიის მრავალი მინაშენიდან ყველაზე ადრეულია დასავლეთი მკლავის სამხრეთით მდებარე მართკუთხედის ფორმის სათავსო და სამხრეთ-დასავლეთის აფსიდიანი სამლოცველო.

ნათლისმცემლის ეკლესიის დასავლეთით, წმინდა შიოს მღვიმის თავზე აშენებულია ეგვტერი (1,85X1,77 მ), რომლის ცენტრშიც არის წმინდა შიოს საფლავი. მღვიმეს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. დასავლეთის ფასადში ჩადგმულია რელიეფური ჯვარი, რომლის მკლავებზე რელიგიური ხასიათის XI-XII სს-ის წარწერებია. ჩრდილოეთიდან ეგვტერს აქვს სტოა-კარიბჭე, რომლის ჩრდილოეთით XV ს-ში ზევდგენიძეებს საგვარეულო საფლავი – აფსიდიანი ეგვტერი მიუშენებიათ.

ნათლისმცემლის ეკლესიის ჩრდილოეთით ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, ე. წ. ზემო ეკლესია დგას. ეკლესია „ჩახაზული ჯვრის“ ტიპის გუმბათიანი ნაგებობაა. აშენებულია 1103-1123 წწ. განახლდა 1678 წელს, როგორც სამნავიანი ბაზილიკა. დასავლეთი კარის ზემოთ მოთავსებულია გივი ამილახორის 1733 წ. წარწერა ეკლესიის განახლების შესახებ. ამავე შინაარსის წარწერაა ეკლესიის სტოაზე მიშენებული კოშკის ასასვლელში.

ნათლისმცემლის ეკლესიის სამხრეთით, 10 მ-ის დაშორებით აგურით ნაგები, თაღებიანი, წაგრძელებული მართკუთხედის ფორმის შენობა – სატრაპეზოა, რომლის ძველი ნაწილი XII ს-ით თარიღდება. გადაკეთებულია XVII ს-ში. სატრაპეზო მოხატული ყოფილა. შემორჩენილია ფრაგმენტები.

ნათლისმცემლის ეკლესის ჩრდილოეთით, სარკინეს (სხალტბის) ქედის შვეულ კალთაზე ასზე მეტი გამოქვაბულია.

კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთით, 1 კმ-ის დაშორებით, მთის წვერზე დგას ჯვრის ამაღლების XII ს-ის დარბაზული ეკლესია (8,5X5 მ). ნაგებია აგურით. XVII ს-ში ეკლესიას მიაშენეს აგურის ორსართულიანი სამრეკლო, რომლის პირველი სართული კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა (ლომინაძე 1953: 20, 21; ბულია, ჯანჯალია 2000: 82-84).

შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსი არქეოლოგიურად შეუსწავლელია. მხოლოდ 1937 წ. შოთა რუსთაველის მუზეუმის ექსპედიციამ (ხელმძღ. ივ. ჯავახიშვილი) ჩაატარა სხალტბა-შიომღვიმის წყალსადენის გათხრები (ხიდაშელი 1938: 231). წყალსადენის სათავე მდებარეობდა თანამედროვე სოფ. სხალტბის წყაროდან სამხრეთ-დასავლეთით 10-12 მ-ის დაშორებით. იქ აღმოჩნდა თიხის მილები (დმ 18 სმ) და არხის ნაწილი, რომელიც მიედინებოდა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ ორი მიმართულებით: შიომღვიმის მონასტრისაკენ და სხალტბის ციხესიმაგრისაკენ. მილსადენს გარკვეულ მანძილებზე გაკეთებული ჰქონდა საკონტროლო ჭა. მილსადენი შედიოდა მონასტრის სატრაპეზოს დასავლეთ კედელში. მილსადენის სიგრძე 2 კმ-ია (ხიდაშელი 1938: 213-264; ლოსაბერიძე 1938: 194-228). შიომღვიმის მონასტრის ეზოში აღმოჩნდა ზარხუფისებური ფორმის აქემენიდური ბაზის ზედა ნაწილი (ლეჟავა 1978: 11).

 
ბიბლიოგრაფია: ბულია, ჯანჯალია 2000: 82-84; ლეჟავა 1978: 11; ლომინაძე 1953; ლოსაბერიძე 1938: 194-228; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 243, 244; მენაბდე 1962: 187; ჟორდანია 1896: 1-90; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 36, 47, 53, 55, 58, 99-104, 109, 130, 140; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 3, 4, 5, 10, 20, 28, 30, 35, 37, 44, 69; 1970: 127, 128, 160, 165, 174; 1981: 792; ქრონიკები 1897: 79, 80, 81, 95, 149-153, 156, 180, 189, 355, 357; ქც 4: 350,7,8,სქ.1; ხიდაშელი 1938: 231-264; ცხოვრება შიოსი და ევაგრესი 1955: 107, 113, 114.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9