შა შე ში შო შტ შუ შქ შხ
შუა შულ შურ

შულავერი 

დაბა (ქც 4: 125,23).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 125,23; 310,18,20,23; 330,13; 501,24,25,26; 842,7), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 243,15), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 263, 297, 299, 315, 318), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1967: 91; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 296; 1953: 259; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 111), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 174, 175), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 63), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 56), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 79, 81, 83).

ვახუშტი ბაგრატიონი შულავერის შესახებ გადმოგვცემს: „ხეობა შულავრისა არს ლელვარის მთის წაკვრით, იმიერ და ამიერ დაბნები. შულავერი არს დაბა დიდი. ქუემორ მისსა ნაქალაქევი არს, შენობა დიდი, და წყარო ფრიად დიდი დის, ზეით მცირე ციხე“ (ქც 4: 310,17-20).

მდებარეობს მარნეულის მუნიც-ში, მარნეულიდან 15 კმ-ის დაშორებით, მდ. ხრამისა და დებედის შუამდინარეთში, თანამედროვე დაბა შულავერის მიდამოებში.

VIII ს-ში შულავერის ხეობა მეფე არჩილმა ადარნასე ბაგრატიონს უბოძა (ქც 1: 243,15). X-XI სს-ში ეს მხარე ტაშირ-ძორაგეტის სამეფოში შედიოდა (ბერძენიშვილი 1979: 33). XVII-XVIII სს-ში შულავერი სომხითში შედის. შულავერლები იმ პერიოდში გადასახადს იხდიან სომხითის მელიქის სასარგებლოდ (ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 111). იქ ყმა-მამულს ფლობდნენ ორბელიანები, ყაფლანიშვილები, ზურაბაშვილები (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 296; ქრონიკები 1967: 91). შულავერი შედიოდა ბოლნისის ეპისკოპოსის სამწყსოში (ბერძენიშვილი 1964: 20, 21).

1964 წ. ქვემო შულავერის მიდამოებში მიწის სამუშაოების დროს დაზიანდა რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი. 1965-1971 წწ. ეს ადგილები შეისწავლა ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმისა და თბილისის სახ. უნივერსიტეტის გაერთიანებულმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ო.ჯაფარიძე, ალ.ჯავახიშვილი), რომელმაც გამოავლინა და გათხარა ენეოლით-ადრებრინჯაოს, გვიანბრინჯაოს, ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ძეგლები (ქვემო ქართლის ... 1975).

შულავერის გორა (დმ 100 მ, სიმაღლე 6 მ) მდებარეობს სოფ. იმირის სამხრეთ-დასავლეთით, მდ. ხრამის მარჯვენა ნაპირზე. ფენა ველის თანამედროვე ზედაპირიდან 2 მ სიღრმზე ჩადის. ძეგლზე გათხრილია 252 კვმ ფართობი, სადაც გამოვლენილია 32 ნაგებობა, რომელთა კედლები ამოყვანილია ხელით დაყალიბებული ალიზის აგურით და ორივე მხრიდან თიხის ხსნარითაა შელესილი. ნაგებობები გეგმით წრიული ან ელიფსურია და კონუსურგუმბათიანი მოყვანილობა აქვს. საცხოვრებელი ნაგებობებისათვის დამახასიათებელია კედელთან გამართული თიხის კვერცხისებური ფორმის კერები. ძეგლზე გამოიყოფა ცხრა სამშენებლო ჰორიზონტი. ქვედა ფენებში კერამიკა იშვიათია. ძვლისა და რქის იარაღი IX-VII ჰორიზონტებზე წარმოდგენილია სადგისების, რქის თოხისა და მიწის საჩიჩქნი იარაღით. VI ჰორიზონტზე გვხვდება მრგვალღეროიანი საპრიალებლები. V ჰორიზონტზე გვხვდება რომბული ისრისპირი, ეშვის ოთხკუთხა ფირფიტისაგან ნაკეთები საკიდი, სატარე ნახვრეტიანი საჩიჩქნი და თოხისმაგვარი იარაღი. ძეგლის ცხრა სამშენებლო ჰორიზონტზე აღმოჩენილია 1895 ანატკეცი ობსიდიანი და 216 სხვა ქანის ქვა. იარაღებიდან აღსანიშნავია: გვერდამოღარული იარაღები, საჭრისები, საფხეკები, ბურღისებური იარაღი, სახოკები, დანისებური ფირფიტები, ნამგლის ჩასართები, ხელსაფქვავები, სანაყები, ხელჩაქუჩები, სახეხი ქვები, ლახტისთავის ფრაგმენტი. მასალა მიეკუთვნება შულავერ-შომუთეფეს კულტურას. IX-IV სამშენებლო ჰორიზონტების მასალა განეკუთვნება ქვემო ქართლის ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების ადრეულ, პირველ პერიოდს, III-I ჰორიზონტებიდან მომდინარე მასალა კი – ამ კულტურის მეორე საფეხურს (საქ. არქ. 1992: 35-38). ძეგლი თარიღდება ძვ. წ. VI-V ათასწლეულით (საქ. არქ. 1992: 27).

