შა შე ში შო შტ შუ შქ შხ
შუა შულ შურ

შუამთა

მონასტერი (ქც 4: 547,13,21).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 547,13,21; 571,23; 572,10; 576,2), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 353,12,14; 492,15,22), არჩილ მეფის „გაბაასება თეიმურაზისა და რუსთაველისა“ (არჩილი 1989: 397, 398), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 20), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1967: 24, 387; ქართლ-კახეთის ... 1903: 234; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 246; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 536), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 68). შუამთა მოხსენიებულია რუსი ელჩების მუხლობრივ ჩანაწერებშიც (რუს. ურთ. კავკ. 1889: 382, 397, 460, 464; მიშეცკი, ტატიშჩევი 1935: 51, 52, 65; მიშეცკი, კლუჩარევი 1928: 121, 122, 127-129, 139-142, 156, 160; მასალები საქართველო-რუსეთის ... 1937: 290, 291).

ვახუშტი ბაგრატიონი შუამთის შესახებ გადმოგვცემს: თურდოს „ხევი არს საზღვარი ჰერეთისა და კახეთისა. ამ ხევის სათავეს ზეით, მთაში, არს შუამთას მონასტერი კეთილი, გუმბათიანი, რომელ აღაშენა ე (მეხუთე) მეფის ლევანის ცოლმან, გურიელის ასულმან თინათინ, და დაეფლა მუნვე ... შუამთა ეწოდა საშუალობისათვის გზისა გარდასულთა სამებიდამ თელავს“ (ქც 4: 547,10-15,21,22).

მდებარეობს თელავის მუნიც-ში, თელავიდან ორიოდე კმ-ის დაშორებით.

ახალი შუამთის მონასტერი ააშენა ლევან კახთა მეფის (1520-1574) მეუღლემ, გურიელის ასულმა თინათინმა XVI ს-ის 30-იან წლებში. დედოფალს მონასტრისათვის დაუდგენია მოძღვართ-მოძღვარი და შეუწირავს მის მიერვე ნაყიდი დაბები. თინათინი იქვე დაუკრძალავთ (ქც 4: 547,10-13, 577,10-13). XVI ს-ის ბოლოს თინათინის ასულს თეკლე მონაზონს, ეკლესიისათვის მიუშენებია ეგვტერი. 1603 წ. თეკლე მონაზონს შუამთისათვის შეუწირავს გრემში მოსახლე ნადირა სახლითა და მამულითურთ. 1637 წ. შუამთაში მოსახლე ვაჭრების ბაჟი თეიმურაზ I-მა (1606-1648) მონასტერს შესწირა (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 246). ეკლესია, მასზე არსებული წარწერის მიხედვით, შეუკეთებია ერეკლე II-ს (1744-1798) (ბარნაველი 1961: 136).

შუამთა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ახალი შუამთის ეკლესია გუმბათიანი ნაგებობაა (18X13X24 მ), აფსიდიანი საკურთხევლითა და ორი თავისუფლად მდგომი გუმბათქვეშა სვეტით. შესასვლელი დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. გუმბათი რვასარკმლიანია. ნაშენია აგურით. ფასადები დამუშავებულია ბრტყელი ისრულ-თაღოვანი ნიშების სისტემით. აგურის წყობით ფასადზე გამოყვანილია ჯვრები. ინტერიერში შემორჩენილია აშენების დროინდელი მხატვრობის ფრაგმენტები და სხვადასხვა ხასიათის წარწერები. მათ შორის რელიგიური ხასიათის ბერძნული წარწერებიცაა. XIX ს-ის შუა წლებში ეკლესია და სამრეკლო შეუთეთრებიათ. მონასტერს შემოუყვება ქვით ნაშენი გალავანი (ჩუბინაშვილი 1959: 246-255; ბერიძე 1974: 127-130; ყაუხჩიშვილი 1951: 322-326).

ახალი შუამთიდან დაახლოებით 1 კმ-ის დაშორებით მდებარეობს ძველი შუამთა, რომელიც „ქართლის ცხოვრებაში“ მოხსენიებული არაა. ძველი შუამთა არქეოლოგიურად შეუსწავლელია. იქ სამი ეკლესიაა. V ს-ის ეკლესია დარბაზულია (10,8X8,9X5,7მ), VII ს-ს მიეკუთვნება ჯვრის ტიპის (11,5X9,2X12მ) და მცირე გუმბათიანი ეკლესია (7,5X7,0X7,5მ). ეკლესია ნაშენია რიყის ქვით. შირიმის ქვები კუთხეებშია გამოყენებული (ბერიძე 1974: 109, 110). ჯვრის ტიპის ეკლესიის კარზე შემორჩენილია ასომთავრული წარწერები: „ღმერთო შეიწყალე პატაი რაშაგულ, ესე კარი მან ქნა“; „წმიდაო ღმერთო და ყოვლადწმიდაო შეიწყალენ მოძღვარი ნიკოლოზ და ხურონი მიქელ და დემეტრე“; „წმიდაო ღმერთო შეიწყალე ბიჭიკური შიო, ამინ“. ეკლესიის საკურთხეველში მარცხნივ წარწერაა: „ქრისტე შეიწყალე ამშენებელი იოვანე თემას ძეი (?)“. ალებასტრის კანკელზე – „ღმერთო შეიწყალე ფრიად ცოდვილი ალავერდელი არსენი“ (ბარნაველი 1961: 144, 145).

სოფ. შუამთა, რომელიც არ მოიხსენიება „ქართლის ცხოვრებაში“ და არქეოლოგიურად შეუსწავლელია. ცნობილია აგრეთვე ვანის რაიონიდან. შუამთაში შემთხვევით აღმოჩნდა ტრაპეზონის ფული იოანე მეორისა. მონეტა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (აბარამიშვილი 1959: 113, 117).
 
ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1959: 113, 117; არჩილი 1989: 397, 398; ბაგრატიონი 1986: 68; ბარნაველი 1961: 136, 137, 144, 145; ბაქრაძე 1875: 167, 168; ბერიძე 1974: 109, 110, 171; 1994: 127-130; გორგიჯანიძე 1926: 20; თაყაიშვილი 1902: 1-18; მასალები კავკ. არქ. 1898: 4-7; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 246; მასალები საქართველო-რუსეთის ... 1937: 290, 291; მიშეცკი, კლუჩარევი 1928: 121, 122, 127-129, 139-142, 156, 160; მიშეცკი, ტატიშჩევი 1935: 51, 52, 65; რუს. ურთ. კავკ. 1889: 382, 397, 460, 464; ქრონიკები 1967: 24, 387; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 536; ქართლ-კახეთის ... 1903: 234; ქც 2: 353,13,14; 492,15,22; ქც 4: 547,13,20; 571,23; 572,10; 576,2; ყაუხჩიშვილი 1951: 322-326; ჩუბინაშვილი 1959: 246-255; ჭილაშვილი 1980: 206-211.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9