ვარაუდობენ, რომ ციხისძირი ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“-ში იხსენიება როგორც „ციხე ქაჯეთისა“ (ქც 4: 792,8; ჯანაშია 1949: 39). ციხისძირს იხსენიებს კარლ კოხი თავის „მოგზაურობაში“ (კოხი, სპენსერი 1981: 176, 184).
ვახუშტი ბაგრატიონი ციხისძირ – ციხე ქაჯეთისას მდებარეობის შესახებ გადმოგვცემს: „ზღვის პირს ამ წყალზედ არს ქობულეთი, მცირე ქალაქსავით და ნავსადგური ფრიად კეთილი. ამის სამხრით დის ჩაქვის-წყალი. გამოსდის აჭარის მთას, მოდის დასავლით, ერთვის ზღუას სხუებრთაებრ. ამ წყალზე, ზღვის კიდეს, არს ციხე ქაჯეთისა, მაგარი, მაღალსა კლდესა ზედა შენი. აქუს გვირაბი-კლდე, გამოკუეთილი გზად“ (ქც 4: 792,4-9).
ციხისძირის ნაციხარი ლოკალიზდება ქ. ქობულეთთან. მდებარეობს ქობულეთიდან სამხრეთით, 8 კმ-ის დაშორებით, შავი ზღვის კლდოვან ნაპირზე, დღევანდელ სოფ. ციხისძირში.
არსებობს მოსაზრება, რომ დღევანდელი ციხისძირის ტერიტორიაზე ბიზანტიურ წერილობით წყაროებში მოხსენიებული ციხე-ქალაქი პეტრა მდებარეობდა. პირველი, ვინც ციხისძირი პეტრასთან გააიგივა, იყო იერუსალიმის პატრიარქი დოსითეოსი, რომელმაც 1670-1677 წწ. კავკასიაში და კერძოდ, საქართველოს ზღვისპირეთში იმოგზაურა (სელეზნიევი 1847: 36, 37). ციხისძირს პეტრასთან აიგივებდნენ: კ. კოხი, მ. ბროსე, დ. ბაქრაძე, ი. კალფოღლი, ე.ვეიდენბაუმი, ფ. ბრუნი და სხვა მოგზაურ-მკვლევრები (იხ. გრიგოლია 1989: 37-81; ინაიშვილი 1993: 3-5). პეტრას ციხისძირში ლოკალიზების პირველი მეცნიერული დასაბუთება მოგვცა ს. ჯანაშიამ (ჯანაშია 1949: 30-33). ეს მოსაზრება მაშინ გაიზიარეს ნ. ბერძენიშვილმა, პ. ინგოროყვამ, ნ. ხოშტარიამ, ნ. ლომოურმა, ა. ინაიშვილმა, ვ. სიჭინავამ, მ. სულეიმანოვმა, კ. მელითაურმა, ი. სიხარულიძემ, ვ. ლექვინაძემ (გრიგოლია 1989: 37-81). მოსაზრება ციხისძირისა და პეტრას იგივეობის შესახებ არ გაიზიარეს ს. ყაუხჩიშვილმა და გ.გრიგოლიამ (ყაუხჩიშვილი 1965: 34, 35; გრიგოლია 1989: 37-81). სადღეისოდ ციხისძირის ციხე-ქალაქ პეტრასთან გაიგივების საკითხი ისევ გადაუწყვეტი რჩება (ინაიშვილი 1993: 5). ბოლო ხანებში გამოითქვა მოსაზრება, რომ ციხისძირი შესაძლოა იყოს II ს-ის გეოგრაფის კლავდიოს პტოლემაიოსის მიერ მოხსენიებული სებასტოპოლისი (გრიგოლია 1994: 78-144). გამოთქმულია აგრეთვე მოსაზრება, რომ ციხისძირი „Notitia dignitatum“-ში (V ს) მოხსენიებული მოხორას ციხეა (ინაიშვილი 1993 :115).
ქ. პეტრა პირველად მოხსენიებულია იუსტინიანე კეისრის თხზულებაში 535 წ. (იუსტინიანე 1965: 32-36). ციხე-ქალაქ პეტრას შესახებ წერილობითი ცნობები შემონახულია VI ს-ის ბიზანტიელი ავტორის პროკოფი კესარიელის თხზულებაში „ომი სპარსელებთან.“ „პეტრა ზღვისპირა ქალაქია კოლხეთში ... ხოლო იუსტინიანე მეფემ გარეზღუდისა და სხვა მინაშენების საშუალებით გაამაგრა და ყოველმხრივ გაამშვენიერა კიდეც“ (პროკოპი კესარიელი 1965: 83). „ქალაქი პეტრა მიუვალია ზღვის მხრივ, ციცაბო კლდეები იქ ყოველმხრივ არის აღმართული ... მხოლოდ ერთი შესავალი აქვს მას დაბლობში“ (პროკოპი კესარიელი 1965: 85).
