აბ აგ ავ აზ აკ ალ ამ ან არ ას ატ აღ აშ აჩ აწ აჭ ახ აჯ
ახა ახი ახმ ახტ

ახტალა 

  1. ნასოფლარი (ქც 4: 546,9).

    იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 546,9), XVIII ს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 479, 480; 1981: 204), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 68), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 29; 1964: 17).

    ვახუშტი ბაგრატიონი ახტალის შესახებ გადმოგვცემს: „ვეჯინის ჩრდილოთ, მთის კალთას, არს ახტალა, რომელსა იტყვიან ნასოფლარსა და რისხვით დანთქმულსა, აღმოდის კუპრი, ვითარცა მდუღარე, და აღმოაქუს ჟამად კოვზი, ჯამი და სახმარნი გლეხთა“ (ქც 4: 546,8-11).

    მდებარეობს გურჯაანის ტერიტორიაზე, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ახტალის ტალახი ამჟამადაც ამოდის მიწის წიაღიდან და აქვს სამკურნალო თვისებები.

    ახტალის მიდამოები არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
     
    ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 68; გიულდენშტედტი 1962: 29; 1964: 17; ქც 4: 549,9; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 479, 480; 1981: 204.
  2. ეკლესია (ქც 4: 309,21; 310,2,7; 343,9).

    იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 309,21, 310,2,7, 343,9), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1:199,4), XIV და XVIII სს ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 196; 1967:391; სიგელები ... 1902: 59; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 929; 1985: 316; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 134, 137, 138, 142), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 81), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1913: 269), იესე ოსეს ძის „თავგადასავალი“ (თავგადასავალი ... 1913: 87, 90, 106, 111, 112, 119, 135), კირაკოს განძაკელის „სომხეთის ისტორია“ (განძაკელი 1961: 222), ვარდან დიდის „მსოფლიო ისტორია“ (ვარდანი 1861: 181), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 77,245; 1964: 11, 13).

    ვახუშტი ბაგრატიონი ახტალის შესახებ გადმოგვცემს: „ახპატს ქუეით არს ხეობა ჭოჭოკანისა ლელვარის მთის ქუეშ ... მის ქუემოთ არს ჩდილოთ ეკლესია აგარაკისა ... გუმბათიანი, დიდშენი. აწ უწოდებენ ახტალას ... პირისპირ ახტალისა, აღმოსავლით, ბერდუჯის მთასა შინა არს მონასტერი ორი ... ხოლო ქუემორ ახტალისა არს ხეობა ხოჟორნიისა“ (ქც 4: 309,19-22, 310,2-7).

    ლოკალიზდება ქვემო ქართლში, ლელვარის მთის ძირში. მდებარეობს მდ. დებედას შუა წელზე, მის მარცხენა ნაპირზე. ამჟამად მოქცეულია სომხეთის რესპუბლიკის ფარგლებში.

    ჯუანშერი ამ ადგილს აგარაკის სახელით იცნობდა (ქც 1: 199,4). ვახუშტი ბაგრატიონის განმარტებით აგარაკის ეკლესია აწინდელი ახტალაა (ქც 4:309,21). აგარაკი ახტალად მიაჩნდათ დ. ბაქრაძესა და ნ. ბერძენიშვილს (ბაქრაძე 1875: 34; ბერძენიშვილი 1964: 311, 312). განსხვავებული მოსაზრებით აგარაკი უნდა იყოს ახტალასთან მდებარე „ძელი ჭეშმარიტი“, რომლის მახლობლად ახლაცაა ადგილი აგარაკის სახელწოდებით (მელიქსეთ-ბეგი 1964: 310). სომხურ წერილობით წყაროებში ახტალა „პღანძაჰანქის“, ანუ „სპილენძის მადნის“ სახელითაა ცნობილი (განძაკელი 1961: 222; ვარდანი 1861: 181).

    ახტალის ტაძარი აუგია ივანე ათაბაგს, რომელიც იქვეა დაკრძალული. იმავე მონასტერში დაუკრძალავთ ივანეს შვილი ავაგი (განძაკელი 1961: 222; ვარდანი 1861: 181). 1392 წ. საბუთში მცხეთის საეკლესიო მამულების რიცხვში ნახსენებია ახტალის ათი კომლი სომეხი, მათი მამულებით (ქრონიკები 1897: 196). 1763 წ. ერეკლე II-ის (1744-1798) თაოსნობით ახტალის მიდამოებში დაიწყეს ვერცხლის საბადოს დამუშავება (ხერხეულიძე 1913: 269). 1776 წ. ერეკლე II-ს სვეტიცხოველისათვის შეუწირავს ახტალის მადნიდან გაკეთებული ოქროს ცხრაგირვანქიანი, წარწერიანი ბარძიმი (ქრონიკები 1967: 345). 1785 წ. დაღესტნელმა ომარ-ხანმა ახტალა დაარბია და გაძარცვა (ქრონიკები 1967: 391). ერთი წლის შემდეგ ვერცხლის წარმოება კვლავ განუახლებიათ.