სოფ. იმირის განაპირას, სამხრეთ-დასავლეთით, შულავერის ღელის მარცხენა ნაპირზე შესწავლილია იმირის გორა. ის წაგრძელებული ოვალის ფორმისაა (ფართობი 90X80 მ, სიმაღლე 4 მ). ძეგლზე გაითხარა 300 კვმ ფართობი. გორანამოსახლარი გარედან თხრილით იყო შემოზღუდული. სამოსახლოს ნაშთები გორის გარეთაცაა გამოვლენილი. გორაზე გამოვლენილია შვიდი სამშენებლო ჰორიზონტი, სადაც აღმოჩნდა ალიზის 80 შენობა, რომლებიც შულავერის გორის ნაგებობებს ემსგავსება. შულავერთან შედარებით სოფლის განაშენიანება უფრო თავისუფალია. შენობები განლაგებულია გარკვეული წესის მიხედვით: საცხოვრებელი კომპლექსი წარმოდგენილია წრიული საცხოვრისით და ასეთივე ფორმის რამდენიმე დამხმარე სათავსით, რომლებიც წრიული ეზოს გარშემო შემოვლებულ გალავანშია ჩართული. ეზოში, ზღუდის კედელთან, გამართულია კერები. ბორცვის ცენტრალურ ნაწილში გამოვლენილია წრიული მოედანი, სადაც ნაგებობები არ აღმოჩენილა. წრიულ-გუმბათიანი შენობებისაგან განსხვავდება №8 ნაგებობა. მას ოდნავ წაგრძელებული, ოვალური ფორმა და მიშენებული დერეფანი – სათავსო – აქვს. შენობის ცენტრში აღმოჩნდა ოვალური მოყვანილობის კერა, კედლის ძირში კი მუდმივი ცეცხლის შესანახი კერა. №9-10 შენობა ხანძრითაა განადგურებული. იგი შედგება ოვალური მთავარი ნაგებობისა და მასზე მიდგმული ე. წ. აფსიდისაგან. შენობას აქვს საფუძველი და დგას მოტკეპნილ ბაქანზე. ალიზის მცირე ზომის სვეტი მიდგმულია ჩრდილოეთ კედელზე. მთავარი სათავსოს ცენტრში, იატაკში გამართულია კერა. კერის აღმოსავლეთით, წრიულ ორმოში აღმოჩნდა ორმხრივ ზედაპირმოსწორებული სფერული ქვა. სათავსოს მცირე ნაწილის ცენტრში, იატაკში ჩადგმული იყო სწორკუთხა, ბრტყელი ქვა, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო საყრდენი ბოძის ბალიშად. სათავსო გადახურული უნდა ყოფილიყო ბანური სახურავით (ქვემო ქართლის ... 1975: 60-73). ბორცვის VII-VI ჰორიზონტებში აღმოჩენილია სამი სახის კერამიკა: შედარებით სქელკედლიანი, უხეშზედაპირიანი, მოშავო-მოყავისფროდ გამომწვარი მსხვილმინარევიანი თიხის ჭურჭელი, რომლებსაც ქუსლიანი ძირი აქვთ; კარგად მოგლუვებული, ღია ფრად, მტკიცედ გამომწვარი ჭურჭელი, რომელსაც გაპრიალებული ზედაპირი და სარჩული აქვთ. ამავე ჰორიზონტებზე აღმოჩენილია ძვლის სადგისები, საპრიალებლები, ობსიდიანისა