ციხისძირის იდენტიფიცირებისას, სავარაუდოდ, გასათვალისწინებელია აგრეთვე ვახუშტი ბაგრატიონის მიერ ციხისძირ – ციხე ქაჯეთისას მდებარეობის გადმოცემა (ქც 4: 792,4-10), სადაც „ციხე ქაჯეთისა“ თითქოს „მცირე ქალაქ“ ქობულეთის ნაწილად აღიქმება. მით უმეტეს, რომ დღევანდელი ქობულეთის ახლომახლო შუა საუკუნეების სხვა არანაირი ციხის ნაშთები ჯერჯერობით არქეოლოგიურად არ დასტურდება. მიუხედავად იმისა, რომ ციხისძირი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არქეოლოგიური ძეგლია, სადაც აღმოჩენილია მასალა გვიანბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული შუა საუკუნეების ჩათვლით, დღეისათვის მეცნიერების წინაშე ისევ დგას მისი იდენტიფიცირების საკითხი (პეტრაა, მოხორაა, სებასტოპოლისია თუ ქობულეთის ციხე).
XIX ს-ის 70-იან წწ. ჯარისკაცების მიერ ციხისძირში სანგრების თხრის დროს სხვადასხვა ნივთის შემცველი ძველი სამარხები აღმოჩენილა. მათ შესახებ ცნობები დაცულია გ.წერეთელთან, არქეოლოგიის V ყრილობის (1881 წ.) მოსამზადებელი კომიტეტის გამოქვეყნებულ მასალებში (არქ. ყრილობის ... 1882: 37-51). XIX ს-ის დასაწყისში ციხისძირში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არა ერთი და ორი არქეოლოგიური ნივთი და მრავალი მონეტა აღმოჩნდა, რომლებიც ინახება: ხ.ახვლედიანის სახ. აჭარის სახელმწიფო მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმსა (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) და ერმიტაჟში (ინაიშვილი 1993: 5-14). 1934 წ. ს.ჯანაშიამ მცირე არქეოლოგიური დაზვერვები ჩაატარა ციხისძირში (ინაიშვილი 1974: 115). 1953 წ. ნ. ხოშტარიას ხელმძღვანელობით ციხისძირში კვლავ ჩატარდა არქეოლოგიური დაზვერვები (ინაიშვილი 1974: 117). ციხისძირში 1962-1966 წწ. ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტისა და ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გაერთიანებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ აწარმოა ფართო არქეოლოგიური კვლევა-ძიება (ხელმძღ. ა. ინაიშვილი). 1983-1987 წწ. ციხისძირში კვლევა-ძიებას აწარმოებდა ბათუმის ნ.ბერძენიშვილის სახ. სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღ. დ.ხახუტაიშვილი, ნ. ინაიშვილი). 1988 წ. ციხისძირთან, ზღვაში, მცირე წყალქვეშა არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის შავიზღვისპირეთის ჰიდროარქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. გ. გამყრელიძე) (გამყრელიძე 1997: 79-82).
დღევანდელი სოფ. ციხისძირის ტერიტორიაზე და მის მიდამოებში ყველაზე ძველი არქეოლოგიური მონაცემები განეკუთვნება გვიანდელ ბრინჯაოსა და ადრეული რკინის ხანას. ციხისძირში სამების ფერდობზე და პომორონცევის ნაკვეთზე აღმოჩნდა ბრინჯაოს ნივთები: სეგმენტური იარაღები, თოხები, რგოლების ნატეხები, ლომის თავის გამოსახულება, სპილენძის ზოდები და სხვ. სულ 96 ერთეული. ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).
