ცა ცი ცუ ცხ
ცურ ცუქ ცუც

ცუცხვათი

ციხე (ქც 4: 753,4; 755,1; 881,15).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 753,4; 755,1; 881,15), 1737 წ. ლიხთ-იმერეთის რუკა (ბურჯანაძე 1959: 183, 188, 197), დავით ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი დავით 1941: 11), ბაგრატ ბაგრატიონის „ახალი მოთხრობა“ (ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 54), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 149, 174, 178, 179), თეიმურაზ ბაგრატიონის „ახალი ისტორია“ (ბაგრატიონი 1983: 54), XVII-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 252, 253; სიგელები ... 1891: 47, 48, 71, 72; მცირე ქრონიკები 1988: 54-60), დე გრაი დე ფუას „ცნობები საქართველოს შესახებ“ (დე გრაი დე ფუა 1985: 86, 96).

ვახუშტი ბაგრატიონი ცუცხვათის შესახებ გადმოგვცემს: ცუცხვათის „ხევზედ გოდოგანს ზეით არს ცუცხვათის ციხე, რომელი შეთხრით აღიღეს ოსმალთა“ (ქც 4: 753,4-6).

მდებარეობს ტყიბულის მუნიც-ში, სოფ. ცუცხვათისა და ოხომირის ახლოს.

1721 წ. ციხე აიღეს ოსმალებმა (ქც 4: 753,4-6). მათ ციხე ეპყრათ 1770 წლამდე, სანამ იმერეთის მეფე სოლომონ I-მა (1752-1784) არ გაათავისუფლა ის ოსმალთაგან (სიგელები ... 1891: 47, 48; ბაგრატიონი 1983: 54). ციხე თავად აგიაშვილების ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ცენტრი იყო (სოსელია 1966: 196). 1810 წ. რუსეთის იმპერიის მიერ იმერეთის სამეფოს დაპყრობის შემდეგ ციხის მნიშვნელობა დაეცა და ის დაანგრიეს. ცუცხვათის ციხე თავის დროზე კონტროლს უწევდა ქუთაისიდან აღმოსავლეთისკენ და ოკრიბას გავლით რაჭისკენ მიმავალ გზებს. ქუთაის-მოხირისიდან გზა ნააგარევ-ნაბოსლევზე (გოდოგანზე) გადმოდიოდა და ცუცხვათის გავლით ახალსოფელ-საწირეთით ჩადიოდა ტყიბულში, საიდანაც გზა რაჭაში გადადიოდა (ბერძენიშვილი 1990: 519, 521).

ციხე არქეოლოგიურად შეუსწავლელია.

სოფ. ცუცხვათის მიდამოებში ცნობილია პალეოლითური ხანის მრავალფენიანი მღვიმური კომპლექსი, რომელიც მდებარეობს შაბათა ღელის ორივე ნაპირზე, ოკრიბა-არგვეთის სერზე. კომპლექსი 1974-1978 წწ. შეისწავლა ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. დ. თუშაბრამიშვილი). მაღრანის კომპლექსი შედგება რამდენიმე მღვიმისაგან: ბიზონის, ბრინჯაოს, ღამურების, მოაჯირებიანი, ზედა მღვიმისა და ორმაგი ეხისგან. ფენები შეიცავენ მუსტიეს, ენეოლით-ადრებრინჯაოსა და შუა საუკუნეების მასალებს. ბრინჯაოს მღვიმეში (სიგრძე 100 მ) გაითხარა 12 მ სიმძლავრის 24 ფენა. მათგან 5 მუსტიეს ხანისაა. მოპოვებულია 10000 ერთეული ქვის ნივთი დამზადებული ქვის გაპობის ტექნიკით. მესამე ფენაში აღმოჩნდა ნეანდერტალელის საძირე კბილი. ბრინჯაოს მღვიმე ბიზონის მღვიმეს უკავშირდება ხვრელით. ამ უკანასკნელში ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის 2 მ სიმძლავრის ფენაა, სადაც აღმოჩნდა დასავლეთ საქართველოს მღვიმური ნაბინავრებისათვის დამახასიათებელი კერამიკა; გახეხილ-გაპრიალებული ქვის ცულები; სახეხები; ქვის სამაჯურები; ხელსაფქვავის ქვები; კაჟის ისრისწვერები; რქის თოხისნაირი იარაღი. მასალა თარიღდება ძვ. წ. IV-III ათასწლეულით.

