შა შე ში შო შტ შუ შქ შხ
შორ

შორაპანი 

ქალაქი, ციხე (ქც 1: 24,11; 243,4; ქც 4: 757,6,7,9,21,23,სქ.1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 24,11), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 243,4), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 57,9; 258,1; 667,1; 752,15,16,18,19; 757,6,7,9,21,23,სქ.1; 758,4; 759,1,3; 770,19; 771,7,22; 802,17; 865,4; 884,6; 885,5,7), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 71, 149, 153, 174, 176, 179), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 54), 1258 წ. დავით მეფის მამულის ბოძების სიგელი ზარდახნის უხუცესს ვახტანგ თულაისძისადმი (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 245), ლიხთ-იმერეთის 1737 წ. რუკა (ბურჯანაძე 1959: 186, 196), 1742-1743 წწ. კაცხის წინამძღვრის სამუელ კათოლიკოსის შეწირულობის წიგნი (კაკაბაძე 1928: 57), 1770 წ. მეფე სოლომონ I-ის სიგელები (ფურცელაძე 1881: 4, 6, 46, 47; სიგელები ... 1898: 2-5, 22-23, 47-48), მცირე ქრონიკები (მცირე ქრონიკები 1968: 59), სტრაბონის „გეოგრაფია“ (სტრაბონი 1957: 123, 128), იუსტინიანეს „ნოველები“ (იუსტინიანე 1965: 36), პროკოფი კესარიელის „ბრძოლა სპარსელებთან“ (პროკოფი კესარიელი 1965: 51, 101, 185-186, 203-204), მენანდრე პროტიქტორის „დავა სვანების შესახებ“ (მენანდრე პროტიქტორი 1936: 222), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 5, 7, 299; 1964: 227), დე გრაი დე ფუას თხზულება (დე გრაი დე ფუა 1985: 35, 45, 57, 58, 88, 89).

ვახუშტი ბაგრატიონი შორაპნის შესახებ გადმოგვცემს: „ყვირილასა და ძირულას შორის შესართავს შინა არს შორაპანი, რომელი აღაშენა პირველმან მეფემან ფარნაოზ ქალაქი და ციხე, და ჰყო საერისთოდ და არს დიდშენობა ფრიადი. ამას ჩდილოთ-დასავლით უდის ყვირილა, აღმოსავლით-სამხრით ძირულა. აღმოსავალ-ჩდილოით შუა აქუს კლდე გორა მცირე და გვირაბი დიდი, ჩასული წყლამდე“ (ქც 4: 757,9-14).

მდებარეობს ზესტაფონის მუნიც-ში, მდ. ყვირილასა და ძირულას ხეობებში, მათ ხერთვისთან, დღევანდელი დაბა შორაპნის ტერიტორიაზე.

წყაროებში პირველად მოხსენიებულია სტრაბონთან (ძვ. წ. I-ახ. წ. I სს). „ფაზისზე აღმა ცურვა შეიძლება შორაპნამდე. ამ სიმაგრეს შეუძლია დაიტიოს მთელი ქალაქის მოსახლეობა. შორაპნიდან საურმე გზით 4 დღის სავალია მტკვრამდე“ (სტრაბონი 1957: 137). „ქვეყანაში (იბერიაში) არის ოთხი შესასვლელი: ერთი არის კოლხეთის ციხესიმაგრე შორაპანზე და მასთან არსებულ ვიწროებზე, რომელზედაც ფაზისი მომდინარეობს“ (სტრაბონი 1957: 128). პროკოპი კესარიელის ცნობით, ლაზთა ორი ციხეა იბერიის საზღვართან – „სკანდე და სარაპანისი“. ციხე „მეტად ძნელად სავალ ადგილშია და ძნელად თუ მიუდგება იმას კაცი“ (პროკოპი კესარიელი 1965: 101, 185-186). VI ს-ში კოლხეთის ტერიტორიაზე ერთმანეთს ებრძოდა ბიზანტია და ირანი. შორაპანი ხან ბიზანტიელების ხელშია, ხან ირანელების. ლაზებმა შორაპნისა და სკანდეს ციხეები დაანგრიეს, რომ ის სპარსელებს არ ჩაეგდოთ ხელში. სპარსელებმა შემდგომ კვლავ განაახლეს შორაპნის ციხე (პროკოპი კესარიელი 1965: 185-186, 203-204). 1330 წ. მეფე გიორგი V ბრწყინვალემ (1314-1346) შორაპნის საერისთავო გადასცა დავით ნარინის შთამომავალ ბაგრატს (ქც 4: 802,17). 1702 წ. ციხე დაიკავა გიორგი აბაშიძემ და განაახლა ის (ქც 4: 865,4). 1726 წ. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ და დადიანმა გაილაშქრეს შორაპნის წინააღმდეგ. აიღეს ციხე და ზურაბ აბაშიძეს გადასცეს (ქც 4: 884,6). 1732 წ. ზურაბ აბაშიძემ ალექსანდრე მეფის წინააღმდეგ იქ ოსმალები ჩააყენა (ქც 4: 885,5,7). 1769 წ. შორაპნის ციხე თურქების ხელშია (დე გრაი დე ფუა 1985: 3). 1770 წ. სოლომონ I-მა (1752-1784) გენერალ ტოტლებენთან ერთად აიღო შორაპნის ციხე და დაანგრია, რათა თურქებს კვლავ ხელთ არ ეგდოთ ის. იოჰან გიულდენშტედტის ცნობით, „პატარა ციხე შორაპანი, ამჟამად დარბეული, ყვირილასა და ძირულას შუა“ (გიულდენშტედტი 1962: 299). 1810 წ. ფუნქციადაკარგულ ციხეში რუსის ჯარი ჩადგა.

