ძა ძე ძუ
ძალ ძამ ძაღ

ძალისი

(ქც 4: 394,5). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 394,5), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტები (ქც 2: 351,10; 489,14,18), „ცხოვრება საქართველოისა“ (ცხოვრება ... 1980: 56), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 34), XV-XVII სს-ის ქართული ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 332; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 255; მცირე ქრონიკები 1968: 39; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 544; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 340; ქართ. ისტ. საბ. კორ. 1984: 111), კლავდიოს პტოლემაიოსის „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“ (პტოლემაიოსი 1955: 46).

მდებარეობს მცხეთის მუნიც-ში, მუხრანის ვაკეზე, მდ. ნარეკვავის ორივე ნაპირზე, ახლანდელი სოფ. ძალისას ტერიტორიაზე.

1513 წ. კახეთის მეფე ავგიორგი (1511-1513) და ბაგრატ მუხრანბატონი ძალისაში შეიბნენ. ავგიორგი შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს (ქც 2: 351,10, 489,14,18; ქც 4: 394,5). 1582 წ. მუხრანის ველზე, ძალისასთან დაბანაკებულ ოსმალთა 20-ათასიან ლაშქარს თავს დაესხა სვიმონ მეფე (1556-1569, 1578-1600) და სასტიკად დაამარცხა (ცხოვრება ... 1980: 56). გვიან შუა საუკუნეებში სოფ. ძალისა შედიოდა სამუხრანბატონოში (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 544). თბილისიდან დუშეთში მიმავალი გზა მუხრანიდან მდ. ნარეკვავის გასწვრივ ძალისა – მჭადიჯვარ – ბაზალეთზე გადიოდა (ბერძენიშვილი 1966: 60). ვახუშტი ბაგრატიონის თხზულებაში მოხსენიებულია „ძალისი“, სხვა წყაროებში იხსენიება „ძალისა“-ს ფორმით (ქც 2: 351,10, 489,14,18).

ძალისასა და მის მიდამოებში 1971-1975 წწ. არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებდა ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ა.ბოხოჩაძე). 1975-1985 წწ. ამ მიდამოებში გათხრებს აგრძელებდა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ნასტაკისის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. ა.ბოხოჩაძე).

1971-1976 წწ. ახლანდელი ძალისას მიდამოებში გამოვლინდა ანტიკური ხანის ნაქალაქარი (1 კვ კმ). აღმოჩნდა სასახლისა და ტაძრის ნაშთები, მოზაიკიანი იატაკის მქონე აბანო, ტაძარ-სასახლის კომპლექსი, საცხოვრებელ ნაგებობათა ნაშთები, კოლექტორები, ტყვიის მილებით შედგენილი წყალსადენის ქსელი, აგურით მოკირწყლული ქუჩებისა და მოედნების ნაწილი, მოზაიკური იატაკები, შემკული მცენარეული და გეომეტრიული ორნამენტებითა და წარწერებით, არქიტექტურული დეტალები, თიხისა და მინის ჭურჭელი და სხვ. ნაქალაქარის ტერიტორიაზე სამშენებლო მასალად გამოყენებულია ალიზი აგური, რიყის ქვა, ტუფისა და ქვიშაქვის ქვათლილები, აგური, კერამიკული ფილები, ბრტყელი და ღარიანი კრამიტები. ნაგებობათა ერთი ნაწილის ინტერიერი შელესილია გაჯით ან კირხსნარით, კედლები მოხატულია.

