ბა ბე ბი ბო ბრ
ბაგ ბაზ ბათ ბაი ბაკ ბალ ბამ ბან ბარ ბახ

ბათუმი 

მცირე ქალაქი, ციხე (ქც 4: 792,13).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 676,2,7,8; 792,13; 793,4; 814,1), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრება“ (ქც 2: 360,27), ვანის „ჟამ-გულანი“ (ბაქრაძე 1987: 176), არისტოტელეს „მეტროლოგია“ (არისტოტელე 1987: 110; ყაუხჩიშვილი 1969: 36); პლინიუსის „ბუნების ისტორია“ (ლატიშევი 1904: 278), მიქელ პანარეტოსის „ტრაპიზონის ქრონიკა“ (პანარეტოსი 1960: 40; ყაუხჩიშვილი 1950-1951: 21), ჯოსაფატ ბარბაროს „მოგზაურობა ტანაში და სპარსეთში“ (ბარბარო 1981: 55), ამბროზიო კონტარინის „მოგზაურობა“ (კონტარინი 1894: 49), ვენეციის არქივის საბუთები (თამარაშვილი 1902: 776), პიეტრო ვესკონტეს (1318 წ.), ფრანჩესკო პიციგანის (1367 წ.), გრაციოზო ბეკაზას (1480 წ.), ფრედუჩე ანკონელის (1497 წ.) რუკები (ბარბარო 1981: 64), იოჰან შილტბერგერის „მოგზაურობა საქართველოში“ (შილტბერგერი 1978: 164-168), ევლია ჩელების „მოგზაურობის წიგნი“ (ჩელები 1971: 71, 81, 82, 94), მუსტაფა ნიამას „ცნობები საქართველოს შესახებ“ (ნიამა 1960: 259), მურად IV-ის ფირმანი (ჯიქია 1942: 237-239), ბათუმის 1610-1611 წწ. აღწერის დავთარი (შენგელია 1974: 174), აინი ალის რიხალე (აინი ალი 1971: 226), სპენსერის „მოგზაურობა ჩერქეზეთის, აფხაზეთისა და სამეგრელოს სანაპიროების გასწვრივ“ (სპენსერი 1981: 138), კოხის „მოგზაურობა რედუტკალედან ტრაპეზუნტამდე“ (კოხი 1981: 184, 187), ფრანსუა გამბას „მოგზაურობა ამიერკავკასიაში“ (გამბა 1987: 64, 81, 105, 108, 111, 204, 257).

ვახუშტი ბაგრატიონი ბათუმის შესახებ გადმოგვცემს: „ამის ზეით არს ამ წყალზე ჩაქვი. და ამ ჩაქვის სამხრით დის ჭოროხის მდინარე. ზღვის შესართავზედ და ჭოროხის ჩდილოთ კიდურზე არს ბათომი, მცირე ქალაქი და ციხე კარგი“ (ქც 4: 792,9-14).

წყაროებში მოხსენიებული ბათუმის ლოკალიზების შესახებ განსხვავებული მოსაზრებებია: I მდებარეობს მდ. ყოროლისწყლის ზღვასთან შესართავის ადგილზე (ბაქრაძე 1878: 24; კალფოღლუ 1905: 41; ფრენკელი 1879: 58; უსპენსკი 1917: 107; ელინიცკი 1938: 311); II – მდ. ჩაქვისწყალზე (კაკაბაძე 1928გ: 28); III – ბათუმის ყურის რეგიონში (ჩხეიძე 1959: 9); IV – მდ. ბათისის შესართავთან (ინაიშვილი 1976: 86); V – თანამედროვე ბათუმის ადგილზე (ყაუხჩიშვილი 1987: 114).

ქალაქის დაარსების პერიოდის შესახებაც განსხვავებული მოსაზრებებია: I – XI სს (იოსელიანი 1850: 31, 32; ახვლედიანი 1944: 165); II – ძვ. წ. IV ს. (ხიცუნოვი 1847: 848; მურიე 1962: 18; დაკიშევიჩი 1890: 25); III – II ს-ის მეორე ნახევარი (სიხარულიძე 1959: 79; ჩხეიძე 1959: 14; ინაიშვილი 1966: 73); IV – II-VI სს (სურგულაძე 1965: 42).