ციხისძირის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს (ზუსტი აღმოჩენის ადგილი უცნობია) აღმოჩნდა ბრინჯაოს ცულები, შუბისპირი, საკინძი, სპილენძის ზოდები და სხვ. (რამიშვილი 1974: 14-17). ე. წ. დიუნური სადგომის ნაშთები აღმოჩნდა ციხისძირის ჩრდილოეთით ბობოყვათში, ზღვის ნაპირიდან 200-ოდე მ-ის დაშორებით. სადგომი ძვ. წ. VIII ს-ის ბოლოთი თარიღდება. მოცემულ ქვიშაზვინულზე (დიუნებზე) ნაგებობათა ნაშთები არ არის გამოვლენილი. იქ აღმოჩნდა მოტკეპნილი მოედნები; ბაზალტის ქვისაგან ნაგები წყობის ნაშთები; მოედნებზე შეიმჩნევა ხის ძელების ჩასამაგრებელი ბუდეები; დადასტურდა სამსხვერპლოები, რომელთა მოსაწყობად რქისებურშვერილიანი სადგარებია გამოყენებული. გამოიყოფა სადგართა 3 ტიპი. იქვე აღმოჩნდა მოწითალო-მოყავისფროდ გამომწვარი თიხის, კუთხეებმომრგვალებული ფილები (28X15X2 სმ); ნამოსახლარზე გამოვლინდა ე. წ. აბაზანისებური ჭურჭლის ნატეხები; ქვევრების ნატეხები ფართო კანელურებით; ყავისფრად გამომწვარი ქოთნები, რომლებსაც ტანზე მკრთალი ვერტიკალური ზოლები დაუყვებათ; დოქის რამდენიმე ფრაგმენტი; ნაპოვნია სადა და ე. წ. ზოომორფული ყურების ნატეხები; ბრტყელი ქვის ბადის საძირავები; რიყის ქვის ურო და სხვა (თავამაიშვილი 1987: 34-43).
ციხისძირიდან საყურადღებოა მდიდრული სამარხების ინვენტარი, რომელიც „ციხისძირის განძის“ სახელითაა ცნობილი. ნივთები შემთხვევითაა ნაპოვნი და ინახება სანკტ-პეტერბურგის ერმიტაჟის ანტიკურ და აღმოსავლეთის განყოფილებებში. „განძი“ II-III სს-ით თარიღდება. ნივთები: ოქროს საყურე გრანატის ქვით (დმ 5 მმ); ოქროს აგრაფი შემკული, მთის ბროლის ინტალიოთი, რომელზეც მამაკაცია გამოსახული (აგრაფი 70X58 მმ); ოქროს ყელსაბამი (170 მმ) ფოთლისებური საკიდებით (21 საკიდი); წრიული ოქროს ბალთა-მედალიონი; ოქროს ბალთა-მედალიონი მოწითალო-მოყავისფრო მინის თვლით შემკული; ოქროს ყელსაბამის შესაკრავი ცხოველის თავის გამოსახულებით; ოქროს თვალბუდე შემკული მინის თვლით; ოქროს ფირფიტა რელიეფურგამოსახულებიანი მამაკაცის ბიუსტით (ზომები 11X9 მმ); ოქროს ბეჭედი მამაკაცის პორტრეტით (ინტალიოს ზომები 18X14 მმ); ოქროს ბეჭედი ინტალიოთი (ზომები 9X6 მმ), რომელზეც გამოსახულია მამლები და თაგვი; თვლებით შემკული ოქროს ბუნიკი; რელიეფური ორნამენტით შემკული, ოთხკუთხა ოქროს ფირფიტა-გარსაკრავი; ფორტუნას გამოსახულებით შემკული ვერცხლის ლანგარი (დმ 28,5 სმ); ორნამენტირებული ვერცხლის ჭურჭლის ნატეხი; შუბიანი მამაკაცის გამოსახულებიანი ვერცხლის და ბრინჯაოს ჩამჩის ტარის ნატეხი; ბრინჯაოს დოქის ყურის ნატეხი; ბრინჯაოს პატერის ტარი ვერძის სკულპტურული თავით; ბრინჯაოს პატერის ტარი ცხოველის თავის სქემატური გამოსახულებით; ბრინჯაოს თეფშის რელიეფურხაზებიანი ფრაგმენტი (ძირის დმ 9,5 სმ); ბრინჯაოს კოვზის ფრაგმენტი; ბრინჯაოს 26 რგოლიანი ძეწკვი; ბრინჯაოს ფიბულის ნატეხი; მძივები; 35 ცალი ვერცხლისა და სპილენძის მონეტა (ფარმაკოვსკი 1910: 117, 118; ხოშტარია 1962: 2-28; ინაიშვილი 1993: 17-41).