    1886-1888 წწ. ფრანგ მეცნიერ ჟაკ დე მორგანს ახტალის მიდამოებში, ლელვარის მთის ძირას გაუთხრია ორმოსამარხები და ქვევრსამარხები. აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი ნივთებიდან მორგანს მხოლოდ მცირეოდენი ნაწილი გადაუცია კავკასიის მუზეუმისათვის, დანარჩენი მასალა სენ-ჟერმენის (პარიზის მახლობლად) მუზეუმს შეუძენია (მორგანი 1889: 62, 63; უვაროვა, რადდე 1902: 112). ამ ნივთებიდან საყურადღებოა ბრინჯაოს გრავირებული სარტყლის ფრაგმენტი, რომელზეც გამოსახულია მშვილდოსანი მამაკაცის ორი ფიგურა, ირემი და ხარი (ხიდაშელი 1982: 148).

    მორგანის მიერ კავკასიის მუზეუმისათვის გადაცემული ახტალის არქეოლოგიური მასალა (59 ერთეული) წარმოდგენილია შავად გამომწვარი, მრგვალპირიანი, ძაბრისებურყელიანი ხელადებით, ცალყურა ქოთნებითა და კოჭობებით, წელში გამოყვანილი ყურიანი ტოლჩებით, ჯამითა და სხვ. ჭურჭლის ნაპრიალები ზედაპირი შემკულია ამოღარული ხაზებით, ირიბი ნაჭდევებითა და წნევით დატანილი ზოლებით. ზოგიერთ მათგანს ყურზე დაძერწილი აქვს კოპი. ლითონის ნივთებიდან აღსანიშნავია: ბრინჯაოს მრგვალგანივკვეთიანი სამაჯური, რომლის ბოლოები ერთმანეთზე გადადის და სხვ. კერამიკა და სამკაული, რომელიც ორმოსამარხებიდან უნდა მომდინარეობდეს, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანას განეკუთვნება.

    ახტალის ნივთებს შორის ცალკე გამოიყოფა წითლად გამომწვარი სამტუჩა ხელადა, დაბალი ყელითა და სფერული მოყვანილობის ტანით, რომელიც კოპების სამი რიგითაა შემკული. ოვალურგანივკვეთიანი ყური მიერთებულია პირსა და მხარზე. ყურზე დაძერწილია მცირე ზომის შვერილი. ხელადა გვიანანტიკური ხანისაა. მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

    ახტალის სამონასტრო კომპლექსი გაშენებულია მოგრძო ნახევარკუნძულზე, რომელსაც დასავლეთისა და აღმოსავლეთიდან მდინარე და მცირეწყლიანი ხევი ჩამოუდის. მონასტრის ტერიტორია შემოზღუდულია სასიმაგრო კედლით. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ზღუდის შიგნით მთავარი ტაძარი და ორი მცირე ეკლესიაა. მათ გარდა ახტალის მიდამოებში კიდევ რამდენიმე ეკლესიაა. მთავარი ტაძრის აღმოსავლეთით მდებარეობს წმიდა გიორგის ეკლესია. დაბლობზე, ორ მთას შუა დგას წმიდა სამების ეკლესია. დასავლეთით, ქედს გაღმა გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესიაა. ზღუდის კარიბჭის მოპირდაპირედ შემორჩენილია ნახევრად დანგრეული წმიდა იოანე ოქროპირის ეკლესია (ბაქრაძე 1875: 34).