ციხის არქეოლოგიური შესწავლა დაიწყო 1949 წ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. ს. ყაუხჩიშვილი). შემდგომში იქ ჩატარდა სადაზვერვო სამუშაოები (ცქიტიშვილი 1964: 80; ჯაფარიძე 1983: 49-54). 1980 წ. ციხეზე მუშაობა განახლდა სარესტავრაციო სამუშაოებთან დაკავშირებით და მიმდინარეობდა 1986-1987 წლებში. გაირკვა ციხის კედლებში ორი სამშენებლო ფენის არსებობა: 1. ადრე შუა საუკუნეებისა – უხეშად გათლილი კვადრების წყობა კირხსნარზე, ოთხი რიგის შემდეგ ხუთრიგიანი აგურის წყობის შენაცვლებით; 2. გვიანი შუა საუკუნეების სამშენებლო ფენა რიყის ქვის წყობით კირხსნარზე (ცქიტიშვილი 1964: 79). უხეშად გათლილი კვადრებითაა ნაშენი წყალზე ჩამავალი გვირაბიც, რომელიც გვიან ჩანს განახლებული. მშენებლობის ტექნიკის მიხედვით, შორაპნის ციხე V-VI სს-ში უნდა იყოს აგებული (ლექვინაძე 1961: 46-150). წერილობითი წყაროების მიხედვით, ის უფრო ადრეა აგებული.

ციხეზე გამოვლენილია წყალმომარაგების ქსელი, რომელიც ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სერის წყაროებიდან მომდინარეობდა. ბორცვზე მდებარეობს ციტადელი. დაბლობზე გაშენებული იყო ქალაქი. ციტადელში გამოვლინდა მარცვლეულის შესანახი 5 დიდი ორმო და 10-მდე ქვევრი. ციხისა და ქალაქის ტერიტორიაზე გამოვლინდა ანტიკური ხანის ძეგლებისათვის დამახასიათებელი ქვიშაქვის კვადრები, ამოჭრილი ფოსოებით („მერცხლის კუდი“), რაც მიუთითებს ამ ადგილზე ციხის არსებობას უფრო ადრეულ პერიოდში, ვიდრე ადრე შუა საუკუნეებია. მსგავსი ქვები მოსახლეობას სახლების მშენებლობისას გამოუყენებია. მსგავსი კვადრებისა და ალიზის კედლის ფრაგმენტები, მთელ ფართობზე, ფლატეების გასწვრივაცაა. ის ციხე-ქალაქის ზღუდის კედლის ნანგრევები უნდა იყოს. ტერიტორია, რომელსაც გალავანი ზღუდავდა, 25 ჰექტარია (ცქიტიშვილი 1964: 82; ჯაფარიძე 1983: 51). ანაკრეფი მასალა სხვადასხვა პერიოდისაა. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში 2,5 მ სიმძლავრის ფენაში აღმოჩნდა გვიანი ბრინჯაოს, ადრეანტიკური, ადრე შუა საუკუნეების კერამიკა (ჯაფარიძე 1983: 52). ციხეზე გვხვდება განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეების მასალაც. ციხის გვიანდელმა განახლებამ დააზიანა ადრეული ფენები.

IV-VI სს-ის ფენა და მასალა მეტ-ნაკლები სისრულით ციხის თითქმის მთელ ტერიტორიაზეა გამოვლენილი. შუა და ქვედა ტერასაზე აღმოჩენილია ძვ. წ. მიწურულისათვის დამახასიათებელი წითელი საღებავით მოხატული ზედაპირნაპრიალები კერამიკის ნატეხები (ჯაფარიძე 1990: 3). მეორე ტერასაზე მძლავრი ფენაა ბათქაშებისა, რომელიც ზღუდის გარეთაც გადის. კოლხური კერამიკის მიხედვით, ის გვიანელინისტური ხანისაა (ძვ. წ. I ს). ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით (კერძო მოსახლის ეზოში) ნახანძრალი ფენა კრამიტების შემცველია. ნაქალაქარის ძვ. წ. VI-IV სს-ის მასალებში გამოირჩევა: კირქვის ოთხკუთხა პირონებიანი ქვები, ხის ანაბეჭდიანი ბათქაშის ნატეხების დიდი რაოდენობა, ბრტყელი და ღარიანი კრამიტები, კოლხური ამფორებისა და სხვა ადგილობრივი კერამიკის ნატეხები, ბერძნული შავლაკიანი ჭურჭლის მცირე ნატეხები და სხვ. ციხის აღმოსავლეთით აღმოჩნდა ქვევრი და კოლხური მონეტები (ჯაფარიძე 1990: 4).

