ჩა ჩე ჩი ჩუ ჩხ
ჩხა ჩხე ჩხი

ჩხარი 

ქალაქი, დაბა (ქც 4: 755,28-30).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 755,28-30; 771,11; 774,23,24; 840,1; 871,21,22; 875,12,16), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 149, 160, 176, 192), მცირე ქრონიკები (მცირე ქრონიკები 1968: 28, 29), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 339, 342, 343, 610, 649, 908, 971; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 250), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 159, 303), დე გრაი დე ფუას „ცნობები საქართველოს შესახებ“ (დე გრაი დე ფუა 1985: 80), ჟაკ ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 188-190).

ვახუშტი ბაგრატიონი ჩხარის შესახებ გადმოგვცემს: „კუალად ჩხარს მოერთვის მეორე ჩხარულა ... ამ ხევზედ არს მთის ძირს ჩხარი, ეს ყოფილა ქალაქი, არამედ აოხრდა ლევან დადიანისაგან. აწ არს დაბა“ (ქც 4: 755,28-32).

მდებარეობს თერჯოლის მუნიც-ში, თერჯოლიდან 9 კმ-ის დაშორებით, თანამედროვე სოფ. ჩხარის ტერიტორიაზე.

1578 წ. ქუთაისელმა მიტროპოლიტმა დოსითეოსმა ჩხარში იყიდა სამი მოსახლე (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 342, 343). ჩხარი მიეკუთვნებოდა მეოთხე ჯგუფის ქალაქს, რომელსაც თავისი დამცავი ციხესიმაგრე არ ჰქონოდა (მესხია 1983: 622). ის იყო სავაჭრო ქალაქი, სადაც ცხოვრობდნენ ვაჭარ-ხელოსნები. 1634 წ. ლევან დადიანმა დაამარცხა იმერეთის მეფე გიორგი III (1605-1639) და ტყვედ ჩაიგდო. 1669 წ. ჩხართან ბრძოლა მოხდა სეხნია ჩხეიძესა და იმერეთის მეფე ბაგრატ IV-ს (1660-1681) შორის (ქც 4: 840,1). 1646 წ. ლევან დადიანმა გადაწვა ქ. ჩიხორი და დაანგრია ჩხარი (სინ 1973: 337). 1712 წ. ჩხართან ბრძოლა მოხდა მამია გურიელსა და იმერეთის მეფე გიორგი VI-ს (1703-1711, 1716-1720 წწ.) შორის (ქც 4:871,21,22). იმერეთის მეფე ალექსანდრე V-მ (1720-1752) განაახლა ჩხარის წმინდა გიორგის ეკლესია (სინ 1973: 515), 1768 წ. ჩხარის მახლობლად ცხრაწყაროსთან ბრძოლა მოხდა მეფე სოლომონ I-სა (1752-1784) და თეიმურაზ მამუკას ძეს შორის (გიულდენშტედტი 1962: 169; სინ 1973: 646).