    მთავარი ტაძრის გეგმა სწორკუთხაა (27,8X21,4 მ). შესასვლელები დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთითაა. აფსიდაში სამი სარკმელია, დანარჩენ მკლავებში ორ-ორი. ტაძრის შიდა კედლები ნაგებია ნახევრად დამუშავებული ქვებით. ზოგან თლილი კვადრებია გამოყენებული. კამარები ყველგან აგურისაა. ფასადები ორნამენტირებულია. ჩამოქცეული გუმბათის ფრაგმენტები მიმოფანტულია ტაძრის ინტერიერსა და ეზოში. ზოგი ქვა გალავნის კედელშია ჩაშენებული. ტაძარი ამჟამად კრამიტითაა დახურული. თავის დროზე კრამიტის ნაცვლად ლორფინი ყოფილა გამოყენებული (ზაქარაია 1978: 196-214). ინტერიერი მოხატულია (ტოლმაჩევსკაია 1931: 15; ამირანაშვილი 1971: 256). ახტალის ტაძარი თარიღდება X-XI სს-ით (თაყაიშვილი 1901: 30). სხვა მოსაზრებით XII-XIII სს-ის მიჯნით (შმერლინგი 1943: 18; ზაქარაია 1978: 201). მთავარ ტაძარზე წარწერები არაა წარმოდგენილი, გარდა რელიგიური შინაარსის მქონე ქართული და ბერძნული ფრესკული წარწერებისა (მელიქსეთ-ბეგი 1964: 311; ყაუხჩიშვილი 1951: 351-363).

    ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე წმიდა გიორგის ეკლესიის დასავლეთი კარის თავზე ათსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა: „ქრისტე, მე უღირსი და სულითა საწყალობელი წინამძღვარი პეტრე ღირს ვიქმენ აღმშენებად ეგუტრისა ამის სახელსა ზედა წმიდათა მოციქულთასა ... ვინცა პატრონისა ავაგ ათაბაგისა სამწირველოსა, ჩემგნით აღშენებულსა, ზედა ღირსიყოს და აღირსოთ პირველ პატრონთა და თქვენ, ჩემიცა სული მანვე იურვოს დაუკლებლად. ჩემითა ხელითა და ძმისწულისა ჩემისა ილარიონისითა აგვიშენებია და არავინ გუემართლების უხსენებლობასა ...“ 1242-1250 წწ. დათარიღებულ ამ წარწერაში მოხსენიებულია ივანე ათაბაგის შვილი ავაგ ათაბაგი (თაყაიშვილი 1901: 26).

    ახტალიდან სხვა ქართული წარწერებიცაა ცნობილი. ქვის ერთ-ერთ ჯვარზე ამგვარი ასომთავრული წარწერაა: „ჯვარი ქრისტესი, იროდიონს შეუნდონ ღმერთმან, რომელმან ესე ოხმარი ადგილი სახმარ ყო“. წმიდა სამების ეკლესიაზე ყოფილა არაერთი ქართული ასომთავრული წარწერა, რომელიც ძეგლის რესტავრაციისას განადგურებულა. მათგან მხოლოდ რამდენიმეა შემორჩენილი კედლებსა და საფლავის ქვებზე: „ღვთისათვის ლოცვა ყავნით მამანო წმინდანო ცოდვილისასა მოსე კანდელაკისაითვის“, „იოანეს შეუნდოს ღმერთმან“, „მოსეს მოძღვარსა შეუნდონ ღმერთმან“, „დეკანოზი ნიკოლოზ შეუნდონ ღმერთმან“, „სიმონს შეუნდონ უფალო ღმერთო“. ეკლესიის შიგნით, ქვის ჯვარზე ამგვარი წარწერაა: „ძლევაი ქრისტესი, ამა ადგილისა მშენებელთა დემეტრეს, გიორგის და სიმონს შეუნდვენ ღმერთო უფალო“ (თაყაიშვილი 1901: 31; მელიქსეთ-ბეგი 1964: 315).
     
    ბიბლიოგრაფია: ამირანაშვილი 1971: 256; ბაგრატიონი 1986: 81; ბაქრაძე 1875: 5; ბერძენიშვილი 1964: 311, 312; განძაკელი 1961: 222; გიულდენშტედტი 1962: 77, 245; 1964: 11, 13; ერიწოვი 1872: 21; ვარდანი 1861: 181; ვოსტორგოვი 1903: 5; ზაქარაია 1978: 196-214; თავგადასავალი ... 1913: 87, 90, 106, 111, 112, 119, 135; თაყაიშვილი 1901: 26-31; იოსელიანი 1850: 23-33; მელიქსეთ-ბეგი 1964: 310-315; მორგანი 1889: 62, 63; მურავიოვი 1848: 313-331; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 134, 137, 138, 142; სიგელები ... 1902: 59; ტოლმაჩევსკაია 1931: 15; უვაროვა, რადდე 1902: 112; ქც 1: 199,4; ქც 4: 309,2; 1 310,2; 343,9; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 929; 1985: 316; ქრონიკები 1897: 196; ქრონიკები 1867: 345, 391; ყაუხჩიშვილი 1951: 351-363; შმერლინგი 1943: 18; ხერხეულიძე 1913: 269; ხიდაშელი 1982: 148.
    Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9