წყაროებში ბათუმი სხვადასხვაგვარად იხსენიება: ბათომი (ქც 4: 792,9), ბათეა (არისტოტელე 1987: 109-117), პორტუს ალტუს „ტაბულა პევტინგერიანაზე“ (ლომოური 1958: 105), ვატი (ბარბარო 1981: 55), ვარტი, ლიატი, ლოვატი (მამისთვალიშვილი 1981ა: 64).

ბათუმში უძველესი დასახლება მდ. ყოროლისწყლის მარცხენა ნაპირზე მდებარე ბათუმის ციხის („თამარის ციხის“) ქვედა ფენებში დასტურდება, რომლებიც, ძვ. წ. VIII-VII სს-ით თარიღდება. ამ დროისათვის სამოსახლოები ჩანს აგრეთვე „ბათუმის ციხის“ მიმდებარე ტერიტორიაზეც – განთიადი (ყარა-დერეში), ურეხი, მახვილაური და სხვ. „ბათუმის ციხის“ სამოსახლო ძვ. წ. VI ს-ში სავაჭრო ცენტრად და ურბანიზებულ ტერიტორიად იქცა (კახიძე, ხახუტაიშვილი 1989: 92). II ს-ში, შესაძლოა, რომის იმპერატორის ადრიანეს დროს, აქ რომაელების გარკვეული სამხედრო ძალა იდგა. ბათუმის ციხის ტერიტორიაზე ცხოვრება ძვ. წ. VIII ს-დან XIX ს-მდე, გარკვეული წყვეტილებით მიმდინარეობდა. XIV ს-ის დასაწყისში ბათუმი ოდიშის მთავრებს ეკუთვნოდათ, ხოლო შემდეგ გურიელების მთავრების ხელში გადავიდა. 1547 წ. ბათუმი ოსამალებმა დაიპყრეს. 1564 წ. როსტომ გურიელმა ქალაქი გაათავისუფლა. მალე ბათუმი ისევ ოსმალებმა იგდეს ხელში. 1609 წ. მამია გურიელმა ისევ გამოიხსნა. შემდეგ ოსმალებმა ისევ დაიპყრეს. 1878 წ. ბათუმის ნავსადგური რუსებმა დაიკავეს და პორტო-ფრანკოდ (უბაჟო პორტად) გამოაცხადეს. თავისუფალმა ვაჭრობამ ხელი შეუწყო ნავსადგურისა და ქალაქის ზრდას. 1883 წ. დასრულდა ბაქო-ბათუმის რკინიგზის ხაზის გაყვანა. 1897 წ. დაიწყეს ბაქო-ბათუმის ნავთსადენი მილის მშენებლობა. ამის შემდეგ ბათუმი შავი ზღვის მნიშვნელოვან ნავსადგურად და სამრეწველო-სავაჭრო ცენტრად იქცა. 1918 წ. აპრილში ქალაქი ოსმალებმა დაიპყრეს. ამავე წელს ისინი გავიდნენ ბათუმიდან და მათი ადგილი დაიკავეს ინგლისელებმა, რომლებმაც 1920 წ. ბათუმი დაუბრუნეს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას. 1921 წ. ოსამლებმა კიდევ ერთხელ დაიპყრეს ბათუმი. 1921 წ. 18 მარტს ქართველებმა ისევ დაიბრუნეს ქალაქი და მიმდებარე რეგიონი. დღეს ბათუმი საქართველოს საზღვაო ჭიშკარი და უმნიშვნელოვანესი ეკონომიკურ-კულტურული ცენტრია.

ბათუმის ციხეზე და მის მიდამოებში 1962-1963 წწ. არქეოლოგიური კვლევა-ძიება ჩაატარა ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისა და ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის გაერთიანებულმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ. ბერძენიშვილი, 1968 წლიდან ა. ინაიშვილი). 1959 წ. ბათუმის მიდამოებში არქეოლოგიური დაზვერვები ჩაატარა ისტორიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ო. ლორთქიფანიძე) (ლორთქიფანიძე, მიქელაძე 1960: 761-768).

