ჩა ჩე ჩი ჩუ ჩხ
ჩიხ

ჩიხორი 

ქალაქი მცირე (ქც 4: 285,20).

იხსენიება შედეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 285,20; 299,5; 566,22; 756,24; 806,3; 829,4; 888,6), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 420,29; 478,13), სეხნია ჩხეიძის „ცხოვრება მეფეთა“ (ჩხეიძე 1913: 60), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 124, 160, 176), XV ს-ის ისტორიული საბუთი (ქრონიკები 1897: 281), XVI-XVIII სს-ის მეორე ნახევრის მცირე ქრონიკები (მცირე ქრონიკები 1968: 37, 59), 1703 წ. „ჟამგულანი“ (მცირე ქრონიკები 1968: 70), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 55), 1737 წ. ლიხთ-იმერეთის რუკა (ბურჯანაძე 1959: 184, 194), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 169, 303), ჟან შარდენის „მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში“ (შარდენი 1975: 246, 285).

ვახუშტი ბაგრატიონი ჩიხორის შესახებ გადმოგვცემს: ყამსას „ციხეს ზეით ზუსას მდინარის დასავლეთით, არს ჩიხორი, ქალაქი მცირე. მოსახლენი არიან იმერნი, სომეხნი, ურიანი ვაჭარნი“ (ქც 4: 756,23-25).

მდებარეობს თერჯოლის მუნიც-ში, მდ. ზუსას (მდ. ჩოლაბაურის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე, დღევანდელი სოფ. ჩიხორის ტერიტორიაზე.

1462 წ. ჩიხორთან შეებრძოლნენ სამცხის ათაბაგი ყვარყვარე და უზუნ ჰასანი საქართველოს მეფე გიორგი VIII-ს (1446-1466) (ქრონიკები 1897: 280). 1463 წ. მეფე გიორგისა და იმერეთში ახლად გამეფებულ ბაგრატ II-ს (1462-1466) შორის მოხდა ბრძოლა ჩიხორთან, რომელიც ბაგრატ II-ის გამარჯვებით დამთავრდა (ქც 2: 478,12,13; ქც 4: 806,1-4; მცირე ქრონიკები 1968: 87). 1732 წ. ჩიხორთან დაამარცხა ოტია დადიანი იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ (1720-1752) (მცირე ქრონიკები 1968: 59, 70). 1768 წ. ჩიხორს შეიბნენ სოლომონ I და ქაიხოსრო აბაშიძე (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 55). ჩიხორის ტერიტორიაზე შემორჩენილია ძველი ხიდის ნანგრევები მდ. ზუსაზე, სკანდასა და ჩიხორს შორის. ამ ხიდზე უნდა გაევლო გზას ჩიხორზე: საზანო – ძველი ბოსლევი – შროშა – ამაშუკეთი – ძირულას ხეობა – რიკოთის უღელტეხილი – სურამი (ბერძენიშვილი 1964: 16). ჩიხორი ლევან დადიანის ბრძანებით 1644 წ. მოჭედილი ხატის წარწერაში მოხსენიებულია, როგორც ქალაქი (მესხია 1986: 299,სქ.183). ჩიხორი 1737 წ. იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ის დროს შედგენილ რუკაზე აღნიშნულია როგორც ქალაქი. ჩიხორი განეკუთვნებოდა მეოთხე ტიპის ქალაქს, რომელსაც არა ჰქონდა დამცავი ციხე და კოშკი (მესხია 1986: 299).

1981-1986 წწ. ჩიხორის ტერიტორიის შესწავლას აწარმოებდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის თერჯოლის ექსპედიცია (ხელმძღ. ლ.ნებიერიძე). შესწავლილ იქნა ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის ნასახლარი, რომელიც მდებარეობს მდ. ზუსას მარჯვენა ნაპირზე, ჩოჩრიგვარის გორის თხემზე, ნასახლარიდან 50 მ-ის დაშორებით, გორის აღმოსავლეთ ფერდზე მდებარეობს კაჟის დამამუშავებელი სახელოსნო. ნამოსახლარზე გამოვლინდა უშუალოდ გრუნტზე დაშენებული კირქვის ლოდებისა და რიყის ქვის უხსნარო საფუძვლიანი შენობების ნაშთები, კერები, სანაცრე და სამეურნეო ორმოები. არქეოლოგიური მასალა წარმოდგენილია მრავალრიცხოვანი კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტებით. ჭურჭელი ნაძერწია ხელით. თიხა ქარსის, კირისა და კვარცის მინარევიანია. გამოწვა არასრულია. ზედაპირი შავპრიალა, ვარდისფერი სარჩულით. ჭურჭლები წარმოდგენილია: ჯამების, ქოთნების, ქილების, ლანგრების სახით. მცირე რაოდენობითაა კაჟის იარაღი. ნასახლარზე სულ მოპოვებულია 928 ნივთი, მათ შორის 360 ქვის იარაღია, 415 კაჟის იარაღი და ცხოველთა ძვლები. არქეოლოგიურ მასალაში გვხვდება: კაჟის ნუკლეუსები, ანატკეც-ანამტვრევები, დაზიანებული იარაღი, ფირფიტები, ნახევარფაბრიკატები. სულ მოპოვებულია 7703 კაჟის ნივთი, რომელთა შორის წამყვანია კაჟის ნამგლის ჩასართები. არის საფხეკები, სახვრეტები, საჭრისები, ისრისპირები, შუბისპირები, ძვლის რამდენიმე იარაღი, ირმის რქის ნამზადი, ძვლის თოხი, ისრისპირები, სპილენძის ოთხწახნაგა სადგისი და საკიდი, ნავისებური ხელსაფქვავები. დიდი რაოდენობითაა შინაური ხარისა და წვრილფეხა საქონლის ძვლები. გარეული ცხოველებიდან აღსანიშნავია კეთილშობილი ირმისა და ჯიხვის ძვლები. ძეგლზე დიდი რაოდენობით კაჟის ნამგლის ჩასართების არსებობა მიუთითებს იმ პერიოდისათვის მიწათმოქმედების განვითარებაზე (ნებიერიძე 1984: 9, 10; 1985: 8, 9; 1986: 8-10; 1986ა: 404; 1990: 5-7; ნებიერიძე, თორთლაძე 1991: 14, 15). განათხარი მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ოთ.ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიის ცენტრი).

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 55; ბერძენიშვილი 1964: 16, 18, 20; ბოჭორიძე 1996: 250, 258; ბურჯანაძე 1959: 177-196; გიულდენშტედტი 1962: 162, 303; დადიანი 1962: 124, 160, 176; მესხია 1986: 294, 299,სქ.183, 363, 370; მცირე ქრონიკები 1968: 37, 59, 70; ნებიერიძე 1984: 9, 10; 1985: 8, 9; 1986: 145-147; 1986ა: 8-10; 1986ბ: 404; 1987: 5-7; ნებიერიძე, თორთლაძე 1991: 14, 15; სოსელია 1966: 34; ქრონიკები 1897: 280, 739; ქც 2: 420,29; 478,13; ქც 4: 285,20; 299,5; 566,22; 756,24; 806,3; 829,4; 888,6; შარდენი 1975: 246.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9