ბა ბე ბი ბო ბრ
ბაგ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბარ ბახ

ბაზალეთი

სოფელი (ქც 4: 354,6; 435,26).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 354,6; 435,26), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 412,2), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 57), პაპუნა ორბელიანის „ამბავნი ქართლისანი“ (ორბელიანი 1981: 57), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქრონიკები 1897: 6, 47; 1967: 219, 220, 635; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 131; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 555), ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ (მუნში 1969: 22, 66, 161; 1981: 66, 70), ქათიბ ჩელების ცნობები საქართვლოს შესახებ (ჩელები 1978: 9, 161), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 273).

მდებარეობს დუშეთის მუნიც-ში, დღევანდელი სოფ. ბაზალეთის ტერიტორიაზე.

ბაზალეთთან შეებრძოლნენ ერთმანეთს 1626 წ. მეფე თეიმურაზ I (1634-1648) და დიდი მოურავ გიორგი სააკაძე (ქც 2: 412,2; ქც 4:435,27-29). XVIII ს-ში ბაზალეთი მეფე ერეკლე II-ის (1744-1798) ძის, ვახტანგის (ალმასხანის) საგამგებლო იყო (ბაგრატიონი 1986: 34). XVIII ს-ის აღწერით ბაზალეთში ცხოვრობდა 19 კომლი (საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 131). ბაზალეთი წილკნის საეპისკოპოსოში შედიოდა (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 555). იოჰან გიულდენშტედტი არაგვის საერისთავოს აღწერისას ბაზალეთს განადგურებულ სოფლად მოიხსენიებდა (გიულდენშტედტი 1962: 273).

დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცულია სოფ. ბაზალეთში შემთხვევით მოპოვებული ნივთები: ბრინჯაოს რგოლი (1960 წ); კაჟის ფუძეამოღარული ისრისწვერი; ბრინჯაოს შედგენილტარიანი სატევარი; მრგვალღეროიანი სამაჯური; კილიტები (14 ც); ჭურჭლის ფრაგმენტები (1963 წ); ე. წ. აღმოსავლურ-ქართული ტიპის ცული (1974 წ); სამაჯური გველის თავების გამოსახულებით; ბოლოგახსნილი სამაჯური (1975 წ). ბრინჯაოს მასრაგახსნილი შუბისპირი, ფოთლისებური პირით; ბრინჯაოს ნამგლის პირი; ბოლოგახსნილი სამაჯური; სატევარი (1976 წ).

სოფ. ბაზალეთის ტერიტორიაზე გაითხარა ორი სამაროვანი. 1975-1977 წწ. სოფლის განაპირას, ხევის ფერდზე დაზიანდა გვიანი ბრინჯაოს ხანის გვიანდელი ეტაპის ორმოსამარხები. ძეგლი შეისწავლა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ნარეკვავის ექსპედიციამ (ხელმძღ. ლ. წითლანაძე). ორმო-სამარხებში გამოვლინდა შავად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები (წითლანაძე ... 1980: 59, 60).

მეორე სამაროვანი მდებარეობს სოფლის სამხრეთ-დასავლეთით, ადგილ „მზვარეში“. ძეგლი შეისწავლა 1988-1989 წწ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის აღმ. საქართველოს მთიანეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ. რამიშვილი). სამაროვანი ორიარუსიანია. ზედა დაზიანებულია მშენებლებისაგან. სამაროვანზე შესწავლილია 102 ორმოსამარხი. ორში დადასტურდა მიცვალებულის ქრისტიანული წესით დაკრძალვა. დანარჩენ სამარხებში დაკრძალულნი არიან თავით დასავლეთით ან აღმოსავლეთით, ქვის სასთუმალზე, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე ხელფეხმოხრილნი. სამ შემთხვევაში დამხრობა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენაა, თავით სამხრეთით. სამარხთა უმეტესობა ინვენტარიანია. მათში გამოვლენილია შავად, წითლად და წაბლისფრად გამომწვარი კერამიკა: პირმოყრილი, პირგადაშლილი და ტუჩსადინარიანი ჯამები, სასმისები, ხელადები; ერთეულია დერგები, ორყურა ქილები, ქოთნები და საწყაო ჭურჭელი. თიხის მასალაში გამოირჩევა ორყურა წითელკეციანი ჭურჭელი მოხატული წითელი საღებავით. ძირზე აქვს ორი გამჭოლი ხვრელი (დანიშნულება უცნობია). მამაკაცთა სამარხებში გამოვლენილია რკინის საბრძოლო იარაღი: სხვადასხვა ზომის შუბისპირები (უმეტესად მოხრილი), სატევრები, საბრძოლო ცულები, დანები, ბრინჯაოსა და ძვლის ისრისპირები; სამეურნეო იარღიდან გვხვდება რკინის დანები. სამკაულიდან აღსანიშნავია ბრინჯაოს სხვადასხვა ფორმის საკინძები, კილიტები, სარტყელი, ბრინჯაოს მასიური სამაჯურები ზოომორფული თავებით; რკინის ბურთულაღეროიანი სამაჯურები; ცოტაა ბეჭდები, მათ შორის ორი ფარაკიანია; გვხვდება ბრინჯაოს ცხვრისთავის გამოსახულებიანი ილარები, სარდიონისა და ლურჯი მინის მძივები, ვერცხლის საყურეები და სასაფეთქლე რგოლები, დაფანჯრული და გვერდშეჭრილი ზარაკები. ქვედა იარუსის სამარხები თარიღდება ძვ. წ. VII-VI, ზედა კი ძვ. წ. IV-III სს-ით (რამიშვილი ... 1997: 97, 98). ბაზალეთის სამაროვნების მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის დუშეთის ბაზაზე.

ბაზალეთის სახელით ცნობილი სოფელი მდებარეობს ხარაგაულის მუნიც-შიც, რომელიც არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1941: 199, 200; ბაგრატიონი 1986: 34; ბერძენიშვილი 1966: 60; გიულდენშტედტი 1962: 273; მუნში 1969: 22, 66, 161; 1981: 66, 70; ორბელიანი 1981: 57; რამიშვილი ... 1997: 97, 98; საქ. ეკ. ისტ. ძეგ. 1967: 131; ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 555; ქც 2: 412,2; ქც 4:354,6, 435,26; ქრონიკები 1897: 6, 47; 1967: 219, 220, 635; ჩელები 1978: 9, 161; წითლანაძე ... 1980: 55-60.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9