ბათუმთან სოფ. მახვილაურში გაითხარა სამოსახლო ბორცვი, რომელშიც აღმოჩნდა ნეოლითური, ბრინჯაოსა და ანტიკური ხანის არქეოლოგიური მასალა. ნეოლითური მასალა კაჟის, ობსიდიანისა და ბაზალტის იარაღებითაა წარმოდგენილი – საფხეკები, საჭრისები, დანები, ხელცულები, სატეხები, შურდულის ქვები და სხვ. აქ აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანის ქვაყრილიანი სამარხების ნაშთები (დერგების, ქოთნების, ჯამებისა და სხვ. ფრაგმენტები). აქვე დადასტურდა ანტიკური ხანის ნამოსახლარის ნაშთები – ბათქაშების, ქვევრების, ქოთნების, ჯამების ნატეხები (გოგიტიძე 1982: 19-39; კახიძე, ხახუტაიშვილი 1989: 44).

დღევანდელი ბათუმის ტერიტორიაზე, ადგილ „ჭაობთან“ აღმოჩნდა ჰერაკლეას ამფორის ნატეხები (ლორფქიფანიძე, მიქელაძე 1960: 762). აქვე დადასტურდა IV-VI სს-ის წელშეზნექილი ამფორა (კახიძე, ხახუტაიშვილი 1989: 45).

ბათუმში მდ. ყოროლისწყლის მარცხენა ნაპირზე, ზღვისკენ, მრავალფენიანი ძეგლი – ბათუმის ციხეა („თამარის ციხე“). მისი ქვედა ფენა, რომელიც ძირითადად ფერდობებზე დადასტურდა, თარიღდება ძვ. წ. VIII-VII სს-ით. აქ ცხოვრება ძვ. წ. VIII ს-იდან XIX ს-მდე გარკვეული წყვეტილებით მიმდინარეობდა. ძვ. წ. VII ს-ში სამოსახლო ბორცვს გარს შემოუყვებოდა თხრილი და ხის მესერი. ამ ფენაში აღმოჩნდა ქოთნების, ჯამების, სასმისების, ყურმილიანი დოქების, ხელსაფქვავების, საწაფების, კვირისტავების, ხარის ფიგურების ფრაგმენტები. ძვ. წ. VI ს-ის არქეოლოგიური მასალა წარმოდგენილია კოლხური ქვევრების, ქოთნების, ჯამების, სასმისების ნატეხებით. აქვე აღმოჩნდა ქიოსის, სამოსის, ლესბოსის, თაზოსის ამფორებიც. არის შავლაკიანი ჭურჭლის ფრაგმენტებიც (კახიძე, ხახუტაიშვილი 1989: 59, 75-88). ძვ. წ. IV-II სს-ის ფენას მიეკუთვნება ადგილობრივი ამფორები, ქვევრები, პირამიდული საწაფები, დოქები, ჯამები, ლანგრები, კრამიტები. აქვე აღმოჩნდა სოლოხა I -ის ტიპის ამფორები, მენდეს ამფორა, სინოპეს ამფორისა და ლუთერიის ნატეხები; კოსის ამფორის ნატეხები. ადრეული შუა საუკუნეების ფენას განეკუთვნება ნაგებობის კედლის ნაშთი, რომელიც აშენებულია ფლეთილი ქვისა და ქვათლილისაგან. აქ აღმოჩნდა: აგურის, კრამიტის, ქვევრების, ამფორების ნატეხები. ნაციხარზე დადასტურდა და გაითხარა შუა საუკუნეების მარნის ნაშთები, რომელიც ნაგებია ქვებითა და დუღაბით. აქ დადასტურდა ქვევრების, მოჭიქული ჯამების ნატეხები. გაითხარა გვიანი შუა საუკუნეების სამოსახლოს ნაშთები, რომელიც ნაგებია ქვის კვადრებით კირხსნარზე. აქ ნაპოვნია მოჭიქული ჭურჭლის ფრაგმენტები, თიხის ჩიბუხები, ჯამები, 1785 წლის ოსმალური მონეტები (კახიძე, ხახუტაიშვილი 1989: 52, 90).