„ზედა მღვიმეები“ მდებარეობენ შაბათა ღელის მარჯვენა ნაპირზე, სიგრძით ისინი 3,2 მ-ია. იქ გაითხარა 2 მ სიმძლავრის 8 ფენა, სადაც აღმოჩნდა გვიანდელი მუსტიეს ხანის კაჟის იარაღები და ცხოველების ძვლები. მღვიმის ორივე კედლის გასწვრივ დალაგებული იყო ცხოველების თავის ქალები ქვედა ყბის გარეშე. სავარაუდოა, რომ პირველყოფილი ადამიანები ამ მღვიმეში ატარებდნენ ნადირობასთან დაკავშირებულ რიტუალს. კაჟის იარაღებიდან მოპოვებულია: ნუკლეუსები, ანატკეც-ანამტვრევები, ლამელები, წვეტანები. იარაღის 90% დამუშავებულია დაკბილული რეტუშით. არის ორმხრივ დამუშავებული იარაღები, მინიატურული საჩეხი იარაღი და სხვ. მღვიმეთა კომპლექსში მოპოვებული ფაუნისტური მასალა წარმოდგენილია შემდეგი ცხოველებით: თრია, ზაზუნა, მგელი, ტურა, მღვიმის დათვი, მღვიმის ლომი, გიგანტური ირემი, კეთილშობილი ირემი, დასავლურ-კავკასური ჯიხვი, ბიზონი. ცუცხვათის მღვიმეების არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი და ოთ.ლორთქიფანიძის სახ. არქეოლოგიური ცენტრი) (თუშაბრამიშვილი, ნებიერიძე 1974: 5-13; თუშაბრამიშვილი 1975: 5-17; 1978: 5-18).

ცუცხვათის უნაგრეთის მთაზე დარბაზული ეკლესიის ნანგრევებია შემორჩენილი. ხალხური გადმოცემით, ეკლესია აუგია დავით აღმაშენებელს (ბოჭორიძე 1996: 81).

ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია (13,8X6,4 მ) დგას სოფ. ცუცხვათისა და ჭალისთავის საზღვარზე, მაღაროს ხევის მარჯვენა ნაპირის ბორცვზე. ეკლესიას ჩრდილოეთით და დასავლეთით აქვს გალერეები. ჩრდილოეთის გალერეა მცირე ეკლესიაა, კარებთან ჩუქურთმიანი ქვებით. ეკლესია ნაგებია თლილი ქვით კირხსნარზე. შესასვლელი სამი მხრიდანაა. სარკმლები აღმოსავლეთით 1, სამხრეთით 2, დასავლეთით 1 და ჩრდილოეთით 2 აქვს. დასავლეთის კარის თავზე ქვაზე ამოკვეთილ მხედრულ წარწერაში მოხსენიებულია სოლომონ მეფის ქეშიკთუხუცესი ციხის თავი ქაიხოსრო, რომელმაც ეს ეკლესია ააშენა (ბოჭორიძე 1996: 77-79).

 
ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1983: 54; ბაგრატიონი დავით 1941: 11; ბაგრატიონი ბაგრატ 1941: 54; ბერძენიშვილი 1990: 453-455, 488, 513, 519, 521-524; ბოჭორიძე 1996: 77, 79, 81, 246, 254, 281; ბურჯანაძე 1959: 177-198; დადიანი 1962: 174, 178, 179; დე გრაი დე ფუა 1985: 86, 96; თუშაბრამიშვილი, ნებიერიძე 1974: 5-13; თუშაბრამიშვილი 1977: 5-17; 1978: 5-18; მასალები საქ. ისტ. გეოგ. 1964: 252, 253; მცირე ქრონიკები 1968: 59, 60; საქ. არქ. 1991: 95-98; საქ. ისტ. რუკა 1923; სიგელები ... 1891: 71, 72; სოსელია 1966: 183-196; ქც 4: 753,4; 755,1; 881,15.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9