და კაჟის საჭრისები, საფხეკები, სახოკები, ბურღები, რეტუშორები, გახეხილ-გაპრიალებული კირქვის დანისებური იარაღი და სოლისებური მოყვანილობის ცულები. V ჰორიზონტში აღმოჩენილია სამი სახის კერამიკა: 1. უხეშზედაპირიანი, მოყავისფრო-მოშავო; 2. მოგლუვებულზედაპირიანი, ღია ფერის, ერთფენიანი; 3. შედარებით თხელკედლიანი ორმხრივ გაპრიალებული, წვრილმარცვლოვანი თიხისაგან ნაძერწი ჭურჭელი. ფორმის მიხედვით გამოიყოფა: ა. პირფართო, ოდნავ მუცელგამობერილი, ძირისაკენ შევიწროვებული; ბ. პირმოყრილი, კასრისებური მოყვანილობის; გ. დაბალყელიანი, პირგადმოკეცილი, პროფილირებული; დ. პირფართო, თითქმის სწორკედლიანი; ე. პირფართო, პროფილირებული, ცილინდრული ან კონუსურყელიანი ჭურჭელი. კერამიკა შემკულია რელიეფური ორნამენტით: კონუსური კოპებით, სარტყლებით, ნალისებური დანაძერწებით, ნუშისგულისებრი რელიეფებით. ამ ჰორიზონტზე ქვის მასალა ყველაზე მრავალრიცხოვანია (1851 ერთეული). ქვის მზა იარაღებიდან აღსანიშნავია: სხვადასხვა ტიპის საჭრისები, სახოკები, ბურღები, ნამგლის ჩასართები, გახეხილ-გაპრიალებული სოლისებური ცულისპირი, ხელჩაქუჩები და სხვ. ძვლის ნაწარმი შედგება: სადგისების, საპრიალებლების, დანისებური ნივთის, რომბული მოყვანილობის ისრისპირის, ფიგურული საკიდის, საკინძისაგან. რქისაგან დამზადებულია თოხები (ქვემო ქართლის ... 1975: 77-83). IV-I სამშენებლო ჰორიზონტის კერამიკა დამუშავებისა და ფორმის მიხედვით V ჰორიზონტის კერამიკის ანალოგიურია. ძვლოვანი მასალაც თითქმის იგივეა, აღარ ჩანს ლულოვანი ძვლის „დანა-საპრიალებლები“ IV ჰორიზონტზე პირველად ჩნდება საქონლის ბეჭის ძვლის სატარენახვრეტიანი თოხი და მსხვილფეხა საქონლის მეტაპოდიუმზე ნაკეთები მრგვალსატარენახვრეტიანი იარაღი. ქვის იარაღიდან აღსანიშნავია: ნამგლის ჩასართები, საჩეხი იარაღები, სახოკები და საჭრისები, ბურღისებური იარაღი, გახეხილ-გაპრიალებული ორმხრივლესილი ცული და სატეხი, სალესი ქვები, ხელსაფქვავები და სხვ. (ქვემო ქართლის ... 1975: 83-92). იმირის გორიდან მომდინარე მასალა ძვ. წ. V ათასწლეულით თარიღდება (საქ. არქ. 1992: 27). ქვემო ქართლის ადრე სამიწათმოქმედო კულტურის განვითარების მეორე საფეხურს მიეკუთვნება იმირის გორის VII-VI, მესამე საფეხურს V, მეოთხე საფეხურს IV-I ჰორიზონტები (საქ. არქ. 1992: 22).