ძალისის ტაძარ-სასახლე რთული კომპლექსია. ტაძარი გეგმით სწორკუთხაა. შედგება მოზაიკურიატაკიანი დარბაზისა და რამდენიმე სენაკისაგან. ტაძარს შესასვლელი აქვს სამხრეთიდან. ზღურბლის წინ ტუფისა და ქვიშაქვის თლილი ქვებით მოგებული მოედანია (4,9X2,75 მ). დარბაზის (48 კვმ) იატაკის მოზაიკა 12 ფერის ქვის კენჭებითაა შედგენილი. კედლების გასწვრივ, შედარებით მსხვილი კენჭებით გაკეთებული არშიის შიგნით, ცენტრალურ ნაწილში, კომპოზიციაა: ხეივნის ქვეშ მსხდომი მევენახეობისა და მეღვინეობის მფარველი ღვთაება დიონისე და არიადნა თავიანთი ატრიბუტებით (პანი, ღვინის ჭურჭლები, კილიკები, ოინოხოია და სხვ.). დიონისესა და არიადნას თავზე ჯვრისმაგვარი ფიგურაა, რომლის მარცხენა კუთხეში ფრთოსანი ჭაბუკისა და ქალის გამოსახულებაა. მოზაიკის ნაწილი შევსებულია გეომეტრიული და მცენარეული ორნამენტით. მოზაიკაზე წარმოდგენილია ბერძნული წარწერები: „არიადნე“, „დიონისე“, „აგლაია ქარიტი“ (დიონისეს მხლებელი). ბერძნული წარწერაა საკრავიან ქალთა გამოსახულებებს შორის: „მოხსენებული იქნას პრისკოსი ამის გამკეთებელი“ (ყაუხჩიშვილი 2000: 215). მოზაიკის ფართობი 90 კვმ-ია. ნაგებობა, რომელიც თარიღდება ახ. წ. II ს-ით, მიჩნეულია დიონისეს სახლად-ტაძრად. ტაძარში კიდევ ოთხი დიდი დარბაზია, რომელთა კედლები გაჯით შელესილი და მოხატულია. ყველა დარბაზს ჰქონდა სამსხვერპლო-საკურთხეველი. ტაძარ-სასახლის კომპლექსში შემავალი სასახლიდან შემორჩენილია ფასადის კოლონები და ბაზალტის ქვის ბაზისები.

ტაძარ-სასახლის კომპლექსში შემავალი აბანო რომაული აბანოს ტიპისაა. გეგმით ოვალურია. შედგება 3 განყოფილებისაგან, რომლებიც ერთმანეთს კარით უკავშირდება. აბანოს ცხელი და თბილი განყოფილების იატაკი კალორიფელზეა გამართული, სადაც სიგრძეზე 9, ხოლო სიგანეზე 5 კალორიფელის სვეტი დგას. თითო სვეტი შედგება კირხსნარით შეკავშირებული 19-21 მრგვალი ან ბრტყელი, ერთმანეთზე დადებული აგურისაგან. კალორიფელის სვეტის თავზე კერამიკული ფილებია (0,58X0,05 მ), რომლებზეც 0,12-0,15 სმ სისქის ჰიდრავლიკური ხსნარია დასხმული და ფერადი მოზაიკით შემკული იატაკია გამართული. იატაკზე ორსტრიქონიანი ბერძნული წარწერის („ლაიდას“ და „პრისკოსი“) ნაშთებია შემორჩენილი (ყაუხჩიშვილი 2000: 215). ცივ განყოფილებაში (16 კვმ) მოთავსებულია აბაზანა. იატაკი აქაც მოზაიკურია, რომელზე გამოსახულია მცენარეული მოტივები და ზღვის ფაუნა (დელფინის თავი, ზღვის ნიჟარა, თევზები, ბადე). ცივი აბანო კარით უკავშირდება დერეფანს (22,7 კვმ), საიდანაც შეიძლება მოხვედრა გასახდელში, რომლის იატაკიც მოზაიკურია, შემკული რომბებით, ვარდულებით, წრეხაზებით და ა. შ. გასახდელი კარით უკავშირდება ტაძრის დარბაზს.