ჩხარის ტერიტორიაზე, ოქონას გორაზე, 1994-1995 წწ. ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ზ.ბრაგვაძე) შეისწავლა გვიანანტიკური ხანი სამაროვანი (ბრაგვაძე 1997). ოქონას გორა მდებარეობს სოფ. ჩხარის ჩრდილო საზღვარზე. წარმოადგენს ბუნებრივ მასივს, სადაც შემორჩენილია ციხის ნანგრევები. ციხის აღმოსავლეთით დამრეც ფერდზე 40-ოდე წლის წინ შემთხვევით აღმოჩნდა მდიდრული სამარხი, რომლის ნივთების ნაწილი მოხვდა ჩხარის მიწათმოქმედებისა და ხელოსნობის მუზეუმში. მუზეუმი გაიქურდა. დაიკარგა ოქროს საყურეები და მონეტები (ბრაგვაძე 1997: 3, 4). ძველი აღმოჩენის ადგილას გამოვლინდა სამაროვანი, სადაც ექსპედიციამ შეისწავლა 15 ორმოსამარხი. სამარხები ინდივიდუალურია. მხოლოდ ერთშია წყვილადი დაკრძალვა. სამხრეთ-დასავლეთით ორიენტირებული მიცვალებულები დაკრძალულია ხელფეხმოკეცილი. სამარხთა სიახლოვეს ვერტიკალურად ჩადგმული ქვევრებია შემორჩენილი ნახევარი ტანით. სამაროვანზე მოპოვებულია თიხის 11 სქელკედლიანი, მოწითალოდ და მოშავოდ გამომწვარი ჭურჭელი (ჯამები, დოქები). ისინი დამზადებულია განულექავი უხეში თიხისაგან, რომელშიც დიდი რაოდენობით ურევია ქარსი. დოქები სამტუჩაა, ორყურა. ჯამები ქუსლიანია, შავად გამომწვარი. იარაღ-საჭურვლიდან აღსანიშნავია რკინის 3 ორლესული მახვილი, 3 სატევარი, 2 შუბისპირი, სამფრთიანი ისრისპირები, 1 დანა. ტანსაცმელთან დაკავშირებული ნივთებია: რკინის, ბრინჯაოსა და ვერცხლის აბზინდები, ბალთები, მშვილდსაკინძები, ქამრის ნაწილები და ფირფიტები. სამკაულიდან გვხვდება: ოქროსა და ბრინჯაოს მტევნისებური საყურეები; სხვადასხვა ფორმის ვერცხლისა და ბრინჯაოს საკიდები; ბრინჯაოს სამაჯურები; ვერცხლის 3 ბეჭდიდან ერთ-ერთის სარდიონის თვალზე ამოკვეთილია პროფილში მდგომი მარსი. სამი მონეტიდან ორი ავგუსტუსისაა, ერთი სეპტიუს სევერიუსს ეკუთვნის. სამაროვანი თარიღდება II-III სს-ით (ბრაგვაძე 1997). სამაროვნის მასალა ინახება ჩხარის მიწათმოქმედებისა და ხელოსნობის მუზეუმში, ხოლო წყვილი ოქროს საყურე დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (შ. ამირანაშDვილის სახ. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი).

სოფ. ჩხარში დგას წმინდა გიორგის ეკლესია და სამრეკლო. წმინდა გიორგის ძველი, დარბაზული (14,4X8 მ) ეკლესიისაგან გადარჩენილია საძირკველი. მის აღმოსავლეთით ქვიტკირის ორსართულიანი სამრეკლოა. კარი დასავლეთითაა, რომლის თავზე გამოქანდაკებულია ჯაჭვით დაბმული ლომი. ეკლესიისა და სამრეკლოს გარშემო ქვიტკირის გალავნის ნაშთია (ბოჭორიძე 1996: 199).

ჩხარის ოქონის ეკლესია დგას ჩხარის ზევით, გორაკზე. ის დარბაზულია (8,8X4 მ). აგებულია თლილი ქვით. აფსიდა გარეთაა გაწეული. კარი სამხრეთით და დასავლეთითაა. დასავლეთის კარსა და აღმოსავლეთის სარკმელს ამკობს ჩუქურთმები. ეკლესია მოხატული ყოფილა. ეკლესიის ერთ-ერთ წარწერაში მოხსენიებულია გრიგოლ კალატოზი (ბოჭორიძე 1996: 199, 200).

 
ბიბლიოგრაფია: ბერძენიშვილი 1964: 5, 8-10; 1990: 58, 467; ბრაგვაძე 1997; ბოჭორიძე 1996: 21, 197, 198, 250, 257, 267, 279; ბურჯანაძე 1959: 186, 196; გამბა 1987: 188-190; გიულდენშტედტი 1962: 159, 303; დადიანი 1962: 149, 160; დე გრაი დე ფუა 1985: 80; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 250; მესხია 1983: 191, 237, 241-43, 274, 622, 623; 1986: 294, 296, 299, 363, 370; მუსხელიშვილი 1977: 113; მცირე ქრონიკები 1968: 28, 29, 70; საქ. ისტ. რუკა 1923; სინ 1973: 334; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 342, 343, 399, 610, 649, 671, 908; ქრონიკები 1897: 265, 281, 451; ქც 4: 755,28-30; 756,11; 771,11; 774,23,24; 820,4; 840,1; 871,21,22; 875,12,16.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9