გადაჭრილი გორა მდებარეობს იმირის გორის სამხრეთ-აღმოსავლეთით. მას კვეთს შულავერის ღელე. სამშენებლო ჰორიზონტების სიმძლავრე 4-5 მ-ია. სამოსახლოს ცენტრალურ ნაწილში ჩანს ალიზის ნაგებობა, რომელსაც მთლიანად შემორჩენილი აქვს გუმბათი. ძეგლი არ გათხრილა. ანაკრეფი მასალის მიხედვით, კერამიკას შულავერის გორის კერამიკული ნაწარმისათვის დამახასიათებელი ნიშნები აქვს (საქ. არქ. 1992: 45).

დანგრეული გორა მდებარეობს შულავერის გორიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით. ძეგლი განადგურებული იყო. მოხერხდა ადრესამიწათმოქმედო და მტკვარ-არაქსული კულტურის ფენების გამოყოფა. დაფიქსირდა ერთი სამეურნეო ორმო, რომლის კედლებიც თიხით იყო შელესილი. მის ძირზე მცენარეთა თესლები და ყურძნის წიპწები აღმოჩნდა. დანგრეული გორის კერამიკა ემსგავსება იმირის გორის VII-VI ჰორიზონტების კერამიკას და ქვემო ქართლის ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების მეორე საფეხურს მიეკუთვნება (საქ. არქ. 1992: 22, 44, 45). გორის ზედა ფენა ადრებრინჯაოს ხანას მიეკუთვნებოდა. ის მთლიანად დანგრეული და გაფანტული იყო. ეს ფენა, სავარაუდოდ, სამაროვანს წარმოადგენდა. აღმოჩენილი იყო მხოლოდ კერამიკა, რომელიც ოთხ ჯგუფად შეიძლება დაიყოს: დიდი ზომის ქილები, პატარა ღრმა ჯამები, სარქველები და ჭურჭლის სადგარი. მასალა მტკვარ-არაქსის კულტურისთვისაა დამახასიათებელი და ადრებრინჯაოს ხანით თარიღდება (ქვემო ქართლის ... 1975: 130, 131).

მტკვარ-არაქსული კერამიკა აღმოჩენილია შულავერის გორისა და იმირის გორის ზედა ფენებში (ქვემო ქართლის ... 1975: 129).

ქვემო შულავერის მიდამოებში, შულავერისა და დანგრეული გორის მახლობლად, მათგან ჩრდილოეთით 1 კმ-ის დაშორებით, მდ. ხრამის ძველი კალაპოტის მარჯვენა მაღალ ნაპირზე ხევებით გამოყოფილ ორ ფართობზე – ღაითმაზ I-სა და ღაითმაზ II-ზე აიკრიფა მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი მასალა და გაკეთდა სადაზვერვო თხრილები. ღაითმაზ I-ზე გავლებულ 6 თხრილში გამოვლენილ იქნა მტკვარ-არაქსული კერამიკა, ბრინჯაოს ვოლუტებიანი საკინძები. 2 დაზიანებულ სამარხში აღმოჩენილია ჭურჭლის სადგრები და კერამიკა. ღაითმაზ II-ის 5 თხრილში გამოვლინდა ადრებრინჯაოს ხანის შავპრიალა, ვარდისფერ და ნაცრისფერსარჩულიანი კერამიკა, ნახევარსფერული ყურები, რელიეფური და ჭდეულორნამენტიანი კერამიკის ფრაგმენტები (საქ. არქ. 1992: 171, 172).

შულავერის მიდამოებში შესწავლილია 9 გორასამარხი. მათგან უადრესია №3, რომლის ყრილის სიმაღლე 2 მ-ია, დმ 20 მ. ყრილის ქვეშ გამოვლენილი ორმო ცარიელი აღმოჩნდა. ყრილში ჩაშვებული იყო 2 სამარხი. ერთი სამარხი შეიცავდა ადამიანის დაშლილ ძვლებს, თიხის ცალყურა ტოლჩას, ღრმა ბადიას, კვირისტავსა და ხარის ძვლებს. მეორე სამარხში მიცვალებული ესვენა მარჯვენა გვერდზე, ფეხებმოკეცილი. მას ჩატანებული ჰქონდა 3 ცალყურა ტოლჩა და 2 ღრმა ბადია. ყორღანი ადრებრინჯაოს ხანისაა (საქ. არქ. 1992: 171).

იმირის გორის ცენტრალურ ნაწილში გამართული იყო ქვაყრილიანი ყორღანული სამარხი. მის ქვაყრილში, ორმოს თავზე აღმოჩნდა მტკვარ-არაქსული ტიპის კერამიკა. იქვე იყო კიდევ ერთი ჩაშვებული სამარხი, რომელშიაც ადამიანის ძვლებთან ერთად 4 თიხის ჭურჭელი და ბატკნის ძვლები ეწყო. ყორღანის ოთხკუთხა ორმოში იყო ნაქსოვი ჭილობის ანაბეჭდი, დაშლილი ხის კვალი და დიდი ზომის შავპრიალა ჭურჭელი (ქვემო ქართლის ... 1975: 149).

შულავერის მახლობლად გამოვლენილია ბედენის კულტურის დროინდელი ყორღანებიც (№№4-8). ყველა მათგანი შედარებით პატარაა, ქვამიწაყრილიანი (სიმაღლე 2 მ, დმ 20-30 მ). მათი უმეტესობა ორმოიანია. ინვენტარი შედგებოდა მცირე ზომის, შავპრიალა ჯამების, ქოთნებისა და სასმისებისაგან. ლითონის ნივთებიდან აღსანიშნავია სატევრის პირები და ოთხწახნაგა სადგისი. აღმოჩნდა ობსიდიანისა და კაჟის ფუძეამოღარული ისრისპირები. ყორღანები ადრებრინჯაოს ხანით თარიღდება და ბედენურ კულტურას მიეკუთვნება (საქ. არქ. 1992: 133).

