ცა ცი ცუ ცხ
ციხ

ციხედიდი 

მცხეთის უბანი (ქც 1: 17,21), დაბა (ქც 1: 117,2). „ციხედიდი სარკინისაი“ (მქ 1964: 81).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ლეონტი მროველის „ცხოვრება მეფეთა“ (ქც 1: 17,21), მისივე „ნინოს მიერ ქართლის მოქცევა“ (ქც 1: 117,2), მატიანე ქართლისა (ქც 1: 296,8), ბერი ეგნატაშვილის „ახალი ქართლის ცხოვრების“ პირველი და მესამე ტექსტები (ქც 2: 367,5,7; 510,28,29; 511,6), ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 407,4); „მოქცევაი ქართლისაი“ (მქ 1964: 81, 147), XI-XV სს-ის ისტორიული დოკუმენტები (ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 10, 21, 44; 1970: 23, 180, 191; ქრონიკები 1897: 34, 122, 195; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 27, 47, 68, 70, 130, 133; მასალები საქ. ისტ. გეოგრ. 1964: 251), XVI-XVIII სს-ის ისტორიული საბუთები (ქართ. სამართ. ძეგ. 1970ა: 264, 540, 570, 571, 588, 591, 600, 601, 622, 753, 785; 1972: 252-256, 304, 441, 442; 1977: 371; 1981: 34; ქრონიკები 1897: 320, 324, 401, 506; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 185; 1953: 14, 17) იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 30), იოჰან გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 55, 189).

ციხედიდის ლოკალიზაციის შესახებ რამდენიმე მოსაზრებაა. ერთი ვარაუდით, იგი მდებარეობდა ციხედიდისხევის შუაწელზე, მდინარის მარცხენა ნაპირას (გაგოშიძე 1979: 14, 22); მეორე მოსაზრებით კი ძეგვთანაა გაიგივებული (ჭილაშვილი 1968: 103-105; ბერძენიშვილი 1966: 116).

წყაროებში ციხედიდი პირველად იხსენიება ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობასთან დაკავშირებით: ციხედიდი ქალაქ სარკინეს ციხეა (მქ 1964: 81). ლეონტი მროველი ციხედიდს ქალაქ მცხეთის ერთ-ერთ უბნად მოიხსენიებდა (ქც 1: 17,21). IV ს-ის დასაწყისში მეფე მირიანმა გაქრისტიანებული ებრაელები დაბა ციხედიდში დაასახლა (მქ 1964: 147). XI-XV სს-ში ციხედიდი შიომღვიმის მონასტრისა და სვეტიცხოვლის მფლობელობაშია (ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 27, 47, 68, 70, 130, 133; ჭილაშვილი 1968: 87). 1561 წ. ციხედიდთან დადგა ქართლის მეფე სიმონ I-ისა (1556-1569; 1578-1600) და კახეთის მეფის ლევანის (1520-1574) შვილის გიორგის გაერთიანებული ჯარი, ისინი თბილისზე გასალაშქრებად ემზადებოდნენ. სპარსელთა მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ, ბრძოლა ქართველთა დამარცხებით დამთავრდა. ბრძოლაში დაიღუპა უფლისწული გიორგი. XVII-XVIII სს-ში ციხედიდს მაღალაშვილები ფლობდნენ (ქართ. სამართ. ძეგ. 1970: 753, 785; 1972: 252-256, 304, 441, 442; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1953: 14, 17).

