ძა ძე ძუ
ძალ ძამ ძაღ

ძაღინა

ციხე, სასახლე (ქც 4: 376,8,11).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 376, 8, 11), 1797 წ. განჩინება შანშე ამილახვრისა და ზაალ დავითაშვილის მამულის საქმეზე (ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 25), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 43), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 279; 1964: 31, 183).

ვახუშტი ბაგრატიონი ძაღინას შესახებ გადმოგვცემს: თიღვას „ჩდილოთ კერძ არს ძაღინა. აქა არს ლითონი ვერცხლისა, არამედ უსარგებლობისათვს დაუტევეს ... ძაღინას არს ციხე და სასახლე“ (ქც 4: 376,8,11).

მდებარეობს ზნაურის მუნიც-ში, ზნაურიდან ჩრდილო-დასავლეთით 5 კმ-ზე, მდ. შუა ფრონეს (დას. ფრონეს მარცხენა შენაკადი) ხეობაში, თანამედროვე სოფლების ქვემო და ზემო ძაღინას ტერიტორიაზე.

ისტორიულ საბუთებში იხსენიება XVIII ს-დან. მდ. ფციასა და ფრონეს შორის, სოფ. ძაღინას მიდამოებში მოიპოვება ტყვიის კრიალა და ალმადანი (გიულდენშტედტი 1962: 279; 1964: 183). XVIII ს-ის ბოლოს ძაღინას ფალავანდიშვილები ფლობდნენ.

სოფ. ძაღინასთან, ცხინვალიდან ზნაურისკენ მიმავალი გზის პირას 1951 წ. ბ.კუფტინმა შეისწავლა სამაროვანი, რომლის ტერიტორიაზე გაჭრილი იყო არხი. სამარხები არხის ორივე მხარეს იყო გამართული. არხის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს 6-6 სამარხი გაითხარა. 1953 წ. იმავე ტერიტორიაზე ო.ჯაფარიძემ გათხარა 1 სამარხი.

სამაროვნის დასავლეთ უბანზე მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ ორმოსამარხებში, რომლებზეც გამართული იყო მცირე ქვაყრილები. მიცვალებულები ესვენა მარჯვენა გვერდზე, ძლიერ მოხრილი კიდურებით, თავით ჩრდილოეთით ან დასავლეთით. სამარხებში აღმოჩნდა თითო-ოროლა, ძირითადად, შავად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, რომელსაც მოვარდისფრო შიდაპირი აქვს; სპილენძის მარყუჟისებრთავიანი საკინძი; თიხის კონუსისებრი კვირისტავი. სამარხები თარიღდება ძვ. წ. XXIV-XXIII სს-ით.

სამაროვნის აღმოსავლეთ უბანზე მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ მიწის ზედაპირზე და ზემოდან მცირე ქვაყრილი ჰქონდათ. მიცვალებულები ესვენა მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოხრილი, თავით დასავლეთით. სამარხებში, გარდა მოშავო-მოყავისფროდ გამომწვარი კერამიკისა, აღმოჩნდა სპილენძის ნივთები: მრგვალგანივკვეთიანი მავთულისგან დამზადებული სპირალური სამაჯურები (2 ც), სასაფეთქლე რგოლები 1,5 ხვიისა (2 ც), საკინძი ბრტყელი თავით, რომლის ორივე ბოლო ვოლუტებით სრულდება, უქედო სატევრისპირი, კავისებრი ნივთი. სამარხები თარიღდება III ათასწლეულის დასასრულითა და III-II ათასწლეულების მიჯნით.

სამაროვნის დასავლეთ უბნიდან დაახლოებით 13 მ-ის დაშორებით აღმოჩნდა 1 მ-მდე დიამეტრისა და 2 მ-მდე სიღრმის ორმოები, რომლებშიც გამოვლინდა დამწვარ მიწაში შერეული ნახშირის, ბათქაშისა და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები. ერთ-ერთი ორმოს ძირზე დამტვრეული თიხის ჭურჭლის ქვეშ გაიწმინდა თიხით მოლესილი და გაპრიალებული იატაკი, რომელზეც დაბალი რელიეფით გამოყვანილი ჯვრისებრი გამოსახულება იყო დატანილი. ბ.კუფტინის მოსაზრებით, ეს ორმოები დაკრძალვის რიტუალს უკავშირდებოდა (კუფტინი 1974: 150-152; ჯაფარიძე 1961: 203-211).

სოფლების ქვემო და ზემო ძაღინას მახლობლად შემორჩენილია შუა საუკუნეების ორი არქიტექტურული კომპლექსი: ციხესიმაგრე და ციხე-დარბაზი. ციხესიმაგრის გალავანი გეგმაში ოვალური ფორმისაა. გალავანში ჩაშენებულია ოთხსართულიანი კოშკი. შეინიშნება სხვადასხვა დროის რამდენიმე სამშენებლო ფენა. უძველესი ფენა ცეცხლსასროლი იარაღის შემოღებამდე, XVI ს-დეა აგებული. მოგვიანებით, XVI-XVII სს-ის მიჯნაზე, სიმაგრე სამხრეთით გაუფართოვებიათ და მისთვის ოთხსართულიანი ნაგებობა მიუშენებიათ.

სიმაგრის მახლობლად დგას ციხე-დარბაზი. მასში შედის სასახლე, კოშკი და ეკლესია. აგურით ნაგები სასახლე ერთსართულიან შენობას წარმოადგენდა. მასში შედიოდა ორ რიგად განლაგებული 5 ოთახი და მათ წინ მდებარე ლოჯია. სასახლეზე მიშენებულია ქვითკირით ნაგები ხუთსართულიანი კოშკი. სართულებს ერთმანეთთან აკავშირებს კედელში მოთავსებული ქვის კიბე. პირველ სართულზე მარანია, II-IV სართულები საცხოვრებელს წარმოადგენს. პირველ და მეორე სართულებს კოჭოვანი გადახურვა ჰქონდა, დანარჩენებს – კამაროვან-გუმბათოვანი. მეხუთე სართული სამი მხრიდან თაღებითაა გახსნილი. ციხე-დარბაზი თარიღდება XVI-XVII სს-ით (ზაქარაია 1988: 88-90).

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1986: 43; გიულდენშტედტი 1962: 279; 1964: 31, 183; ზაქარაია 1988: 88-90; კუფტინი 1974: 150-152; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 25; ქც 4: 376,8,11; ჯაფარიძე 1961: 203-211.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9