ციხისძირის ნაციხარზე აღმოჩენილია ლათინურ წარწერიანი, დამღიანი ფილა, რომელიც ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (არქ. განყ. ინვ. №5-29:2). მის შესახებ გამოთქმულია სხვადასხვა მოსაზრება (ჯანაშია 1949: 43; ხოშტარია 1962: 80; ლექვინაძე 1967: 798-800). საყურადღებოა მოცემული დამღის ბოლოდროინდელი გაშიფრვა. კერძოდ – VEX[illatio]FA[siana], „ვექსილაციო ფასიანა“, რომელსაც ქ. ფასისში II ს-ში მდგარი სამხედრო ნაწილის სახელით დამზადებულ აგურად მიიჩნევენ (შპაიდელი 1985: 134-140).
ციხისძირის ციხესიმაგრე განლაგებული იყო ორ ბორცვზე. ჩრდილო-დასავლეთ ბორცვზე მდებარეობდა დედაციხე, რომლის ფართობიც იყო დაახლოებით 1,5 ჰა. სამხრეთ-დასავლეთ, შედარებით მომცრო ბორცვზე მდებაროებდა ბასტიონი. ჩრდილოეთი და სამხრეთი ბორცვების საფორტიფიკაციო ნაგებობები ორმაგი კედლებით იყო დაკავშირებული. ციხესიმაგრის მშენებლობაში ძირითადად ორი სამშენებლო პერიოდი გამოიყოფა – ადრეული და გვიანდელი შუა საუკუნეების. ციხისძირის თავდაცვითმა და საზოგადოებრივმა ნაგებობებმა მრავალჯერ განიცადეს მნიშვნელოვანი გადაკეთება. ციხესიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს კარიბჭე, რომლის სიგანეა 1,2 მ. კედლის სისქე აქ 1,3 მ. დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან კარიბჭეს დაუყვება კონტრფორსები. იქვე, კედელში აღმოჩნდა კრამიტებით გაკეთებული ბოლოებგაფართოებული ჯვრის გამოსახულება. სამხრეთ-დასავლეთ ბორცვზე არსებული კოშკი წრიული ფორმის უნდა ყოფილიყო. იქვე, კარიბჭესთან, აღმოჩნდა სწორკუთხა კოშკის ნაშთები. დედაციხის კედლები დაზიანებულია, შერჩენილია მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი კედლისა და კოშკების (სულ 4) ნაშთები.
დედაციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კედელთან, შიგნიდან აღმოჩნდა გაურკვეველი დანიშნულების ნაგებობის ნაშთები. სამხრეთ კედელთან აღმოჩნდა 25X5 მ ფართობის ნაგებობა; კედლის სისქე 1 მ. ნაგებობის შიდა ნაწილში შემორჩენილია კირხსნარის შელესილობის ფრაგმენტები. ციხესიმაგრის მშენებლობაში გამოყენებულია ბრტყელი აგური, ბრტყელი და ღარიანი კრამიტი, რიყისა და ფლეთილი ქვა, ხის ძელები და კირხსნარი.
დედაციხის ტერიტორიაზე გაითხარა: სამნავიანი ბაზილიკა, აბანო, ცისტერნა და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები. ყველაზე ძველი ფენა იქ VI ს-ს განეკუთვნება და შეიცავს: წელშეზნექილ და გოფრირებულ ამფორებს; წითელლაკიან თეფშებს; წითლად გაპრიალებულ დოქებს, ქოთნებს; ბრტყელ აგურს, კრამიტს; ქუსლიანი მინის სასმისებს და სხვ. მეორე ფენა შუა საუკუნეებისაა და შეიცავს: კირხსნარში ჩასმულ ქვევრებს; დერგებს; მოჭიქულ ჭურჭელს; სარკმლის მინას და სხვ. მესამე ფენა XVIII-XIX სს-ს განეკუთვნება და ძირითადად შეიცავს აგურისა და კრამიტის, ფაიფურისა და მოჭიქული კერამიკის ნაშთებს, თიხის ჩიბუხებს და სხვ. (მელითაური 1972: 16-19; ინაიშვილი 1974: 118-153; 1993: 8-14).
დედაციხის ცენტრში აღმოჩნდა VI ს-ის სამნავიანი ბაზილიკის ნაშთები. ბაზილიკას წაგრძელებული ფორმა და ნალისებური ხუთწახნაგა აფსიდა აქვს. მისი ზომები ექსტერიერში 33X17,80 მ-ია, კედლების სიგანე 1,1-1,2 მ-ია. ბაზილიკის შიდა ფართში თითო რიგში ხუთ-ხუთი ბოძი იყო განლაგებული. გადახურული უნდა ყოფილიყო ხის კოჭებითა და ნივნივებით. კედლები გაუთლელი ქვებითა და კირხსნარითაა ნაგები. აფსიდა გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით.