1949 წ. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩნდა IX ს-ის არაბული მონეტა (ჯაფარიძე 1990: 5). გასული საუკუნის 30-იან წლებში შემთხვევით უპოვიათ თიხის ქოთანი, რომელშიც იყო ვერცხლის სამკაული და სხვა ნივთები (მაგ. მშვილდსაკინძი ზურგზე წარწერით). მასალა I ს-ით თარიღდება.

ანტიკურ ხანაში შორაპანზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო-სატრანზიტო გზები გადიოდა (ლორთქიფანიძე 1957: 377-379). ციხეზე შემდგომაც გადიოდა, მაგრამ უკვე ადგილობრივი მნიშვნელობის გზები. ციხეს შესასვლელი კარი ჩრდილოეთიდან უნდა ჰქონოდა (მონგრეულია). გზა შემოდის შროშიდან მდ. ძირულა-რიკოთულას აყოლებით და რიკოთის უღელტეხილით გადადის სურამში. მეორე გზა ამ გზას გამოეყოფა და საღვინე-წიფლავაკე-სანახშირე-საწაბლე-სვერის გავლით საირხე-საჩხერეში გადადის. ნაქალაქარის სამხრეთიდან გზა გადადის ხიდს მდ. ძირულას მარცხენა ნაპირზე, გაივლის ფუთს, გადავა ბორიღელეს ხეობაში, გაივლის მწყრის ციხეს, ბორს, კაცხს და ხარაგაულის ციხესთან ჩავა ჩხერიმელას ხეობაში და ფონას გავლით უღელტეხილით ჩავა სურამში (ცქიტიშვილი 1964: 80-87).

შორაპნიდან 7-8 კმ-ის დაშორებით, ბორში, 1900 წ. აღმოჩნდა მდიდრული სამარხი. მასში გამოვლინდა: ვერცხლის პინაკი სამსხვერპლოსთან ტორაწეული ცხენის გამოსახულებით; პატერა; სარეცლის ფეხების ვერცხლის ჩუქურთმიანი გარსაკრავი; ვერცხლის საღვინეები; კოვზები და სხვ. სავარაუდოა, რომ აქ იყო ერისთავთა რიგის მდიდრული სამაროვანი (აფაქიძე 1944: 441-444).
 
ბიბლიოგრაფია: აფაქიძე 1944: 441-444; ბაგრატიონი 1983: 54; ბერძენიშვილი 1966: 36; ბოჭორიძე 1996: 72, 169, 255, 257, 276; ბურჯანაძე 1959: 119-197; გიულდენშტედეტი 1962: 5, 7, 299; 1964: 227; დადიანი 1962: 71, 149, 153, 174, 176, 179; დე გრაი დე ფუა 1985: 35, 45, 57, 58, 88, 89; კაკაბაძე 1924: 30; 1928: 57; ლექვინაძე 1961: 46-150; ლომოური 1958ა: 99-117; ლორთქიფანიძე 1957: 377-383; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 245; მენანდრე პროტოქტორი 1936: 223-228; მცირე ქრონიკები 1968: 59; პროკოპი კესარიელი 1965: 203-204; სიგელები ... 1898: 2-5, 22-23, 47-48; სტრაბონი 1957: 123, 128; ფურცელაძე 1881: 46-47; ქც 1: 24,11; 243,4; ქც 4: 57,9; 258,1; 667,1; 752,15,16,18,19; 757,6,7,9,21,23,სქ.1; 758,4; 759,1,3; 770,19; 771,7,22; 802,17; 865,4; 884,6; 885,5,7; ცქიტიშვილი 1955: 303; 1964: 73-106; 1968: 222-227; ჯაოშვილი 1979: 31-35; ჯაფარიძე 1983: 49-54; 1988: 444; 1990; 1991; 1991ა; 1995: 26-28; ჯაფარიძე, ჭელიძე, კვირიკაძე 1990; ჯაფარიძე, ძნელაძე 1991: 74-77; ჯაფარიძე, ძიძიგური, კალანდაძე 1995: 103-110; ჯაფარიძე, ძიძიგური 1997: 82-89.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9