ბათუმის ციხეზე ორი სამშენებლო პერიოდი გამოიყოფა: პირველი – „შიდაციხე“ II, რომლის ნანგრევებიღაა შემორჩენილი და რომელსაც VI-VII სს-ით ათარიღებენ (სიხარულიძე 1962: 25-27); „შიდაციხე“ I უკეთ არის შემორჩენილი. იგი სწორკუთხა მოყვანილობისაა და ნაგებია ქვის კვადრებით დუღაბზე. კედლებში ზოგან გამოყენებულია კონტრფორსები. სამხრეთის კედელს აქვს გარემინაშენები. გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, კუთხეში სწორკუთხა ფორმის კოშკია. ეს სამშენებლო პერიოდი XVII-XVIII სს-ით თარიღდება (კახიძე, ხახუტაიშვილი 1989: 46, 47). ბათუმის ციხის განათხარი მასალა ინახება ხ. ახვლედიანის სახ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმში.

1890 წ. სოფ. განთიადში, მდ. ყოროლისწყლის ხეობაში აღმოჩნდა ე. წ. „განთიადის განძი“. ბრინჯაოს ორი წალდი, სეგმენტისებური იარაღი, თოხი და ცული თარიღდება ძვ. წ. XIII-XII სს-ით (რამიშვილი 1974: 99). ინახება ხ. ახვლედიანის სახ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმში. 1914 წ. აღმოჩნდა „ბათუმის განძის“ სახელით ცნობილი ნივთები: ძვ. წ. XIII ს-ის ბრინჯაოს თოხები (6 ც) (ქორიძე 1965: 82; რამიშვილი 1974: 12). ინახება აზერბაიჯანის სახელმწიფო მუზეუმში.

ბათუმის მიდამოებში მდებარეობს საძირკვლამდე დანგრეული, ბარცხანას შუა საუკუნეების ციხე და კვესელეულის ეკლესია (ბარნაველი 1959: 141).
 
ბიბლიოგრაფია: აინი ალი 1971: 226; არისტოტელე 1987: 110; ახვლედიანი 1944: 165; ბარნაველი 1959: 141; ბარბარო 1981: 55; ბაქრაძე 1987: 176; გამბა 1987: 64, 81, 105, 108, 111, 204, 257; გოგიტიძე 1982: 19-43; დაკიშევიჩი 1890; ელინიცკი 1938: 311; თამარაშვილი 1902: 776; ინაიშვილი 1966: 69-75; 1973: 3-37; 1976: 73; იოსელიანი 1850: 31, 32; კაკაბაძე 1928გ: 28; კალფოღლუ 1906: 40-46; კახიძე, ხახუტაიშვილი 1989; კომახიძე 1963; კონტარინი 1894: 49; კოხი 1981: 184, 187; ლატიშევი 1904: 278; ლექვინაძე 1967ა: 505-510; 1973ა: 171-175; ლომოური 1948: 32-36; ლორთქიფანიძე, მიქელაძე 1960: 762-767; მამისთვალიშვილი 1981ა: 64; მურიე 1962; ნაიმა 1960: 258-260; პანარეტოსი 1960: 40; რამიშვილი 1962: 137-140; 1974; სიჭინავა 1958; სიხარულიძე 1956: 83-92; 1959: 79-91; 1962; სურგულაძე 1965: 79-86; 1983: 78-80; სპენსერი 1981: 138; უსპენსკი 1917: 107; ფრენკელი 1879; ქც 2: 360,27; ქც 4:676,2,7,8; 792,13; 793,4; 814,1; ქორიძე 1965: 82; ღვინიანიძე 1964: 109-114; ყაუხჩიშვილი 1950-1951: 17-23; ყაუხჩიშვილი 1969: 36; შენგელია 1974: 174; შილტბერგერი 1978; ჩელები 1971: 71, 81, 82, 94; ჩხეიძე 1959; ხიცუნოვი 1847; ჯიქია 1942: 236-239.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9