ჩა ჩე ჩი ჩუ ჩხ
ჩიხ

ჩიხა

(ქც 4: 131,11; 797,11,19). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: მატიანე ქართლისა (ქც 1: 258,6,9), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 131,1; 797,11,19), 1071-1080 წწ. ნიკორწმინდის იადგარი (ქრონიკები 1892: 48; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 32), 1727 წ. სიგელი (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 460), სოლომონ II-ის განჩინება პაპუნა და ბეჟან წერეთლების გაყრის საქმეზე (ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 428), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 301).

მდებარეობს საჩხერის მუნიც-ში, მდ. ყვირილას მარჯვენა ნაპირზე, სოფ. ჩიხას ტერიტორიაზე.

876 წ. აფხაზთა მეფე გიორგიმ დაიპყრო ქართლი და დასვა ერისთავად ჩიხას ტინენ ძე დემეტრესი (ქც 1: 258,5,6). ნ.ბერძენიშვილის ვარაუდით, ჩიხა არგვეთის საერისთავოა, რომელიც მდებარეობდა ამერ-იმერის შემაერთებელ გზაზე. იმავე დროს, ის IX ს-ის პირველ ნახევარში აფხაზთა მეფეების რეზიდენციად ჩანს (ბერძენიშვილი 1964: 21).

ჩიხას საერისთავოს ნიადაგზე უნდა აღმოცენებულიყო ჩხეიძეების სათავადო არგვეთში. ჩიხაში ყმა-გლეხები ჰყავდათ წერეთლებს (სოსელია 1966: 37; 1981: 88). ჩიხაზე გადიოდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი გზა მარშრუტით ბრეთი - დვანი - ავნევი - ერკნეთი - წორბისი - ყორნისი - პერანგა - დარყა - ჭალა - ჩიხა. მეორე გზა ფცას წყლით მიდიოდა და გაივლიდა მარშრუტით ატოცი – ოქონა – თიღვა – ძაღინა – ოჟორა – ხტენა – გომარეთა – ლომისი – მთა პერანგა – ჭალა – ჩიხა – საჩხერე (ბერძენიშვილი 1966: 30, 31).

სოფ. ჩიხა არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფლის ეკლესიის სამხრეთით, ადგილ „გობინარში“, მცირე სადაზვერვო სამუშაო ჩატარდა 1982-1986 წწ. საქართველოს ხელოვნების სახ. მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძ. ჯ.ნადირაძე) მიერ. იქ მიკვლეულია ნასახლარი. სადაზვერვო თხრილში გამოვლინდა ადრეანტიკური და ელინისტური ხანისათვის დამახასიათებელი მატერიალური კულტურის შემცველი ფენები. აღმოჩნდა წითლად მოხატული ან შეღებილ-ნაპრიალები ჭურჭლის ნატეხები. აღნიშნული ფართობი წლების მანძილზე მუშავდებოდა და ძეგლი ძლიერ დაზიანებულია (ნადირაძე 1990: 135-136). მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ.ამირანაშვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).

სოფელში მაღალი მთის კალთაზე შემორჩენილია XII ს-ის ციხე, რომლის გალავნის შიგნით კოშკია აღმართული. გალავანი გეგმაში ოვალურია. დღეისათვის შემორჩენილია ნანგრევების სახით. დაზიანებულია ოთხკუთხა კოშკიც, რომელსაც სქელი კედლები ჰქონია. გალავნის კედლები და კოშკი ნაგებია მუქი რუხი ქვით კირხსნარზე. გალავნის წყობაში ქვაყორეც ურევია. გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთით კუთხეში დგას მცირე ზომის ერთნავიანი დარბაზული ეკლესია. გალავანშიც და ეკლესიაშიც შესასვლელი გზა სამხრეთ-დასავლეთიდანაა. ეკლესიაში რამდენიმე კაცი თუ დაეტევა. მისი გეგმა კვადრატს უახლოვდება და მთავრდება ბრტყელი ნახევარწრიული, იატაკის დონეზე ოდნავ შემაღლებული აფსიდით, სადაც სწორკუთხა სარკმელი და თახჩებია დატანილი. საკურთხეველში მოზრდილი ქვის ტრაპეზია. ეკლესიას შესასვლელი აქვს დასავლეთიდან და სამხრეთიდან. იატაკი უხეშად გათლილი ქვისაა. კედლები შელესილია კირით. მხატვრობა არ ჩანს. კედლები გარედან მოპირკეთებულია მოყვითალო რუხი ქვით, რომელიც მოგვიანებით შეულესავთ. კარნიზი მოჩუქურთმებული ყოფილა. ეკლესიის ჩრდილოეთის, სამხრეთისა და აღმოსავლეთის კედლები სადაა. დასავლეთის ფასადი შემკულია ჩუქურთმებით. მდიდრულადაა მოჩუქურთმებული დასავლეთის კარიც. ტიმპანის ცენტრალურ ნაწილში, მედალიონში, ჩასმულია ჯვარი, რომლის ორივე მხარეს და ქვემოთ ასომთავრული წარწერაა ამოჭრილი: „ქწ. ჯვარი ქრისტეისი წმინდაი ბარბარე“. ქვემოთ: „ქწ მრავალმოწამეო ღმერთო შეუნდენ ცოდვანი შერაზატს და განუსვენე (სულსა) მამისსა მისსა იოვანესსა“. ჩიხას ღვთისმშობლის ეკლესიას სახურავი ამჟამად თუნუქისა აქვს (გომელაური 1966: 69-78).

 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1964: 17, 19, 21; ბერძენიშვილი 1966: 30, 31; ბოჭორიძე 1996: 199, 241, 243, 251, 235, 261, 263, 278, 279; გომელაური 1966: 69-78; გიულდენშტედტი 1962: 301; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 460; მუსხელიშვილი 1980: 184; ნადირაძე 1990: 135-136; სოსელია 1966: 37; 1981: 88; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 32; 1977: 428 ; ქრონიკები 1892: 177; 1897: 48; ქც 1: 258,6,9; ქც 4: 131,11; 797,11,19.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9