ჩა ჩე ჩი ჩუ ჩხ
ჩუნ

ჩუნეში

(ქც 4: 761,25; 762,1). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 761,25; 762,1), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 409, 412; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 473; ისტ. დოკ. ... 1958: 131; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 179, 431; 1970: 614; 907; 1977: 261), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდნშტედტი 1962: 305).

ვახუშტი ბაგრატიონი ჩუნეშის შესახებ გადმოგვცემს: „ქუთათისის ჩდილოთ და რიონის დასავლით არს ქვიშილეთს ციხე ... ქვიშილეთის ჩდილოთ არს ჩუნეში“ (ქც 4: 761,25, 762,1).

მდებარეობს წყალტუბოს მუნიც-ში, წყალტუბოდან აღმოსავლეთით 3 კმ-ის დაშორებით, ახლანდელი სოფ. ჩუნეშის ტერიტორიაზე.

1568 წ. იმერეთის მეფე გიორგი II-მ (1565-1585) ჩუნეშში მოსახლე რამდენიმე კომლი გელათის წმინდა გიორგის ეკლესიას შესწირა (ქრონიკები 1897: 409; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 249). 1647 წ. იმერეთის მეფე ალექსანდრეს (1639-1660) მიერ აზნაურ იოსელიანისთვის ნაბოძები სოფ. გოშტიბის მიწა-წყლის საზღვარი ჩუნეშამდე აღწევდა (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 249; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 473). 1773 წ. სოლომონ მეფემ (1752-1784) ქუთაისის ტაძარს შესწირა ჩუნეშელი გლეხები (ისტ. დოკ. ... 1958: 131). XVIII-XIX სს-ის მიჯნაზე ლორთქიფანიძეებსა და იოსელიანებს დავა ჰქონდათ ჩუნეშისათვის (ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 261).

1975 წ. სოფ. ჩუნეშსა და მის მეზობელ სოფლებში არქეოლოგიური დაზვერვები ჩაატარა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის წყალტუბოს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ალ.კალანდაძე). ჩუნეშის გორაზე გამოვლინდა ენეოლითური ხანის ქვის იარაღები და შუა საუკუნეების ნაგებობა. სოფ. ჩუნეშის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. სემის ხეობაში, სოფ. კუმისთავთან აიკრიფა ენეოლითური, ბრინჯაოს ხანისა და შუა საუკუნეების მასალა. ჩუნეშის აღმოსავლეთით, დაახლოებით 3 კმ-ის დაშორებით სოფ. ხომულის ციხესთან აღმოჩნდა ქვის ხანის კაჟის ინვენტარი და გვიანი შუა საუკუნეების კერამიკა (კალანდაძე ... 1978: 8, 9).

1974-1976 წწ. სოფ. ხომულში, კარსტული წარმოშობის მღვიმეში, რომელიც თეთრი მღვიმის სახელითაა ცნობილი, არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ქუთაისის მხარის ქვის ხანის ისტორიის შემსწავლელმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ალ. კალანდაძე). 1976-1985 წწ. იქ გათხრებს აწარმოებდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის წყალტუბოს არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. კ. კალანდაძე). 1987-1988 წწ. იმავე ექსპედიციამ ჩუნეშის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 7 კმ-ის დაშორებით, სოფ. ყუმისთავის ტერიტორიაზე, შეისწავლა საწურბლეს მღვიმე.

თეთრი მღვიმე მდებარეობს სოფ. ხომულში, ლექვთაძეების ბორცვზე, კურორტ წყალტუბოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, 2 კმ-ის დაშორებით, 100 მ სიმაღლეზე. მღვიმის საერთო ფართობია 2500 კვმ. მღვიმე შედგება სტალაგმიტებისა და სტალაქტიტების სამი დიდი დარბაზისაგან (I დარბაზი საცხოვრებელია, II საკულტო, III სათავსია). მღვიმის წინა ტერიტორიის ნაწილიც (50 კვმ) გამოყენებული ყოფილა საცხოვრებლად. მღვიმეში დადგინდა ორი ფენა: ზედა პალეოლითური და ენეოლითური. ზედა პალეოლითურ ხანაში მღვიმე სამხრეთ-დასავლეთი მხრიდან ღია იყო. ენეოლითში ადამიანს ამოუქოლავს შესასვლელი (შესაძლოა, თავდაცვის მიზნით) და მღვიმეში ჩასვლა ვერტიკალური ხვრელით (დმ 2 მ, სიღრმე 7-8 მ) ხორციელდებოდა. ზედა პალეოლითური და ენეოლითური ფენები ერთმანეთისაგან 1,5 მ სისქის სტერილური ფენით იყო გამიჯნული. ორივე ფენაში მოპოვებულ იქნა 15 ათასზე მეტი ნივთი. აქედან პალეოლითური 1138, ენეოლითური კი 14152 ცალია (კალანდაძე 1994: 22-32). ზედა პალეოლითური ფენის სიმძლავრეა 40-50 სმ. ფენაში აღმოჩნდა: 1. ქვის (კაჟის) იარაღები: ნუკლეუსები (კონუსური, სოლისებური, პრიზმული), საჭრისები, საფხეკები, წვეტანისებური იარაღი, დუბლირებული იარაღი (საფხეკ-საჭრისი), ლამელები. 2. გრდემლად გამოყენებული რიყის ქვები. 3. ძვლის იარაღები, სადგის-სახვრეტები და ფაუნისტური მასალა (ნანადირევ ცხოველთა ძვლები). ძვლოვან მასალაში აღმოჩნდა პალეოლითელი ადამიანის იდაყვის ძვალი (კალანდაძე 1994: 33-38).

