ძა ძე ძუ
ძალ ძამ ძაღ

ძამის ციხე

მონასტერი (ქც 4: 344,22,25).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 136,19,21,სქ.1; 344,22,25), მატიანე ქართლისა (ქც 1:2 71,1,3) ჟამთააღმწერელი (ქც 2: 317,12), 1701-1703 წწ. განჩინება ციციშვილების გაყრის საქმეზე (ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 622), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 32).

ვახუშტი ბაგრატიონი ძამის ციხისა და მონასტრის შესახებ გადმოგვცემს: „სამწევრისის სამხრით მოერთვის ძამას იმერხევის-ხევი, გამოსდის საცხენისის მთას. აქა არს მონასტერი ძამისა, და აწ ხუცის სამარს. იმერხევის დასავლით, ძამაზედ, არს მძორეთი, მცირე ქალაქი. მოსახლენი სომეხნი, ურიანი, ციხე არს მაღალს კლდესა ზედა ნაშენი. ესე არს ძამის ციხე. ამ ციხის ქუეშ სასახლე ციციანთა“ (ქც 4: 344,20-26).

ერთი მოსაზრებით, ძამის ციხე ლოკალიზდება ქარელის მუნიც-ში, ქარელიდან სამხრეთ-დასავლეთით 14 კმ-ის დაშორებით მდებარე თანამედროვე სოფ. ორთუბნის ტერიტორიაზე. დღეს ეს ციხე ცნობილია ორთუბნის ციხის სახელით (სძა 1990: 383). მეორე მოსაზრებით, ძამის ციხე მდებარეობს მდ. ძამის სათავესთან, მთაზე, სადაც შემორჩენილია ციხის ნანგრევები და ნასოფლარი (მაკალათია 1962: 32, 41).

წყაროებში ძამის ციხე იხსენიება X ს-ში, როცა აფხაზთა მეფის დემეტრეს დამარცხებულმა ძმამ თეოდოსმა თავი შეაფარა ადარნერსე ძამელის რეზიდენციას – ძამის ციხეს (გვასალია 1983: 152-154). 1300 წ. ოსთა მთავარმა ბაყათარმა ძამის ციხე წაართვა გამრეკელ კახას ძეს (მაკალათია 1962: 41). XIV ს-ის დასაწყისში ციხე ჯავახიშვილებს ეკუთვნოდათ. შემდეგ ის ციციშვილების ხელში გადადის (გვასალია 1983: 120).

ძამის ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

ძამის ციხე (ორთუბნის ციხე) მდებარეობს სოფ. ორთუბნის სამხრეთით 2 კმ-ის დაშორებით, მაღალ მთაზე, მდ. ძამის ხეობაში. ციხე შედგება შიდა ციხისა და გალავნისაგან. ნაგებია ფლეთილი ქვით. გალავანი გეგმით მართკუთხაა (22X18 მ). ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში ჩართულია ოთხკუთხა კოშკი, რომლის კედლები გამაგრებულია ნახევარწრიული ბურჯებით. შემორჩენილია 3 სართული. შიდა ციხის ჩრდილოეთ კედელში ჩართულია მრგვალი და ოთხკუთხა კოშკები. სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში დგას ნაგებობა, რომლის ქვედა სართულზე 2 დარბაზული ეკლესიაა. ზედა სართულზე სხვადასხვა დანიშნულების სათავსოებია. ეზოში დგას რამდენიმე საცხოვრებელი ნაგებობა. ციხე თარიღდება შუა საუკუნებით. ციხეზე გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა (სძა 1990: 383).

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი, 1986: 32; გვასალია 1983: 120, 152-154; მაკალათია 1962: 32, 41; სძა 1990: 383; ქართ. სამართ. ძეგ. 1977: 622; ქც 1: 271,1,3; ქც 2: 317,12; ქც 4: 136,19,21,სქ.1; 344,22,25.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9