ცა ცი ცუ ცხ
ცურ ცუქ ცუც

ცურტავი 

ცორტავი (ქც 4: 118,12; 120, სქ. 2; 310, სქ.1).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 118,12; 120,სქ.2; 310,სქ.1), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 216,17), ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ (დადიანი 1962: 83), იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება“ (იაკობ ცურტაველი 1960: 14), უხტანესის „ისტორია გამოყოფისა ქართველთა სომეხთაგან“ (უხტანესი 1975: 43, 47, 49, 54, 53, 57, 63, 67, 69, 73, 89, 103, 115, 117, 119, 123-127, 133-135, 141, 149-153, 157, 161, 169, 173, 183, 199, 203, 211), არსენ საფარელის „განყოფისათვის ქართველთა და სომეხთა“ (არსენ საფარელი 1980: 32-35, 49, 73, 74, 82, 132).

ვახუშტი ბაგრატიონის მიხედვით, ბაკურ მეფის მიერ ვარსქენ პიტიახშის დასჯის შემდეგ მეფემ „გუამი შუშანიკისა წარმოიღო და დადვა ცორტავს“ (ქც 4: 118,11,12). მას მოიხსენიებდა აგრეთვე ქართველთა და სომეხთა სარწმუნოებრივი განხეთქილების გადმოცემისას: „კვირიონ ანუ სვიმეონ კათოლიკოსმან ქართლისამან განდევნა ცორტავის ეპისკოპოსი შუშანიკის საფლავისაგან“ (ქც 4: 120,სქ.2).

იაკობ ცურტაველის მიხედვით, ცურტავი იყო ქართლის პიტიახშის რეზიდენცია ჰერეთის საზღვართან. სპარსეთიდან მომავალმა ვარსქენ პიტიახშმა „ვითარცა მოიწია საზღვართა ქართლისათა, ქვეყანასა მას ჰერეთისასა ... წარმოჰმართა სადიასპანოითა ცხენითა მონაი თვისი, ვითარმცა მოვიდა დაბასა, რომელსა სახელი ჰრქვიან ცურტავ“ (იაკობ ცურტაველი 1960: 14). X ს-ის სომეხი ისტორიკოსი უხტანესი ცურტავს მოიხსენიებდა, როგორც ყოფილ დიდ და სახელოვან დედაქალაქს. „ცურტავს ეს სახელი, რომელსაც ისტორიაში მუდამ და ყოველთვის ვახსენებდით და მოვიხსენიებთ, მაშინ ერქვა, ხოლო ეხლა ეწოდება გაჩიანი. მაშინ სავსე და ვრცელი, დიდი და სახელოვანი დედაქალაქი იყო, ხოლო ახლა შემცირებული და ზომიერი დაბა-ქალაქია მდინარის პირზე, რომელსაც ეწოდება გაჩენაგეტ, მხარეში, რომელსაც „ვრაც დაშტი“ (ქართველთა ველი) ჰქვია, რომელიც შუა საზღვარია სომეხთა და ქართველთა ქვეყნებს შორის ... ცურტავი სამკვიდრებელი იყო გუგარქთა დიდი პიტიახშისა“ (უხტანესი 1975: 67).

ლ. მელიქსეთ-ბეგის ვარაუდით, ცურტავი (იგივე გაჩიანი), უნდა ყოფილიყო ახლანდელ არუხლოსთან, ძველ ნახიდურთან (მელიქსეთ-ბეგი 1934: 41-43). მდ. დებედას ქვემო დინებაზე, სოფ. ქაჩაგანში მდინარის მარჯვენა მხარეს შემთხვევით აღმოჩნდა ქვაჯვარი ჯვრის ამაღლების გამოსახულებით, რომელსაც ათარიღებენ VIII ს-ით (ჩუბინიშვილი 1963: 3). აღნიშნული სოფელი მდებარეობს ქვემო ქართლში, ისტორიულ ქართველთა ველზე. ნ.ბერძენიშვილის ვარაუდით, ეს ადგილი „ცურტავია, ესაა გაჩიანი, ესაა სანადირო ქალაქი, ესაა საზამთრო ადგილი, ესაა ჰერეთის გვერდში ... ესაა ზაფხულის გაუსაძლისი, აქაა ცენტრალური მნიშვნელობის ციხე – პიტიახშების ციხე“ (ბერძენიშვილი 1979: 29). ს. კაკაბაძის ვარაუდით, ცურტავი იგივე გაჩიანია ... სომხურად ცურტავი ცივს ნიშნავს. ეს ადგილი ცივია (კაკაბაძე 1924: 1-120).

წყაროებში ცურტავი იხსენიება V ს-დან. ის იყო ქართლის პიტიახშის რეზიდენცია (იაკობ ცურტაველი 1960: 14; უხტანესი 1975: 67). ცურტავში დაკრძალეს წმინდა შუშანიკი. ცურტავში საეპისკოპოსო იყო. აქ იყო როგორც ქართული, ასევე სომხური ეკლესიები და ლოცვა ორივე ენაზე მიმდინარეობდა (უხატანესი 1975: 69).

ცურტავის ზუსტი მდებარეობა დღემდე დაუდგენელია.

 
ბიბლიოგრაფია: არსენ საფარელი 1980: 32-35, 49, 73, 74, 82, 132; ბერძენიშვილი 1979: 29; დადიანი 1962: 198; იაკობ ცურტაველი 1960: 13-27; კაკაბაძე 1924: 1-120; მელიქსეთ-ბეგი 1934: 38-43; უხტანესი 1975: 43, 47, 49, 54, 53, 57, 63, 67, 69, 73, 89, 103, 115, 117, 119, 123-127, 133-135, 141, 149-153, 157, 161, 169, 173, 183, 199, 203, 211 ქც 1: 216,17; ქც 4: 118,11; 120,სქ.2; 310,სქ.1; ჩუბინიშვილი 1963: 9.
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9