ბაზილიკის სამხრეთი ნავის ქვეშ აღმოჩნდა უფრო ძველი ეკლესიის კედლების ნაშთები. ბაზილიკის ადგილზე დადასტურდა მცირე ზომის ნახევარწრიულ აფსიდიანი დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. ნაგებობის ზომებია 9X9,75 მ. შემორჩენილია ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის 3 მ სიმაღლის მონაკვეთი. ჩრდილო და სამხრეთ კედლებთან შეიმჩნევა პილასტრები. ეკლესია აგებულია გაუთლელი ქვებით კირხსნარზე. დადასტურდა კედლის მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესია ზოგადად X-XIV სს-ით თარიღდება.
ციტადელში სამნავიანი ბაზილიკის სამხრეთ-დასავლეთით აღმოჩნდა VI ს-ის აბანო, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ არის მიმართული. აბანო (9,2X6,5 მ) შედგება ხუთი განყოფილებისაგან: გასახდელი, ცივი, თბილი, ცხელი და საქვაბე განყოფილებები (მელითაური 1972: 16-19; ინაიშვილი 1974: 118-153; ლექვინაძე 1973ა: 169-187; ინაიშვილი 1993: 10, 11;).
ციტადელის ჩრდილოეთით დაბლობში, ზღვასთან, ადგილ ბობოყვათში ნაწილობრივ გაითხარა VI ს-ის მეორე სამნავიანი ბაზილიკის ნაშთები. მისი შესწავლისას აღმოჩნდა: კაპიტელი, იატაკის მოზაიკის ფრაგმენტები, მარმარილოს არქიტექტურული დეტალები. არქეოლოგიური მასალიდან საყურადღებოა სასარკმლე მინის, მინის ქუსლიანი სასმისებისა და სანათების, ამფორების, წითელლაკიანი თეფშების, აგურების, კრამიტების ფრაგმენტები და სხვ. (ინაიშვილი 1974: 147, 148).
ციტადელის ჩრდილოეთითვე, დაახ. 500 მ-ის დაშორებით, ზღვის სანაპირო ზოლში, ბობოყვათში, ყოფილი სანერგე მეურნეობის ტერიტორიაზე (ფართობი დაახ. 700X300 მ), გათხრების შედეგად აღმოჩნდა წინარე ანტიკური ხანიდან ადრეული შუა საუკუნეების ჩათვლით (გარკვეული ტეხილებით) არქეოლოგიური ძეგლები. ეს ადგილი ითვლება ციხისძირის ნაქალაქარის ერთ-ერთ მთავარ საცხოვრებელ უბნად. მოცემული ტერიტორიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ზღვის ნაპირიდან 25 მ-ის დაშორებით, აღმოჩნდა აბანო, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთისკენაა დამხრობილი. აბანოს სიგრძეა 20 მ, უდიდესი სიგანე – 10 მ. ის შედგება 6 განყოფილებისაგან – აპოდიტერიუმი, ფრიგიდარიუმი, ტეპიდარიუმი, კალდარიუმი, პრეფუნიუმი და გაურკვეველი დანიშნულების სათავსი. აბანოს საძირკველი და კედლები აგებულია გაუთლელი ბაზალტის ქვით; შემაკავშირებლად გამოყენებულია კირხსნარი. კედლების შუა ნაწილი ამოვსებულია რიყის, ბაზალტის ქვისა და აგურების ნატეხებით. კედლის წყობაში დასტურდება აგურის ჰორიზონტალური რიგებიც, ე. წ. Opus mixtum. აბანოს საკვანძო, ძირითადი ადგილები აგურითაა შესრულებული. აპოდიტერიუმი სხვებთან შედარებით მოზრდილია (8,6X4,25 მ) და დასავლეთით აფსიდა აქვს. ფრიგიდარიუმის აუზის იატაკი ჰიდრავლიკური ხსნარით იყო მოლესილი; ზოგან აგურით მოგებული იატაკიც დასტურდება. აბანოს კედლები სხვადასხვა სიგანისაა 0,65-0,7, 0,75-0,8 მ. მისი გადახურვის კონსტრუქცია ძირითადად ხის კოჭებითა და ნივნივებით იყო შესრულებული. აბანოში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ბრტყელი გვერდებაკეცილი კრამიტის ნატეხები. ნაგებობაში აღმოჩნდა ლითონის 2 ქაფჩა.
მოცემული აბანოდან აღმოსავლეთით 70 მ-ის დაშორებით აღმოჩნდა მეორე აბანო. მისი სიგრძე 13 მ-ია, უდიდესი სიგანე – 8 მ. აბანო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთითაა მიმართული. შედგება ხუთი სათავსისაგან – აფსიდიანი ფრიგიდარიუმი (4,2X2,3 მ), სათავსი (2,9X1 მ), ტეპიდარიუმი (2,5X2 მ), ორაფსიდიანი კალდარიუმი (6,5X2 მ), საცეცხლე სათავსი. მეორე აბანო, პირველს ჰგავს თავისი სამშენებლო წყობით. ციხისძირის აბანოები გარკვეულ არქიტექტურულ მსგავსებას იჩენენ შუხუთის აბანოსთან და IV ს-ით თარიღდებიან (ინაიშვილი 1993: 44-51).
ნაქალაქარზე გათხრილი გვიანანტიკური-ადრეული შუა საუკუნეების არქეოლოგიური მასალის უმეტეს ნაწილს წარმოადგენს თიხის ჭურჭელი. სამეურნეო კერამიკის დიდ ჯგუფს შეადგენს ქვევრები, რომლებიც შემორჩენილია ფრაგმენტებით. მრავალრიცხოვანია ტარა, რომელიც ამფორებითაა წარმოდგენილი. აქ ძირითადად გვხვდება წელშეზნექილი კოლხური ამფორები. შედარებით მცირე რაოდენობითაა უცხოური წარმოების ამფორები. ნაქალაქარზე დადასტურებულია მოყავისფროდ გამომწვარი დოქების ფრაგმენტები. აღმოჩენილია აგრეთვე ლუთერიების ნატეხები. სამზარეულო კერამიკა წარმოდგენილია ჯამებით, ქოთნებით. სუფრის ჭურჭლიდან გვხვდება წითელწერნაქიანი ხელადები და ჯამები; წითელლაკიანი ჯამები და თეფშები. მინის ნაწარმიდან აღსანიშნავია: სარკმლის მინა; ფეხიანი სასმისების, ცილინდრული ჭრაქების, ნახევარსფერული ჯამების, ფიალების, სანელსაცხებლების, სანათებისა და ბოთლების ფრაგმენტები. ციხისძირის ამ ფენის ასაკი ზოგადად IV-VI სს-ით განისაზღვრება (ინაიშვილი 1993: 51-80). ნაქალაქარის ფენებში აღმოჩენილია პართული, რომაული და ბიზანტიური მონეტები (იაშვილი 1988: 72-75; ინაიშვილი 1993: 98-113).
ციხისძირის ბობოყვათის უბანზე აღმოჩენილია 300-მდე ადრეანტიკური და ელინისტური ხანის სამარხი (მასალები ჯერჯერობით გამოუქვეყნებელია). იქვე გაითხარა გვიანანტიკური და ადრე შუა საუკუნეების 14 ინჰუმაციური სამარხი. ისინი ორი ტიპისაა: ორმოსამარხები და ამფორასამარხები. ორმოსამარხები აღმოსავლეთიდან დასავლეთითაა მიმართული. ამფორასამარხების დამხრობაში რაიმე კანონზომიერება არ ჩანს. სამარხებში ძირითადად წარმოდგენილია თიხის ჯამები, ქოთნები, დოქები; მინის სანელსაცხებლეები, ფიალები; ბრინჯაოს ფიბულები, აბზინდები; რკინის სატევარი, დანები, ცული, შუბისპირი და სხვ. სამარხები III-VI სს-ს მიეკუთვნება (ინაიშვილი 1993: 81-98).
ციხისძირში III ს-ის ბოლოდან VI ს-ის დასასრულამდე არსებობდა სტრატეგიული პუნქტი, სადაც IV ს-ის მეორე ნახევარში ყალიბდება მნიშვნელოვანი ქალაქური ტიპის დასახლება, განვითარებული სახელოსნო წარმოებით. ქალაქი აღზევებულია IV-V სს-ში (ინაიშვილი 1993: 114). IV ს-ში იქ გავრცელებული ჩანს ქრისტიანული სარწმუნოება.
to main page | Top 10 • Feedback • Login | top of page |
© 2008 David A. Mchedlishvili | XHTML | CSS | Powered by Glossword 1.8.9 |