ციხედიდისხევი და მისი მიმდებარე ტერიტორია მდიდარია არქეოლოგიური ძეგლებით. 1944 წ. ციხედიდისხევის მარცხენა ნაპირზე შემთხვევით აღმოჩნდა ელინისტური ხანის მასალა: ოქროს საყურე მამაკაცის სკულპტურული საკიდით, ვერცხლის ფიალა, ბრინჯაოს ჭურჭლის ფრაგმენტები და მოყვითალოდ გამომწვარი თიხის სამტუჩა დოქი. ნივთები თარიღდება ძვ. წ. I ს-ით. 1946 წ. ციხედიდისხევის შესართავთან მცხეთის მუდმივმოქმედმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ალ.კალანდაძე, არმაზისხევის რაზმის უფრ. გ.ლომთათიძე) ჩაატარა მცირემასშტაბიანი სადაზვერვო გათხრები. აღმოჩნდა გვიანანტიკური ხანის 3 ორმოსამარხი და 4 ქვის სამარხი. 1970-1972 წწ. ციხედიდისხევის მარცხენა ნაპირზე მშენებლობის დროს დაინგრა ქვის მასიური კედლების საძირკველი. ასეთივე ნაშთები ქვის კედლებისა დაფიქსირდა ხევის მარჯვენა ნაპირზე მდებარე გორის ძირას. გორაზე დგას X ს-ით დათარიღებული „ბორას საყდარი“, რომლის მახლობლად შემთხვევით აღმოჩნდა ელინისტური ხანით დათარიღებული ნივთები. განათხარი მასალები ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი) (აფაქიძე ... 1955: 4; გაგოშიძე 1979: 22, 23).

1982 წ. მცხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ა.აფაქიძე) განაახლა მუშაობა ციხედიდისხევსა და მისგან დასავლეთით მდებარე ბარგიყარიას მინდორზე. საძიებო გათხრები ჩატარდა რამდენიმე უბანზე (ბარგიყარია I, II, III, IV, V). ბარგიყარია I-ზე აღმოჩნდა 3 სამეურნეო ორმო გვიანანტიკური ხანის თიხის ჭურჭლის ფრაგმენტებითა და ცხოველთა ძვლებით. აქვე აღმოჩნდა 1 კრამიტსამარხი და 2 ორმოსამარხი, რომლებშიც დადასტურდა მოვარდისფრო-მოჩალისფროდ და შავად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს კონუსისებრი ფორმის ზარაკები და პასტის მძივები. სამარხები თარიღდება ძვ. წ. I-ახ. წ. I სს-ის მიჯნით (აფაქიძე ... 1995ა: 49-51). ბარგიყარია II წარმოადგენს გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამაროვანს. გაითხარა ქვაყრილიანი ორმოსამარხები; სამარხი კამერები გადახურულია ქვის ფილებით. მიცვალებულები დაკრძალულია მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, კიდურებმოხრილი, თავით ჩრდილოეთისაკენ ან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ. სამარხებში აღმოჩნდა მოშავო-მონაცრისფროდ და მოშავო-მოყავისფროდ გამომწვარი კერამიკა; ბრინჯაოს ნივთები: საკინძები, მახათი, სატევარი; სარდიონისა და მინისებრი პასტის მძივები (აფაქიძე ... 1995ა: 51-53; აფაქიძე ... 1987: 51). ბარგიყარია III-ზე აღმოჩნდა გვიანანტიკური ხანის ნამოსახლარი. გაითხარა 30 კვმ ფართობი, გამოვლინდა ფილაქვებით მოგებული იატაკი (4X2მ) და რიყის ქვით ნაგები კედლების ფრაგმენტები. აქვე აიკრიფა გვიანანტიკური ხანისათვის დამახასიათებელი კერამიკის ფრაგმენტები (აფაქიძე ... 1995ა: 53-54). ბარგიყარია IV-ზე გაითხარა ქვაყუთი, რომელშიც დაკრძალული იყო 2 მიცვალებული, კიდურებმოკეცილი, მარჯვენა გვერდზე, თავით დასავლეთით. სამარხში აღმოჩნდა შავად და წითლად გამომწვარი თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს სასაფეთქლე რგოლი, რკინის ისრისპირი, მინისა და პასტის მძივები, პართიის მეფის ოროდ I-ის (ძვ. წ. 57-38/37) ვერცხლის მონეტა. სამარხი თარიღდება ძვ. წ. I ს-ის მეორე ნახევრით (აფაქიძე ... 1986: 36). ბარგიყარია V-ზე გაითხარა 14 ქვის სამარხი. მიცვალებულები დაკრძალული იყვნენ მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, კიდურებმოკეცილი, დამხრობა ნებისმიერია. სამარხებში აღმოჩნდა წითლად ანგობირებული კერამიკა, ვერცხლისა და ბრინჯაოს ზურგშეზნექილი სამაჯურები, საკინძები, ილარები, მძივები და სხვ. თარიღდება ძვ. წ. IV-III სს-ით (აფაქიძე ... 1987: 51; აფაქიძე ... 2004: 76).

