![]() |
![]() | |
იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 341,16; 421,21; 422,10; 441,9,25), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 385,27; 386,7,10,11; 422,19), XI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 97; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 83; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 253; ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 10, 21, 135; 1972: 40, 41; 1985: 217, 831; ქართული ისტ. საბუთ. კორ. 1984: 47, 49, 68, 70), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 31).
ვახუშტი ბაგრატიონი ცხირეთის შესახებ გადმოგვცემს: ერთაწმინდის ეკლესიის „აღმოსავლით არს ციხე ცხირეთისა, ნასასახლევი მეფეთა“ (ქც 4: 341,15,16).
მდებარეობს კასპის მუნიც-ში, თანამედროვე სოფ. ერთაწმინდიდან სამხრეთ-დასავლეთით 3 კმ-ის დაშორებით.
XI-XII სს-ში ცხირეთი ეკუთვნოდა შიომღვიმის მონასტერს (გვასალია 1983: 103; ლომინაძე 1953: 36). XV-XVI სს-ში ცხირეთი ჯავახიშვილების კუთვნილებაა (ქართ. სამართ. ძეგ. 1966: 135; 1972: 40, 41; 1985: 831). 1608 წ. ქართლის მეფე ლუარსაბ II-მ (1606-1615) ცხირეთი უბოძა გიორგი სააკაძეს (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 253). 1609 წ. ოსმალთა ლაშქარი შიდა ქართლში შემოიჭრა და ცხირეთში მეფე ლუარსაბ II-ზე თავდასხმა სცადა. კველთელმა მღვდელმა თევდორემ მტერი სხვა გზით წაიყვანა და ცხირეთის ციხეს დააშორა. მღვდელი ოსმალებმა სიკვდილით დასაჯეს. 1652 წ. ქართლის მეფე როსტომმა გიორგი სააკაძის მემკვიდრეებს დაუბრუნა ცხირეთი (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 253).
1974-1975 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კასპის რაიონის ექსპედიციამ (ხელმძღ. გ.ცქიტიშვილი) ცხირეთის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაატარა არქეოლოგიური დაზვერვები. ციხის ჩრდილო-აღმოსავლეთით 1,5 კმ-ის დაშორებით ადგილ „ურბუხანზე“ აღმოჩნდა პალეოლითის ხანის სადგომი. იქ აიკრიფა კაჟის იარაღები და წარმოების ნაშთები. ცხირეთის ციხის მახლობლად, ხევის პირას აღმოჩნდა გორანამოსახლარი, სადაც დადასტურდა გვიანი ბრინჯაოსა და ადრე რკინის ხანის ფენები. ცხირეთის ციხის ძირას მდებარეობს განვითარებული შუა საუკუნეების ნასოფლარი.
ცხირეთის ციხე დგას ცხირეთის გორაზე. გალავანი გეგმით ოვალურია (54X26 მ) და გამაგრებულია კონტრფორსებით. ნაგებია რიყის ქვით. ციხის ტერიტორიაზე შემორჩენილია ნაგებობათა ნაშთები (სძა 1990: 210, 211).
![]() | Top 10 • Feedback • Login | ![]() |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |