შა შე ში შო შტ შუ შქ შხ
შხე

შხეფის ციხე

შხეთის ციხე (ქც 4: 777,8; 819,14; 821,11).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 777,8; 819,14; 821,11), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 504, 16), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 118), 1733 წ. შეწირულობის სიგელი კათოლიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძისა ბიჭვინტისადმი (ქრონიკები 1897: 426; ქართ. სამართ. ძეგ. 1973: 731), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 323, სქ. 10).

ვახუშტი ბაგრატიონი შხეფის ციხის შესახებ გადმოგვცემს: „ხოლო ტეხურისა და აბაშას შესართავს ზეით, უნაგირას მთის ძირზედ და ტეხურის დასავლის კიდეზედ, არს შხეფს ციხე დიდნაშენი და სასახლე დადიანისა“ (ქც 4: 777,7-9).

მდებარეობს სენაკის მუნიც-ში, სენაკიდან 5 კმ-ის დაშორებით, სენაკი-ნოქალაქევის გზაზე (ბერაძე 1967: 131; მელითაური 1972: 38-41).

1582 წ. მამია დადიანმა გიორგი დადიანის მცირეწლოვანი შვილი ლევანი მოიტაცა და დაამწყვდია შხეფის ციხეში, საიდანაც ლევანი გადმოხტა და მოკვდა (ქც 2: 504,16; ქც 4: 819,14). 1590 წ. მამია დადიანმა შეიპყრო იმერეთის მეფე ლეონი და პატიმარყო შხეფის ციხეში, სადაც ის გარდაიცვალა (ქც 2: 532,17; ქც 4: 819,14). შხეფის ციხეს აიგივებენ ონოგურისის ციხესთან, რომელიც არქეოპოლისის ახლოს მდებარეობდა (ლექვინაძე 1965: 94; ბერაძე 1967: 167, 168). მკვლევართა ნაწილი უარყოფს ამგვარ ვარაუდს (გეორგიკა 1936: 61).

შხეფის ციხის სიგრძეა 58 მ, სიგანე 20 მ. ციხესიმაგრის შიდა ფართობია 700 კვმ. ციხეს დასავლეთიდან ორმაგი კედელი და შესასვლელი აქვს. ციხეს აქვს 4 კოშკი, ქვედა და ზედა ეზო. ზედა ეზოში შემორჩენილია ეკლესიის კედლები და წყლის ცისტერნა. დასავლეთით დგას კვადრატული გეგმის (4,2X4,7 მ) კოშკი. სამხრეთ-დასავლეთით ოვალური ფორმის კოშკია, მის მოპირდაპირედ – სწორკუთხა კოშკი (4,25X6,5 მ). კოშკების შემორჩენილი სიმაღლეა 15 მ.

ციხის კედლებს მრავალჯერ განუცდიათ ნგრევა და განახლება. ყველაზე ადრეული წყობა შემორჩენილია ჩრდილოეთის კედელში. წყობა შესრულებულია ქვის კვადრებით (22X18 სმ). მშენებლობის ტექნიკის მიხედვით, შხეფის ციხე მოქმედი ყოფილა VI-XVIII სს-ში.

ზედა ეზოში მოწყობილია წყლის ცისტერნა (3,4X4,7 მ). გეგმაში სწორკუთხაა, გადახურული ორფერდა სახურავით. ცისტერნა ისეა ჩამჯდარი მიწაში, რომ მხოლოდ სახურავი ჩანს. მისი სიღრმეა 3 მ, ტევადობა დაახ. 50 კუბ. მ-ია. შიგნიდან შელესილია.

შხეფის ციხე აკონტროლებდა კოლხეთის დაბლობის უმეტეს ნაწილს. ერთ-ერთი კოშკის კედელზე ყოფილა წარწერა, რომლის პირსაც მარი ბროსე ასე კითხულობდა: „კოშკი ესე კარის თვალი შედან აღაშენა, შეუნდონ ღმერთმან“. ბროსეს აზრით, შედან უნდა იყოს XIII ს-ის მოღვაწე ბედან დადიანი და გადმოწერის დროს დაშვებულია შეცდომა (ბროსე 1851: 48). იმავე აზრისაა მოსე ჯანაშვილიც. შედანი უნდა იყოს ბედან, რაც სამეგრელოს ერისთავების ტიტულია (ჯანაშვილი 1907: 23; ბერაძე 1967: 167).

1978-1979 წწ. შხეფის ციხეზე გათხრები ჩაატარა ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ნოქალაქევის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. პ.ზაქარაია). გაიწმინდა წყალსაცავი წყალსადენით. მთავარი კოშკის იატაკის ქვეშ ჩაფლულ დერგში იდო კაჟიანი თოფის 543 ჩასართი. გათხრებისას აღმოჩნდა აგრეთვე ქვა ასომთავრული წარწერით, რომელიც თავის დროზე წაიკითხა მარი ბროსემ და რომელიც დაკარგულად ითვლებოდა (ზაქარაია ... 1980: 61). განათხარი მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

 
ბიბლიოგრაფია: ბერაძე 1967: 131-183; 1970: 42, 43; ბერძენიშვილი 1990: 467; ბროსე 1851: 48; გიულდენშტედტი 1962: 323; გეორგიკა 1936: 59-61; დადიანი 1962: 158; ზაქარაია 1965: 66; 1973: 52; ზაქარაია ... 1980: 61; ლექვინაძე 1965: 94; მელითაური 1972: 38-41; ქც 2: 504,16; 532,17; ქართ. სამართ. ძეგ. 1973: 731; ქრონიკები 1897: 426; ქც 4: 777,8; 819,14; 821,11; ჯანაშვილი 1907: 23.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9