ჩა ჩე ჩი ჩუ ჩხ
ჩხა ჩხე ჩხი

ჩხიკვთა 

ჩხიკუთა (ქც 4: 326,20; 517,10).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 326,20; 517,10), XIV-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 197; მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 6, 122, 151-154, 158, 160; საქ. სიძ. 1920: 76, 86, 88; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 165, 261; 1953: 33; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 250; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 33, 386; 1981: 66; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 102; ქართულ-სპარსული ... 1984: 17), „დასტურლამალი“ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 708), გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი (გურჯისტანის ვილაიეთის ... 1958: 139).

ვახუშტი ბაგრატიონი ჩხიკვთას შესახებ გადმოგვცემს: „ჩხიკუთის სამხრით არს ეკლესია სამება ... ამას ქუეით ერთვის ალგეთს ხევი საღირაშენისა“ (ქც 4: 326,20-26).

მდებარეობს თეთრიწყაროს მუნიც-ში, თეთრიწყაროდან 7 კმ-ის დაშორებით, მდ. ალგეთის მარჯვენა მხარეს, ახლანდელ სოფ. ჩხიკვთას ტერიტორიაზე.

წყაროებში პირველად იხსენიება XIV ს-ში. 1392 წ. ჩხიკვთა წარმოადგენდა მცხეთის საეკლესიო მამულს (ქრონიკები 1897: 197). 1543 წ. ლუარსაბ I-მა (1534-1556) ბარათაშვილების საგვარეულოს გაყოფისას ნახევარი ჩხიკვთა ბარათაშვილებს, მეორე ნახევარი კი გერმანოზიშვილებს არგუნა (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 250; ქართ. სამართ. ძეგ. 1972: 33; ლორთქიფანიძე 1935: 369). 1753 წ. ლეკები ჩხიკვთას ციხეში დაბანაკდნენ. შემდეგ ის გადაწვეს და მიატოვეს (ქც 4: 517,10; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980:102).

1973 წ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ალგეთის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. თუშიშვილი) არქეოლოგიური დაზვერვები ჩაატარა სოფ. ჩხიკვთასა და მის მიდამოებში. სოფ. ჩხიკვთას სამხრეთ-აღმოსავლეთით, დაახლ. 200 მ-ის დაშორებით, გამოვლინდა რამდენიმე ჰა ფართობზე განლაგებული ე. წ. ციკლოპური ტიპის ნაგებობათა კომპლექსი: დიდი ზომის ქვებისაგან შემდგარი გალავანი, აგრეთვე დიდი ქვებით მოზღუდული გზა, ოთხკუთხა და წრიულ ნაგებობათა ნაშთები და სამკუთხა კანელურებით შემკული მრგვალი სვეტის ფრაგმენტი (წინაქრისტიანული ხანის). იქვე აიკრიფა შუა საუკუნეების კერამიკის ფრაგმენტები, მათ შორის მოჭიქულიც.

ჩხიკვთას შორიახლო, ტბისის ხევში, აღმოჩნდა ქვითკირის ჯებირის ნანგრევები, რომელიც, შესაძლოა, ხეობის ყელის ჩასახერგად-საგუბრად გამოიყენებოდა. მის გვერდით ალგეთის წყალსაცავის ადმინისტრაციული სახლების მშენებლობისას აღმოჩნდა შუა საუკუნეების ნასოფლარი, რომელსაც, შესაძლოა, მიეკუთვნებოდეს კოჭრების ეკლესია. ეკლესიის ეზოში გამოვლინდა VI-VII სს-ის ქვაჯვარის ოთხკუთხა ბაზა, ბოლნური ჯვრის გამოსახულებითა და რვასტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერით.

ტბისის ხევის მარჯვენა ნაპირზე გამოვლენილია შუა საუკუნეების სამაროვანი. ჩხიკვთაში აღნუსხულია აგრეთვე გორანამოსახლარი და გვიანბრინჯაოს ხანის სამაროვანი (თუშიშვილი 1973: 63).

სოფელში შვიდი ეკლესიის ნანგრევია. შედარებით უკეთაა შემორჩენილი ჩხიკვთას სიონი, ღვთისმშობლის სახ. ეკლესია და სამება.

ჩხიკვთას სიონი მდებარეობს სოფლის სამხრეთით 2,5 კმ-ის დაშორებით. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია თლილი, მონაცრისფრო ქვებით. აფსიდა ნახევარწრიულია. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. აქვს გვიანდელი შესასვლელი ჩრდილოეთიდან. სარკმელი ოთხია, ნიში – ორი. სამხრეთი კარის თავზე სამშენებლო ხასიათის მხედრული წარწერაა: „მოიხსენიე ... რუსთველი მთავარეპისკოპოზი ქრისტეფორე საგინაშვილი, რომლისა მიერ აღეშენა საყდარი ესე 1679“. საკურთხევლის ერთ-ერთი ქვის ნატეხზე ორი რელიგიური ხასიათის წარწერაა (თაყაიშვილი 1905: 10, 11).

ჩხიკვთას სიონის მაღლა, სამების სამხრეთით, შარაგზაზე ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევებია. ეკლესია (10X7მ) თლილი ქვითაა ნაგები. სახურავი ქვისაა. შესასვლელი სამხრეთიდანაა. გარდა ჩრდილოეთისა, ყველა კედელს თითო სარკმელი აქვს. სამხრეთ კედელზე ასომთავრული წარწერაა: „მღვდელი მიქაელი“. ეკლესია „მწვანე მონასტრის“ სახელითაც არის ცნობილი (თაყაიშვილი 1905: 13).

ჩხიკვთას დასავლეთით, კონურის მთაზე, სამების ეკლესიაა (7,5X5 მ). ნაგებია თლილი ქვით. გადახურულია ქვის ფილებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. საკურთხეველი ქვისაა, ოთხკუთხა. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე ხუცური წარწერაა: „ქვის ოსტატი (?) გიორგი, შვილისა ჩუენისასა გაკეთებული არის“. ეკლესიას აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან ქვის ლოდებით ნაგები გალავანი აკრავს, რისთვისაც „გმირ-ნაკვეთს“ უწოდებენ. ადრე აქ ციხე ყოფილა, შემდეგ აუგიათ ეკლესია. (თაყაიშვილი 1905: 10-15). სამების ეკლესია გვიანი შუა საუკუნეებისაა (ლორთქიფანიძე 1938: 479).

 
ბიბლიოგრაფია: ბაქრაძე 1875: 163; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 165, 261; 1953: 33; თაყაიშვილი 1905: 10-15; თუშიშვილი ... 1974: 60-64; ლორთქიფანიძე 1935: 268, 369; 1938: 73, 74, 479; მასალანი საქ. სტატ. ... 1907: 6, 122, 151-154, 158, 160; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 250; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 102; საქ. სიძ. 1920: 76, 86, 88, 368, 370; ქრონიკები 1897: 197; ქც 4: 326,20 ; 517,10; ქართულ-სპარსული ... 1984: 17; ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 708; 1972: 33, 386; 1981: 66.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9