აბანოს კომპლექსში შემავალი ატრიუმი (ღია ეზო) გეგმით ოთხკუთხაა (7,75X6,95 მ). იატაკი მოფენილია ტუფისა და ქვიშაქვის თლილი ქვებით. ატრიუმის ცენტრში 51-52 სმ სიგანის ბორდიურით შემოვლებული შადრევნის აუზია (2X1,8 მ, სიღრმე 17 სმ), რომლის კუთხეებში აღმართული ყოფილა ოთხკუთხა კოლონები. ატრიუმს დასავლეთით მიშენებული აქვს გეგმაში სწორკუთხა მოყვანილობის საკურთხევლიანი სატაძრო განყოფილება (9,95X2,6 მ), რომელიც 15 სმ-ით მაღლაა ატრიუმის იატაკზე და რომლის ჩრდილო ნაწილში მდგარ კვარცხლბეკზე კოლონებით დამშვენებული რომელიღაც ღვთაება ყოფილა აღმართული. ატრიუმის აღმოსავლეთით აბანოს გასახდელია მიშენებული. თვით აბანო რომაული ტიპისაა და შედგება 3 (ცივი, თბილი, ცხელი) განყოფილებისაგან. სამივე განყოფილება ერთმანეთს კარით უკავშირდება. სამხრეთით სამივე განყოფილებას აქვს ნახევარწრიული აფსიდა. აბანოს გასათბობი სისტემა-ჰიპოკაუსტი ამოყვანილია რიყის ქვით დუღაბზე. ცივი აბანოს (6,3X3,65 მ) ნახევარი აფსიდის მხარეს მდებარე აბაზანას (სიგრძე 2,75 მ) უჭირავს. იატაკში თიხის მილია დატანილი. თბილი (6,5X3,95 მ) და ცხელი (6,4X3,8 მ) აბანოს იატაკი გამართულია კალორიფელზე, რომელიც კირხსნარით შეკავშირებულ სხვადასხვა ზომის ოთხკუთხა და მრგვალი აგურით ნაგები სვეტების (სიგრძეზე 11, სიგანეზე 7) რიგს წარმოადგენს. სვეტების თავზე ეწყო კერამიკული ფილები, რომელზეც გადასხმული იყო 0,12-0,15 სმ სისქის ჰიდრავლიკური ხსნარის ფენა. აბანოს კედლებში ვერტიკალურად ჩადუღაბებულია თიხის მილები (დმ 0,15 მ), რომლებითაც ჰიპოკაუსტიდან მოედინებოდა ცხელი ჰაერი და მთელ აბანოს ათბობდა. აბანოს ცხელ განყოფილებას ჩრდილოეთით მიშენებული აქვს რიყის ქვით დუღაბზე ნაგები ცეცხლფარეშის სენაკი (4X2,8 მ). სენაკს გარედან მიშენებული აქვს საკვამლე მილი (დმ 2,7 მ), რომლის ჩრდილოეთით სწორკუთხა აუზია (4,4X3,3 მ). აუზს ჩრდილოეთიდან უერთდება რიყის ქვით, ტუფითა და დუღაბით ნაგები ორმაგი წყალსადენი. აბანოს თბილ და ცივ განყოფილებებს ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს გაურკვეველი დანიშნულების ორი სენაკი. აბანოს გასახდელი გეგმაში ოთხკუთხაა (8,1X7,7 მ). გასახდელის ჰიპოკაუსტის კედლები ამოყვანილია რიყის ქვით დუღაბზე. იატაკი გამართულია კალორიფელზე. გასახდელს აკრავს ცეცხლფარეშის (2,8X1,9 მ), მოსაცდელი (6,5X5,2 მ) და სხვ. დანიშნულების სენაკები. აბანოს კომპლექსში შემავალი ატრიუმი და სატაძრო განყოფილება თარიღდება ახ. წ. I-II სს-ით. აბანოს კომპლექსი მიეკუთვნება ახ. წ. II-IV სს-ს. აბანო ქალაქთან ერთად ნადგურდება IV ს-ში (ბოხოჩაძე 1977: 17-24; 1981: 36-85).

ტაძარ-სასახლისა და აბანოს კომპლექსის ქვეშ გამოვლინდა ძვ. წ. I ს-ის დასახლების ნაშთები, სადაც დადასტურდა წითელპრიალა და შავპრიალა პირმოყრილი ჯამის ნატეხები; სამი სახის აგურები; ბრტყელი და ღარისებური კრამიტები. ღარისებური კრამიტები ქიმებიანია და ყველა წითლადაა შეღებილი. კრამიტებზე გვხვდება სხვადასხვა სახის ნიშნები. ნაქალაქარზე გამოვლენილია კიდევ ერთი სასახლე, აფსიდიანი ნაგებობა და საცურაო აუზი.