ციხედიდისხევის შუაწელზე, მარცხენა ნაპირზე მდებარეობს შუა საუკუნეების ნასოფლარი (15 ჰა). შემორჩენილია კოშკი, წმინდა მარიამის ეკლესია, სამრეკლო, ფლეთილი ქვით ნაგები შენობათა ნაშთები. კოშკი ოთხსართულიანია (4,9X7,3 მ), ნაგებია ფლეთილი ქვით. ჩრდილოეთ ფასადზე მოთავსებული მხედრული წარწერის მიხედვით, იგი 1680 წ. აუგია დეკანოზ ათანასე დეკანოზისძეს. კოშკის პირველ სართულზე მარანია გამართული. წმინდა მარიამის ეკლესია დარბაზულია (7,5X5 მ), ნაგებია ფლეთილი ქვიშაქვით. აქვს ნახევარწრიული აფსიდი. ინტერიერი შეთეთრებულია. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. სამრეკლო დგას ეკლესიის დასავლეთით. შემორჩენილია პირველი სართული (3,25X3,50 მ)., ნაგებია ფლეთილი და თლილი ქვით (აფაქიძე ... 1995ა: 10; ზაქარაია 1975ა: 53).

ციხედიდისხევის მარჯვენა ნაპირზე მდებარეობს ბორას საყდარი (ბოძის საყდარი). თარიღდება X ს-ით. ეკლესია დარბაზულია (7,5X4,5 მ). ნაგებია ფლეთილი ქვიშაქვით. ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთით და სამხრეთით მცირე ზომის სამკვეთლო და სადიაკვნეა. ეკლესიის ინტერიერი შელესილი და მოხატულია. საკურთხეველში შემორჩენილია XI-XII სს-ის მოხატულობის ფრაგმენტები (შმერლინგი ... 1960: 36-37).

 
ბიბლიოგრაფია: აფაქიძე ... 1955: 4; აფაქიძე... 1986: 36; აფაქიძე... 1987: 51; აფაქიძე... 1995ა: 10, 49-54; აფაქიძე... 2004: 76; ბაგრატიონი 1986: 30; ბერძენიშვილი 1966: 116; გაგოშიძე 1979: 14, 22, 23; გიულდენშტედტი 1962: 55, 189; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 185; 1953: 14, 17; ზაქარაია 1975ა: 53; მქ 1964: 81, 147; მასალები საქ. ისტ. გეოგრ. 1964: 251; ქართ. ისტ. საბუთ. კორ. 1984: 27, 47, 68, 70, 130, 133; ქართ. სამართ. ძეგ. 1965: 10, 21, 44; 1970: 23, 180, 191; 1970ა: 264, 540, 570, 571, 588, 591, 600, 601, 622, 753, 785; 1972: 252-256, 304, 441, 442; 1977: 371; 1981: 34; ქრონიკები 1897: 34, 122, 195, 320, 324, 401, 506; ქც 1: 17,21; 117,2; 296,8; ქც 2: 367,5,7; 510,28,29; 511,6; ქც 4: 407,4; შმერლინგი 1960: 36-37; ჭილაშვილი 1968: 103-105.

იხილეთ ლექსიკონის (ფოტოებიანი) ელ-რესურსი, PDF ფაილი

See also: ძეგვი
Source: ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9