№№1-2 ყორღანები ქვამიწაყრილიანია (სიმაღლე 1,5-1,6 მ, დმ 13-17 მ). ორივე ორმოიანია. მიცვალებულები სამარხის კიდეში იყვნენ დაკრძალული. სამარხებში ხარისა და ცხვრის ჩონჩხებია აღმოჩენილი. ინვენტარიდან აღსანიშნავია ბრინჯაოს მოგრძო, სამკუთხაპირიანი სატევარი, ქილები, ქოთნები, ბადია და სამარილე (ქვემო ქართლის ... 1975: 138, 139). ყორღანები შუაბრინჯაოს ხანისაა (ქვემო ქართლის ... 1975: 158).

იმირის გორაზე აღმოჩნდა ფენაში ჩაჭრილი სამარხები. ისინი მოგრძო ფორმისაა. მიცვალებულები ესვენა სამხრეთ ნაწილში, ჩრდილოეთ ნაწილში კი ინვენტარი ელაგა. ინვენტარი შედგებოდა დერგის, ჯამების, ქილების, ქოთნების, ბრინჯაოს საკინძებისა და მძივებისაგან. თარიღდება ძვ. წ. XIV ს-ით (ავალიშვილი 1975: 29-31, 36).

შულავერის გორაზე აღმოჩნდა ანტიკური ხანის 5 სამარხი. ყველა მცირე ზომის ორმოსამარხია. სამარხებში მოკრუნჩხულ მდგომარეობაში, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე დაკრძალული იყო თითო ან ორი (№2) მიცვალებული. ინვენტარიდან აღსანიშნავია: ხელადები, ტოლჩისებური ჭურჭელი, ჯამი, ფიალა, ჭინჭილა, კოჭბები, ორყურა ხელადა, სამაჯურები, საყურეები, ფიბულები, ბეჭდები, აგრეთვე ოროდ I-ის (ძვ. წ. 57-37) პართული დრაქმა და რომაული დენარი. სამარხები ძვ. წ. I ს-ის მეორე ნახევრით თარიღდება (ქვემო ქართლის ... 1975: 173-181).

იმირის გორაზე გაითხარა შუა საუკუნეების სამარხები, რომელთა შორის ინვენტარის თავისებურებითა და სიმდიდრით გამოირჩეოდა №№10, 17, 18 სამარხები. მიცვალებულები დაეკრძალათ გაშოტილ მდგომარეობაში, ხის კუბოებში. ჩატანებული ნივთები მრავალფეროვანია: ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები, მარგალიტის, მარჯნისა და მინის მძივები, ხის სავარცხელი, პინცეტი, მაკრატელი, დანები, კვესი, ისრისპირი, უზანგი, ცხენის აღკაზმულობის ნაწილები. სამარხები ყივჩაყურია და XIII-XIV სს-ით თარიღდება (ქვემო ქართლის ... 1975: 186-195). შულავერის მიდამოებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

შულავერის მიდამოებში დგას შუა საუკუნეების ციხე, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა დალიგთაშს უწოდებს.

 
ბიბლიოგრაფია: ავალიშვილი 1974: 29-31, 36; ბაგრატიონი 1983: 63; ბაგრატიონი 1986: 56; ბერძენიშვილი 1964: 20, 21; 1979: 33; გიულდენშტედტი 1962: 79, 81, 83; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 296; 1953: 259; კუშნარიოვა, ჩუბინიშვილი 1970; კიღურაძე 1976; ლორთქიფანიძე 1935: 366, 367; ორბელიანი 1981: 174, 175; საქ. არქ. 1992; ქვემო ქართლის ... 1975; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 263, 297, 299, 315, 318; 1972: 111; ქრონიკები 1967: 91; ქც 1: 243,15; ქც 4: 125,23; 310,18,20,23; 330,13; 501,24,25; 842,7; ღლონტი, კიღურაძე 1972: 50-57; ჩუბინიშვილი, კუშანრიოვა 1967: 537-541; ჯავახიშვილი 1973; ჯაფარიძე, ჯავახიშვილი 1967: 292-298; ჯაფარიძე, ჯავახიშვილი 1971.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9