სასახლე შედგება 30-მდე სხვადასხვა სიდიდის, ფორმისა და დანიშნულების ოთახისაგან. სასახლის ცენტრში მოთავსებულია გეგმაში ოთხკუთხა მოყვანილობის ატრიუმი (8,35X8,35 მ), რომელიც ქვიშაქვისა და ტუფის ქვათლილებითაა ნაგები. ატრიუმს ჩრდილოეთით შემორჩენილი აქვს კარის ორი ზღურბლი. ცენტრში მოთავსებულია ბორდიურებით შემოვლებული შადრევნის ოთხკუთხა აუზი (28,5 კვმ). აუზის ცენტრში ოთხკუთხა კვარცხლბეგიდან გადმოდიოდა წყალი. აუზის იატაკის ქვეშ გამოყვანილი ყოფილა თიხის მილები (გამოვლინდა 45 მ სიგრძეზე), რომლებიც დასავლეთით მდებარე წყალგამყოფი ჭიდან მოედინებოდა. ატრიუმის დასავლეთით ქვათლილებით ნაგები სატაძრო განყოფილებაა (196 კვმ), რომლის ჩრდილო ნაწილში მრგვალ კვარცხლბეგზე აღმართული ყოფილა რომელიღაც ღვთაება.

სასახლის ატრიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეობს სასახლის ცენტრალური გათბობა-ჰიპოკაუსტი, რომელიც გეგმაში კვადრატს (11,8X11,8 მ) წარმოადგენს. ჰიპოკაუსტში სიგრძეზე კალორიფერების 13 ძირითადი რიგია, რომლებისთვისაც გამოუყენებიათ სპეციალურად დამზადებული თიხის მილები (დმ 16-30 სმ). ჰიპოკაუსტის კედლები ამოყვანილია ოთხკუთხა აგურით, რომლის 18 რიგი ერთმანეთზე კირხსნარით არის შედუღაბებული. კედლები დამრეცია და ბოლოვდება 25 სმ დაშორებული კბილანებით. კბილანებს შორის ჩადუღაბებული ყოფილა თიხის მილები, საიდანაც ჰიპოკაუსტიდან ფილებსა და კედლებს შორის დარჩენილ სივრცეში მოედინებოდა ცხელი ჰაერი. კალორიფელებს თავზე დახურული ჰქონდა კერამიკული ფილები (60X60X5 სმ), რომლებზეც ზემოდან დასხმული იყო 10-15 სმ სისქის ჰიდრავლიკური ხსნარი და იატაკი იყო გამართული. საცეცხლე არხი ჰიპოკაუსტს ჰქონია ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში.

სასახლის კომპლექსში შედიოდა საძინებელი ოთახები, სათათბირო დარბაზი, სხვადასხვა ზომისა და ფორმის ოთახები, ორგანყოფილებიანი საპირფარეშო კანალიზაციითა და წყალსადენით.

აფსიდიანი ნაგებობა (703,7 კვმ) მიშენებულია საცურაო აუზის აფსიდაზე. აფსიდიანი ნაგებობა დაუზიანებია სასახლის ატრიუმში მიმავალ წყალსადენს. ამდენად, ნაგებობა აუზთან და სასახლესთან შედარებით მოგვიანო ხანისაა და V ს-ით უნდა დათარიღდეს. აფსიდიან ნაგებობაში ყოფილა 7 დარბაზი. ნაგებობების კედლები სხვადასხვა სისქისაა (1,2-1,7 სმ). ჩრდილოეთის კედელში დატანილია გამჭოლი თაღები.