ენეოლითური ფენის მასალა ძირითადად მოპოვებულია მღვიმის II დარბაზში და მღვიმის წინა ტერიტორიაზე. ფენაში აღმოჩნდა კაჟის იარაღები: საჭრისები, სახვრეტები, ლამელები, საფხეკები, ხერხისებური იარაღი, ნუკლეუსები, ისრისპირები, შუბისპირები, წვეტანისებური იარაღები და სხვ. რიყის ქვის მასალიდან აღსანიშნავია: ხელსაფქვავები, ვარცლისებური ქვები, შურდულის ქვები, ჭურვები, ცულები, ხელჩაქუჩები, ავგაროზები და ა. შ. ძვლოვანი მასალიდან გვხვდება: სადგის-სახვრეტები, მახათები, ავგაროზები, სამკაულები, საქსოვი ჩხირები და სხვ. ენეოლითურ ფენაში მრავალრიცხოვანია კერამიკული მასალა (9741 ერთეული). ესენია: 1. ხელით ნაძერწი, სქელკედლიანი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები (დერგისებური, ქილისებური, ჯამისებური). თიხა კვარცის, ქარსისა და ქვიშის მინარევიანია. ზოგიერთი ჭურჭელი ორნამენტირებულია. 2. თიხის კვირისტავები: კონუსური, ბიკონუსური. მათგან 6 ცალი ორნამენტირებულია. 3. ცხოველებისა (ხარი, ცხვარი, თხა, დათვი და სხვ.) და ადამიანების ქანდაკებები. 4. სარიტუალო „კვერები“ – მრგვალი ან ელიფსური. ზოგიერთს ემჩნევა ნამჯის ან თითის ანაბეჭდები. თეთრი მღვიმის ენეოლითურ მასალაში აღმოჩნდა ტირიფის ფოთლის ფორმის ლითონის ყუნწიანი ისრისპირი, ბრტყელი, ოდნავ შესამჩნევი ქედით, თხელი, ბასრი ნაპირებითა და მახვილი წვერით. იარაღს ეტყობოდა ცივად ჭედვის კვალი (კალანდაძე 1994: 39-62). თეთრი მღვიმის განათხარი მასალა ინახება წყალტუბოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

საწურბლეს მღვიმე მდებარეობს მდ. სემის ხეობაში, სოფ. ყუმისთავის ტერიტორიაზე. მღვიმეში გამოვლინდა ორი ფენა: ზედა პალეოლითური და ენეოლითური. ისინი ერთმანეთისაგან გამიჯნულია სტერილური შრით. საწურბლიაში სულ აღმოჩნდა 916 ნივთი. მათგან ზედა პალეოლითური 436, ხოლო ენეოლითური 480 ერთეულია. ზედა პალეოლითური ფენის ნივთებიდან აღსანიშნავია: კაჟის დანები, წვეტანისებური იარაღი, საფხეკები, საჭრისები, ნუკლეუსები და სხვ. ენეოლითურ ფენაში აღმოჩნდა: არგილიტის სატეხი, კაჟის საჭრისები, საფხეკები, ნუკლეუსები, ანატკეცები, რიყის ქვის სახეხ-საპრიალებელი, სალესი; თიხის ჭურჭლის ყელისა და ჯამის ფრაგმენტები. იქვე აღმოჩნდა მოგვიანო ხანის კერამიკის ფრაგმენტებიც. საწურბლეს მღვიმის ზედა პალეოლითური ფენის ქრონოლოგიური საზღვრები გვიან ზედა პალეოლითს უახლოვდება; ენეოლითის – ენეოლითური ხანის მეორე ნახევარს. საწურბლეს მღვიმის აღმოსავლეთ კედელთან ენეოლითურ ფენაში აღმოჩნდა ამავე ხანის ორმოსამარხი კიდურებმოხრილი ჩონჩხით (კალანდაძე 1997: 10-12).

სოფ. ყუმისთავში 1918 წ. აღმოჩნდა თიხის ქოთანი 83 კოლხური თეთრით. განძი დაიფანტა. გადარჩა მხოლოდ 13 მონეტა, რომელთაგან ათზე ამოკვეთილია ასოები „ქწ“. სამზე ადამიანის თავია გამოსახული (პახომოვი 1938: 7).

ხომულის ციხის სათვალთვალო კოშკის კარნიზზე აღმოჩნდა თერთმეტსტრიქონიანი ქართული წარწერა, სადაც მოხსენიებული არიან ციხის აღმშენებლები: ზაალ და გიორგი ღოღობერიძეები (კალანდაძე ... 1978: 9).

 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1964: 195-207; გიულდენშტედტი 1962: 305; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 473; ისტ. დოკ. ... 1958: 131; 1987: 6-10; 1994; 1995: 15-19; 1997: 10-12; კალანდაძე, ბერძენიშვილი 1986: 6, 7; კალანდაძე, კალანდაძე 1975: 67-72; კალანდაძე ... 1976: 7-10; კალანდაძე ... 1978: 8, 9; კალანდაძე ... 1979ა: 15-17; კალანდაძე ... 1981: 19-28; კალანდაძე ... 1982: 25-29; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 249; პახომოვი 1938: 7; საქ. არქ. 1991: 188, 189; ქრონიკები 1897: 409-412 ; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 179, 431; 1970: 614, 907; 1977: 261; ქც 4: 761,25; 762,1.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9