საცურაო აუზი გეგმაში წესიერი სწორკუთხედია (ფართობი 395,6 კვმ). დამხრობილია აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე. ოთხივე მხარეს შუა ნაწილში აქვს აფსიდები. აუზის კედლები ამოშენებულია რიყის ქვით კირხსნარზე. კედლები მოპირკეთებულია თლილი, ერთმანეთზე მიჯრით მიწყობილი ქვიშაქვის ფილებით. ჩრდილოეთ მხარეს აფსიდაში, რომლითაც ის აბანოს კომპლექსს უკავშირდება, 9 საფეხურიანი კიბეა გამართული. კუთხეებში მოწყობილია დასასვენებელი მერხები. ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში, იატაკის დონეზე ტრაპია (დმ 0,2 მ). ჰიდრავლიკური ხსნარით გაკეთებული იატაკი დამრეცია. აუზი წყლით ივსებოდა აბანოს კომპლექსში დასავლეთის მხარეს შემოყვანილი ორი ორმაგი წყალსადენის საშუალებით. სასახლის აფსიდიანი ნაგებობისა და საცურაო აუზის კომპლექსი თარიღდება ახ. წ. I-III სს (ბოხოჩაძე 1987: 25-30).

ქალაქმა იარსება ძვ. წ. II ს-დან ახ. წ. VIII ს-ის 30-იან წლებამდე. განვითარების უმაღლეს წერტილს მიაღწია ახ. წ. I-III სს-ში. IV ს-ში აქ ცხოვრება დროებით შეფერხდა. VI-VII სს-ში ძალისა კვლავ გამოცოცხლდა. VIII ს-ის 30-იან წლებში ქალაქი საბოლოოდ განადგურდა მურვან-ყრუს შემოსევის შედეგად.

ძალისას მიდამოებში გამოვლენილია 3 სამაროვანი. ერთი მდებარეობს მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირზე. დაზვერვების შედეგად გაირკვა, რომ სამაროვანზე ძირითადად გვხვდება ორმოსამარხები. იქ გამოვლენილია ხის სარკოფაგები და კრამიტსამარხები. ინვენტარის მიხედვით სამაროვანი უნდა ეკუთვნოდეს არისტოკრატულ ფენას.

სოფ. ძალისას გორაზე, რომელიც ძალისას შიდაციხეს წარმოადგენდა, გამოვლინდა ალიზით ნაგები გალავანი, აგრეთვე ალიზით ნაგები და წითლად შეღებილი კრამიტით გადახურული სხვადასხვა შენობის ნაშთები. გორის სამხრეთ ნაწილში აღმოჩნდა ქვათლილებით ნაშენი თაღოვანი აკლდამა (4X4,7X4 მ), რომელიც აღმოსავლეთ-დასავლეთ ხაზზე იყო დამხრობილი. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. დრომოსის კედლები ნაგებია ქვათლილებით. იატაკი მოგებულია თლილი ქვით. აკლდამაში გამართულია მიცვალებულთა დასაკრძალავი 2 ტახტი-სარეცელი, თუმცა დაკრძალული აღმოჩნდა 3 მიცვალებული. აკლდამაში აღმოჩნდა ბრინჯაოს 3 საკინძი. ოქროს ცილინდრული ჩარჩო, თიხის ჭრაქი. მასალა თარიღდება ახ. წ. II-IV სს-ით. თვით აკლდამა IV-V სს-ით (ბოხოჩაძე 1990: 1-4). ძალისას ნაქალაქარის არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი და ოთ.ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიის ცენტრის ნასტაკისის ბაზა).

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1941: 194; ბაგრატიონი 1986: 34; ბერძენიშვილი 1966: 60; ბოხოჩაძე 1977: 17-25; 1977ა: 93-102; 1978: 41-54; 1979: 3-24; 1981; 1981ა: 23-24; 1983: 67-76; 1987: 25-30; ბოხოჩაძე ... 1973: 75-77; ბოხოჩაძე ... 1982: 93-106; ბოხოჩაძე, მირიანაშვილი 1989: 22-24; 1990; გვასალია 1983: 17, 56, 97-99, 107; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 255; მცირე ქრონიკები 1968: 39; ოდიშელი 1995: 11-26; პტოლემაიოსი 1955: 46; საქ. ისტ. ქრონიკები ... 1980: 340; ქრონიკები 1897: 332; ქც 2: 351,10; 489,14,18; ქართ. ისტ. საბ. კორ. 1984: 111; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 544; ქც 4: 394,6; ძერბინი, გამყრელიძე, თოდუა 2012: 118; ყაუხჩიშვილი 2000: 215; ცხოვრება ... 1980: 56.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9